08-04.08.2018

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

 

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სამწყსოვ! დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ჩვენი ეპარქიისთვის, უშუალოდ ამ ტაძრისთვის, საგანგებოდ დაიწერა ბრწყინვალე აღდგომის ხატი; მოგეხსენებათ, ეს ტაძარი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელზეა ნაკურთხი და ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის ყველა დღესასწაულზე აღმატებული მოვლენა, რადგან ეს არის იმედის, განახლების, ხელახლა დაბადების დღე. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ ახალი იმედები გააჩინა ადამიანში, იმედები ჩაუსახა კაცობრიობას და მოტივაცია გაუჩინა იმისთვის, რომ სერიოზულად იფიქროს და იზრუნოს თავის მომავალზე. წმიდა ხატი, რომელიც დღეს მობრძანდა ჩვენთან, ფოთში დაივანებს და იქნება სიმბოლო საქართველოს განახლებისა და მომავალი საყოველთაო აღდგომისა. ბრწყინვალე აღდგომა არის ჩვენი იმედიც, მოლოდინიც და სწორედ ეს რწმენა გვაერთიანებს ქრისტიანებს. ხდება ხოლმე ისეც, რომ ადამიანი თავისი წყენისა და უკმაყოფილების გამო, ვერ ჯობნის თავის თავს და უნებლიედ უარს ამბობს იმ მთავარ ღირსებაზე, რასაც ღვთისადმი ხატება წარმოადგენს მასში; ამ დროს იგი ფაქტიურად უარს ამბობს იმ წყალობაზე, რასაც ღმერთი აძლევს მას. ღმერთი არ არის დამსჯელი, ღმერთი მოწყალეა და გთხოვთ მიიღოთ ეს წყალობა იმისთვის, რომ მივბაძოთ ჩვენი რწმენის წინანძღვარს, იესო ქრისტეს.

 

წუთისოფლის სავალ გზებზე დროდადრო დაუმძიმდება ხოლმე ადამიანს ცხოვრების ტვირთი და ასეთ მძიმე წუთებში მას განსაკუთრებით სჭირდება დაფიქრება, გაანალიზება განვლილი გზისა, საკუთარ თავში ძალების მონახვა და ცხოვრების კვლავ გაგრძელება. კაცობრიობა სწორედ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ დროისთვის, როდესაც იესო ქრისტე განკაცდა და მოვიდა ამ ქვეყნად. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს ხსნა და შველა მისცემოდა.

 

ღმერთის შესახებ ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ; რამდენი ადამიანიც არის იმდენი აღქმა, იმდენი წარმოდგენაა ღმერთის შესახებ. ვისთვის ღმერთი მოსიყვარულე მამაა, ვისთვის მრისხანე მოსამართლე, ვისთვის მეგობარი, მაგრამ ჩვენ, ჩვენს ქრისტიანულ წარმოდგენებში, უნდა ვიხელმძღვანელოთ წმიდა წერილით; მასში მოთხრობილია ძველი და ახალი აღთქმის ისტორია. ძველი აღთქმის ეპოქაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვლინდება უფლის მზრუნველობა და დახმარება ადამიანის მიმართ დასაბამიდან იესო ქრისტეს  განკაცებამდე; ხოლო ახალი აღთქმის ეპოქა დაიწყო იესო ქრისტეს (მესიის) განკაცებით; დაიწყო განახლების, ხელახლა დაბადების ჟამი. იესო ქრისტე ხელს გამოუწვდის  ცოდვის ტყვეობაში აღმოჩენილ კაცობრიობას, რათა არ დაიღუპოს იგი.

 

არცერთ მშობელს არ უნდა საკუთარი შვილის დაღუპვა, ძალიან ცოდვილიც რომ იყოს, ძალიან დიდ შეცდომილ მდგომარეობაშიც რომ იყოს და მით უმეტეს დაუჯერებელია ვიფიქროთ, რომ ღმერთს ვინმეს დაღუპვა უნდა.

 

ღმერთი ადამიანებს ხელს უწვდის არა ეთნიკური ნიშნის მიხედვით, არამედ იგი ეხმარება ყველას, ვინც გულწრფელია მის მიმართ, ვისი გულიც გახსნილია, ვინც მზად არის უფალს მიუძღვნას თავისი გული, რწმენა და ცხოვრება, ვინც თავის თავში არ ახშობს სინდისის ხმას, ვინც სინდისს ზურგს არ აქცევს.

 

მსგავსი პრობლემა არსებობდა ძველი აღთქმის ეპოქაშიც, იესო ქრისტეს მოსვლის შემდგომაც (და არსებობს დღესაც). შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო მოევლინა წუთისოფელს მაცხოვარი და მოუწოდა ყოველ ადამიანს და აღუთქვა გადარჩენა, სიკეთე, მარადიულ ცხოვრებაში მასთან დამკვიდრება. უფალი დღესაც მოგვიწოდებს; არჩევანი ადამიანზეა, ჩვენზეა. თანამედროვე ადამიანის წინაშე დიდია საცდური, მის წინაშე მრავალი შემოთავაზება არსებობს სხვადასხვა მხრიდან და ამ პირობებში მას სჭირდება ძალიან მყარი და მტკიცე რწმენა, რათა გაუძლოს საცდურს, რომელიც ინიღბება სხვადასხვა დაპირებებში, შეთავაზებებში, „საოცნებო მთებში“.

გაგახსენებთ მაცხოვრის შეგონებას:

უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ.18,3).

აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ზრდასრული ადამიანი ყრმას უნდა ემსგავსოს გულწრფელობაში, სიალალეში, სიწმინდეში, უბრალოებასა და სიმარტივეში. ჩამოთვლილ თვისებებთან ერთად, ყრმისგან განსხვავებით, ზრდასრულ ადამიანს მართებს გონიერება. მოდით აქვე გავიხსენოთ წმიდა პავლე მოციქულის დარიგებაც:

ძმანო, ნუ ყრმა იქნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით (1კორ. 14,20).

ადამიანს აზროვნების უნარი მინიჭებული აქვს იმისთვის, რომ ამუშაკოს, ცხოვრებაში გამოიყენოს ის, და სწორი დასკვნები გააკეთოს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის გადაწყვეტილებებზე.

 

დღეს აქ მობრძანდა ბრწყინვალე აღდგომის ხატი და ჩვენ ვლოცავთ და უფალს ვავედრებთ ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც შეიქმნა იგი. ვუმზერთ ამ სიწმიდეს და ჩვენი მზერა მომავალს გაჰყურებს; აღდგომის დიდი სასწაული ჩვენში აჩენს განსაკუთრებულ მოტივაციას იმისთვის, რომ აქტიურად ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ აწმყოში და ჩვენს წინაშეა წარსული და მომავალი. საით წავალთ, რა გზას ავირჩევთ, ჩვენზეა დამოკიდებული. ძველი აღთქმის ისტორიიდან ერთი ეპიზოდი გვახსენდება:

რაჟამს ცოდვა იმდენად გამრავლდა და ისეთი სახე მიიღო, რომ ამის დაშვება აღარ შეიძლებოდა, ღმერთმა მოუწოდა მართალ ლოტს, რომელიც სოდომში ცხოვრობდა და კურთხევა მისცა მას გაეყვანა ქალაქიდან თავისი ოჯახი და გაცლოდა იქაურობას, რადგან ღმრთის რისხვა მოელოდა ამ ქალაქს. ღმერთი ასევე აფრთხილებს ლოტს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მან და მისი ოჯახის წევრებმა უკან არ უნდა მოიხედონ.

 

ამ ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ლოტის ცოლმა მოიხედა უკან და უმალ ადგილზე გაქვავდა. ეს არის ამბავი, რომელსაც დიდი სულიერი მნიშვნელობა აქვს: როდესაც ადამიანი ტოვებ წარსულს, ცოდვილ ცხოვრებას, აღარ უნდა მიხედო მას, არ გაგიჩნდეს სინანული იმის გამო, რასაც ტოვებ და ემიჯნები, არ უნდა შექმნა შენში წარსულის მიმართ მონატრების საფუძველი, რადგან მსგავსი მდგომარეობა ძალას გართმევთ, ძალას, რომელიც გჭირდება იმ სიძნელეების გადასალახავად, რომელიც წინ, მომავალში გელოდება. საკუთარ თავზე დიდი იძულებაა საჭირო რომ უკეთესობისკენ იარო და მომავლისკენ გზა გაიკვლიო.

მოხმობილი ბიბლიური ეპიზოდის კონტექსტში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ განსაკუთრებული არჩევანის წინაშე  დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, ჩვენც თვითონ, ეკლესიის შვილები, განურჩევლად ყველა, საერონიც და სასულიერონიც.

ჩვენ ხომ იმ უახლოესი მძიმე წარსულიდან მოვდივართ, რომელმაც დიდი წნეხი განახორციელა ადამიანის გონებაზე, მის აზროვნებაზე და თითქმის წარუშლელი ზიანი მიაყენა მას. დღეს ყველას ერთად გვმართებს დიდი ძალისხმევა ამ  წარსულის მძიმე გამოცდილების დასაძლევად და გადასალახად, რათა მყარად დავდგეთ მომავლისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენი გონების თვალი არ მოვაცილოთ მას. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს უნდა გავუძლოთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამოდენიმე დღეში ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა თემა, რომელიც დავიწყებას არ მისცემია და არც არასდროს მიეცემა; ჩვენ იმ ქალაქში ვიმყოფებით, რომლის თავზეც, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში სიკვდილის მატარებელი ჭურვები ცვიოდა; ეს ის ჭურვები იყო, რომელიც გვაიძულებდა, რომ უკან გაგვეხედა, რომ უარი გვეთქვა ჩვენს არჩევანზე, ჩვენი შვილების მომავალზე. ამან არ უნდა შეგვაშინოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღმერთი ერთადერთია, ვის წინაშეც გვმართებს შიში; მაგრამ ეს მაცხონებელი შიშია, რომელიც  გვაძლიერებს კიდეც; ეს არის ერთგვარი მოშიში კრძალვა მის წინაშე, ვინც ყოველივე გააკეთა შენთვის, და შენი ხსნისთვის; ღმერთმა სოფელს მოუვლინა მხოლოდშობილი ძე თვისი, რომელიც ჯვარზე ავიდა და თვით უცოდველი ეწამა  ცოდვლითათვის, და ყოველივე ამისთვის, შევღაღადოთ შემოქმედს, ყოვლადწმიდა სამებას, მსგავსად დავით წინასწარმეტყველისა:

რაი მივაგო უფალსა, ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“ (ფს.115,3).

ანუ რით გადავიხადო მადლობა ღმრთის წინაშე ყოველივე იმისთვის, რასაც იგი ჩემთვის აკეთებს, რაც ღმერთმა დღემდე ჩემთვის გააკეთა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებს გვახასიათებს წარსულის მოვლენების იდეალიზება ან, პირიქით, დრამატიზება. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მორწმუნეობა არ ნიშნავს გონებაზე, აზროვნებაზე საკუთარი ნებით უარის თქმას. უნდა შევეცადოთ, რომ რეალურად შევაფასოთ მოვლენები და ფაქტები, და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მხოლოდ ასე შევძლებთ ისტორიის ურთულეს ლაბირინთებში ჩვენი ცხოვრების გზის გაკვალვას. ასე რომ, არც მოვლენების დრამატიზირებაა საჭირო, რაც ადამიანებში სახიფათო შიშებს აღძრავს, და არც წარსულის იდეალიზებაა საჭირო, რაც იმ ცხოვრებისადმი მონატრებას აღძრავს, რომლის მემკვიდრეობაც დასაძლევი და გადასალახია.

არა ბატონებო, ცხოვრების იმ მონაკვეთს, ახლა რომ ვიმყოფებით და თან ძალიან მძიმე განსაცდელები რომ ახლავს, რა თქმა უნდა, ექნება ლოგიკური შედეგი და ჩვენ გავიმარჯვებთ, გადავლახავთ და დავძლევთ მას, მაგრამ ერთია ამ სოფელში გამარჯვება და მეორე - ამ სოფელზე გამარჯვება. მთავარი გამარჯვება წინ გველოდება იესო ქრისტეს თანა აღდგომა და ამაღლება, მაგრამ მანამდე კი აქაური ამოცანები დგას ჩვენს წინაშე, აქაური გამარჯვებები და ამ გამარჯვებებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იქნება ის, რომ ჩვენ ვაჯობოთ ყოველივე იმას, რაც უკან გვექაჩება, უკან გვხევს და გვწევს. მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რომ ეს ვერავინ და ვერაფერმა ვერ წაშალოს ჩვენში; მხოლოდ ეს დაგვეხმარება, რომ საკუთარი თავი გავიაზროთ მოცემულ რეალობაში.

 

ეკლესია თავისი არსით მუდამ იყო, და დღესაც არის მომავალზე ორიენტირებული სულიერი ორგანიზმი და, ბუნებრივია, თითოეული მისი წევრი ამ მომავალზე უნდა ფიქრობდეს, ზრუნავდეს, ამით ცხოვრობდეს; შენი გული და გონება სწორედ აქეთ უნდა იყოს მიპყრობილი.

ამიტომაც, ხაზგასმით უნდა ვთქვათ:

 

 ჩვენ ვცხოვრობთ აწმყოში, მაგრამ არ ვურიგდებით მას;

ჩვენ გვახსოვს წარსული, რათა არ გავიმეოროთ მისი შეცდომები;

ჩვენ ვფიქრობთ მომავალაზე და ვიბრძვით მისთვის!

 

აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანისთვის და თანამედროვე საქართველოს მოქალაქისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ, და არ უნდა ჩავბარდეთ წარსულს. დღენიადაგ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტეს სიტყვები და მუდამ ვამხნევებდეთ ჩვენს თავს  - ჩვენ ახალი აღთქმის შვილები ვართ! ყოველი ადამიანი ქრისტეში ნათელღებული, სულიწმიდის მადლში დაბადებული, არის ახალი აღთქმის შვილი და ამ მადლს ნუ გავფანტავთ, ნუ დავკარგავთ. შევეცადოთ, რომ ეს მადლი ჩვენში გავამრავლოთ. მადლს ისეთი ძალა აქვს ეს ისეთი ენერგიაა, შენს თავში თუ განამრავლებ, არათუ შენ, შენს ირგვლივ მრავალთ გაუნათებს გონებას და დაანახებს  რთული მდგომარეობიდან გამოსავალ გზას, მრავალი ადამიანი დაადგება ცხოვნების გზას. ამ მადლის გამოხატულებაა პირადი მაგალითი, თითოეული ადამიანისგან სხვისთვის ნაჩვენები. ჩვენ გვეხერხება ლამაზად, კარგად საუბარი, მკერდზე მჯიღის ცემა, მაგრამ ნაკლებად გვეხერხება ხოლმე პირადი მაგალითის მიცემა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება. ღმერთმა ამის ძალა მოგცეთ! კვლავ გავიმეორებ, ჩვენ ახალი აღთქმის მემკვიდრეები ვართ და სწორედ ეს მემკვიდრეობა გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა.

 

ერთი სიტყვით ჩვენი მზერა არის, მზერა მომავლისკენ, ხვალინდელი დღისკენ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ბრწყინვალე აღდგომის ხატი ჩვენთვის სწორედ ამის ჩამაგონებელია, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, საიდანაც ადამიანი თავს ვერ დააღწევს, თუ, რა თქმა უნდა, მასში არის მაცხონებელი ნება, ნება გადარჩენისა; თუ მასში არის მზაობა გულისკარი გაუხსნას სიცოცხლეს, სიცოცხლის სიყვარულს, შვილების მომავალს და თუნდაც ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაღება იყოს საჭირო. ამით ფასობს ნებისმიერი ადამიანი და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც არის ქრისტეში ნათელღებული. ჩვენ ყველანი ერთი ეკლესიის წევრები ვართ და უნდა შევძლოთ ერთმანეთი გავაძლიეროთ, გავამხნევოთ და, რა თქმა უნდა, სულიერი სიმტკიცე და ბრძოლის უნარიანობა შევინარჩუნოთ.

 

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ!

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ამინ!

იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი დღე თითოეული თქვენთაგანის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს დატოვებს.

გაიხარეთ, აღორძინდით, გამრავლდით!

 

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!