Primus sine paribus- პრუსის მიტროპოლიტი ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი

Primus sine paribus

 

ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი                                  პრუსის მიტროპოლიტი,                                        თესალონიკის უნივერსიტეტის

თეოლოგიის პროფესორი.

 

თარგმნა და შესავალი დაურთო მღვდელ-მონოზონმა    ლეონიდე ებრალიძემ

  

2018 წლის 14 სექტემბრის სინოდის სხდომის N 69 ოქმით მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურად შეწყვიტა ლიტურგიისას მსოფლიო პატრიარქის მოხსენება, მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება და იმ კომისიებში მონაწილეობა, რომლის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე მხარე მსოფლიო საპატრიარქოა (პარაგრაფი 1-3); ხოლო ამავე ოქმის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე შედგენილ სინოდალურ განცხადებაში, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს ბრალს სდებს მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიური პრინციპების ღალატში. 

საინტერესოა, რომ კიევის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრისას, მოსკოვის საპატრიარქო იმოწმებს კრეტის კრების მოსამზადებელ დოკუმენტებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ამ კრებაში (მიუხედავად ხელმოწერისა და დაპირებისა) მონაწილეობა არ მიუღია, მათ მიერ ხსენებული დოკუმენტი კი თავად კრებაზე საერთოდ არ განხილულა და ის პროექტად დარჩა (ისევ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო).

ისიც უნდა შეინიშნოს, რომ ეკლესიის მეთაურის დიპტიხიდან ამოღება პროტესტის მაქსიმალური ფორმაა და ავტომატურად ნიშნავს ევქარისტიული ერთობის შეწყვეტას, მოსკოვის სინოდმა კი ეს ბოლო ფორმულა თითქოსდა ბოლო ნაბიჯად შემოინახა, იმ ქვეტექსტით, რომ მათთვის ერთობა მართლა მნიშვნელოვანია და არ სურთ მიმართონ პროტესტის მაქსიმალურ ფორმებს. რეალურად და ისტორიულად ამ ფორმულის - ევქარისტიული თანაზიარების შეწყვეტის - განხორციელება სწორედ დიპტიხიდან ეკლესიის მეთაურის სახელის ამოშლაა. ანუ მოსკოვის მხრიდან რეალურად ექმნება საფრთხე საერთო მართლმადიდებლურ ერთობას, მიუხედავად იმისა, თუ რას დაარქმევენ თავად  ამ ნაბიჯს.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ მოსკოვის სინოდი ამ გადაწყვეტილებით საკუთარი საპატრიარქოს ლეგიტიმურობას აყენებს საფრთხის ქვეშ, რადგან მოსკოვის საპატრიარქოსათვის მიცემული ტომოსი მკაცრად ითხოვს, რომ: “კრების განჩინებით, მოსკოვის პატრიარქმა [..] უნდა მოიხსენოს ჩვენი [კონსტანტინოპოლელის] სახელი და მიიჩნევდეს თავის უფროსად და პირველსაყდრად კონსტანტინოპოლის სამოციქულო ტახტს, როგორც ამას მიიჩნევენ სხვა საპატრიარქოები”.

სინოდალურ განცხადებაში არსებული ამ ნებსითი თუ უნებლიე ლაფსუსების გარდა მასში გაცილებით მწვავე მესიჯიც იკითხება: კონსტანტინოპოლს ბრალად ედება ეკლესიოლოგიური პრინციპების დარღვევა. და ბუნებრივია ისმის კითხვა, უხვევს თუ არა კონსტანტინოპოლი მართლმადიდებელური ეკლესიოლოგიური ხედვიდან, თუ თავად მოსკოვის საპატრიარქოს აქვს ეკლესიოლოგიური პრობლემები?

არ ღირს შეჩერება იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომაული კურიის კოპირების მცდელობა, ერთ საყდარზე ხშირად სამი და მეტი მღვდელმთავრის (პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი) მოხსენების პრაქტიკა და ა.შ. გაცილებით ახლოს დგას თავად იმავე რომაულ მოდელთან, რომელისაკენ გადახრასაც მსოფლიო საპატრიარქოს ბრალად სდებს მოსკოვი. რეალურად მართლაც არსებობს განსხვავებული ეკლესიოლოგიური ხედვები მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის და ამ საკითხს, თუ ვის აქვს სწორი ეკლესიოლოგიური ხედვა, ღრმა საღვთისმეტყველო-ისტორიული ფონი აქვს. ამ განსხვავებული პოზიციების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს კი 2007 წლის მოვლენები წარმოადგენენ, რომლის საღვთისმეტყველო შინაარსის გაცნობაც, ალბათ დაგვეხმარება გავიაზროთ ამ დაპირისპირებისა და მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან გაჟღერებული მძიმე, ეკლესიოლოგიური ბრალდებების რეალური, თეოლოგიური მხარეები.

2007 წლის 13 ოქტომბერს რავენაში შერეულმა საღვთისმეტყველო კომისიამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი “ეკლესიის საკრამენტული ბუნების ეკლესიოლოგიური და კანონიკური შედეგები: ეკლესიის ერთობა, კრებითობა და ძალაუფლება”, სადაც მრავალწლიანი შრომის შემდეგ შერეულმა საღვთისმეტყველო კომისიამ ჩამოაყალიბა მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა საერთო ეკლესიოლოგიური ხედვის პუნქტები. დოკუმენტს რუსეთის დელეგაციამ ადგილზე ხელი არ მოაწერა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ესტონეთის ეკლესიის კანონიკური მდგომარეობის სადავოობის გამო.

2007 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის სინოდის მიერ შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომელსაც ჯერ ეპისკოპოსი მარკოზ გოლოვკოვი, ხოლო შემდეგ მთავარეპისკოპოსი ილარიონ ალფეევი თავმჯდომარეობდნენ. 

შედეგად მოსკოვის საპატრიარქომ მოამზადა დოკუმენტი “მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ”, სადაც აკრიტიკებს რავენას დოკუმენტში დაფიქსირებულ ეკლესიის ორგანიზების სამსაფეხუროვნებას (ადგილობრივი, რეგიონალური და მსოფლიო). დოკუმენტი მოსკოვის საპატრიარქოს სინოდმა დაამტკიცა და გამოაქვეყნა 2009 წლის 25 დეკემბერს, როდესაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო შობას აღნიშნავდა.

ამ კანონიკური და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით დაუსაბუთებელი რუსული დოკუმენტის პასუხად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლის რექტორმა მიტროპოლიტმა ელპიდოფოროს ლამბრინიადისმა 2014 წლის 7 იანვარს გამოაქვეყნა საპასუხო წერილი “Primus sine paribus“ (პირველი თანასწორთა გარეშე), სადაც რუსეთის ეკლესიის მიერ მიღებული დოკუმენტი საფუძვლიანად არის გაკრიტიკებული.

გთავაზობთ მიტროპოლიტ ელპიდოფოროსის დასახელებულ წერილს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიოლოგიური ხედვის იმ პრობლემებს, რომლებიც იქცნენ დღევანდელი სინოდალური განცხადების საღვთისმეტყველო “ბექგრაუნდად”:

 

                                                                         *   *   *

როგორც სინოდალური დადგენილებიდან [1]ჩანს, რუსეთის ეკლესიამ კიდევ ერთხელ აირჩია იზოლაციის გზა[2] მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობასა და კათოლიკე ეკლესიასთან საღვთისმეტყველო დიალოგში.

დასაწყისშივე ღირს ორი პუნქტის მონიშვნა, რომელნიც წარმოაჩენენ რუსეთის ეკლესიის სინოდის მიზნებს:

პირველ რიგში ეს არის სურვილი რავენას დოკუმენტის [3] მნიშვნელობის იგნორირებისა, ერთი შეხედვით საღვთისმეტყველო მიზეზთა მოშველიებითა და შერეული საღვთისმეტყველო კომისიის პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობით (მაშინ როდესაც ყველა ხვდებოდა, რომ ეს პოზიცია ნაკარნახევი იყო სხვა მიზეზებით[4]).

მეორე რიგში კი სურვილი ყველაზე ცხადი და ოფიციალური სახით (სწორედ სინოდალური დადგენილების საშუალებით), მართლმადიდებელ სამყაროში მსოფლიო პატრიარქის პირველობის ეჭვქვეშ დაყენებისა, რავენას დოკუმენტის უარყოფით, რომელსაც სხვა ეკლესიები ეთანხმებოდნენ (ცხადია რუსეთის ეკლესიის გარდა) და რომელიც განსაზღვრავს ეპისკოპოსის პრიმატს ეკლესიოლოგიური სტრუქტურის სამ საფეხურზე (ადგილობრივი, რეგიონალური, მსოფლიო) და უზრუველყოფს და აძლიერებს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველი კათედრის პრიმატს.

მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი მსოფლიო ეკლესიაში პირველობის “პრობლემაზე” (როგორც ამას თავად უწოდებენ), არ უარყოფს პირველობის აზრსა და მნიშვნელობას და ამ გაგებით ის კორექტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა არის მცდელობა პირველობის კონცეფციასთან დაკავშირებული ორი სხვაობრიობის წარმოდგენისა.

 

1. ეკლესიოლოგიური და საღვთისმეტყველო პირველობის გაყოფა

პირველი სხვაობრიობა წინააღმდეგობრივია პირველობის შიდაეკლესიურ (ეკლესიოლოგიურ) და საღვთისმეტყველო გაგებასთან. ამ სახით მოსკოვის საპატრიარქოს ტექსტში ხდება უპრეცედენტო განყოფა, ერთის მხრივ, უფლის “პირველად” პირველობასა და მეორეს მხრივ, ეპისკოპოსთა “მეორად” პირველობას შორის (“ეკლესიაში პირველობის განსაზღვრული ფორმები... არიან მეორადნი”). მეორეს მხრივ, ამავე დოკუმენტში გამოთქმულია აზრი, რომ ეპისკოპოსი ქრისტეს სახეა, რაც გვაფიქრებინებს რომ ორი პირველობა თანადროული, ან უკიდურეს შემთხვევაში იგივეობრივია და არ გვაძლევს საშუალებას ორაზროვანი განმარტებისა. „პირველად“ და „მეორად“ პირველობას შორის სხვაობის მარტივი სქოლასტიკური ფორმულირებაც კი გვაჩვენებს აქ არსებულ ფარულ წინააღმდეგობრიობას.

უფრო მეტიც, ეკლესიოლოგიიდან თეოლოგიის (ან ქრისტოლოგიის) მიზანმიმართულ გამოყოფას შესაძლოა ორივე ამათგანისთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. თუ ეკლესია სინამდვილეში ქრისტეს სხეულია და სამებაში ცხოვრების განცხადება, მაშინ არ შეგვიძილია ვისაუბროთ განმასხვავებელ და ხელოვნურად გამყოფ ნიშნებზე, რომელნიც ანგრევენ ეკლესიის ერთობის საიდუმლოს, რომელიც აერთიანებს თეოლოგიურ (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით) და ქრისტოლოგიურ ფორმულებს. სხვანაირად რომ ვთქვათ [სინოდის დოკუმენტში] საეკლესიო ცხოვრება გამოეყოფა ღვთისმეტყველებას და ეშვება ადმინისტრაციულ ინსტიტუციამდე, ღვთისმეტყველება კი ეკლესიის ცხოვრებასა და სტრუქტურასთან შესაბამისობის გარეშე იქცევა მხოლოდ აკადემიურ დისციპლინად. პერგამოს მიტროპოლიტ იოანეს სიტყვებით რომ ვთქვათ “საეკლესიო ადმინისტრაციული ინსტიტუტების საეკლესიო სწავლებიდან გამოყოფა არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ საშიშიც არის” [5].

 

2. სხვადასხვა ეკლესიოლოგიური დონეების განყოფა

მეორე სხვაობრიობა, რომელიც ფიქსირდება მოსკოვის საპატრიარქოს დოკუმენტში, მიემართება ეკლესიის სტრუქტურის სამ ეკლესიოლოგიურ დონეს. როგორც ჩანს სწორედ ტექსტის ეს ნაწილია დოკუმენტის გული. ტექსტი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პირველობა ადგილობრივ, ეპარქიალურ დონეზე გაიგება და ინსტიტუციონალიზირდება ერთი სახით, მაშინ როდესაც რეგიონალურ, ავტოკეფალური მიტროპოლიების დონეზე იგი გაიგება სხვა აზრით, ხოლო მსოფლიო ეკლესიის დონეზე კიდევ სხვა გაგებით (შეადარე პარ. 3: “იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესიის მოწყობის სამ სხვადასხვა დონეზე (ადგილობრივი, რეგიონალური, მსოფლიო) არსებული პირველობა განსხვავებულია, სხვადასხვა დონეზე არსებული პირველობის ფუნქციები არ არის ერთიდაიგივე და არ შეიძლება გადატანილ იქნენ ერთი დონიდან მეორეზე”).

როგორც სინოდის დოკუმენტი ცდილობს დაამტკიცოს, არსებობს არა მხოლოდ სხვაობა ამ სამ პირველობას შორის, არამედ მათ [პირველობათა] წყაროთა შორისაც: ეპარქიის დონეზე ეპისკოპოსის პირველობა განპირობებულია მოციქულებრივი მემკვიდრეობითობით (2,1), ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის პირველობას განაპირობებს სინოდისაგან არჩეულობა (2,2), ხოლო მსოფლიო ეკლესიის მეთაურობა განპირობებულია დიპტიხებში მისთვის მინიჭებული ადგილით (3,3). ამრიგად, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს დოკუმენტი ასკვნის, ეს სამი დონე და მათთან შესაბამისი პირველობა არ არიან თანაფარდნი, როგორც ეს ფიქსირდება რავენას დოკუმენტში, მოციქულთა 34-ე კანონზე დაყრდნობით.

ის, რაც ამ სინოდალურ დოკუმენტში ცხადდება არის მტანჯველი მცდელობა იმისა, რომ წარმოადგინოს პირველობა როგორც რაიმე გარე ფაქტორი და აქედან გამომდინარე პირველიერარქის პიროვნული უცხოობაც. სწორედ ეს მიგვაჩნია მოსკოვის საპატრიარქოს მცდელობის მიზეზად, განსაზღვროს პირველობის წყაროები, პირველობისა, რომელიც ყოველთვის განირჩევა პირველიერარქის პიროვნებისაგან, სადაც პირველიერარქი არის მიმღები და არა წყარო საკუთარი პრიმატისა. იქნებ ეს დამოკიდებულება პირველობის ავტონომიურობასაც გულისხმობს? მაგრამ ეკლესია წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელშიც ხორციელდება პიროვნებათა იპოსტასირება. აქ ჩვენ ვერ ვნახავთ არაპიროვნულ ინსტიტუტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველიერარქობა გააზრებული ხდება პირველობისაგან (პრიმატისგან) გამოცალკევებულად. უნდა განიმარტოს, რომ პირველიერარქის პირველობა ასევე იპოსტასირდება ადგილობრივი ეკლესიის განსაზღვრულ სივრცეში, გეოგრაფიულ რეგიონში, რომელსაც მართავს პირველიერარქი[6]. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება შემდეგ ლოგიკურ და საღვთისმეტყველო წინააღმდეგობრიობებზე:

ა) თუ მივიღებთ, რომ პირველიერარქი არის მიმღები პირველობისა, მაშინ გამოდის, რომ პირველობა არსებობს მის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად, რაც შეუძლებელია. ეს ცხადი ხდება რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე პრიმატის შემოთავაზებულ წყაროთაგან: რეგიონალური დონისთვის პირველობის წყაროდ ითვლება სინოდი, მაგრამ განა არსებობს სინოდი მეთაურის გარეშე? სინოდსა და პირველიერარქს შორის დიალექტიკური ურთიერთმიმართება, ფორმირებული მოციქულთა 34-ე კანონში (ასევე ანტიოქიის კრების მე-9 და მე-16 კანონებში, რომელთა თანამხადაც სინოდი პირველიერარქის გარეშე ითვლება არასრულად), უგულებელყოფა ცალხმრივი ურთიერთობის გამო, სადაც უმრავლესობა წარმოადგენს პირველიერარქს, რაც ეწინააღმდეგება ყველა იმ მიზეზს, რომელთა გამოც პირველიერარქი იცნობა ფუძემდებლურ პრინციპად და გარანტად მრავალთა ერთობისა[7]. ლოგიკური დარღვევის მეორე მაგალითი წარმოდგენილია დიპტიხთან მიმართებაში. აქ შედეგი წარმოდგენილია როგორც მიზეზი და სრულიად შეცდომით აღიქმება როგორც ნიშნული. დიპტიხი არ წარმოადგენს მსოფლიო დონეზე პირველობის წყაროს, არამედ მას გამოხატავს, ამასთან დიპტიხი არის პირველობის მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულება. თავისთავად დიპტიხი არის გამოხატულება ავტოკეფალურ ეკლესიათა წესისა და იერარქიისა, მაგრამ ასეთი იერარქია საჭიროებს ხელმძღვანელ პირველიერარქს (შემდეგ მეორეს, მესამეს და ა.შ.); შესაბამისად დიპტიხი არავითარ რეტროსპექტრულ პერსპექტივაში არ შეიძლება იყოს წყარო იმ პირველობისა, რომელსაც თავადვე ეფუძნება.

იმისთვის, რომ უკეთ გავიაზროთ ეს ახალი სწავლება მოსკოვის საპატრიარქოსი, ვნახოთ თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი, თუ მას ყოვლადწმინდა სამების მყოფობაში გადავიტანთ, როგორც ნებისმიერი პირველობის ჭეშმარიტ წყაროში („ასე ამბობს უფალი, ისრაელის მხსნელი და მისი მეუფე საბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“ ისაია 44:6) [8]: ეკლესია მიმდევრობითად ყოველთვის ღებულობდა მამის პიროვნებას, როგორც პირველს ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის (მამის Arche-ობა)[9]. რუსული ეკლესიის სინოდალური დოკუმენტის ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ უნდა გვემტკიცებინა, რომ მამა ღმერთი არ წარმოადგენს დაუსაბამო მიზეზს ღვთიურობისა და მამობისა (“სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც” (ფილიპ. 3:14-15), არამედ ხდება მიმღები საკუთარი „პირველობისა“. საიდან? ყოვლადწმინდა სამების სხვა პირთაგან? მაგრამ როგორ შეგვიძლია ასე ვიფიქროთ და არ დავარღვიოთ საღვთისმეტყველო წესრიგი, როგორც წერს გრიგოლ ღვთისმეტყველი, ან უფრო უარესი, ყოვლადწმინდა სამების წევრთა ურთიერთმიმართების დაუმცირებლად, ან უკეთ რომ ვთქვათ აურევნელად? შესაძლებელია, რომ ძე ან სული წმინდა წინაუძღოდნენ მამას?

ბ) როდესაც რუსეთის ეკლესიის სინოდალური დოკუმენტი უარყოფს „მსოფლიო იერარქის“ არსებობას, მიზეზით თითქოს ეს „არღვევდეს ეპისკოპოსთა საკრამენტალურ თანასწორობას“ (3.3), ეს მხოლოდ მისი სოფიზმის გამოხატულებაა. რაც შეეხება მღვდელმოქმედებას, რა თქმა უნდა ამ აზრით ყველა ეპისკოპოსი თანასწორია, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იყვნენ თანასწორნი და არც არიან როგორც ეპისკოპოსები კონკრეტული ქალაქებისა. წმინდა კანონები (მაგ. მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი, მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი, ტრულის კრების 36-ე კანონი) განსაზღვრავენ ქალაქთა სტატუსებს, ზოგიერთისთვის მიტროპოლიის სტატუსის, ხოლო ზოგიერთისთვის საპატრიარქო სტატუსის მინიჭებით. ეს უკანასკნელნი იღებენ პირველიერარქიულ პასუხისმგებლობას, მეორენი მეორეხარისხოვანს და ა.შ. ყველა ადგილობრივი ეკლესია არ არის თანასწორი არც რიგით და არც რანგით. უფრო მეტიც, უნდა ითქვას, რომ ეპისკოპოსი არ არსებობს კონკრეტული დანიშნულების ადგილის გარეშე, თუ ის წარმოადგენს რეგიონალური ეკლესიის მეთაურს, ამავე დროს იგი ყოველთვის არის კონკრეტული ქალაქის ეპისკოპოსი (ეს საეპისკოპოსო ქიროტონიის აუცილებელი ნაწილი და პირობაა), ამდენად ეპისკოპოსებსაც გააჩნიათ შესაბამისი რანგები (მიტროპოლიტის ღირსება განსხვავდება საპატრიარქო ღირსებისაგან, ისევე როგორც ერთია ღირსება მსოფლიო კრებათა მიერ დამოწმებული უძველესი საპატრიარქოებისა და მეორეა გვიანდელი საპატრიარქოებისა). ამ წესრიგში პირველიერარქის არარსებობა უაზრობაა [10]. ბოლო დროს კი ჩვენ ვხდებით „პირველობის“ ახალ გამოხატულებას, უფრო კონკრეტულად კი „რიცხოვნების პირველობას“, რომელიც მათი მხრიდან, ვინც დედა ეკლესიის კანონიკურ მსოფლიო პრიმატს უარყოფს, ხდება დოგმატიზირებული, ეკლესიის ტრადიციაში ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე, დაფუძნებული პრინციპზე ubi russicus ibi ecclesia russicae ანუ „ყველგან სადაც არის რუსი, განივრცობა რუსული ეკლესიის იურისდიქცია“.

ეკლესიის ისტორიის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში პირველი იერარქი მსოფლიო ეკლესიისა იყო რომის ეპისკოპოსი. რომთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შემდეგ ეკლესიის კანონიკურ პირველიერარქად იქცა კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სამივე დონის იერარქის უნიკალურ ერთობასთან: ადგილობრივისა (ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა), რეგიონალურისა (პატრიარქი) და მსოფლიოსი (მსოფლიო პატრიარქი). ეს სამმაგი პირველობა აისახება კონკრეტულ პრივილეგიებშიც, მაგალითად უფლება აპელაციის მიღებისა ან ავტოკეფალიის გამოცხადების ან გაუქმების უფლება (ბოლო დროის მაგალითები - სამთავარეპისკოპოსო-საპატრიარქოები - ოხრიდისა, პეჩისა, ტირნოვოსი და ა.შ.). ეს არის პრივილეგია, რომლითაც სარგებლობდა მსოფლიო საპატრიარქო ზოგიერთ, მსოფლიო კრებათა შემდგომი პერიოდის, თანამედროვე ავტოკეფალურ ეკლესიებთან მიმართებაშიც, რომელთაგანაც პირველი თავად მოსკოვის საპატრიარქოა.

როგორც უკვე ვთქვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობა არანაირ კავშირშია დიპტიხებთან, რომლებიც მხოლოდ არსებული იერარქიული წესრიგის გამომხატველნი არიან (რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგობრივი ტექსტი რაღაც დოზით სცნობს და უარყოფს კიდეც). თუ ჩვენ ვსაუბრობთ პირველობის წყაროზე, მაშ ასეთად გვევლინება თავად კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ფიგურა, რომელიც როგორც ეპისკოპოსი არის „პირველი თანასწორთა შორის“, მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი არის Primus sine paribus.

 



[1] „მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის პრობლემაზე“ - დოკუმენტის ციტირებისათვის ინგლისური ტექტი  გამოქვეყნებულია მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე: https://mospat.ru/en/2013/12/26/news96344/ (მთარგმნ. შენიშვნა: რუსული ტექსტი:  http://www.patriarchia.ru/db/text/3481089.html  )

[2] იზოლაციის სხვა სახასიათო მაგალითი არის ის ფაქტი, რომ მოსკოვის საპატრიარქო არ შედის ევროპის ეკლესიათა კონფერენციის შემადგენლობაში, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს პირველიერარქმა ახლახან შემოიღო ტრადიცია, იმსახუროს ლიტურგია რუსეთის ფედერაციის საელჩოებში ჩაკეტილ სივრცეში, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენელთაგან გამოყოფილად, მაშინ როდესაც არის შესაძლებლობა იმსახუროს გახსნილ, საერთომართლმადიდებლურ სივრცეში.

[3] მისი უსამღვდელოესობა, მესანიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი გამოეხმაურა ამ თემას 2013 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, საიტზე: http://www.romfea.gr/diafora-ekklisiastika/21337-2013-12-30 -03-52-35 .

[4] რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა რავენაში და რომაელ კათოლიკეთა წარმომადგენელების სამწუხარო შთაბეჭდილებებს, იხილეთ მამა ედან ნიკოლსის ანალიზი მის წიგნში Rome and the Eastern Churches, San Francisco: Ignatius Press 2010, გვ. 368-9: “კომისიამ განაახლა თავისი მუშაობა 2007 წლის ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები დაჩრდილა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის სხდომიდან დემონსტრაციულმა წასვლამ. ეპისკოპოს ილარიონის [ალფეევი - მთარგმნ.] პროტესტი გამოიწვია არა კათოლიკური ეკლესიის რეალურმა თუ წარმოსახვითმა გადაცდომებმა, არამედ ესტონეთის ეკლესიის  წარმომადგენლის მყოფობამ კომისიის შეხვედრაზე, რომლის ავტონომიასაც სცნობს კონსტანტინოპოლი და არ აღიარებს რუსეთი. რა თქმა უნდა მისმა მოქმედებამ დაგვანახა ეკლესიაში სწორედ ძლიერი პრიმატის არსებობის აუცილებლობა, სინოდალურობის ბალანსისათვის”. ავტორი სხვა ადგილას წერს: “2007 წლის ოქტომბერში მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, გაეწვია წარმომადგენლები რავენას შეხვედრიდან... იყო არა მხოლოდ შემაშფოთებელი წინააღმდეგობა ამ დიალოგისათვის, არამედ თავად მომხდარმა მიიყვანა კათოლიკეები იმ აზრამდე, რომ მართლმადიდებლებს ისევე სჭირდებათ პაპი, როგორც პაპს მართლმადიდებლები“ (გვ.369).

[5]  Zizioulas J., “The Synodal Institution: Historical, Ecclesiological and Canonical Issues,” in Theologia 80 (2009), pp. 5-6. [In Greek]

[6] მაშინ როდესაც უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანტიოქიის პატრიარქი ცხოვრობს დამასკოში, ის მაინც რჩება ანტიოქიის პატრიარქად, რამდენადაც დამასკო იმყოფება ამ ეკლესიის გეოგრაფიულ საზღვრებში.

[7]  Zizioulas J., “Recent Discussions on Primacy in Orthodox Theology,” ვალტერ კასპერის რედაქციით გამოსულ წიგნში (Walter Cardinal Kasper), The Petrine Ministry: Catholics and Orthodox in Dialogue, New York: The Newman Press, 2006, pp. 231-248. იხილეთ ასევე:      Zizioulas J.,, “Eucharistic Ecclesiology in the Orthodox Tradition,” in Theologia 80 (2009), p. 23. [In Greek]

[8] პირადად მეც შევეხე ამ თემას, ბოსტონის წმ. ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლაში, ლექციისას: “ყოვლადწმინდა სამების დონეზე ერთობის პრინციპი არის არა საღვთო ბუნება, არამედ მამის პიროვნება (მამის ერთსაწყისობა), ეკლესიოლოგიურ დონეზე, ადგილობრივ ეკლესიაში, ერთობის პრინციპს არ წარმოადგენს presbyterium ან ქრისტიანთა საერთო მსახურება, არამედ ეპისკოპოსის პიროვნება, ამრიგად საერთო-მართლმადიდებლურ დონეზე ერთობის პრინციპი არ შეიძლება იყოს არც იდეა და არც დაწესებულება, თუ გვსურს დავრჩეთ საღვთისმეტყველო თანამიმდევრობაში, ასეთად შეიძლება იყოს მხოლოდ პიროვნება”. (http://www.ecclesia.gr/englishnews/default.asp?id=3986)

[9] თავის მესამე სიტყვაში ღვთისმეტყველების შესახებ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: “რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ხომ თაყვანს ვცემთ... ერთსაწყისობას” (ΒΕΠΕΣ, 59, გვ. 239). გააზრებული ერთსაწყისობის შესაბამისია „საღვთისმეტყველო წესრიგი“ (მეხუთე სიტყვა ღვთისმეტყველების შესახებ, გვ. 279). ყოვლადწმინდა სამება არ ითვალისწინებს პიროვნებათა ავტონომიას, ასე რომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ თვით წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საუბრობს მამის პირველსაწყისობაზე.

[10] ეს არგუმენტი მკაფიოდ იქნა ფორმულირებული იოანე მანუსაკისის სტატიაში, სათაურით  “პრიმატი და ეკლესიოლოგია, საკითხის მდგომარეობა”: “Primacy and Ecclesiology: The State of the Question”, in Orthodox Constructions of the West, edited by Aristotle Papanikolaou and George Demacopoulos, New York: Fordham University Press 2013, p. 233.