მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენებელ პანაშვიდზე

ფოთისადა ხობის მიტროპოლიტის,

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენებელ პანაშვიდზე

(ფოთის საკათედრო ტაძარი, 08.08.2018.)

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო  და დანო ჩვენნო!

ქალაქ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნო!

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა საქართველოში. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ  მიღებული ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა და ტკივილი არ განელებულა. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მოსახსენებლად  და უფალს ვავედრებთ მათ უკვდავ სულებს, რომელნიც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს ეწირებოდნენ სხვადასხვა დროს.

 

2008 წლის აგვისტოში საქართველო აღმოჩნდა მსხვერპლი იმ აგრესიისა, რამაც ქვეყანა  შეაზანზარა და არაერთ დედას, მეუღლეს, შვილს, ოჯახს სიცოცხლე გაუმწარა.

 

უცნაურია, რომ ადამიანები დღესაც კი კამათობენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც არაერთი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. მოვლენების ობიექტურ შეფასებას ხშირად ხელს უშლის ადამიანური სენტიმენტები; რუს ერთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების ხანგრძლივმა პერიოდმა, როგორც ჩანს, ერთგვარად მოადუნა კიდეც დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების მიერ მოვლენების კრიტიკული აღქმის უნარი, თუმცა ეს არ ცვლის ამ ურთიერთობათა რეალურ ისტორიულ შინაარსს, რისი საფუძვლიანი შეფასების გარდაუვალი აუცილებლობაც გვაიძულებს, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ მოვლენების არსს, რადგან ეს ომი 2008 - ში არ დაწყებულა.

 

მახსენდება 2008 წლის 8 აგვისტო, გვიანი საღამო, დაახლოებით 23 საათზე, საწერ მაგიდასთან ვიჯექი და ვმუშაობდი, როცა ავისმომასწავებელი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა, რამაც მთელი შენობა შეაზანზარა. ისეთი განცდა იყო, თითქოს ცა ჩამოიქცა. როდესაც ცხადი გახდა, რაც ხდებოდა, უმალ წავედით და შემოვიარეთ ქალაქის საავადმყოფოები. ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდა. მრავლად იყვნენ დაჭრილნი და დაღუპულნი და ყველა მათგანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენელი.

ადამიანები გვეკითხებოდნენ, - რატომ? რა დავაშავეთ, რით დავიმსახურეთ ასეთი რისხვა ერთმორწმუნე მეზობლისგან?

 

ძნელია კავშირი მოძებნო ასეთი სასტიკ აგრესიასა და ერთმორწმუნეობას შორის; მით უფრო, თუ ეს ერთმორწმუნენი არიან ქრისტეს აღმსარებელნი და კიდევ უფრო ძნელია, ეს აუხსნა ხალხს. ადამიანი გონიერი არსებაა და მას მოეთხოვება მოვლენების კრიტიკული შეფასების უნარი, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არა მხოლოდ ცალმხრივ, ანუ ტენდენციურ ხედვას მოვლენებისა, არამედ მოვლენის არსში წვდომის ნებას და, აქედან გამომდინარე, ობიექტური სინამდვილისთვის თვალის გასწორებას.

 

უდავო და აშკარა ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვას სუვერენობისკენ, დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მიერ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მხოლოდ გამოცხადება არ იყო საკმარისი, არამედ ამას უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული ნაბიჯები ამ სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით, რაც კიდეც დაიწყო; სწორედ ამას მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულების - თავისუფლების წინააღმდეგ.

საკითხში უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ ეს პრობლემა თავს იჩენს უკვე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 1801 წელს საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაუქმდა და გაქრა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებლი სუბიექტი.

 

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და დავსვათ კითხვა: გარდაუვალი იყო თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომი? და თუ გარდაუვალი იყო, რაში მდგომარეობს  ამ ომის გარდაუვლობის არსი?

ამის შესახებ გეტყვით, რომ არსებობს ამ პრობლემის ორგვარი ხედვა - ერთია ის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პრობლემას და მეორე - როგორ ხედავენ მას სხვები.

ომი ყოველთვის არის შედეგი არშემდგარი, ან ვერშემდგარი კომუნიკაციისა, მით უფრო მაშინ, როცა სახელმწიფოთა შორის არსებობს სადაო საკითხები, განსხვავებული ხედვები და შედეგს არ გამოიღებს კომუნიკაცია, ან უბრალოთ, სურვილიც კი არ არის ასეთი კომუნიკაციისა.

ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, უჭირს საქართველოს ეროვნული ინტერესების აღიარება, თუმცა შეუძლია აღიაროს სეპარატიზმი და ერთგვარი, პოლიტიკური ჩარჩოებიც კი შესძინოს მას, რათა გააოფიციალუროს ის;

აქ ერთი საკითხს შევეხებით კიდევ; ეს არის ერთმორწმუნეობა, რომლითაც ხშირად აპელირებს არა მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი „მეზობელი“, არამედ ჩვენშიც ხშირად მოისმენთ ამის შესახებ. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც აღვნიშნავთ, რომ ერთმორწმუნეობას სხვადასხვა რაკურსში ვუყურებთ და განსხვავებულად მოვიაზრებთ. ჩვენს შემთხვევაში თუ ერთმორწმუნეობა განიხილება როგორც სულიერი სიახლოვის, ურთიერთპატივისცემისა და თავისუფალი, გახსნილი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია ერთმორწმუნე ადამიანის თუ ერის მიმართ, მეორე მხარე მასში მოიაზრებს, როგორც საგარეო (ამ შემთხვევაში) პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.

 

ერთი სიტყვით, მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენები ზედმიწევნით გვარწმუნებს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანის მიზანშეწონილობაში. ...და თუ ვინმე თვლის, რომ ეს არჩევანი არის ერთი, ორი, თუნდაც სამი  კაცის მიერ გაკეთებული, ან გარედან არის თავსმოხვეული, შეცდომას უშვებს, რადგან ეს არის ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ. ეს არის არჩევანი ჩვენი შვილების მომავლის სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ.

 

ბუნებრივია კვლავ დავსვათ კითხვა:

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის დაპირისპირება საქართველოს მიმართ?

მოხდება თუ არა პოლიტიკური შერიგება რუსეთსა და საქართველოს შორის? 

 

რუსეთის დაპირისპირება საქართველოს მიმართ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება აღიარება საქართველოს სუვერენული უფლებისა. ამის იქით ნებისმიერ თემაზე შეიძლება დიალოგი.

რაც შეეხება შერიგებას, მას ალტერნატივა ნამდვილად არა აქვს. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება, მაგრამ რის ფასად?

 

რა არის ის, რაც თავისუფლებისთვის შეიძლება დათმოს სახელმწიფომ, ან თუნდაც ერთმა ადამიანმა?

 

თავისუფლების შესახებ როცა  ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეს არის თემა, რომლის სასარგებლოდ, თუ იმ ტიპის დათმობებზე და შერიგებაზე წახვალ, რომელსაც დღეს შენგან ითხოვს შენი ქვეყნის ტერიტორიის დამპყრობელი, ასეთ შემთხვევაში დაჰკარგავ თავისუფლებასაც და ყველაფერს, რაც ამ თავისუფლებას უკავშირდება.

თავისუფლება ხომ ბევრად მეტია, ვიდრე თვითონ სიტყვა.

თავისუფლება, როგორც ცნება -  არის ღირებულებათა ერთობლიობა და ერთობლიობის სათავეში უმთავრესია - უფლება შენს თავზე, საკუთარ თავზე, რათა თვით განსაზღვრო შენი ბედი.

ამასთან ერთად, როგორც კი იბადება თავისუფლება, იგი იქვე წარმოშობს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პასუხისმგებლობა დანარჩენი სამყაროს მიმართ, რომლის განუყოფელი ნაწილი ხარ ასევე.

თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ არის აბსოლუტური ცნება: მას აქვს გარკვეული საზღვრები და იგი ესაზღვრება სხვის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას (იგულისხმება სახელმწიფოც და პიროვნებაც). ასე რომ, სავსებით ცხადია, ჩვენს თავისუფლებასთან ერთად, სხვის უფლებებსაც პატივი უნდა ვცეთ. ამაში არის თავისუფლების ღირსებაც, ფასიც და ძალაც.

 

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ამ თემაზე იმის გამო, რომ სწორედ თავისუფლებაა ის, რის გამოც საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სამშობლო, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. აქ მახსენდება ერთი რუსული პუბლიკაცია (დაახლოებით 10 წლის წინ გავეცანი), რომლის ავტორიც ცდილობს, რომ ქართველობა წარმოაჩინოს, როგორც არამყარი, არასაიმედო ხალხი, რომელიც ყოველ წუთს მზად არის უმუხთლოს და უღალატოს თავის ბატონს.

იცით? რომ წავიკითხე და გავაანალიზე ეს პუბლიკაცია, ერთი რამ დავინახე: დამპყრობელი დაპყრობილს ვერასდროს გაუგებს და, მით უფრო, ვერ თანაუგრძნობს. აქ არის დიამეტრულად განსხვავებული ხედვა სამყაროსი: ერთია ხედვა დაპყრობილისა, ხოლო მეორე კი - დამპყრობლისა.

დაპყრობილს მუდამ აქვს ბუნებრივი ლტოლვა თავისუფლებისკენ, მაგრამ როცა ამისთვის საკმარისი ძალა არ აქვს, შენ ითმენ, თუმცა არ ეგუები და როგორც კი საშუალება მოგეცემა, ცდილობ, თავი დააღწიო ტყვეობას, დაიბრუნო დაკარგული თავისუფლება. დამპყრობელი კი ფიქრობს, რომ შენთვის ზრუნავს, შენთვის იხარჯება, თანაც, შენთვის უაღრესად კარგ საქმეს აკეთებს; კულტურა შეგძინა, ცივილიზაციას გაზიარა და ა.შ.; შენ კი რით პასუხობ? როგორც კი მომენტს მონახავ, ცდილობ, დაუსხლტე მას? აი, მისი ლოგიკა. აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ შენ მას უღალატე;

აი, აქ ჩანს დამპყრობლისა და დაპყრობილის ნამდვილი სახე, მათი მსოფლხედვა და ხასიათი. ეს იმ ტიპის დაპირისპირებაა, რომლის გადალახვა კომუნიკაციის ამ არეში ვერ მოხერხდება, ვერც მათი შერიგება ვერ მოხერხდება ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვათა საფუძველზე. არადა, შერიგებას მართლაც არ აქვს ალტერნატივა, არც კომუნიკაციას აქვს ალტერნატივა. თუმცკი ამ შემთხვევაში ურთიერთობისა და კომუნიკაციის ის მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლებიც მხოლოდ დამპყრობლის ნებაზე არ არის დამოკიდებული.

 

ზემოხსენებულ პუბლიკაციაში ჩამოთვლილია სხვადასხვა სახელმწიფოები (იმპერიები), რომელთა უღელქვეშ ყოფნა უწევდა საქართველოს და ყველა შემთხვევაში, ყველა მათგანს ღალატობდაო ქართველი. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერავისთან ვერც შევთანხმდებით და ვერც დავეთანხმებით. ჩვენ შეგვიძლია მოთმენა, შეგვიძლია დათმენა, მაგრამ ჩვენ ვერ ვეგუებით და ვერც ვერასდროს შევეგუებით ასეთ მდგომარეობას. დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და მისი არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.

 

...და მაინც, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და იყო თუ არა იგი გარდაუვალი?

 

პირველი: იმ ხედვების პირობებში, რომლის შესახებ ახლა გითხარით და ვახსენე, ალბათ, კონფრონტაცია    გარდაუვალიც არის, ვიდრე არ მოხდება ამ ხედვების დაახლოვება და შეჯერება. ჯერ-ჯერობით ვხედავთ, რომ სეპარატიზმის გაღვივება და აღიარება უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე იმ ქვეყნის სუვერენობისა, რომელიც ძალიან „გიყვარს“ და რომლის „კეთილდღეობაზე“ ფიქრიც არ გასვენებს. ამას ვამბობთ იმ განცხადებებზე დაყრდნობით, რაც არაერთხელ მოგვისმენია ვისმენთ.

 

მეორე: რამ გახადა შესაძლებელი ეს ომი? შესაძლებელი გახადა იმან, რომ არცერთი ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი სახელმწიფო სერიოზულად არ აღიქვამდა იმ საფრთხეებსა და საშიშროებას, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ყველა დარწმუნებული იყო, და თავდაჯერებულიც კი, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა იმას, რაც გაბედა. სწორედ ასეთმა თავდაჯერებულობამ, ჩვენს მეზობელში მოახდინა საპასუხო კომპლექსის პროვოცირება. რა კომპლექსია ეს? „მათ არ სჯერათ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ, ჩვენ მათ დავუმტკიცებთ და დავარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია!“

 

მოცემულობა რთულია, ყველაფერს სჭირდება ძალიან სერიოზული გააზრება, გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენ ვერ ვხედავ პრობლემას და ტრაგედიას იმ ადამიანებში, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა კომუნიკაცია რუსეთთან; დიახ, საჭიროა!

იმათი პოზიციაც სავსებით გასაგები და მისაღებია (და სამართლიანადაც), ვინც საქართველოს მომავალს, მის განვითარებას, მის უსაფრთხოებას ხედავს დასავლური მიმართულებით. 

 

მაშ, სად არის პრობლემა? პრობლემა, ვფიქრობთ, ჩვენშია; ერთმანეთთან საერთო ენის უქონლობაში, შიდა კომუნიკაციის დეფიციტში და ამას აძლიერებს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა მიერ ორგანიზებული პოლიტიკური და სულიერი დეზორიენტაციისკენ მიმართული და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე ომი.

 

ასე რომ, ეს არის იდეოლოგიური კონფრონტაცია და ის გრძელდება; გრძელდება დაპირისპირება ქართულ არჩევანთან. მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ყველაფერმა იმან, რაც საქართველოს არჩევანის მიმართ გაამჟღავნა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და მისმა ოფიციალურმა ეკლესიამ, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ჩვენი ხალხის არჩევანის გარდაუვლობასა და საიმედოობაში;

... და ვისი ნდობაც ნამდვილად არ შეიძლება, უწინარეს ყოვლისა - მისი, ვინც ასე უგულოდ ექცევა ერთმორწმუნე ხალხს. ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ყოველგვარი შერიგებისა, დაპირისპირებების მოხსნისა და სიძნელეების დაძლევისა.

 

ღმერთმა დალოცოს რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა სულები. ამ ომს, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, ემსხვერპლნენ ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე იყვნენ და უცხო სახელმწიფოს აგრესიიდან იცავდნენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს.  ისინი, ყველა ერთად არიან საქართველოს კეთილდღეობისათვის შეწირულნი. ისინი არიან მსხვერპლი იმ აგრესიისა, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით გაცხადდა 2008 წლის აგვისტოში.

 

ღმერთმა დალოცოს დაღუპულთა უკვდავი სულები და საუკუნო ნათელში დაამკვიდროს ისინი, ხოლო ჩვენს გულებში, დაე იყოს მარადიული ხსოვნა ამ ადამიანებისა და მათი, ვინც საქართველოს კეთილდღეობის, თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლას ეწირებოდა ყველგან და ყოველთვის.

 

ჩვენთან არს ღმერთი.

08.08.2018.