ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საშობაო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი.

ძვირფასო სამწყსოვ, ჩვენო სულიერნო შვილნო!

დღეს ჩვენ ვეგებებით აღთქმული მესიის დაბადებას; ვზეიმობთ ქრისტე მაცხოვრის შობის დღესასწაულს. ამ მოვლენას უგალობენ ცა და ქვეყანა, კაცნი და ანგელოზნი; ზეიმით ეგებება ქრისტეს ეკლესია ბეთლემის გამოქვაბულში შობილს. ამ მოვლენის შესახებ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს:

„...სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“. (ინ. 1,14.)

ადამიანის გონება უძლურია იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაწვდეს ამ დიდებული შობის საიდუმლოს ბუნებას; ამას გრძნობს მხოლოდ გული გონიერი, თუმცა ყოველი სიტყვა უძლურია მის გადმოსაცემად. ძველი აღთქმის ისტორიიდან ცნობილია, რომ ოდესღაც ღმერთი ადამიანს ესაუბრებოდა ცეცხლის ალიდან (გამოსვ. 19,18.), საყვირის ხმიდან (გამოსვ, 19,19.), ნისლიდან (გამოსვ. 20,21.), მაგრამ დღეს ის ჩვენს წინაშეა; დღეს ქალწული შობს ძეს დაუსაბამოს და ამიტომაც ჩვენ, აღვსილნი მადლითა სულისა წმიდისათა, ვახარებთ ურთიერთს და ვახარებთ სამყაროს:

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს, ამ დიდებული შობით, ფარდა აეხადა ესაია წინასწარმეტყველის მიერ წარმოთქმული სიტყვის საიდუმლოს. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით

 

ადრე, ესაია მიმართავს მეფე აქაზს:

„ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა? ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ეს.7,13-14.)

 

აქვე გვახსენდება მართალი სვიმეონი (ქრ. შობამდე III ს.), რომელიც იმ 72 სწავლულს შორის იყო, რომელთაც ეგვიპტის მეფის, პტოლემეოს ფილადელფოსის (ქრ. შობამდე 287- 247 წწ.) დავალებით, ბერძნულ ენაზე თარგმნეს იუდეველთა საღმრთო წიგნები. (ეს თარგმანი ცნობილია სეპტუაგინტას სახელწოდებით). ესაიას წინასწარმეტყველების თარგმნისას, როცა იგი მიადგა იმ ადგილს სადაც ეწერა: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე, მართალი სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. „როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოსო ყრმა“, - გაიფიქრა მან, და დააპირა სიტყვა „ქალწული“-ს ნაცვლად სიტყვა „დედაკაცი“ ჩაეწერა. სწორედ ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს, რაც აქ წერია, და შენ საკუთარი თვალით იხილავ ამ სიტყვების აღსრულებას, რადგან არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს“.

  

...და მართლაც, მართალმა სიმეონმა იცოცხლა მანამდე, ვიდრე არ მიირქვა იერუსალიმის ტაძარში მიყვანილი ჩვილი იესო და მაშინ წარმოთქვა მან საყოველთაოდ ცნობილი სიტყვები, რომელიც მარად იგალობება ეკლესიაში აღსრულებული წმიდა მსახურებისას:

„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა“. (ლკ.2, 29-32.).

ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნისთვის ბეთლემში აღსრულებულ მოვლენას საყოველთაო ხასიათი აქვს, თუმცა მისი არსის სწორად გაგებას და (იმავდროულად) პიროვნულ დონეზე მის გათავისებას, თითოეული ადამიანისთვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენს ეპოქაში, სამწუხაროდ, თვით ქრისტიანთა შორისაც კი, არიან ისეთები, რომელთაც ეჭვნი ტვინს უღრღნიან და უჭირთ ქალწულ მარიამში უბიწოდ ჩასახვისა და უბიწოდვე დარჩენის საიდუმლოს მიღება, და თავს იმით იმართლებენ, რომ „მთავარია ღმერთი სწამთ“, რაც დიდი შეცდომაა და თავის მოტყუება, რადგან ღმრთისთვის, რომელმაც არაფრისგან შექმნა ყველაფერი, არაფერია შეუძლებელი, მაგრამ, როცა ადამიანი ღმერთის არსებაზე ფიქრობს მხოლოდ ადამიანური კატეგორიებით, და ცდილობს შიშველი

ინტელექტისა და ადამიანური ლოგიკის დახმარებით ახსნას ესა თუ ის საღვთო საიდუმლოება, ის შედის ჩიხში, და ამ გზას იგი მიჰყავს ფაქტობრივ ურწმუნობამდე; ...თუმცა, ფორმალურად, იგი შეიძლება რელიგიურობის ელფერსაც ინარჩუნებდეს. ეს ემართებოდა ადამიანს სხვადასხვა დროში, (ეს დაემართათ ქრისტეს თანამედროვე იუდეველებს), მაგრამ ამისთვის განსაკუთრებით ნოყიერ ნიადაგს ქმნის უახლესი ისტორიული მონაკვეთი, რომელიც გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის ეკლესიამ. ასეთია ობიექტური სინამდვილე.

...მაგრამ პირველსავე სიტყვას დავუბრუნდებით და ვიტყვით, რომ ქრისტეს შობის საიდუმლოს წვდომა ადამიანური ბუნებისთვის, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (ლკ.18,27.); აი, ამის მიღებას კი სჭირდება რწმენა, ისევე, როგორც რწმენით მიიღება, რომ ღმერთი არის ცოცხალი არსება, და რომ ის იყო ყოველთვის, არის და იქნება მარადის; რწმენით მიიღება, რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ყველაფერი, და ასე შემდეგ.

...და, საერთოდ, შეუძლებელია რწმენასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მატერიალიზმის პრიზმაში; ასეთ მცდელობებს ადამიანი ცდომილებათა უღრან ტყეში შეჰყავს, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

დღეს ჩვენ უფრო მეტად გვმართებს მადლიერების გამოხატვა სამყაროს შემოქმედი ღმერთის მიმართ. გულისხმა ვყოთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვა, მოწაფეთა მიმათ თქმული:

„ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული- უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა (მთ. 13,17.)

დიახ, დღეს ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რის ხილვასაც თაობები ოცნებობდნენ და ვერ მოესწრნენ. ეს დიდებული მოვლენა ჩვენთვის უკვე მოცემულობად იქცა და განამტკიცა ჩვენში შინაგანი რწმენა, რომ ღმერთი არ გვტოვებს; შესაბამისად, საფუძველი გამოეცალა უიმედობას და კიდევ უფრო გაიზარდა მოტივაცია იმისთვის, რომ ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის!

დღეს, ვითარცა ჰიმნი ღვთაებრივი კურთხევისა, მთელ სამყაროს მოეფინება ანგელოზთა გალობა:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება (ლკ. 2,14.)

 

ამ სიტყვებით იწყება ქრისტეს ეკლესიაში ყოველი საღმრთო ლიტურგია, რომლის დროსაც ღვთისადმი შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, სადიდებელი და სამადლობელი, სავედრებელი და ცოდვათა შესანდობელი. და ეს აღესრულება საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. ღმერთმა მოიღო ჩვენზედა წყალობა თვისი და მოგვივლინა მხსნელი, მოციქული პავლე კორინთოელებს ეუბნება:

„ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად“. (1კორ. 15,45.)

პავლე მოციქული აგრძელებს რა საუბარს, ამბობს: პირველი იგი კაცი (ადამი) იყო „ქუეყანისაგან მიწისაჲ“, ხოლო მეორე იგი კაცი - არის უფალი ზეცით (1კორ. 15,47);

ეს არის ის, ვისკენაც უნდა ვისწრაფოთ და ვისაც უნდა ვემსგავსოთ და „ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ“ (1კორ. 15,49). სულიწმიდის მადლში დაბადება და საღმრთო მოწოდებისადმი ერთგულება ადამიანს აახლოებს ღმერთთან; ასეთია გზა განღმრთობისა. ჯერი ჩვენზეა, გამოწვევა მიღებულია; რით ვუპასუხებთ მას? ეს გვეხება ყველას, განურჩევლად წოდებრივი მდგომარეობისა და სოციალური კუთვნილებისა, განსაკუთრებით კი ეკლესიას, ვითარცა ქრისტეს სამწყსოს.

 

იესო ქრისტეს შობა არ არის მხოლოდ ერთჯერადი ისტორიული მოვლენა, რომელიც ორი ათასწლეულის წინ მოხდა და რომელმაც ცივილიზაციის მსვლელობა სხვა საფეხურზე გაიყვანა, არამედ ეს არის ღრმა სულიერი და მისტიური მნიშვნელობით აღსავსე მოვლენა, რომელმაც ცხოვრების ახალი სტანდარტი დაგვიწესა და გაზრდილი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა კაცობრიობა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წმიდა ნათლობის ემბაზში დავიბადეთ, მადლითა სულისა წმიდისათა.

დღეს, ქრისტიანობა ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით არის აღბეჭდილი და, შესაბამისად, 21-ე საუკუნეში, თვით ქრისტეანთა შორის, არაერთგვაროვანია ქრისტიანული ღირებულებების აღქმა და მათი ინტერპრეტაცია. ეს, ხშირად, საკმაოდ მტკივნეული პროცესია ეკლესიისთვის და მრავალ პრობლემას წარმოშობს როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში. თითქოს ადამიანებმა დაინაწილეს ქრისტე იმის მიხედვით, თუ ვის რა მოსწონს მასში, თითქოსდა, ყველას თავისი „კერძო ქრისტე“ ჰყავს და ამ ე.წ. „ქრისტეებს“ საბოლოოდ ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო. ეს პრობლემა თავის თავს ავლენს ყოველ ნაბიჯზე და სულ უფრო მეტად ართულებს (და ხან გაუსაძლისსაც კი ხდის) ერთ გუმბათს ქვეშ, ერთი სწავლების, ერთიანი კანონიკური სივრცის პირობებში „ერთმორწმუნე“ ადამიანების ყოფნას! უფრო მეტიც, ხშირად, თვით ადგილობრივ ეკლესიათა შორის ურთიერთობებშიც კი ავლენს თავს არაქრისტიანული ტენდენციები.

აშკარაა, რომ (მეტ-ნაკლებად) ყველგან შეაღწია ამსოფლიურმა (ანუ სეკულარიზმის) სულმა, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და სერიოზულ საფრთხეებს უქადის უპირველესად ქრისტეს ეკლესიას და მერმე მთელ სამყაროს!

ქრისტიანობა მარილია ამ სოფლისა და მისი განქარვების პროცესი კარგს არაფერს გვიქადის, მით უმეტეს, ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანას, როგორიც საქართველოა.

არსებული რეალობის პირობებში მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს სახელმწიფოს და განსაკუთრებით ეკლესიას, რათა იმ სიმაღლეზე აღმოჩნდეს, რომ ეპოქისთვის დამახასიათებელმა საფრთხეებმა (სეკულარიზმის ძლიერმა ტალღამ) არსებითი ზიანი ვერ მიაყენოს.

არსებული მდგომარეობა გვიბიძგებს, დავფიქრდეთ იმ ნაბიჯებზე, რაც დაცულს გახდის ჩვენს სამწყსოს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ეკლესია და ქართული სახელმწიფო. ამ კუთხით, გამოვყოფდით რამდენიმე საკვანძო საკითხს:

(1) ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ (ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე), როგორც, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთმა მესაძირკვლემ,

თავის წიაღში უნდა დაიტიოს და შემოინახოს ქართული სახელმწიფოებრიობის სანუკვარი იდეალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.

ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, სამწუხაროდ, ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლის პოლარიზებას იწვევს; ეს მდგომარეობა მძაფრად წარმოჩინდება სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას, ხოლო დროდადრო კი დაპირისპირებები თავს იჩენს ხოლმე საჯარო სივრცეშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მაგალითების სპექტრი მომავალში კიდევ უფრო „მრავალფეროვანი“ გახდეს! ყოველივე ამის მიზეზებს კი ჩვენ ვხედავთ არა რომელიმე პიროვნების პირად, კერძო, ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა საერთო ღირებულებების ირგვლივ!

(2) სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევქმენით ერთმანეთთან კომუნიკაციის იმგვარი საშუალებები, რაც თავიდან აგვაცილებდა ბევრ ისეთ პრობლემას, რომლებიც კომუნიკაციის არარსებობის შედეგად ჩნდება. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მოსმენა, გამოთქმული აზრების ზუსტად გაგება და საღი აზრის პატივისცემა. საერთო ენის გარეშე

ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, ვერც საერთო სარწმუნოებრივ და სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე შევთანხმდებით და ვერც ჩვენს წინაშე არსებული პრობლემებს გადავჭრით. ასევე, ვფიქრობთ, რომ სინოდთან არსებული დარგობრივი კომისიების გააქტიურება ხელს შეუწყობს საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაძლებელს გახდის ერთიანი ხედვის შემუშავებას თანამედროვეობის იმ აქტუალური პრობლემების თაობაზე, რომელიც ეკლესიის წინაშე დგას. თუკი ეს მოხდა, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მეტად რთულსა და ეკლიან გზაზე!

(3) გასულ საუკუნეში, საბჭოური რეჟიმის პირობებში, ეკლესიისა და ერის წინაშე, დღევანდელობისგან ბევრად განსხვავებული ამოცანები იდგა; დღეს კი, 2019 წელის მიჯნაზე, ეკლესიისა, და თვით ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას სრულიად განსხვავებული გამოწვევები. ამიტომ, დღეს, ვიმყოფებით რა სულიერების განვითარების ახალ ეტაპზე, ჩვენ გვჭირდება ახალი დასაწყისი! დიახ, ახალი დასაწყისი, რაც განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აგვიყვანს! ქრისტიანობაც ხომ ადამიანის სულიერი ძალების განახლებისა და გაძლიერებისკენ მარადიული მოწოდებაა!

ვფიქრობთ, რომ წმიდა სინოდის მუშაობის გააქტიურება მისი ფორმალურ-შინაარსობრივი კუთხით, საგანმანათლებლო პროექტების აქტიური ხელშეწყობა-განვითარება (განსაკუთრებით კი იმ ტიპის საგანმანათლებლო პროექტებისა, რომლებზეც უნდა დაეფუძნოს საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ხედვა ეკლესიოლოგიურ, სოციალურ,

პოლიტიკურ და ა.შ. საკითხებში) იქნება ის წინაპირობა, რაც ახალი დასაწყისისთვის არის საჭირო!

არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა, რაც გვავალებს, რომ შემდგომ თაობებს შევუნარჩუნოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მე-20 საუკუნეში ჩვენი დიდი პატრიარქების კურთხევითა და მათი ტანჯული ცხოვრების შედეგად მოვიდა დღემდე. მოცემულ კონტექსტში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ღვაწლი, რაც XX საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა. ამ პერიოდში დაგროვილ გამოცდილებას სჭირდება გათვალისწინება, ხოლო მოპოვებულ სიკეთეებს კი - შენარჩუნება, ღირსეული განვითარება და განვრცობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ერსა და ეკლესიაში.

ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, სულიერი განახლების მოლოდინით გილოცავ ქრისტეს შობას!

ღმერთმა გვიკურთხოს ჩვენ და სრულიად საქრისტიანოს ქრისტესმიერი ერთობა, ამ ერთობის წესი და ძალი!

 

ჭეშმარიტად, ჩვენთან არს ღმერთი!

 

+ გრიგოლი, მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა.

ქრისტეს შობა 2018/2019

Download
1546856202368857.pdf
Adobe Acrobat Document 123.7 KB