მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება, 13 იანვარი, 2019 წელი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთნ არს ღმერთი!

 

დღეს ქრისტეს შობის შემდგომი დღესასწაულია! გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას! დღევანდელი სიხარულის განცდას აძლიერებს წმიდა ზიარების საიდუმლო და მასში ჩვენი მონაწილეობა. ამ დროს ზეცაშიც და ადამიანის გულშიც, დიდი სულიერი სიხარული სუფევს. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში; მე გირჩევდით, რომ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოში; ნუ გადავდებთ ამ საქმეს სამომავლოდ. ...და საერთოდ, როგორც კი კარგი აზრი დაგებადებათ გონებაში, ეცადეთ, უმალ შეუდგეთ მის განხორციელებას, არ გადადოთ სამომავლოდ, ხოლო ის სურვილები, რაც გულში იბადება წყენისა თუ მრისხანების, მოწყინებისა თუ დეპრესიის ჟამს, ნუ იჩქარებთ მის სისრულეში მოყვანას, მისი გადადება უმჯობესია; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ისეთი რამ მოიმოქმედოთ, რაც შემდეგ სანანებლად გექცევათ, ან საერთოდაც ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს.

 

ქრისტიანობა არის კაცთმოყვარეობის რელიგია. ღმერთმა არა მარტო დიდი წყალობა მოიღო ჩვენზე, არამედ განსაკუთრებული სულიერი და ზნეობრივი კრიტერიუმი დაგვიწესა; და ეს ჩვენგან მოითხოვს მუდმივ მზაობას იმისთვის, რომ შენი ცხოვრება წარმართო უფლისადმი მიმბაძველობით სიკეთეში, მოთმინებაში, კაცთმოყვარეობაში და ა.შ.  რაოდენ სამაგალითოა ჯვარზე გაკრული ღმერთკაცის ვედრება, ოდეს იგი მიმართავს მამა ღმერთს: - „მამაო შეუნდე, რამეთუ არა უწყიან რას იქმან.“ ჩვენს გონებაში მუდამ ზედაპირზე უნდა იდოს ხსოვნა ამ სიტყვების  შესახებ.

 

მოდით, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა როლი აქვს ქრისტეს ჩვენს ცხოვრებაში, რას ნიშნავს ის პირადად შენთვის. როგორ აკავშირებ მას შენს თავთან, როგორ აღიქვამ; შენი პირადი დამოკიდებულება თუ არ ჩამოგიყალიბდა  ღმერთის მიმართ, იესო ქრისტესა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპლის მიმართ, თუ შენს სულიერ შეხედულებებში არ გამოიკვეთა განცდა იმისა, თუ რა გააკეთა მან შენთვის და რით უნდა გასცე მას პასუხი, მაშინ ჩვენს მაცხოვართან დაკავშირებული ყველა მოვლენა შენთვის არსებითად უცხო დარჩება!

 

დღეს არის ხსენება მეფე დავითისა (ფსალმუნთა გამომთქმელისა), მართლისა იოსებისა (დამწინდველისა), იაკობ მოციქულისა (იესოს ხორციელი ძმისა). მათი სულიერი შემწეობა არასდროს მოგკლებოდეთ!

 

ძველი (იულიუსის) კალენდრის თანახმად, დღეს 2018 წლის ბოლო დღეა და დგება ახალი წელი, რასაც მოსახლეობა არანაკლები სიხარულით ეგებება, ვიდრე 31 დეკემბრის მიწურულს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და საზოგადოდ ახალი წლის მიმართ ჩამოვიყალიბოთ სწორი დამოკიდებულება. სიხარულს წინ არაფერი უდგას, მაგრამ ნუ მოვახდენთ ახალი (დამდეგი) წლის მისტიფიკაციას და გვახსოვდეს, რომ სამომავლოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე და ჩვენს გონივრულ გადაწყვეტილებებზე, სიღრმისეულად გააზრებულ ჩვენს თავისუფალ ნებაზე. შესაბამისად, ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რას გვიმზადებს დამდეგი წელი, არამედ იმაზე, თუ რას ვუმზადებთ მას ჩვენ, რას შევთავაზებთ.

 

ნუ ჩავთვლით თავს დროის (ან ეპოქის) მძევლად; ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის და ეს ბრძოლა გავშალოთ ფართო ფრონტზე; ნუ ვიქნებით დაძაბულები, დაჭიმულები, იმის განცდით, თუ ვინ გაგვიგებს და ვინ - არა, ვის მოეწონება ჩვენი აზრი და ვის - არა, რამდენად შესაბამისობაში ხარ გაბატონებულ კონიუნქტურასთან და ა.შ.  შეშინებული ადამიანი (მით უფრო შეშინებული საზოგადოება) ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნის, და ყველაზე „ღირებულს“, რასაც ის თავის თავს უმზადებს, არის საპყრობილე, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. საშინელებაა მუდმივად ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ყოფნა. ქრისტიანული წიაღი უნიკალურ საშუალებას გაძლევს იმისთვის, რომ იყო ჭეშმარიტად თავისუფალი; გამოვიყენოთ ეს თავისუფლება; ჩვენივე ნებით ნურავის ჩავუგდებთ მას ხელში, ნურავის გავათელინებთ ფეხქვეშ.

 

და კიდევ, ნუ ვიტყვით უარს სიყვარულზე, რადგან ეს ის წარუვალი სიკეთეა, რაც აქაც გჭირდება და გარდაცვალების შემდგომაც თან წაგყვება და გზას გაგინათებს! წუთისოფელში ყველაფერი დროებითია; თვით რწმენაც კი, რაც შენს სამომავლო იმედებს აძლიერებს, რადგან მასაც აქვს დასასრული; ეს დასასრული არის იქ და მაშინ, როდესაც შეხვდები უფალს; რადგან ღმერთის არსება შენთვის უკვე იქნება როგორც მოცემულობა, ანუ ობიექტური სინამდვილე. ხოლო ის, რაც ჭეშმარიტად მარადიულია, არის სიყვარული. სიყვარულის სამყარო არის საუფლო წიაღი, სადაც სიძულვილითა და ბოღმით დამძიმებული გული ვერ დაისადგურებს.

 

როდესაც ვამბობთ, რომ დედამიწა სიყვარულის ძალით ბრუნავს, არ არის ოდენ მხატვრული ფორმა გამოხატვისა. სიყვარული მთელს სამყაროს განმსჭვალავს; სიყვარულის ნიჭი ზეცად აღამაღლებს ადამიანს და უსიყვარულობა უბიძგებს მას ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ. 

 

სიყვარული ვერ დაიდებს ბინას იქ, სადაც ცოდვაა გაბატონებული; ამიტომ ვამბობთ დღენიადაგ, რომ უნდა განვერიდოთ ცოდვას, სიბილწეს, რაც რყვნის ადამიანის გონებას, აზროვნებას, მის ცხოვრებას და ხელს უშლის მას ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოვიყენოთ ის უნიკალური საშულება, რაც გვეძლევა ყოველი წირვა-ლოცვის ჟამს, იმისთვის, რომ ჩვენს გულში სულ უფრო მეტი ადგილი დაიკავოს ღმერთმა, რომ მეტად დავუახლოვდეთ სამყაროს შემოქმედს, და ამ ურთიერთობაში უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი.

 

ძალიან ბევრი ამოცანა დგას ჩვენს წინაშე, რომელთაც პასუხი უნდა გავცეთ; მივიღოთ სათანადო და  ადეკვატური გადაწყვეტილებები; წინ არაერთი გამოცდა გველის, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ასევე ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოებრიობას; იმედს გამოვთქვამთ, ღირსეულ პასუხს გავცემთ ყველა მათგანს, სადღეისოს და სამომავლოს.

 

ღმერთმა გაგაძლიეროთ! ჩვენ ვლოცავთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ხალხს, იმ იმედით, რომ მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა მთელ რიგ საკითხებში, მოხერხდება ძირითად საკითხებში ერთიანი აზრის ჩამოყალიბება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ საზოგადოებაშია, არამედ ეკლესიაშიც, თვით მღვდელთმთავართა შორისაც კი; ერთიანი აზრის ჩამოყალიბება (კონსესუსის მიღწევა) აქაც კი ურთულესი პროცესია, რასაც აქვს, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროცესმა არ მიიღოს კონფრონტაციის ხასიათი.

 

თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის, ხალხის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!! უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

 

ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.

 

ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შორსმჭვრეტელობა კი ნამდვილად გვკარნახობს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ ახალი ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) კონგლომერატში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!

 

ჩვენ ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ მნიშვნელოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ დედა ეკლესიის ეპისკოპატში ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფები, რომლებიც ღიად და საჯაროდ დაიცავენ პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს!!!

 

უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.

 

იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის - საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

 

იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!

 

რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე! 

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

13 იანვარი, 2019 წელი.

 

Write a comment

Comments: 0