ქადაგება ფერისცვალების საზეიმო მსახურებაზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება ფერისცვალების საზეიმო მსახურებაზე

(ფოთის საკათედრო ტაძარი, 19 აგვისტო, 2018 წელი)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

 

ჩვენთან არს ღმერთი! პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო, გილოცავთ დღესასწაულს! დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამსოფლიური მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც მრავლის მეტყველია; ეს არის ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; აქ მოთხრობილია იმის შესახებ, რომ იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები, პეტრე, იაკობი და იოანე, მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა: იესოს სახე გაბრწყინდა მზესავით, ხოლო სამოსელი განსპეტაკდა ვითარცა ნათელი. მოციქულებმა აქვე იხილეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია, რომელნიც იესოს ესაუბრებოდნენ. ის, რაც მოციქულებმა იხილეს აქ, თაბორის მთაზე, იმდენად არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი იყო, რომ პეტრე აღფრთოვანებული ეუბნება მოძღვარს, - კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, და თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს, შენთვის მოსესთვის, ილიასთვის და დავრჩეთო აქ. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა პეტრეს, რომ ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და იქიდან გაისმა ხმა:

„ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“ (მთ. 17,1-9).

მოწაფეები შიშმა მოიცვა და პირქვე დაემხნენ. იესო მიუახლოვდება მათ, ფეხზე წამოაყენებს და ანუგეშებს. მოწაფეები თვალს რომ აღაპყრობენ, იესოს გარდა ვეღარავის ნახავენ.

ჩემო ძვირფასებო, ამ ისტორიაში ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, და ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, მაგრამ ამჯერად მსურს ყურადღება გავამახვილო და თქვენი გულისყური მივაპყრო ხმას, რომელიც ღრუბლიდან გაისმის: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“.

ეს ხმა, რომელიც მოესმათ იესოს მოწაფეებს, არ არის შემოსაზღვრული დროით და სივრცით, და არც მხოლოდ პეტრეს, იაკობს და იოანეს ეხება, ანუ მათ, ვინც თაბორის მთაზე იყო იესოსთან ერთად, არამედ ეს ხმა გაისმის ათასწლეულების მიღმა და ჩვენამდე აღწევს; უფალი ჩვენ გვეუბნება დღესაც - ეს არის ჩემი ძე, რომელიც მე მოვიწონე და მაგისი ისმინეთო.

ახლა რა ვთქვა ჩვენს შესახებ? თითქოს გვაქვს თვალიც, ყურიც, გონებაც გვაქვს და ვაზროვნებთ კიდეც, და მაინც ყველაზე ნაკლებად გვესმის ღმერთის სიტყვა, და ჩვენის მხრიდან უყურადღებოდ რჩება დღემდე მისი მთავარი მოწოდება, ყველაზე ნაკლებად გვახსოვს იგი; არადა, ეს არის საოცარი, სასწაულთმოქმედი სიტყვა. ადამიანები დადიან, გეოგრაფიულ თუ ფიზიკურ განზომილებაში ეძებენ ადგილებს, სადაც ეგულებათ მადლი, ხსნა, კურნება; სადაც ეგულებათ სასწაულთმოქმედი ხატები, წმიდა ადგილები, რათა მიეახლონ, მის წინაშე ილოცონ, ეამბორონ, ხელით შეეხონ, შუბლი დაადონ; ეძებენ სასწაულთმოქმედ ადამიანებს, მიდიან მათთან და ცდილობენ დაემოწაფონ; ეს ასე იყო ჩვენამდე და ასეა ჩვენს დღეებშიც. ასეთი რამ, ერთი მხრივ, ძალიან ჩვეულებრივი მახასიათებელია ადამიანისთვის, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, და ჩვენს თვალწინ მრავალს

იხილავთ ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამაზე ყურადღებას ვამახვილებთ, რათა გაფრთხილდეთ და არ აღმოვჩნდეთ ჩვენივე რელიგიური (წმიდა) გრძნობების მატერიალიზაციის ან უბრალოდ სიცრუის მსხვერპლი. მორწმუნეობა არ ნიშნავს ყოველივე იმის უპირობოდ მიღებას და დაჯერებას, რაც რელიგიურ ელფერს ატარებს, არამედ უნდა ისწავლოთ გარჩევა ჭეშმარიტისა მოჩვენებითისგან, ნაღდისა ყალბისგან, სიმართლისა სიცრუისგან, რწმენისა ხიბლისგან და ა.შ. გავიხსენოთ სამარიტელი დედაკაცის კითხვის პასუხად, იესო ქრისტეს მიერ თქმული სიტყვა, თუ სად და როგორ ეგების თაყვანისცემა ღმრთისა:

„მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. (ინ. 4, 23)

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უპირველესი და აღმატებული მორჩილება უნდა გვქონდეს ღმრთისა მიმართ, რამეთუ ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი არის თვით ღმერთი და ცოცხალი სიტყვა მისი (ლოგოსი), „რამეთუ მადლი და ჭეშმარიტებაი ქრისტე იესოის მიერ იქმნა“ (ინ. 1,17), იგია წყარო სიცოცხლისა. კარგად უნდა გავიაზროთ თაბორის მთიდან საუკუნეთა მიღმა, ჩვენამდე მოტანილი გზავნილი - მაგისი ისმინეთ! რასაც მისგან ითხოვთ მოგეცემათ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ისე მოგვეცემა, როგორც ვითხოვთ. რამდენადაც გახსნი გულის კარს, იმდენად შემოვა შენში ნათელი უფლისა, რამდენადაც შეუშვებ ღმრთის სიტყვას შენში, იმდენად იმოქმედებს ის შენზე და შენში.

ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ ჭეშმარიტი სიტყვის ძალითა და მადლით, ახალი ადამიანი იბადება.

სასწაული, რომელიც იხილეს მოციქულებმა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გაქრა მათ თვალთაგან, არ ყოფილა მოჩვენება, არამედ ეს იყო ის სინამდვილე, რომელიც ადამიანის ხორციელ თვალთაგან ჩვეულებრივად დაფარულია, რადგან იგი ვერ უძლებს მას. ამასთან დაკავშირებით გაიხსენეთ წინასწარმეტყველი მოსეს ისტორია მაყვლოვანთან. ღმერთთან შეხვედრისას მოსემ სახე დაიფარა, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა (გამოსვ. 3,6). მეტიც: როდესაც მოსე სთხოვს ღმერთს, რომ ახილვინოს მისი დიდება, ღმერთი პასუხობს: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს!“ (გამოს. 33,20). ეს ხდება იმიტომ, რომ უფლის ნათელი თავისი სიკაშკაშით დააბრმავებს ადამიანს, მისი ფიზიკური თვალი და გონება (ინტელექტი) ვერ გაუძლებს მას. წარმოიდგინეთ, ღმერთთან შეხვედრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოსეს დაფარული ჰქონდა სახე, თვით მისგან ასხივებდა ნათელი. ...

მაგრამ ჰოი საოცრებავ! ხედავთ რა ხდება?! ის, რაც მოსეს თვალთაგან იყო დაფარული, ღმერთმა თაბორის მთასა ზედა გამოუცხადა თავის მოწაფეებს, ახალი აღთქმის მემკვიდრეებს! (ინ. 14,9). ეს ისტორია მოციქულთა და მოციქულებრივ კაცთა ღვაწლით მოვიდა დღემდე. პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში გვიამბობს:

„არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქვენ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს ძალი და მოსვლაი, არამედ თვით-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა. რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისსა ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. და ესე ხმაი ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანაი რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა“ (2 პეტ. 16-18).

ე.ი. იგავებით კი არ გიყვებით ყოველივეს შესახებ, არამედ იმას გეუბნებით, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ და ჩვენი ყურით გავიგონეთო. ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ვუცხადებთ ნდობას წმიდა წერილს, რამდენად ვენდობით პეტრე მოციქულს, ან იაკობს, ან იოანეს, რამდენად ვენდობი მე იმ მამებს, რომლებიც

საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო სწავლების ამ უძველეს ტრადიციას გადასცემდნენ თაობიდან თაობას და ასე მოაღწია დღემდე და, შესაბამისად, რამდენად ვენდობი მე ეკლესიას, რომლის წიაღშიც შემოინახა ეს ყოველი და რომლის წევრიც თვითონ ვარ? ეს არის ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი; და არათუ მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ საბედისწეროც არის, რადგან ადამიანის სამომავლო ცხოვრებას განსაზღვრავს; საკითხავია, რამდენად ენდობა იგი ღმრთის სიტყვას და ეკლესიას, რომელმაც ეს სიტყვა ჩვენამდე მოიტანა და დღეს ჩვენ გვმოძღვრავს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ რთულ დროში ვცხოვრობთ, და ეს მართლაც ასეა; ამ სირთულეს განაპირობებს, ერთი მხრივ, ის, რომ აწმყოში რაც ხდება, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფრის მონაწილე ხარ და ეს ყველაფერი აისახება ცხოვრებაზე, მაგრამ დამატებით სირთულეს გვიქმნის ის მდგომარეობა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ ახლო წარსულის შთაბეჭდილებებში ვცხოვრობთ, რომლის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ ვდგავართ რწმენისა და ურწმუნოების ზღვარზე; ეკლესიაში მოვედით და ვცდილობთ ფორმაში მოვიდეთ, მაგრამ რწმენის არსი ჯერ კიდევ არ გვაქვს გაშინაარსებული. ამას თუ ამას კიდევ ემატება მზაკვრულად კონსტრუირებული პროპაგანდა, ახლადმოქცეული ადამიანი ადვილად შეიძლება დაბრკოლდეს რწმენაში. ასეთია ჩვენი სინამდვილე.

რატომ ვსაუბრობთ ამის შესახებ და რა საფრთხეს ვხედავთ?

ადამიანი შეუმცდარი და უცოდველი არ არსებობს; სარწმუნოებრივი სწავლება დაფუძნებულია საღვთო ჭეშმარიტებაზე. მორწმუნე ადამიანის, თუნდაც სასულიერო პირის ადამიანური სისუსტეები რწმენის ჭეშმარიტებას საფუძველს ვერ შეურყევს, მაგრამ საფუძველი შეიძლება შეერყეს რწმენას თვით ადამიანში, რომელიც თავის რწმენას აფუძნებს ადამიანზე და არა ღმერთზე. ამის საფრთხეები კი ნამდვილად არსებობს და ფართოდაც. ასეთ შემთხვევას კერპთაყვანისმცემლობა ჰქვია. სამწუხაროდ, ამ მხრივ, გამონაკლისს არც იმ ხალხის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს, რომლებიც ეკლესიის წევრებად მიიჩნევენ საკუთარ თავს.

ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღეს არსებული რწმენა წარმოადგენს ერთგვარ რწმენით კონგლომერატს, ანუ ისეთ რწმენას, რომელშიც ქრისტიანულ სწავლებასთან შეზავებულია წარმართული კერპთაყვანისმცემლობა, ხშირად საბჭოური ბელადომანიაც კი, ან კიდევ ორივე ერთად. აღარაფერს ვამბობთ მკითხაობის, მჩხიბაობისა და სხვა მავნე ჩვეულებათა შესახებ.

დღეს ადამიანი თითქოს კვლავ უბრუნდება ღმერთს, მაგრამ (რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს!), ის ამას ცდილობს ცოცხალი ღმერთისადმი ცოცხალი რწმენის გარეშე; ღმერთის შესახებ წარმოდგენა ამ ტიპის ადამიანში განიცდის მატერიალიზებას, რაც შედეგად იძლევა გამრუდებულ სულიერ წარმოდგენებს და ადამიანი ეძებს ნივთში ან თვით ადამიანში მატერიალიზებულ ღმერთს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმე ადამიანი, შესაძლოა იყოს ან არის უცოდველი ან შეუცდომელი. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ამას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. რწმენა, რა თქმაუნდა, ყველა ადამიანს აქვს, თვით ე.წ. ურწმუნოსაც კი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მაცხოვნებელი რწმენის შესახებ, გადამრჩენელი რწმენის შესახებ, რომელიც ადამიანს სჭირდება ისევე, როგორც ფილტვებს - ჰაერი, მაგრამ მოვა დრო, როდესაც გული გაჩერდება, შეწყვეტს მუშაობას სასიცოცხლო ორგანოები, მაგრამ სული აგრძელებს სიცოცხლეს და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ შენ აღდგები იმ სხეულით, რომლითაც მარადიულობაში უნდა იცხოვრო. შენ ღმერთმა ასევე მოგცა არჩევანის თავისუფლება და თვითონ ღებულობ გადაწყვეტილებას, რა გინდა, რას მიუძღვნი შენს ცხოვრებას, შენს თავს. დღეს ფერისცვალებაა. ეს მოხდა ამ წუთისოფელში, იესოს ჯვარცმამდე. აქვე, წუთისოფელში აჩვენა მან (იესომ) თავის მოწაფეებს ის დაფარული საიდუმლო, რომელიც სამომავლო ცხოვრებაში უნდა გაცხადდეს. უფალმა ე.წ. ფარდა გაწია და დაანახა თავის მოწაფეებს, თუ ვინ არის თვითონ და ვინ არიან მასთან მიმართებით დიდი

წინასწარმეტყველები - მოსე და ილია (ელია), რომლებიც განსაკუთრებული პატივითა და რწმენით სარგებლობდნენ მოციქულთა თანამედროვე საზოგადოების შეგნებასა და ცნობიერებაში. მან აჩვენა, რომ ძე ღმრთისა მეტია მოსეზეც და ილიაზეც. პეტრე მოციქული თავისი მეორე ეპისტოლეს პირველ თავში ამბობს, არ დამეზარება და მუდამ შეგახსენებთ თქვენს მოწოდებას და რჩეულობასო. ჩვენც, ჩვენ სულიერ მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, მუდამ გახსენებთ და კვლავაც შეგახსენებთ იმ ფასეულობათა შესახებ, რაც საფუძველს ქმნის არა მხოლოდ ღირსეული სააქაო ცხოვრებისთვის, არამედ სამარადჟამოდ. ჩვენი ეკლესია ასევე მუდამ გახსენებთ თქვენ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს წმიდა ისტორიიდან, რომელიც ჩვენი რწმენისთვის საფუძველმდებარე პრინციპებს ქმნიან. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. ამ დღესასწაულს ახლავს ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი ნაწილი - ახალი ხილის კურთხევა. ეს ტრადიცია სათავეს იღებს იქიდან, რომ მოსავლიდან მიღებული პირველი ნაყოფი უფალს უნდა მიართვას ადამიანმა და ეს არის მადლიერების უმაღლესი გამოხატულება. დღეს ჩვენ ვაკურთხებთ ხილს და ვლოცავთ ნაყოფს მიწისა, რომელიც ღმრთის კურთხევით, სულიწმიდის მადლით, მაცოცხლებელი მზის სხივებით და სიცოცხლის განსაკუთრებული ენერგიით არის ნასაზრდოები. დაე, ღმერთმა შეიწიროს ყოველი იმ ადამიანის შრომა, ვისაც მიწაზე ნაყოფი მოჰყავს. ვინც თავის შრომას არ იშურებს იმისთვის, რომ მოსავალი მიიღოს და სხვასაც გაუნაწილოს თავისი შრომის ნაყოფი. ყოველ ჟამს, როდესაც ადამიანი საჭმელს მიიღებ, დიდება უნდა შესწირო ღმერთს და ამის შემდეგ მადლობა უთხრა. „გმადლობ, რამეთუ განმაძღე მე ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან...“. აი, ეს სიტყვებია სწორედ იმ ლოცვებში, რომელსაც არა მარტო ფერისცვალებას, არამედ დღენიადაგ, ყოველი ჭამის შემდეგ, უნდა ამბობდეს ღმერთზე მინდობილი და მადლიერი ადამიანი.

გრძელდება მარიამობის მარხვა; ვეცადოთ, რომ ეს მარხვა სულიერი მღვიძარებით განვვლოთ. ვისაც გულში დარღვეული აქვს მშვიდობა, შევეცადოთ მოვიპოვოთ იგი ლოცვით, სიმდაბლით, უფლისმიერი სიყვარულით, რადგან სულიერი ცხოვრება ეს არის ღმერთთან თანხმობა. სადაც მრისხანებაა (სხვათა შორის, მარხვაში ადამიანი ხშირად ვარდება ხოლმე მრისხანებაში), იქ ღმერთი განერიდება, უფრო სწორად შენ განერიდები; არ გცალია ღმერთისთვის, მრისხანებ, ბობოქრობ, ვეღარ აკონტროლებ შენს სიტყვას, შენს აზრებს; მერე, რომ დამშვიდდები, მართალია ნანობ მაგრამ...? პასუხი ერთია, შენდობა უნდა ითხოვო ღვთისგან და მისგან, ვინც შენი ცოდვის მსხვერპლი გახდა და თვითონაც შეუნდე სხვას დიდსულოვნად. ეს უმჯობესია, ვიდრე ის, რომ გულში ინახავ წყენას და ტკივილს, რაც შენვე გამძიმებს და ცხოვრებას გირთულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამები და დედები, ჩვენი სამღვდელოება! გახსოვდეთ, რომ სიტყვა ღმრთისა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა მიუგდო ყური და არა მხოლოდ, არამედ გულში დაიმარხო და ეს ნიშნავს იმას, რომ დათესო ის ნოყიერ ნიადაგზე რათა აღმოცენდეს და აღმოცენებულმა სიტყვამ გამოიღოს ნაყოფი; ნაყოფი ღმრთის სიტყვისა კი არის კეთილი და ასე დამკვიდრდები სიკეთესა შინა; ცხონდები შენც და შენს ირგვლივ ცხონდებიან ათასები. აი, ასე შეგიძლია შენ შეცვალო შენი თავიც, შენს ირგვლივ ადამიანებიც და გავლენა მოახდინო სამყაროზე.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

(ფოთის საკათედრო ტაძარი, 19 აგვისტო, 2018 წელი.)