მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე

†ბართლომეოსი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის მთელ სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ,

 

წმიდა და ღვთისმოყვარე ძმანო უფლის მიერ საყვარელო შვილნო, ვადიდებთ ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ღირსნი გავხდით წელსაც შევეგებოთ ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღეს, ღმერთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის განკაცების დღესასწაულს „ჩვენთვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“. საღმრთო განკაცების მეშვეობით, რომელიც არის „საუკუნო საიდუმლო“ და „დიდებული სასწაული“,  „მძიმე წყლულება“, წყვდიადში მყოფი ადამიანი იქმნა „შვილი სინათლისაჲ და შვილი დღისაჲ“ (Ι თეს. 5,5) და მისთვის მადლით განღმრთობის კურთხეული გზა გაიხსნა. ეკლესიის ღმერთ-კაცობრივ საიდუმლოში  და  მისი წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით იშვება და იმკვიდრებს ჩვენს სულებში ქრისტე. მაქსიმე აღმსარებელი ღვთისმეტყველებს:  „ღმერთის სიტყვა, რომელიც ერთხელ იშვა ხორცით, სულიერად მარად იშვება,  კაცთმოყვარებობის გამო,  მათში, რომელთაც სურთ იგი. ამგვარად, იქმნება ჩვილი და საკუთარ თავს შეძერწავს მათში სათნოებების სახით. იმგვარად ვლინდება, რამდენად მისი დატევნა ძალუძთ მის მიმღებელთ“.[1] იგი არ არის ღმერთი-იდეა ფილოსოფოსების ღმერთის მსგავსად, არც საკუთარ მიღმიერებაში ჩაკეტილი და მიუახლებელი ღმერთია, არამედ იგი არის „ემანუელი“, „ჩუენ თანა ღმერთი“ (მათ. 1,23), იმაზე ახლოს არის ჩვენთან ვიდრე ჩვენ საკუთარ თავთან „ჩვენს საკუთარ თავზე ახლობელია“ [2]

მიუახლებელი და უხორცო ღმერთის რწმენა ვერ გარდაქმნის ადამიანის ცხოვრებას, ვერ აღხოცავს სულს და მატერიას შორის არსებულ მტრობას, ვერ შეაკავშირებს ზეცას დედამიწასთან. ღმერთის სიტყვის განკაცება არის ღმერთის  და ადამიანის  შესახებ ჭეშმარიტების გამოცხადება, რაც იხსნის ადამიანის მოდგმას როგორც მატერიალიზმის და ანთროპომონიზმის, ასევე იდეალიზმის და დუალიზმის წყვდიადით მოცული ლაბირინთისგან.  ეკლესიის მიერ ნესტორიანიზმის და მონოფიზიტიზმის დაგმობა ნიშნავს ადამიანის სულის ორი ძირითადი მიდრეკილების, ანუ ერთი მხრივ ანთროპოცენტრიზმის, ხოლო მეორე მხრივ ცხოვრების და ჭეშმარიტების გაიდიალების უარყოფას. ამგვარი ცდომილებები, რომლებიც ეკლესიამ დაგმო, ჩვენს ეპოქაში ძალიან გავრცელებულია.

თანამედროვე „ნესტორიანიზმი“ ვლინდება სეკულარიზმში, მეცნიერებასა და გამოყენებითი ცოდნისათვის უპირატესობის მინიჭებაში, ეკონომიკის სრული დამოუკიდებლობის, თვითგამომხსნელობითი ამპარტავნების და ათეიზმის სახით, როგორც ეგოიზმი და განცხრომის „უკულტურობა“, როგორც  ლეგალიზმი და მორალიზმი, „მოკრძალების გაქრობით“, თავგანწირული სიყვარულისა და სინანულის ეგრეთწოდებულ „სუსტების მორალთან“ გაიგივებით.  მონიფიზიტიზმი დღეს ჩნდება სხეულის და ადამიანის ბუნების დემონიზებისკენ მიდრეკილებებში, პიეტიზმსა და „სიწმინდის“ სინდრომში, თვითმიზნური, უნაყოფო  სულიერებისა და მისტიციზმის  ფორმით; ვლინდება ლოგიკის, ხელოვნებისა და კულტურის უგულვებელყოფით, დიალოგზე უარით და განსხვავებულის უარყოფით „ერთი და განუმეორებელი ჭეშმარიტების“ სახელით. მონოფიზიტიზმს დღეს განასახიერებს  რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც იკვებება  საგნების იდეალიზირებით, ან  უარყოფით, რაც  ხელს უწყობს ძალადობას და განხეთქილებას. ნათელია, რომ სამყაროს როგორც ნესტორიანული გაიდიალება, ასევე მისი მონოფიზიტური დემონიზირება სამყაროს, ისტორიას, ცივილიზაციას და კულტურას ”ამა ქვეყნის“ ძალთა წინაშე დაუცველს ტოვებს და არსებულ დაბრკოლებებს და დაპირისპირებებს კიდევ უფრო აძლიერებს.  

ქრისტიანული სარწმუნოება არის კაცთმოყვარე  ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნის რწმენა, რომელმაც კაცთმოყვრეობის გამო მიიღო ჩვენი ბუნება და დაგვიბრუნა  დაცემის დროს დაკარგული „მსგავსება“, ამგვარად, თავის სხეულში, ეკლესიაში  ჭეშმარიტი ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა. მთელი საეკლესიო  ცხოვრება  გამოხატავს განკაცების საიდუმლოს. მხსნელმა ღმერთ-კაცმა მიიღო „ეკლესიის სხეული“ [3] და „პირველმა და მხოლოდ მან“ აჩვენა „ჭეშმარიტი კაცი, რომელიც, სრულყოფილია ხასიათით და ცხოვრებით და სხვა ყველაფრით“. [4] ქრისტეს ეკლესია არის „საერთო გამოხსნის“, „საერთო თავისუფლების“  და  „საერთო სუფევის“ იმედის ადგილი, წარმოადგენს განმათავისუფლებელი ჭეშმარიტების განცდის საშუალებას, რომლის საფუძველია ჭეშმარიტი სიყვარული. ამგვარი სიყვარული აჭარბებს უბრალო ანთროპისტულ ქმედებას, რადგან მისი წყარო და წინასახე არის ადამიანის გონებაზე აღმატებული საღმრთო კაცთმოყვარება. „ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.  და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა... საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული“ (I ინ. 4,9-11). სადაც სიყვარულია ღმერთიც იქ იმყოფება.

სწორედ ეს გამომხსნელობითი  ჭეშმარიტება  უნდა   იკვეთებოდეს  იმ წესში, რომლითაც ვდღესასწაულობთ ზეციდან მოვლენილი ჩვენი მხსნელის წმინდა შობას. ეს დღესასწაული მარადის  მიანიშნებს „ჟამის სისავსეზე“, თვითშემეცნებაზე, საღმრთო კაცთმოყვარების წინაშე მადლიერებაზე, არის ღმერთკაცობრიობისა და ქრისტესმიერი თავისუფლების ჭეშმარიტების მოწმობა.  ღმერთის სიტყვის განხორციელების დღესასწაულის  ქრისტესმიერი სიხარულით აღნიშვნა არის სეკულარიზმისადმი წინააღდგომა; ამ დღესასწაულის გაუფერულების და მისი „ქრისტეს გარეშე ქრისტეშობად“ გადაქცევის წინააღმდეგ მოქმდედება; მისი სამომხმარებლო და პატივმოყვარეობის დღესასწალულად გადაქცევის წინააღმდეგ ნაბიჯი, იმ სამყაროში, სადაც ხშირია   სოციალური დაპირისპირებანი, ღირებულებების გარდაქმნა და აღრევა, ძალადობა და უსამართლობა, სადაც „ჩვილ იესოს“ კვლავ უპირისპირებიან სხვადასხვა ძალაუფლებათა ინტერესები.  

თაობები მიდიან და თაობები მოდიან, ადმიანისთვის რთულია მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. ჭეშმარიტ რწმენას არ ახლავს თან  რაიმე დილემა. სიტყვა ხორციელ იქმნა „ჭეშმარიტება მოიწია“ და „ბნელი განგვეშორა“, განსხეულებული საღმრთო განგებულების განსრულების გზაზე მყოფნი უკვე ვეზიარებით სასუფეველს. მტკიცედ გვწამს, რომ მომავალი ქრიტეს ეკუთვნის, რომელიც „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13,8). გვწამს, რომ ქრისტეს  ეკლესია  არის და იქნება განწმენდისა და  საღმრთო ცხოვრების, ადამიანისა და სამყაროს განახლების, სასუფევლის დიდების წინასწად დაგემოვნების   ადგილი, რომ ეკლესია კვლავაც  გააგრძელებს „სახარებისეული მოწმობის მიცემას“ და „სამყაროში  განაბნევს საღმრთო ნიჭებს:  სიყვარულს, მშვიდობას, სამართლიანობას, მყუდროებას, აღდგომის ძალას და უკვდავების მოლოდინს“ (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების  ენციკლიკა (კრეტა, 2016, შესავალი). თანამედროვე შეხედულება „პოსტ-ქრისტიანული“ ეპოქის შესახებ უსაფუძვლოა. „ქრისტესთან ერთად“ არის ყოველივე და „ქრისტეში“   დარჩება უკუნისამდე.

მოკრძალებით მუხლს ვიყრით ბეთლემში შობილი ღთაებრივი ჩვილისა და მისი ყოვლადწმინდა დედის  წინაშე, თაყვანს ვცემთ განკაცებულ „ყოვლადსრულ ღმერთს“. ქრისტეს წმინდა ეკლესიის შვილებს მთელს მსოფლიოში, მარადმღვიძარე ფანარიდან  ვუგზავნით  საპატრიარქო ლოცვა-კურთხევას ამ წმინდა დღესასწაულთან დაკავშირებით და უფლის წყალობით დამდეგ ახალ წელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბარაქას და სიხარულს.

 

ქრისტეშობა 2018

† უფლის წინაშე თქვენთვის მხურვალედ მლოცველი

კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი

 

 

 


[1] (მაქსიმე აღმსარებელი, PG 90, 1181).

[2] (ნიკოლაოს კაბასილა, ქრისტესმიერი ცხოვრების შესახებ, 6, PG 150, 660).

[3] იოანე ოქროპირი, ექსორიის წინ წარმოათქმული ომილია, PG 52, 429

[4] ნიკოლაოს კაბასილა, ქრისტესმიერი ცხოვრების შესახებ, VI,PG 150, 680

 

წყარო: https://www.patriarchate.org

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ