ინტერვიუ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან

მიტროპოლიტი ეპიფანე პუტინის, პოროშენკოს, არჩევნების, დაწყევლისა და თავსაფრების შესახებ

 

მას სწამს, რომ როცა „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი გაერთიანდება ერთიან,  უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას“. ის ცდილობს ამოძირკვოს უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილი, მუდმივად შენიშვნა მისცეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მათი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო. მას არ სჯერა დაწყევლის ძალის და ამბობს, რომ ეკლესიებში შეიძლება სკამების დადგმა. ის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე. და ეს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული, მისი ეკსკლუზიური ინტერვიუა.

ინა კუზნეცოვა: ჩვენ ერთმანეთს თქვენი აღსაყდრებისა და დაბადების დღის წინ ვხვდებით. ვინ გადაწყვიტა, რომ თქვენი აღსაყდრება თქვენი დაბადების დღეს უნდა ჩატარდეს (40 წელი გისრულდებათ)?

ფანარში, ტომოსის მიღების შემდეგ კითხვა გაჩნდა, რომ უნდა შედგეს აღსაყდრება, ანუ ეკლესიის მეთაური უკვე სრულყოფილად უნდა გაუძღვეს კიევის კათედრას და სათავეში ჩაუდგეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. აირჩა თარიღი. ცალკე რომ არ აღგვენიშნა დაბადების დღე, გადაწყდა გაგვეერთიანებინა ორივე, აღსაყდრებისა და დაბადების დღეები. მართლმადიდებლურ ტრადიციაში, ეკლესიის მსახურნი არ აღნიშნავენ დიდი პომპეზურობით თავის დაბადების დღეს, არამედ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს. ამიტომ, ასე სიმბოლურად აირჩიეს ეს დღე, 3 თებერვალი, როცა 40 წელი მისრულდება, რომ ჩატარდეს ჩემი, როგორც ეკლესიის მეთაურის, აღსაყდრება.

ალბათ, ბევრი სტუმარი დაესწრება აღსაყდრებას. ვინ მოიპატიჟეთ?

ძალიან ბევრია მსურველი დაესწროს ამ საზეიმო ცერემონიას, რომელსაც სახელად „აღსაყდრება“ ჰქვია. მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი ყველას ვერ დაიტევს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრება ამ ზეიმს. დაესწრებიან  როგორც სახელმწიფო პირები, ასევე უბრალო მორწმუნენი, ეკლესიის წარმომადგენლები ეპისკოპოსებიდან დაწყებული, სასულიერო პირები...

 

მისი უწმინდესობა ფილარეტი თუ იქნება?

დიახ, მიიღებს მონაწილეობას აღსაყდრებაში.

ცხადია, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაც იქნება?

დიახ, იქნება მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, კანადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და ამერიკის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები, დაესწრებიან ათონის წმინდა მთიდან წარმომადგენლები.

როდის ელით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეკლესიების მიერ აღიარებას? თუ შესაძლებელია ვინმე ჩამოვა, რასაც მათ მიერ აღიარება მოჰყვება?

ეს ერთგვარი პროცედურაა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე არის რამდენიმე ეკლესია, რომლებიც ამ საკითხს განიხილავს. განიხილავენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს. ესენი არიან ელადისა და კვიპროსის ეკლესიები. ეს საკითხი განიხილებოდა ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიების სინოდებშიც. ბევრ ეპისკოპოსს ამ ეკლესიებიდან აქვს აღსაყდრებაზე ჩამოსვლის სურვილი. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს ერთგვარი პროცედურა, რომელიც აფერხებს მათ. რადგან მათ ოფიციალურად არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მანამ, სანამ არ იქნება მიღებული კრებსითი გადაწყვეტილება ამა თუ იმ ეკლესიაში ჩვენი ავტოკეფალური სტატუსის აღიარების შესახებ.  ამიტომ, სამწუხაროდ, ისინი ვერ მიიღებენ აღსაყდრებაში მონაწილეობას ამ ერთგვარი პროცედურული ბარიერების გამო.

-რამდენად სწრაფად მოხდება ამ ეკლესიების მიერ კრებსითი გადაწყვეტილებების მიღება?

ჩვენ ველით, რომ ეს მოხდება რამდენიმე თვის მანძილზე. მაგალითად, ელადისა და კვიპროსის ეკლესიებს დაგეგმილი აქვთ ეპისკოპოსთა სინოდი თებერვალში. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. შესაძლებელია სხვა ეკლესიებში ამ პროცესმა უფრო დიდხანს გასტანოს, სანამ ამ საკითხს შეისწავლიან სხვადასხვა თეოლოგიური და კანონიკური კომისიები და ასე შემდეგ. აქ ძნელია პროგნოზირება. რადგან თითოეული ეკლესია დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში. ამიტომ ისინი ამ საკითხს დამოუკიდებლად წყვეტენ, კოლეგიალურად თუ სინოდალურად, თუ ეპისკოპოსთა კრებაზე. ამიტომაც რთულია პროგნოზირება. მე არ მინდა რაიმე ვიწინასწარმეტყველო ან ქრონოლოგიური ჩარჩოები განვსაზღვრო. ეს დროის ამბავია.

ვისი ნახვა გინდათ ყველაზე მეტად აღსაყდრებაზე, მაგრამ ეს შეუძლებელია?

 ძალიან მინდა ჩემი ბებიის ნახვა, რომელმაც გამზარდა, სულ ჩვილი რომ ვიყავი იმ ასაკიდან, რომელმაც მომიყვანა ეკლესიაში, სულიერად მზრდიდა, ზრუნავდა ჩემზე და  ალბათ, ოცნებობდა გავმხდარიყავი ღვთისმსახური. ის მუდმივად მიბიძგებდა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეკლესიისკენ, ლოცვისკენ, დაუჯდომელების კითხვისკენ და მერე პრაქტიკულად მასთან ერთად მეც გამიჩნდა სურვილი. ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე.  

მახსოვს, დეიდებიც კი ჩამოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ: სკოლაში სწავლობ და მერე სად აპირებ სწავლის გაგძელებას? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რადგან ღარიბი ოჯახი ვართ. ბებიას ისეთი მცირე პენსია ჰქონდა, რომ უნივერსიტეტამდე მისასვლელადაც არ იყო საკმარისი. მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას უფალს მივუძღვნიდი და სწავლას დავიწყებდი სასულიერო სემინარიაში. ბებიასაც უნდოდა ეს.

მახსოვს, როგორ მაცილებდა სასწავლებლად, როცა გადავწყვიტე, რომ სემინარიაში მივდიოდი, ის ტიროდა, და ყოველთვის მელოდებოდა არდადეგებზე. ეს მისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო.

-როცა გესმით სიტყვა  „უნეტარესი“, როგორია თქვენი პირველი ასოციაცია?

„უნეტარესო“ ასე მიმართავენ ეკლესიის მეთაურს. ცხადია, რომ ასეთია ხალხის აღქმა, ვინც პატივისცემით მოგმართავს, მაგრამ მე არ აღვიქვამ ამას, როგორც ჩემს პირად თვისებას, რადგან ეს საეკლესიო მიმართვაა ეკლესიის მსახურისადმი და ეს განსაზღვრულია საეკლესიო წესით.

აღსაყდრების მომდევნო დღეს შედგება სინოდის სხდომა. რა საკითხებს განიხილავენ ამ სხდომაზე? უკვე ყველა ელოდება სინოდის სრულ შემადგენლობას და სხვა საკითხების გადაწყვეტას. რა საკითხებია დღის წესრიგში?

მთელი ეს პერიოდი იურიდიულ საკითხებს დავუთმეთ. იმისთვის რომ იურიდიული პირის სტატუსი გქონდეს, საჭიროა მმართველი ორგანოს შექმნა. ეკლესია ზოგადად არ არის იურიდიული პირი, მაგრამ კიევის სამიტროპოლიტო, რომელიც დარეგისტრირდა გუშინ (საუბარი შედგა 31 იანვარს - რედ.) სახელმწიფოს მიერ, არის მმართველი ორგანო.

რატომ მიმდინარეობდა ეს პროცესი ასე დიდხანს? იმიტომ რომ ამ დრომდე უკრაინის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი. ჩვენ რა ვიცით? მხოლოდ ის, რომ იყოფოდნენ, იყოფოდნენ, და ხდებოდა ახალი სტრუქტურების რეგისტრაცია. ეხლა კი ეს ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ერთიანდებიან ასეთი დიდი სტრუქტურები - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა ნაწილი. და ჩვენ ვქმნით უკვე ახალ საეკლესიო ორგანიზმს, უკვე ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ ჩვენ გვჭირდება იურიდიული სტატუსიც.

-რამდენიმე დღის წინ თქვენ აღნიშნეთ, რომ 100 სამრევლო შეუერთდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ეხლა ეს უფრო გამარტივდება? რადგან ზუსტად 31 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში და უკვე ზუსტადაა განსაზღვრული, როგორ კეთდება ეს იურიდიულად. ამ ცვლილებებმა შეიძლება, რომ მიერთების პროცესი დააჩქაროს?  თუ იქ მხოლოდ იურიდიულ მექანიზმზეა საუბარი?

ეს ორი კანონპროექტი, რომელიც ''ვერხოვნაია რადამ'' (პარლამენტმა - თარჯ.) მიიღო, მოწოდებულია გადასვლების მექანიზმი გააუმჯობესონ. იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ადგილი რაიმე სახის უთანხმოებას, წინააღმდეგობებს, დაპირისპირებას, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. ეხლა მართლაც ბევრი გადასვლა მოხდება უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში. და ეს კანონპროექტები მოწოდებულნი არიან ზუსტად ახსნან, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას შეცვალოს თავისი რელიგიური ცენტრი.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მიმდინარეობს გადასვლები. ზოგიერთი ელის, რომ ეს მოხდება სწრაფად და ბევრი გადმოვა. მაგრამ ჩვენ მიზნათ არ ვისახავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მეტი ეკლესია შემოგვიერთდეს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გადასვლები იყოს მშვიდობიანი და ნებაყოფლობითი, რომ საზოგადოებამ თვითონ აირჩიოს დამოუკიდებლად თავისი რელიგიური ცენტრი ზეწოლისა და დაძალების გარეშე. რადგან თუ შეიქმნა წინააღმდეგობა, ამას მოყვება უთანხმოება და მომავალში ეს სიკეთემდე არ მიგვიყვანს.

აქა-იქ ჩნდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ეკლესიაში მოძღვარს არ უნდოდა გადასვლა, რომ მოვიდნენ ვიღაც ადამიანები, რომ ეკლესია ხელში ჩაეგდოთ. ეს ერთეული შემთხვევებია. როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?

ცხადია, პროვოკაციებს ექნება ადგილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსკოვის მხრიდან არსებობს ერთგვარი ხედვა, რომ უკრაინაში შექმნას დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. და ჩვენ გვესმის, რომ პროვოკაციებს ადგილი ექნება ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც, მოახდენენ პროვოცირებას, იტყვიან, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა მცდელობა ჩაეგდო ხელში ეკლესია. მაგრამ მე მჯერა, რომ თანდათანობით უკრაინელები აღარ წამოეგებიან ამ პროვოკაციებს, რადგან საზოგადოებამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს კრებაზე ხმათა უმრავლესობით, რომ ის უერთდება უკვე ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

ჩვენ აქამდეც გვესმოდა, რომ თუ უკრაინაში შეიქმნება ერთიანი ეკლესია, თუ უკრაინული ეკლესია მიიღებს ტომოსს, ეს გამოიწვევს წინააღმდეგობას, სისხლისღვრას, სამოქალაქო ომს. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ ახლა? რომ პრაქტიკულად ყველაფერი ხდება მშვიდობიანად და მშვიდად. მარტო ერთეული შემთხვევებია. ეს მოსკოვის საპატრიარქოს პროვოკაციებია. ისინი ქმიან დაჯგუფებებს, რომლებიც დადიან, არწმუნებენ ხალხს, ყიდულობენ, აშინებენ.  მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალში ამასაც ავიცილებთ თავიდან...

-კიდევ რამდენი ხანი უნდა „აფათუროს“ მოსკოვმა თავისი ხელი უკრაინელთა სულებში? ეს არაფერს გაგონებთ?

დიახ. ამაზე უკვე არაერთხელ მითქვამს.

ეს თქვენი ადრინდელი სტატიის სათაურია.

ეს ნამდვილად ასეა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია. რადგანაც ეკლესია ღრმად აღწევს მართლმადიდებელი უკრაინელების სულებში. და ჩვენ ამას რეალურად ვხედავთ, რამდენად ძლიერად ხდება მათი ზომბირება ამ მიმართულებით. ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეხლა პრაქტიკულად ესმის, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ესმის, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის რაც მოხდა, მოხდა არაკანონიკური გზით, რომ მსოფლიო პატრიარქმა არასწორად გააკეთა ეს, რომ მას თითქოს არ ჰქონდა ამის უფლება და ასე შემდეგ.

რა გვესმოდა ამ დრომდე? ისევ და ისევ: ეს არ მოხდება, ტომოსს არ მიიღებენ, ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლი არ მისცემს. ამის შემდეგ კი ჩვენ ისევ გვესმის, რომ კი, კონსტანტინოპოლმა აღიარა, მაგრამ მოდით მაინც დაველოდოთ, სანამ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ.

ასე რომ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დიდი გავლენა. და ჩვენ გვჯერა, რომ როცა ჩვენ გავერთიანდებით ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიად, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. რადგან პუტინი აქ, უკრაინაში, დაკარგავს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას ჰქონდა აქამდე. რადგან მას ეს მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, არ იქნებოდა ომი დონბასისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა აქვს. და ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა განვმტკიცდებით, როგორც ერთიანი ეკლესია უკრაინაში, აღიარებული და კანონიკური. და თანდათანობით რუსეთი დაკარგავს თავის ამ გავლენას მართლმადიდებელი უკრაინელების სულებზე.

-ჩვენ  სოციალურ ქსელებში შევქმენით „ღამის ჩატი“ შეკითხვებით თქვენს მიმართ. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რა საჭირო იყო ტომოსის მიღება, თუ ახლა დიპტიქში უნდა მოვიხსენიოთ პატრიარქი კირილე? აქამდე ეს ასე არ იყო, და ეხლა კი საჭიროა.

ცხადია, ტომოსის მიღებამდე, იმის შემდეგაც კი მე არ ვიხსენიებდი პატრიარქ კირილეს დიპტიქში. არ ვლოცულობთ მისთვის, მაგრამ ჩვენ ვასრულებთ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წესებს და იმ წესებს, რომლებიც არის ტომოსში, დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობისთვის. ჩვენ ვახსენებთ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს. ამიტომ დიპტიქში, სხვებთან ერთად არის რმე-ს მეთაურიც, პატრიარქი კირილე.

იმისთვის, რომ ვიყოთ ავტოკეფალური ეკლესია, დამოუკიდებელი ეკლესია, მივსდიოთ კანონიკურ წესებს, ჩვენ უნდა შევასრულოთ ის, რაც განსაზღვრულია წესით და რიგით, მოგვწონს თუ არა, მაგრამ ზოგჯერ რაღაცაზე უარიც კი უნდა ვთქვათ უკეთესი მომავლისთვის. 

ჩვენ გვინდა ვიყოთ აღიარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთიან ოჯახში. ჩვენ მივსდევთ კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა კირილემ შეწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა მსოფლიოს პატრიარქთან, პატრიარქი ბართლომე მაინც იხსენიებს მას დიპტიქში სხვა ეკლესიათა წინამძღოლებთან ერთად. ამიტომ, მე, როგორც უკვე აღიარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, ვასრულებ ყველა კანონიკურ წესს, რომლის მიხედვითაც ვალდებული ვარ ყველა სხვა წინამძღოლი მოვიხსენიო და ამით დავამოწმო მართლმადიდებლობის ერთიანობა. ჩვენ არ ვლოცულობთ პატრიარქი კირილესთვის, ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობისთვის.

თქვენ ხართ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. თუკი ისტორიას გავიხსენებთ, მიტროპოლიტების წოდება იყო კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის, ფილარეტსაც ეს წოდება ჰქონდა. სად გაქრა  სიტყვა „რუსი“?

ასე იყო განსაზღვრული ეპისკოპოსთა საბჭოზე, რომელიც შედგა წმინდა სოფია კიევის ტაძარში. საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიტროპოლიტის ტიტული იქნება მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინის, სიტყვა „რუსის“ გარეშე.  

ახალი ეკლესიის ფინანსური საკითხები. ალბათ, გაგეცინებათ. მაგრამ ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც არ არის ეკლესიური პირი, მკითხა რამდენიმე დღის წინ: მეუფე იღებს თუ არა ხელფასსო, საიდან? ის სახელმწიფო მოხელეა? ვეუბნები: არა, ის არ არის სახელმწიფო მოხელე, ეკლესია ჩვენთან გაყოფილია სახელმწიფოსგან. სინამდვილეში კი როგორ ხდება ეკლესიის ფინანსების ფორმირება?

ჩვენ არ ვართ სახელმწიფო მოხელეები, იმ სისტემისგან განსხვავებით, რომელიც, მაგალითად, მოქმედებს ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში, საბერძნეთში. ეს უნიკალური მაგალითია იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო არიან ერთიანი, განუყოფელნი. ხოლო უკრაინის კონსტიტუციით, ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ კიევის საპატრიარქოს ეკლესიას, მას არასოდეს მიუღია მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სახელმწიფო აქამდე მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას ეხმარებოდა. ჩვენ კი მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ვისწავლეთ, თუ როგორ გადავრჩეთ.

და ჩვენ ჩვენს ბიუჯეტს ვადგენთ ჩვენი მრევლის წევრების შემოწირულობის ხარჯზე. რადგან ეხლა რთული პერიოდია თითოეული ეკლესიისა და მონასტრისათვის. მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდის დროს, ჩნდება კითხვები. ჩვენ ვიმყოფებით კიევის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის კედლებში. ჩვენთან სწავლობს დაახლოებით 200 სტუდენტი აბსოლუტურად უფასოდ.  და მე, როგორც ეკლესიის წინამძღოლს, მიხდება აკადემიის ფუნქციონირებისთვის საკმაოდ დიდი თანხის შოვნა. ჩვენ ვპოულობთ კეთილ ხალხს, ქველმოქმედებს უკრაინაში, საზღვარგარეთ, იმისთვის, რომ აკადემიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რომლის წიაღიდან გამოვლენ ქრისტეს ეკლესიის მსახურნი. მე ყოველთვის ვიყავი ამ პოზიციაზე, თუმცა ხშირად მაკრიტიკებენ და მეკითხებიან, როგორც აკადემიის რექტორს უკვე 10 წლის მანძილზე, თუ რატომ არ ვაწესებ გადასახადს სტუდენტებისთვის.

მღვდლებს ხომ აქვთ ხელფასი? მათ ხომ ჰყავთ ოჯახები. და გამოიყოფა რაღაც თანხა მრევლის შემოწირულობიდან...

ეკლესიის მსახური ცხოვრობს მრევლის შემოწირულობის ხარჯზე, მრევლის იმ წევრების ხარჯზე, ვინც ესწრება ღვთისმსახურებას, შემოაქვთ შემოწირულობა, ყიდულობენ სანთელს და ასე შემდეგ.

ეს შესაძლებელია კიევში, სადაც უფრო შეძლებული მრევლია, რომელსაც შეუძლია ეკლესიის მსახურის შენახვა. მაგრამ ნებისმიერ სხვა რეგიონში, თუნდაც კიევის ოლქში, ეკლესიის მსახური ფაქტიურად გადარჩენის პირასაა. მას არ აქვს შესაძლებლობა, თუნდაც თავისი მრევლის ხარჯზე არსებობის. მას აქვს რაღაც მეურნეობა, უხდება ოჯახის შესანახად რაღაც საქმიანობას მიჰყოს ხელი. არიან ისეთი მღვდლები, ვისაც ყავს ხუთ-ხუთი თემი, სოფელი, სადაც არის ეკლესია. ამ პერიოდის მანძილზე ხომ ბევრი ეკლესია აშენდა. თითქმის ყველა სოფელში.

არ არის მღვდელთა საკმარისი რაოდენობა?

მღვდლები არიან, მაგრამ მრევლს არა აქვს მათი შენახვის საშუალება და ეს არის პრობლემატური.

ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ფეისბუკიდან. მაგალითად, თქვენ აღნიშნეთ პატარა საეკლესიო მაღაზიები, მაგრამ იქ ლაპარაკი იყო სკამებზე ეკლესიაში, რადგან ბევრი ამბობს, რომ მოვიდოდა ეკლესიაში დასაჯდომი ადგილები რომ ყოფილიყო.

ცხადია, მართლმადიდებლური ეკლესია არ არის სკამების ეკლესიაში დადგმის წინააღმდეგი. მაგრამ თუ მაგალითად, ავიღებთ წმინდა მიხეილის სახელობის ოქროს გუმბათიან ტაძარს ან სხვას კიევის ცენტრში მდებარეს და იქ დავდგამთ სკამებს, მაშინ ავტომატურად შემცირდება ტაძრის ტევადობა. წმინდა მიხეილის ტაძარში კედლების გასწვრივ დგას სკამები, იმ ხალხისთვის ვისაც აქვს ეს საჭიროება. მაგალითად, ხნიერი ხალხისთვის, ავადმყოფებისთვის, ინვალიდებისთვის. სოფლებში ეს უფრო მარტივია. იქ ეკლესიაში გარკვეული რაოდენობის ხალხი მიდის. ეკლესიებში დგას სკამები, იქ სახელობითი სკამებიცაა. ანუ მრევლის თითოეულ წევრს აქვს თავისი ადგილი ეკლესიაში. მე ვფიქრობ, რომ მომავალში ამის პრობლემა ჩვენთანაც არ იქნება, როცა მეგაპოლისებში არსებული გარკვეული რაოდენობის ეკლესიების საკითხს გადავჭრით.

ქალებიც სვამენ კითხვას თავსაფრებთან დაკავშირებით. მაგალითად, ევროპაში შეიძლება ტაძარში თავსაფრის გარეშე შესვლა. და ამას უყურებენ, როგორც ახალგაზრდების ეკლესიაში მოზიდვის საშუალებას.

ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვაქვს ერთგავრი პრინციპები. განსაკუთრებით, უფროს თაობას, რომლებიც მკვახე შენიშვნებს აძლევენ იმ ახალგაზრდებს, ვინც პირველად შემოდის ეკლესიაში. მე მუდამ ვამბობდი და ვამბობ კიდეც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მე ვცდილობ აღმოვფხრა ასეთი შემთხვევები. რატომ? ადამიანი არ უნდა მიიღო მისი გარეგნობის საფუძველზე. ჩვენ უნდა მივიღოთ იგი სიყვარულით. ის თვითონ მივა იმის გააზრებამდე, რომ ასეთი ჩაცმულობით არ შეიძლება ეკლესიაში შემოსვლა.

ოქსანა კრავჩუკი სვამს კითხვას ფეისბუკში: რა სიახლეებს ან ღონისძიებებს გეგმავს მიტროპოლიტი ახალ ეკლესიაში, რომ ეს საინტერესო იყოს თანამედროვე ახალგაზრდობისთვის?

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ახალგაზრდებს. ჩვენ გვაქვს ერთგვარი გამოცდილება, არსებობდა ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური სამმართველო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეხლა ჩვენ გავაღრმავებთ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდობა. რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები თავისით არ მოდიან ეკლესიაში, საჭიროა მათი მოზიდვა, დაინტერესება. 

ეს შეიძლება იყოს მრავალნაირი ბანაკები, რომლებსაც უკვე ვატარებდით და გავაგრძელებთ კიდეც, საკვირაო სკოლები. ეს უნდა იყოს თანამედროვე ღონისძიებები, რადგან ძველი მიდგომით ამას ვერ მივაღწევთ. ახალგაზრდობა იმდენად პროგრესულია და თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად „გვპარავენ“ მას, რომ ჩვენ ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რაც დაგვეხმარება მოვწყვიტოთ ახალგაზრდობა პლანშეტებსა და ტელეფონებს.  

მაშინ, შეიძლება რამე შესთავაზოთ Instagram-სა და  Twitter-ში?

რა თქმა უნდა, ეკლესია უნდა იყოს სოციალურ ქსელებში, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. მაგრამ, ამავე დროს საჭიროა, რომ ისინი იქაურობას „მოვწყვიტოთ“. ეკლესია უნდა იყოს ისეთი კუნძული, რომელიც შეახსენებს, რომ არსებობს ცხოვრების სულიერი მხარეც. მაგრამ უფრო კონკრეტულ პასუხს ეხლა ვერ მოგცემთ. 

მაშინ ერთ წელიწადში გკითხავთ. ვის მიყავს თქვენი გვერდი Twitter-ში?

– Facebook და Twitter მიყავს ეკლესიის მსახურს, მამა იოანეს.

ანუ მას თვითონ?

არა, მე ვამოწმებ, მაგრამ ტექნიკურად გვერდებს ავსებს მღვდელი-მდივანი.

მანამდე კი თქვენ თავად ავსებდით?

დიახ, მაგრამ ეხლა დრო აღარ მყოფნის. ბევრი მუშაობა მიწევს, ბევრი საკითხის გადაჭრა.

ხალხი გვეკითხება, სპორტს თუ მისდევთ?

ეხლა არა.

აქამდე?

აქამდე მხოლოდ საღამოობით, როცა მქონდა თავისუფალი დრო. მე ხომ ვიდუბიჩის მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობდი. ეს ბოტანიკური ბაღიცაა. ამიტომ შეიძლებოდა იქ გასეირნება ან სირბილიც კი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

სოციალურ ქსელებში ბევრი კითხვაა ე.წ. „ტომოს-ტურთან“ მიმართებაში. გასაგებია, რომ მადლობელები ვართ პრეზიდენტის, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ მხრივ, მაგრამ ხალხი უკმაყოფილოა, რომ თქვენც დადიხართ მასთან ერთად. ასეთი შეკითხვები გვაქვს: „რატომ დათანხმდით, რომ თქვენი პორტრეტი იყოს სარეკლამო ბორდებზე? ნუთუ არ სცხვენია? უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ იქნება ჩათრეული პოლიტიკურ ბრძოლაში?“ ასეთი კითხვა ბევრია. 

ცხადია, ტომოსის მიღების შემდეგ ჩვენ ვახდენთ უკრაინელი ხალხის ამ მიღწევის წარდგენას. რადგან ბევრი ინფორმაციაა იმის თაობაზე, რომ ეს არ არის სრული დამოუკიდებლობა, რომ ეს არის დამოკიდებულება კონსტანტინოპოლზე, რომ ეს ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს შემადგენლობაშია. მაგრამ ჩვენ ვეწევით ერთგვარ განმანათლებლურ მუშაობას, ვუხსნით უკრაინელებს, რომ ჩვენ ვართ ავტოკეფალურები, ვართ დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია, და თითოეული უნდა დარწმუნდეს ამაში, ნახოს ტომოსი.

და ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს, და მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც შეიტანა წვლილი, რომ ეს საქმე წარმატებული ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტიცაა, პეტრო პოროშენკო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინული მართლმადიდებლობა გაერთიანებულიყო. ეს ‘’ვერხოვნაია რადაცაა’’, დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინელ ხალხს. თითოეულს აქვს თავისი ოლქი. და მათი მიმართვაც გახდა მნიშვნელოვანი ბიძგი იმისთვის, რომ მსოფლიო პატრიარქს მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მაგრამ აქ რომ მოვდიოდო, ხიდზე, სარეკლამო დაფებზე ხართ თქვენ და პრეზიდენტი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტომოსი უკრაინისთვის, არის ტომოსი უკრაინისთვის, და ამგვარად...

ამას ეძახიან „წინასაარჩევნო აგიტაციას“.

ვინ როგორ ხედავს.

კანონით, ეს წინასაარჩევნო აგიტაციაა.

მაგრამ პეტრე ალექსის ძემ მხოლოდ ეხლა წარადგინა თავი პრეზიდენტობის კანდიდატად, მანამდე კი ის არ იყო კანდიდატი. და ის უკრაინის პრეზიდენტია.

ანუ როგორც კი მისი კანდიდატად რეგისტრაცია მოხდება, ეს სარეკლამო ბორდები აღარ იქნება, ასეა?

ვფიქრობ, ასე იქნება. ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული.

თუ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის არჩევნებში მოქალაქე სერგეი პეტრეს ძე დუმენკო?

-რა თქმა უნდა, მივიღებ. როგორც მოქალაქე, მე ვალდებული ვარ მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ამიტომ მივიღებ მონაწილეობას.

მრევლთან თუ ჩაატარებთ სამუშაოს ამასთან დაკავშირებით?

ჩვენ, როგორც ეკლესიას, არ გვაქვს უფლება რომელიმე კანდიდატს აგიტაცია გავუწიოთ, განსაკუთრებით ეკლესიის ამბიონიდან. ამიტომ, ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას აგიტაციაში. რადგან ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო წესებს და ზოგადად, ჩვენს ზუსტ პოზიციას. და ჩვენ ადრეც ვამახვილებდით ამაზე ყურადღებას სინოდალური გადაწყვეტილებითაც კი, რომ ეკლესიის მსახურს არა აქვს ამის კეთების უფლება.

მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები. ჩვენ, მაგალითად გვყავს რამდენიმე ათასეული მღვდელმსახური. და შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევები, რომ ესა თუ ის ღვთისმსახური ამბიონიდან დამოძღვრავს და მოუწოდებს მრევლს, რომ მათ ამა თუ იმ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. მაგრამ თუკი იქნება ასეთი პრეცენდენტები, მაშინ ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. თავიდან, მივაქცევთ ყურადღებას. თუ ადამიანს არ ესმის, მაგალითად, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ შემდეგ მივიღებთ ადმინისტრაციული ხასიათის გადაწყვეტილებას.

სერგეი რუდენკო სვამს კითხვას: „როდის გავათავისუფლებთ ჩვენს ლავრებს კიევო-პეჩერსკისა და პოჩაევოს, ოკუპანტებისაგან?

ლავრები - უკრაინელი ხალხის მემკვიდრეობაა. როგორც სულიერი, ასევე კულტურული. და ისინი უკრაინულებია. მაგრამ ეხლა დროებით იმყოფებიან სულიერი ოკუპაციის ქვეშ. მაგრამ მე მჯერა, რომ სულ მოკლე დროში უფლის წყალობით ლავრები დაუბრუნდება ჭეშმარიტ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას.    

ახლა ჩვენი პოზიციაა, რომ არ არის საჭირო მათი არც ხელში ჩაგდება, არც პროვოცირება, ან რაიმე სახის ძალადობის გამოვლენა. ჩვენ უნდა ვიაროთ სიყვარულით, იმ შეგნებით, რომ ვართ ჩვენს მიწაზე, გვსურს ერთიანობა, გვინდა გვქონდეს ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია. და მე მჯერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი ამას გაიაზრებენ, მიხვდებიან და თვითონ შემოუერთდებიან ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას.   

მე არც ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე მიტროპოლიტ პავლეს ინტერვიუ. ის ყვებოდა ისტორიას. კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე არის მუზეუმი, არის საეკლესიო შენობები. და ის ამბობდა იმის შესახებ, რომ იქ იყო სახელოსნო. ერთხელ, აწგარდაცვლილმა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა დამიძახა და მითხრა, რომ იქ კვდებიან მუზეუმის მუშაკები და ხალხი ამბობსო, რომ შენ დაწყევლე ისინიო. რომ მან რაღაც უთხრა და იმ საღამოს კიდევ ერთი მუშაკი გარდაიცვალა. და რომ თითქოს ბერებს ეშინიათ მიტროპოლიტ პავლეს დაწყევლის. რამდენადაა ეს საერთოდ შესაძლებელი, რომ წყევლამ ადამიანი მოკლას?

ეს ეწინააღმდეგება არა მარტო მიტროპოლიტის ღირსებას, მის წოდებას, თვითონ მართლმადიდებლურ მოძღვრებას ეწინააღმდეგება. ჩვენ არ გავქვს დაწყევლის უფლება. ჩვენ უნდა დავლოცოთ ისინი, ვინც ჩვენ გვწყევლის. ამის ნაცვლად რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ასეთ სიტყვებს ამბობს. სიტყვები, რომელთა დაშვებაც კი არ შეიძლება მართლმადიდებლობაში, ეკლესიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არანორმალური მოვლენაა.   

მაგრამ რამდენად შეიძლება ამის დაჯერება?

მე არ მჯერა ასეთი რამეების. რადგან ადამიანის სიცოცხლე ღვთის ხელშია. ის უფლის ხელშია. თუკი უფალი, ზოგჯერ უშვებს კიდეც რამეს, ეს მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული და არა ადამიანზე.

ჩემი შემდეგი კითხვა. შეიძლება ისიც უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს. მაგრამ ხალხი კითხულობს. ფეისბუკში კითხულობენ, რამდენად აუცილებელია უკრაინელ მოძღვართათვის წვერის ტარება? მას ხომ ძირითადათ რუსი მღვდლები ატარებენ.

საერთოდ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური და არა მარტო რუსეთის ეკლესიის. მაგალითად, თუკი ავიღებთ ისეთ მართლმადიდებელ ქვეყანას, როგორიცაა საბერძნეთი. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. ასე იყო ისტორიულად, რომ ეკლესიის მსახური ყოველთვის წვერითაა. კათოლიკეებისაგან განსხვავებით. კათოლიკეები უწვეროდ არიან, მართლმადიდებლები წვერით, ისტორიულად ასე შედგა.

მაგალითად, რომ ავიღოთ ათონის მთის ბერები. რას ვხედავთ? ეს პატივსაცემი, ზოგჯერ უკვე ხნიერნი გრძელი წვერით, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ, თითქოს სულიერად გვიზიდავენ თუნდაც თავისი გარეგნობით. 

ისინი მაინც ხნიერები არიან, და რაც შეეხება ახალგაზრდებს, მღვდლებსაც და ეკლესიების მეთაურებსაც, მათთვის არ შეიძლება უწვეროდ?

არა. წვერი, ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ეკლესიის მსახურს სხვებისგან განასხვავებს. რადგან თუ დაინახავთ ეკლესიის მსახურს ქუჩაში ეკლესიური ტანსაცმლის გარეშე, მაინც შეგიძლიათ თქვათ, რომ ის არის ღვთისმსახური, რომ მანაც, რომელიც ეკლესიის გარეთაა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ ის ღვთისმსახურია.  და შეიძლება წვერიც კი ეხმარება მას, იყოს უფრო თავშეკავებული.

მაგრამ ხომ შეიძლება ეკლესიის მსახური ჯინსებში...აი, მაგალითად, სოციალურ ქსელებში წერენ: „ ეპიფანე ჯინსებში დადიოდაო საპატრიარქოში!“ : ეს ალბათ კარგა ხნის წინ იყო?

არა, ასეთი რამ არ ყოფილა.

მაშინ როგორი ტანსაცმელი მოგწონთ, ეკლესიის მსახურის გარდა?

თავშეკავებული. როგორც ეკლესიის მსახური, მე ყველაფერს მუქი ფერებისას ვატარებ, შავს ძირითადათ. ჩვენ არ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული ტანსაცმელი. რატომ? ეს იმათთვისაა, ვინც დადის გარე ტანსაცმელში და მათთვის მნიშვნელოვანია აჩვენონ თუ რა აცვიათ. ჩვენთვის კი მთავარი ტანსაცმელი ეკლესიის მსახურისაა, რომელიც ფარავს იმას, რაც მის ქვემოთაა. და ამიტომ აქ არ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნები. თეთრი პერანგი და შავი...

პიჯაკი თუ სვიტერი?

სვიტერი. პიჯაკი ანაფორის ქვეშ მოუხერხებელია.

კარგით. საჭმელი. რა მოგწონთ? საყვარელი კერძი?

მე არ მაქვს დიდი მოთხოვნები. რადგან ამის საშუალებაც არ მაქვს. რატომ? მე არ მყავს მზარეული. სამზარეულოც კი არ მაქვს. მე ვიკვებები თუ ვიდუბიჩის მონასტერში ვარ, მონასტრის სატრაპეზოში. თუ მიხეილის - აკადემიის სატრაპეზოში სტუდენტებთან ერთად.  

დღეს რა მიირთვით საუზმეზე?

ბუტერბროდები.

აღსაყდრების შემდეგ დაიწყება ახალი საქმეები. აპირებთ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებში სიარულს და მათ მღვდლებთან საუბარს? რა გაქვთ დაგეგმილი?

აღსაყდრების შემდეგ დაგეგმილია ვიზიტები მთელ უკრაინაში ეპისკოპოსთა მოწვევით.  ეხლა უკვე ბევრი მოწვევა მაქვს, როგორც ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ამა თუ იმ რეგიონში. გრაფიკიც კი მაქვს შედგენილი. ეს შესაძლებელი იქნება რაღაც დროის შემდეგ, როცა იქნება ასეთი საშუალება, რა თქმა უნდა შევხვდები და გავესაუბრები იმ ეკლესიათა მსახურებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან.

თარგმნა გვანცა ებრალიძემ

წყარო: https://www.radiosvoboda.org