თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სამეცნიერო საბჭომ სასწავლებლიდან თეოლოგიის დოქტორი, გოჩა ბარნოვი გაანთავისუფლა. სამეცნიერო საბჭოს განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ბატონი გოჩა ბარნოვის მიერ ბოლო დროს საკუთარ ფეისბუქ გვერდსა და მედია სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ვფიქრობთ, რომ საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით შეზღუდა ნებისმიერი ადამიანისთვის ფუნდამენტური, აზრის გამოხატვის თავისუფლება. გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო ცენტრი სრულ თანადგომას უცხადებს ბატონ გოჩა ბარნოვს და სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლოდ მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ სასულიერო სემინარია-აკადემია გოჩა ბარნოვის სახით კარგავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს, რაც ცუდად აისახება სასწავლებლის სასწავლო (და არა მხოლოდ) პროცესზე. ცენტრი აფასებს ბატონი გოჩას გაბედულ და პრინციპულ პოზიციას და უსურვებს მას წარმატებას.