ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საშობაო ეპისტოლე

+ ანასტასიოსი მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა

 

დაუცველობის გრძნობის გადაჭრის საშუალება

 

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ...

ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“

(ქრისტეშობის ძლისპირი)

 

     ადვილი შესამჩნევია დაუცველობის გრძნობა თანამედროვე სამყაროში, რომელიც შემაშფოთებელი შედეგების გამომწვევია. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს  მატერიალური საშუალების გამოყენებით. ზოგიერთი კი ცდილობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენოს შეძლებული მეგობრები, პოლიტიკოსები და ეკონომიკური ფაქტორები. მრავალი ადამიანი კი დასახმარებლად მიმართავს აზიური წარმომავლობის რელიგიურ იდეოლოგიებს. მრავალი ფაქტორი მიუთითებს ადამიანთა დაუცველობაზე.

     ქრისტეშობის დღესასწაული მობრძანდება, რომ მოგვართვას სამკურნალო საშუალება დაუცველობის გრძნობის წინააღმდეგ. მობრძანდება, რათა გააცოცხლოს ჩვენ გონებასა და სინდისში მივიწყებული ჭეშმარიტება, რომ „ჩვენთან არს ღმერთი“. ზუსტად, ამას ნიშნავს მომავალი მხსნელის სახელი: „ემმანუელ“-ი. სიტყვა ღვთისა „ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (ინ. 1,14).

     სწორედ ეს წარმოადგენს ეკლესიის უპირველეს გამოცდილებას, რომ ღმერთი, რომელიც უსაზღვრო და მიუწვდომელია, არ ტოვებს  სამყაროს შურიანი და ეგოცენტრული ძალების ხელში. არამედ მოავლენს საკუთარ ძეს, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება. წმინდა ბასილი დიდის თანახმად იგი მოვიდა დედემიწაზე, რათა „მთელი კაცობრიობა აღეყვანა საკუთარ წიაღში“, ანუ კვლავ დაეკავშირებინა კაცობრიობა საკუთარ შემოქმედთან, პიროვნულ ღმერთთან, „რომელიც სიყვარული არს“.

    მრავალნი უარყოფენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას და ამტკიცებენ, რომ სამყარო იმართება უმაღლესი ძალის მიერ. ადამიანს, როგორც სამყაროს უმაღლეს ქმნილებას  გააჩნია აზროვნების შესაძლებლობა. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია- ცნობიერება იმისა, რომ ის არის პიროვნება. მაგარამ რატომ ცდილობენ ისინი, ვინც სამყაროს მმართველად წარმოადგენენ უმაღლეს ძალას, რომ იგი წარმოადგინონ უპიროვნოდ? რატომ უარყოფენ, რომ ეს უმაღლესი ძალა ამასთანავე არის პიროვნება, რომელიც გონიერია, რომელიც საკუთარ არსებობას ადასტურებს, ბიბლიის თანახმად: „მყოფი რომელი ვარ“?

 

 

    ქრისტიანებს გვწამს, რომ სამყაროს შემოქმედი და უფალი არ არის უპიროვნო ან რაიმე გაურკვეველი ძალა, არამედ ის არის ცოცხალი ღმერთი, რომელიც აღმოჩნდება ნებაყოფლობითად, და რომელიც ადამიანთან ამყარებს სიყვარულის ურთიერთობას. ეკლესია არ ითხოვს, რომ ვინმეს თავს მოახვიოს ეს ჭეშმარიტება. იგი ამ ყოველივეს ქადაგებს დიდებულად ქრისტეშობის დღესასწაულის პერიოდში და ჩვენც მოგიწოდებს შეუერთდეთ ამას - მხურვალე რწმენით და ჭეშმარიტი სიყვარულით.

* *

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ...ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“. ქრისტეს სულიერი ამაღლება არ სრულდება ავტომატურად. იგი თავდაპირველად გულისხმობს რწმენას. ქრისტეშობის დღესასწაული კი საჭიროდ თვლის ჩვენ გამოფხიზლებას, იმისთვის, რომ მივეგებოთ და მივიღოთ პიროვნულად იესო ქრისტე, როგორც მხსნელი, როგორც წინამძღოლი ჩვენი აზრებისა, გრძნობებისა, გადაწყვეტილებებისა და საქმეებისა.

    გრძნობა იმისა, რომ იგი მუდმივად ჩვენს გვერდით არის - იწვევს სიმშვიდეს და სიმხნევეს: „უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩვენდა? (რომ.8,31) ეს მტკიცებულება  ანეიტრალებს ყოველგვარ დაუცველობის შეგრძნებას და მოაქვს ჩვენთვის ნუგეშინისცემა, სიმტკიცე და იმედი. მორწმუნე კი მშვიდად უნდა იმეორებდეს ფსალმუნის სიტყვებს: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთან ხარ (უფალო) (ფს.22).

* *

„ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“. იესო ქრისტე არ მოსულა, როგორც ერთი წინასწარმეტყველი, რომელმაც შემოგვთვაზა რაღაც ახალი იდეათა სისტემა. მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ აღგვამაღლოს და გაგვხადოს ღმერთის შვილები: „რათა შვილება იგი მივიღოთ“ (გალ. 4,5). ეს, სწორედ, რომ რწმენის საშუალებით მიიღწევა: „რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუისითა“ (გალ. 3,26). ამასთანავე ამაღელვებლად გადმოგვცემს მესიის  მოვლინებას იოანე მახარებელი: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (ინ.3,16).

      არსებითი ურთიერთობა ქრისტესთან გამოიხატება სიყვარულით, რომელიც ყალიბდება ზოგადი ცხოვრების მდგომარეობით. იესომ სანამ ევნებოდა ნათლად გვასწავლა: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (ინ. 14,21). კარგია ღვთისმოშიშების და თაყვანისცემის გარეგნული გამოხატულებები, მაგრამ არსებითი გამოხატულება მის მიმართ სიყვარულისა, ნიშნავს დამორჩილებას იმ სიყვარულის ტიპზე, რომელიც თვით იესომ გვასწავლა სიტყვით, ცხოვრებით და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით. წმინდა იოანე ოქროპირი რომალეთა მიმართ ეპისტოლის ამ ფრაზის განმარტებისას, „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა“ (რომ. 8, 31-39) ბრძანებს: „ უფროისად აღმატებული ისაა, ვისაც ქრისტე ყავს სატრფიალოდ და ამასთანავე მტრფიალობელად“.

     ჭეშმარიტი ქრისტეს მიმდევარი არ შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარ თავით. ამავდროულად, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ იღვაწოს სამართლიანობისთვის, ჭეშმარიტებისთვის, მშვიდობისთვის, როგორც საკუთარი ასევე მის შემოგარენში არსებული ადამიანების მიმართ. იგი არ შემოიფარგლება გარეგნული რელიგიური მოვალეობებით და არ ავიწყდება, რომ: „საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი“ (იგავნ. 21,3). საყოველთაოდ ცნობილია, რომ მღელვარება და რწმენის უქონლობა წამლავენ სოციალურ სოციუმს, მათ არსებობას კი ხელსუწყობს მრავალფეროვანი გახრწნილება, რომელიც თავისთავად იკვებება ტყუილებით, ეგოცენტრულობით, ამპარტავნებით და სიხარბით. სწორედ იმიტომ განკაცდა ძე ღვთისა, რომ გააუქმოს ეს ყოველივე. ჩვენი ცხოვრების იმ საწყისებით გაძღოლა, რომელიც ქრისტემ განგვისაზღვრა, არის უმაღლესი გარანტია ჩვენი ცხოვრების და ზოგადად საზოგადოების დაცვისა.

* *

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ“ ძმანო ჩემნო, „ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“. ქრისტე ჩვენთან ერთადაა არა მხოლოდ ღვთისმსახურების დროს, არმედ აგრეთვე უძლურებისა და გაჭირვების დღეებშიც. განკაცებული ღვთის სიტყვის მყოფობის ცნობიერება განაგდებს ყოველგვარ რწმენის უქონლობას, შიშს და მღელვარებას.

    მოდით, შევეგებოთ მას ცოცხალი რწმენით და სიყვარულით. მოდით, აღვამაღლოთ ღვთისმსახურებით ჩვენი გონება და გული და მივიღოთ ჩვენი უსაყვარლესი ქრისტე. და ამავდროულად ვიმოქმედოთ ისე, რომ სხვა ადმიანებმაც გაიგონ ქრისტეს შესახებ, როგორც ახლოს მყოფებმა ისე შორს მყოფებმა. მღელვარება, რომელიც წარმოიქმნება დაუცველობის გრძნობის პრობლემის გამო ქრისტე მოგვართმევს უებარ წამალს.

    ბედნიერი ქრისტესშობა! ახალი წელი ყოფილიყოს აღსავსე მისდამი რწმენით და მისი მყოფობით სამყაროში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

     ქრისტესმიერი სიყვარულით

 

+ანასტასიოსი

არქიეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთი

 

წყარო: https://panorthodoxcemes.blogspot.com

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა დათო ნებიერიძემ