მსოფლიო პატრიარქის პასუხი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსო, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო ძმაო და თანამსახურო  ანასტასი.  ქრისტეს მიერ ძმურად გეამბორებით და  მოკითხვას ვუგზავნით თქვენს უნეტარესობას.

მივიღეთ და გულდასმით წავიკითხეთ 14 იანვარს თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი წერილი, 24 დეკემბერს თქვენდამი გამოგზავნილი  ჩვენი წერილის საპასუხოდ,  უკრაინაში ჩვენს  კანონიკურ ქმედებებთან  დაკავშირებით.  პასუხად ვაცხადებთ,  რომ ჭეშმარიტი სწავლების თანახმად კონსტანტინოპოლის,  ახალი რომის  მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს წმიდა  ძმათა წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებანი, რომელთა დაკავშირებითაც  შეგახსენებთ შემდეგს:

წმიდა მამებმა საღმრთო და წმიდა კანონებით კონსტანტინეს ქალაქის  საყდარს მიანიჭეს ყველასათვის კარგად ცნობილი, საკუთარ საზღვრებს გარეთ მოქმედების პასუხისმგებლობა, მსახურებისა და არა პრივილეგიის სახით. მათ საღმრთო სულით წინასწარ განჭვრიტეს ადგილობრივ ეკლესიებში წარმოქმნილი იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა, რომელთა გადაჭრასაც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ეს ეკლესიები.    

ამ მოვალეობას უყოყმანოდ ასრულებდა საუკუნეების მანძილზე ჩვენი ეკლესია  ჩვენი წინამორბედების წინამძღვრობით და მარადპრესვიგენული საპატრიარქოების, პენტარქიის კანონიკურად დადგენილი სისტემის ფარგლებში [1].

კონსტანტინოპოლის ადგილთან დაკავშირებით არასოდეს გამოუთქვამს რომელიმე საპატრარქოს რაიმე ეჭვი, ან წინააღმდეგობა, რადგან ესმოდათ, რომ არავითარი საშიშროება არ მოდიოდა მისგან. ფრიად საგულისხმოა ჩვენი წინამორბედის ნეოფიტე VII მეშვიდის მითითება კონსტანტინოპოლის საყდრის ურთიერთობის შესახებ სხვა საპატრიარქო საყდრებთან  „ძველთაგან წინამძღვრობს ჩვენი საპატრიარქო საყდარი. უსამართლოდ დასჯილისთვის არასოდეს წაურთმევია სამართალი.  ამგვარი რამ არა მხოლოდ  საქმით, არამედ სასმენელადაც კი არ შეუწყნარებია. ღირსეულად იქცეოდა და უსამართლობას და უგვანობას ეწინააღმდეგებოდა“ [2].  

მოგვყავს ანთიმოზ VI-ის გადაწვეტილება ანტიოქიის ეკლესიასთან დაკავშირებით „არასოდეს უცდია ამ უწმიდეს ეკლესიას  კანონიკური წესრიგი, ან უფლებები შეელახა და ისე შეჭრილიყო რომელიმე ეკლესიაში დაქვრივების, ან სხვა მიზეზის გამო. პირიქით, მუდამ  იცავდა ეკლესიათა უფლებებს და  მხარში ედგა გასაჭირის დროს მართლმადიდებლებს ყველა სახის განსაცდელში. ამგვარი დახმარებისა და მხარში დგომის უამრავი მაგალითი არსებობს. უკანასკნელად დახმარება გაუწია ადრას მიტროპოლიტს, უამრავი თანხა გაიღო და დღესაც მხარში უდგას მას. იღწვის ეკლესიითვის სიკეთის მოსატანად და საკუთარ თავზე იღებს მასში არსებულ სიმძიმეებს“[3].

ამასთან,  კონსტანტინოპოლის საყდარი არა მხოლოდ დოგმატურ და წმიდა გარდამოცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ საკითხებს შეისწავლის, არამედ ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში და ეკლესიათა შორის  წარმოშობილ დაპირისპირებებს ამშვიდებს.  

ნამდვილად ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ კონსტანტინოპოლის მიერ მართლმადიდებელ ეკლესიაზე  ამგვარი ზრუნვის უფლება და ვალდებულება  ბოლო წლებში წარმოქმნილი ჩვეულებაა, მაშინ როდესაც მას უძველეს წარსულში აქვს საწყისი.  

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვყავს კალისტოს მითითება ტირნოვოს მიტროპოლიტ გერმანე II საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც ტიტულარული პატრიარქის  წოდება მიიღო კონსტანტინოპოლისგან შემდეგ კი საპატრიარქო უფლებებზე გამოთქვა პრეტენზია, „მაშინ როდესაც კონსტანტინოპოლის საყდარი სხვა საპატრიარქოების ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის  მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს თავიდან განსჯის, როგორც ამას წმიდა კანონები ბრძანებენ და პრაქტიკა ადასტურებს,  უფროისღა არს იგი  ბულგარეთის ეკლესიის  გამგებელი, რომელმაც მიანიჭა მას  საპატრიარქო ტიტული“ [4]. სწორედ ამიტომ ლუკა I ქრისოვერგი მოქმედებს კონსტანტინოპოლის საყდრის უფლების თანახმად: „სხვა საყდრების შიგნით წარმოქმნილი უთანხმოებები  განსაჯოს და განმართოს“ [5]. სწორედ ამის საფუძველზე აუქმებს იგი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, იოანეს, მიერ ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას,რომლითაც განკვეთილ იქნა ამათუნდოს მიტროპოლიტი იოანე.  

ეკლესიის ამ უძველეს ტრადიციას, რომელსაც მოწმობენ წმიდა კანონები, ადასტურებს აღმოსავლეთის  ოთხი პატრიარქი: ჩვენი წინამორბედი დიონისე  III, ალექსანდრიის პაისიოსი, ანტიოქიის მაკარიოსი და იერუსალიმის ნექტარიოსი 1663 წელს, იმ ტომოსში, რომლითაც რუსეთის ეკლესიის სამღვდელოებაში წარმოქმნილი  საკითხები იქნა გადაწყვეტილი.

კითხვაზე, „კონსტანტინოპოლის პატრიარქი იღებს თუ არა აპელაციის წესით საჩივრებს სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებებთან დაკაშირებით“, პატრიარქებმა უპასუხეს, რომ „ეს უფლება ჰქონდა პაპს სანამ კათოლიკე ეკლესიას მოსწყდებოდა... ხოლო ამის შემდეგ ეს უფლება ყველა საკითხს კონსტანტიპოლის საყდარი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს“[6].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ნათელი ხდება, რომ როგორც წარსულში, ასევე დღესაც კონსტანტინოპოლის საყდრის ქმედებანი არამართებულად იქნა მიჩნეული მისი უფლებებიდან და მსახურებიდან გადაცდომად, თითქოს ადგილობრივი ეკლესიები ერთგვარ საპარლამენტო ფედერეციას წარმოადგენენ, რომლებიც პრესვიგენული საპატრიარქოების მსგავსად იღებენ გადაწყვეტილებებს,  როგორც ამას ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია ამტკიცებს.  

უკანასკნელ წლებში  კონსტანტინოპოლის ეკლესია ‘’ავტოკეფალიას“ ანიჭებს ცალკეული ეკლესიებს შინაგანი წესრიგის  უკეთესად წარსამართად და მოსაწყობად და არა ეკლესიის შინაგანი წეს-წყობილების დასარღვევად, ან თვითუფლებრივი ადგილობრივი ეკლესიების ჩამოსაყალიბებლად, რაც დაარღვევდა ქრისტეს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სხეულს.

ავტოკეფალიაზე გადაჭარბებული ხაზგასმა და მისი განცალკევება პრობლემებს წარმოშობს და არ ემსახურება იმ მიზანს, რის გამოც იქნა საჭიროდ იგი მიჩნეული ეკლესიაში. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ავტოკეფალია, რომელიც გარკვეული პირობით ეძლევა დედაეკლესიისგან, ეპოქის მოთხოვნებიდან გამომდინარე მის შვილებს, არ არის ურყევი და სტატიკური სისტემა, არამედ ვალდებულნი  ვართ მოვარგოთ  დღევანდელობის სამოძღვრო საჭიროებებს, დიდი ფიქრის და განსჯის შემდეგ.

ზემოთწარმოდგენილი ეს მცირედი წიაღსვლა საჭიროდ მივიჩნიეთ რათა მიგვეთითებინა ქრისტეს წმიდა  ეკლესიის (კონსტანტინოპოლი) მოწინავე ბუნება, რომ იგი მუდამ მზად არის მსხვერპლის გასაღებად. ამგვარდ გვსურდა წარმოგვედგინა ყოვლითურთ ჯანსაღი ეკლესიოლოგია, რადგან ჩვენი წინამორბედი პატრიარქების  წმიდა სახეთა წინაშე მდგომნი  არ განვისაჯოთ ისტორიისგან და მათ მიერ; ის,რაც მათ დიდი შრომის და ღვაწლის შედეგად მოიხვეჭეს ეკლესიისთვის ჩვენ არ შევბღალოთ და გავანიავოთ.  

ამგვარად, საეკლესიო პრაქტიკაში  ნათლად  ვხედავთ, რომ ჩვენს საყდარს აქვს სხვებზე სააპელაციო ზრუნვის  ვალდებულება, რომლის თანახმადაც ვიმოქმედეთ კიევის მიტროპოლიტის ფილარეტის და ლვოვის მიტროპოლიტის მაკარის შემთხვევაში.  

თქვენო უნეტარესობავ საეკლესიო ტრადიციაში არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც ეკლესია შენდობით ეპყრობოდა სქიზმაში მყოფთ. ამ უამრავ მაგალითთაგან მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმეს.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი მელეტიანელთა სქიზმა რომელიც 302 წელს მოხდა და მეშვიდე საუკუნემდე ტანჯავდა ეკლესიას. როგორც თეოდორე სტუდიელი გვამცნობს თავის ეპისტოლეში ნავკრატიოსის მიმართ მელეტიანელთა სქიზმიდან დაბრუნებულნი ეკლესიაში თავიდან ნათლობის და მირონცხების გარეშე მიიღებოდნენ.

ბოლო წლებიდან მოვიხმობთ ბულგარეთის მაგალითს. 1945 წელს კონსტანტინოპოლის საყდარმა წმიდა და დიდი კრების მიერ განსჯილი ბულგარელები და მათი ეკლესია როგორ შეიწყნარა? ხელახალი ქიროტონიით?   მაშინ როდესაც კრებამ ისინი არა მხოლოდ განკვეთა, არამედ ანათემაზეც გადასცა.

როგორ შეიწყნარა რუსეთის ეკლესიამ სქიზმაში მყოფი ROCOR-ის წევრები და მიიღო კავშირში? ხელახალი ნათლობით თუ ხელდასხმით?

თქვენო უნეტარესობავ,  

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ საეკლესიო საქმეთა აღსრულების წეს-განგება გამოგვეცხადა არა მხოლოდ წმიდა წერილით, არამედ ეკლესიის წმიდა პრაქტიკაშიც მისი ორათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. კარგად გვესმის, რომ კონსტანტინოპოლის საყდრის შემწყნარებლური ქმედებანი საეკლესიო გზიდან გადახვევად ჩათვალეს  სწორედ მათ, რომლებმაც უდიდესი სიკეთენი მიიღეს მისგან.

ფრიადსაკვირველია როგორ ხდება, რომ დედა ეკლესიის და  პირადად ჩემს შეურაცხოფას და აბუჩად აგდებას ასე მშვიდად  ეგუებიან ზოგიერთნი.   ზოგიერთ შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიედ,  იზიარებენ იმ არგუმენტებს რომელთაც იყენებენ საკუთარი კეთილისმყოფელის წინააღმდეგ აღმდგარნი. ნუთუ მოწაფეებს მოძღვრებზე მეტად უყვართ ეკლესია და იცავენ მის ერთობას? ნუ იყოფინ!

დღეს, ფანარიდან ვქადაგებთ იმ ეკლესიოლოგიას, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ. მამათა სწავლებების თანახმად ვმოქმედებთ და არა ანგარების, ან სხვა რაიმე მდაბალი  პოლიტიკური  მიზნის მისაღწევად.  ამგვარად, ყველანი ვალდებულნი ვართ მივიღოთ და გავიზიაროთ ზემოთწარმოდგენილი ჭეშმარიტებანი, რა თქმა უნდა იმის დასამტკიცებლად კი არა, რაც უკვე საეკლესიო პრაქტიკის მიერ არის დამტკიცებული, არამედ  მის აღსადგენად და განსაწმედელად, ღმერთს მინდობილ მამთა წმიდა და პატიოსანი გამოცდილების თანახმად, რომლისა არს სუფევა ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე ამინ.

 

 

2019 წლის 20 თებერვალი.

თქვენს უნეტარესობას

ქრისტესმიერ საყვარელ ძმას

 

 


[1]Σιγιλλιῶδες Γράμμα Γαβριήλ Γ΄περίτῆςἐκλογῆς τοῦ Ἱεροσολύμων Χρυσάνθου,  Καλ.  Δελικάνη, Τόμος ΙΙ, σελ. 468.

[2]Καλ. Δελικάνη, Τόμος ΙΙ, σελ. 217.

[3]Καλ. Δελικάνη, Τόμος ΙΙ, σελ. 314.

[4]Miklosischet Müller, Acta Patriarchatus Constantinopolitani, Τόμος Ι, σελ. 438.

[5]Ματθαίου Βλάσταρη "Σύνταγμα κτλ....Στοιχεῖον ΙΙ".

[6]Κανονικαί Διατάξεις" Μ. Γεδεών, Τόμος Ι, σελ. 341-346.

 

 

წყარო: https://www.romfea.gr

 

(თავისუფალი თარგმანი)

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნიკო ღონღაძემ