ავტორი- არისტოტელე პაპანიკოლაუ
განღმრთობა და ადამიანი
მართლმადიდებელი ტრადიციისათვის განღმრთობა არა რაღაც შორეულის მოლოდინი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გნხორციელების შესაძლებლობაა. განღმრთობაზე საუბრისას ეკლესიის მამები სულის განსხვავებულ - რაციონალურსა და გრძნობის - მხარეებს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ. რაციონალური კუთხით, განღმრთობა საღვთო სიბრძნისა და ჭეშმარიტების ხედვასთანაა დაკავშირებული, რომელიც შესაქმეში ვლინდება და საღვთო მჭვრეტელობით შეიმეცნება. სულის მეორე მხარე მგრძნობელობითია, რომელიც პიროვნულ სურვილსა და ნდომას უკავშირდება და ამასთანავე შიშის, სიბრაზისა და შურის გამოვლინების შესაძლებლობას ქმნის. პატრისტიკული თეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც განსაკუთრებით წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელთანაა დაკავშირებული, მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად ჩვენი ცოდნა დამოკიდებულია იმაზე თუ რა გვსურს, რის მიმართ აღვიგზნებით და რისკენ მივისწრაფით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთულია საღვთო ჭეშმარიტების მჭვრეტელობითი შემეცნება, თუკი სურვილი და აღტკინება სხვა მხარესაა მიმართული. ეს სხვა მხარე და სხვა საგნები, რომლთა მიმართაც აღტკინებით მივისწრაფვით თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ არის საშიშროება, რომ ღმერთი ჩაანაცვლონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ღმერთზე გაცილებით მეტად სასურველნი ხდებიან. ასკეტიკის საკმაოდ შრომატევადი და რთული ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რათა ეტაპობრივი ვარჯიშის მეშვეობით ჩვენი სურვილებისა და აღტკინების მაქსიმალურად ღმერთისაკენ მიმართვა ვისწავლოთ. ამგვარი ვარჯიშობის დაწყებისას, სულის განსხვავებული ნაწილები შეთანხმებულად შემტკიდებიან - ღვთისადმი სურვილის ზრდა შიშის, სიბრაზისა და შურის ნაკლებობას იწვევს, რომელიც თავის მხრივ ღმერთის ჭეშმარიტებისა და სიბრძნის უფრო ღრმა ჭვრეტისაკენ გვიხნის გზას, რაც შემდეგნაირად ხასიათდება: ეროსი, როგორც საღვთოსკენ სწრაფვა(theon pothos) და სიყვარული (agape), როგორც მოყვასისადმი გამოხატული გრძნობა.
ქორწინების თეოლოგია
მართლმადიდებელი თეოლოგია ქორწინებას საკრამენტად განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ქალისა და კაცის კავშირსა და მათ ამქვენიურ თანაცხოვრებას ღმერთში მყოფობად აღიარებს; კავშირს, რომელსაც ღმერთთან თანაზიარების უფრო მეტად გაზრდის პოტენციალი გააჩნია. ამ კავშირზე ალექსანდრე შმემანი შენიშნავს: „სიტყვა საკრამენტი არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჩვენთვის აწ უკვე ნაცნობი შვიდი საეკლესიო საიდუმლოს გაგებით. ეს სიტყვა ქრისტეს მიერ კაცობრიობისა და სამყაროს გამოხსნის სრულ მისტერიასა და ქრისტიანული რწმენის არსობრივად მთლიან შინაარსს მოიცავს“. [1] საკრამენტს ჩვენ სიმბოლოების ნიშნით განვიხილავთ; სიმბოლო კი თავისმხრივ არ მიუთითებს რაღაცას, რაც უბრალოდ თავითვის სადღაც მყოფობს, არამედ ხელშესახებს ხდის იმას რაც ამავდროულად სხვაა. ღმერთთან მიმართებაში კი სიმბოლო, ხატი და საკრამენტი არის ის, სადაც დრო და უსასრულობა ერთმანეთს ხვდებიან. ადამიანი ღმერთის ხატია და ამ აზრით ის თავად საკრამეტული შინაარსისაა. საკრამენტს სულის განსხვავებულ ნაწილთა თუ ადამიანური მდგომარეობის სხვადასხვა განზომილებათა რეგულაციასა და წესრიგთან აქვს კავშირი. ადამიანისა და მთლიანად შესაქმის საკრამენტულობა განღმრთობის სინონიმია.
ქორწინების საკრამენტული შინაარსის მხოლოდ ჯვრისწერის ცერემონიით არ ამოიწურება. თუ კი საკრამენტი საღვთო ცხოვრებაში ხატისმიერ თანამონაწილეობას გულისხმობს, მაშინ ქორწინების საკრამენტალური ხასიათის მხოლოდ ჯვრისწერის ცერემონიით შემოფარგვლა ვერ მოხდება. ქორწინება თავისმხრივ, როგორც შექმნილი რეალობა, პოტენციურად საკრამენტულია და მისი უპირველესი მიზანმიმართულება ღმერთში თანაცხოვრებაა. ჯვრისწერის ცერემონია, ისევე როგორც ევქარისტიული საიდუმლო და ნათლობა ზუსტად ღმერთში მყოფობის აქტს უნდა ეფუძნებოდეს; როგორც ევქარისტიისა და ნათლობის აღსრულების შემდგომ იწყებს ადამიანი ასკეტური სწრაფვით ხელახალ დაბრუნებას იმისაკენ, რაც ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოში მიეცა, ჯვრისწერის ცერემონიის აღსრულების შემდგომაც წყვილმა აბსოლუტურად იგივე ასკეტური გზა უნდა გაიროს. ზუსტად რომ ადამიანის განღმრთობის მიზნით და არა დეონტოლოგიური აუცილებლობის აღსასრულებლად, ქორწინების სადუმლოში წყვილი საკუთარ თავზე იღებს ასკეტურ ღვაწლს, რათა ისწავლოს სიყვარული სულის განსხვავებულ ნაწილთა და ადამიანური მდგომარეობის სხვადასხვა განზომილებათა გათვალისწინებით, რა დროსაც სიყვარულის ყოველი გამოვლინება სხვა არაფერია თუ არა ღმერთში მყოფობა. როდესაც წყვილი ქორწინების 50 წლის თავს აღნიშნავს, ამგვარი სიყვარულის აღსაწერად მეტად უპრიანი იქნება გამოვიყენოთ ისეთი მეტაფორები, როგორებიცაა: „ღრმა“ , „სრულყოფილი“, „ჭეშმარიტი“. ასეთმა სიყვარულმა შესაძლოა იწვნია მრავალი განსაცდელი და სირთულე, გადაიტანა შესაძლო ღალატი, რომელმაც კი არ დააბრკოლა, არამედ ხელი შეუწყო იმას, რასაც სიყვარულში(აღაპე, ეროსი) „ზრდას“ ვუწოდებთ. თუ კი წყვილს სურს, რომ ამგვარმა სიყვარულმა ორმოცდაათწლიან თანაცხოვრებას გაუძლოს, მაშინ აუცილებელია, რომ სათნოებები როგორებიცაა: ერთგულება, მოთმინება, გახსნილობა, პატიოსნება, თავშეკავება, თანაგრძნობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორჩილება, მათი ყოველდღიურობის განუყოფელი რეალობა გახდეს. სწორედ ამგვარ ურთიერთობაზე მიუთითებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, როდესაც წერს, რომ სათნოებას ძალუძს სხვა სათნოებათა შობა და მხოლოდ მათი, როგორც სამშენებლო აგურთა ერთმანეთზე შემყარებითაა შესაძლებელი სიყვარულში ზრდა. წმ. დოროთე ღაზელი ქრისტიანული ცხოვრების სტილს სახლის შენებას ადარებს: „ჭერი მოწყალებაა, რომელიც ისევე განასრულებს სათნოებას, როგორც სახურავი სახლს. სახურავი გვირგვინად ედება საცხოვრისს... გვირგვინი მორჩილებაა. სწორედ ამიტომაა გვირგვინი ყველა სათნოების დამცველი. როგორც ყოველი სათნოების მოსაპოვებლად მორჩილებაა საჭირო - ყოველი სათნოებითი აგური მორჩილების დუღაბით შემტკიცდება - ასევე მორჩილებაა ის, რაც ყოველ სათნოებას სრულყოფს“. [2]
თვითშემეცნების შესაძლებლობა არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ქორწინებას სათნოებათა გამოვლინების საშუალებას ანიჭებს. თვითშემეცნების შესაძლებლობა ურთიერთობაში პარტნიორისათვის საკუთარი მე-დან გამოსვლაში მჟღავნდება. ამგვარ თანაცხოვრების ერთერთ ხელის შემშლელ ფაქტორად შესაძლოა ამპარტავნება მოგვევლინოს. წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამპარტავნებას საკუთარი თავის სიყვარულთან აიგივებს და მართლაც, ხანგრძლივი მონდომებაც კი ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეგოიზმი განქარდება. მაგალითისათვის, თუ კი წყვილთაგან ერთ-ერთი ყოველდღიურ განვითარებაზე და ასკეტურ ვარჯიშობაზე უარს განაცხადებს, მაშინ ამპარტავნება ურთიერთობაში სიყვარულის ზრდის შესაძლებლობას ხელს შეუშლის. ანდაც, თუ კი წყვილთაგან ერთ-ერთი აბსლუტურად გამოთიშულია ოჯახურ ცხოვრებას, ყოველთვის პარტნიორისგან ელის გამზადებულ ვახშამს, სუფთა ტანსაცმელს და ა.შ. მაშინ ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარი ქმედება მეოერეში სიბრაზესა და იმედგაცრუებას გამოიწვევს, რადგან წყვილთა თანაცხოვრება ყოველთვის პასუხისმგებლობათა თანაბარ გადანაწილებასა და სამართლიანობას მოითხოვს. უთანხმოების გაჩენამ შესაძლოა როგორც საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება, ასევე იმის გაცნობიერება გამოიწვიოს, რომ მისი ცხოვრება იცვლება - შესაძლოა კარგის მხრივაც - ცხოვრება იცვლება იმ კუთხით, რომ მის სხეულს არ შეუძლია მარტივად მიიღოს თანაცხოვრების ამგვარი ფორმა: „რატომ ვგრძნობ ამგვარ იმედგაცრუებას?“ - საკუთარი თავისათის ამგვარი შეკითხვის დასმა და ცხოვრების ფორმის გააზრება ხდება თვითშემეცნების შესაძლებლობა. ცნობიერების სწორედ ამგვარი მოძრაობისასაა შესაძლებელი ეგოიზმისა და ამპარტავნების დაძლევისაკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა და შეთანხმებული თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმის ჩამოყალიბება. ქორწინებითი თანაცხოვრება სიყვარულის სწავლის შესაძლებლობას ქმნის. სიყვარულისა, რომელის მოპოვებაც იზოლირებული და დომინაციით განმსჭვალული ცხოვრებით შეუძლებელია.
სიყვარულისათვის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის წმ. მაქსიმე აღმსარებელი განსაკუთრებით შიშს, სიბრაზესა და სიძულვილს გამოყოფს:
მან კარგად იცოდა, რომ შიში ღვთისა რადიკალურად განსხვავდება იმ შიშისაგან, რომელსაც ჩვენივე შეცდომების გამო დასჯის მოლოდინი იწვევს. ამგვარი შიში კი სიყვარულის გამოვლინებისთანავე ქრება, რაზეც იოანე მახარებელი მიუთითებს: „შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი“(Iიოანე 4:18) [3]
როდესაც ვინმე გაგაბრაზებს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, გაფრთხილდი, რომ სიბრაზემ აღაპეს არ მოგაშოროს და სიძულვილის ქარ-ცეცხლში არ გაგხვიოს.[4]
როდესაც საკუთარ გულში სიძულვილის რაიმე ნიშანს შეამჩნევ, იცოდე რომ ის აუცილებლად დაგაშორებს ღვთის სიყვარულს, რადგან ღვთის სიყვარული აბსოლუტურად გამორიცხავს ადამიანისადმი სიძულვილის გრძნობას. [5]
წმ. მაქსიმეს მსჯელობა ამპარტავნებაზე, შიშზე, სიბრაზეზე და სიძულვილზე საბაზისო ფსიქოანალიტიკური კატეგორიებით შეგვიძლია შევაჯამოთ. მაშინ, როდესაც ამპრატავნება საკუთარი ეგოს გადამეტებულ შეფასებას იწვევს, ფსიქოანალიზიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ჩვენი ცნობიერი ხშირად ნიღბავს ქვეცნობიერ ემოციებს და სურვილებს, რომლებთან შეწინააღმდგებაც უბრალოდ არ გვსურს. ამპარტავნება შესაძლოა გადაწყვეტილებაში გაუაზრებელი გაჯიუტებით საკუთარი თავისადმი ზიზიღის გრძნობის დასაფარად იქნას გამოყენებული. გამოდის, რომ ის, რაც წყვილის ურთიერთისადმი სიყვარულს კეტავს ეგოიზმის ფარგლებს სცილდება და მისი საწყისი უფრო მეტად ქვეცნობიერ შიშში, სიბრაზეში და სიძულვილში უნდა ვეძიოთ, რომელიც თავისმხრივ ყოველი პიროვნების პერსონალური და ინდივიდუალური წარსულის ნაყოფია. თუ კი მაგალითად ერთს არასრულფასოვნების შიში ამოძრავებს, მაშინ მას შეუძლია სხვისი საქციელი სრულებიც არასწორი გზით აღიქვას და განმარტოს, რაც თავისმხრივ სხვაში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვის საქციელს შესაძლოა მარტივი შეფასებით ისეთი შინაარსი მიეცეს, რომელიც მისთვის აფსოლუტურად უცხოა. ქვეცნობიერი შიში, სიბრაზე და სიძულვილი სხვათა განსჯის მექნიზმის უპირველესი მამოძრავებელია, რომელიც საკუთარი თავის, სხვისი და მთლიანად სიტუაციის ადეკვატურ აღქმას ახშობს, რადროსაც სიყვარულში ზრდა შეაუძლებელი არ არის, მაგრამ საკმაოდ რთულდება.
ამ კუთხით მრავალი სხვა მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, მაგრამ საკითხის მთავარი ნიშა შემდეგია: მზრუნველობის გარეშე(რომელსაც სიმონა ვეილი მჭვრეტელობის ერთ-ერთ ფორმად და ღირსების უპირველეს გამოვლინებად სახელდებს), ქორწინებითი თანაცხოვრების სირთულეების დაძლევა, რომლებიც ქვეცნობიერ შიშში, სიბრაზეში და სიძულვილში ვლინდება, შეუძლებელია და ამგვარი მდგომარეობა უცილობლად შობს უფრო მეტ შიშშს, სიბრაზესა და სიძულვილს, რომლებიც საბოლოოდ ურთიერთობის დანგრევის მიზეზი შეიძლება შეიქნან. სხვა მხრივ, ქორწინება არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელშიც წყვილი ერთურთისადმი გულწრფელობითა და სიმართლის თქმით საკუთარი თავის რეფლექსიას ახდენს(როგორც აღსარება ან თუნდაც ფსიქოლოგიური თერაპია). ამ დროს შეუძლიათ პარტნიორებს საკუთარი თავის შემეცნების სიმაღლეს მიაღწიონ, მოიშორონ ქვეცნობიერი შიში, სიბრაზე და სიძულვილი, დაეხსნან ერთმანეთის განსჯას და გზა გაუხსნან სიყვარულს. თვითშემეცნების ამ ეტაპზე ადამიანი საკუთარი თავის ყველაზე სუსტ სფეროებს უღრმავდება და ეძლევა საშუალება, რომ სისუსტე სიმტკიცით შეცვალოს, რამდენადაც მის არსებას აღარ აწუხებს არც შიში, არც სიბრაზე და არც სიძულვილი; ამგვარი მდგომარობა ადამიანს ამავდროულად მეტად ემპათიურსა და თანაგრძნობით აღსასვსეს ხდის. და ბოლოს, ადამიანის ზუსტად ეს მდგომარეობაა აუცილებელი(და არა უბრალოდ თვითკმარი) რათა სიყვარულში ღმერთს ვემსგავსოთ და შევიყვაროთ ისე, როგორც ღმერთს უყვარს, რადგან სიყვარული ვერ ექნება მას, ვინც თავს იტყუებს და ნახევარი სიმართლით ცხოვრობს.
სექსუალური კავშირის თეოლოგიური ანალიზი
სექსუალური კავშირის თეოლოგიური ანალიზისათვის ბაზისს ქორწინების, როგორც საკრამენტისა და ასკეტიზმის გაგება ქმნის. ქრისტიანობის დანაკლისი ისტორიის მანძილზე მდგომარეობს იმაში, რომ სექსი ქორწინების გარეთ ამორალურადაა მიჩნეული. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქრისტიანობა ნაკლებად საუბრობს სექსუალურ კავშირზე და განსაკუთრებით ყურადღების მიღმა ტოვებს ვნება-სურვილის იმ დინამიკურ პროცესს რომელიც სექსუალურ აქტს თან სდევს. ამ საკითხზე დუმილით რჩება შთაბეჭდილება, რომ ქორწინება თითქოს სექსის ნეიტრალიზებას ახდებს, მაშინ როდესაც გამოცდილება აშკარად გვაჩვენებს, რომ სექსი ყველაფერია გარდა ნეიტრალური აქტისა, რადგან ის განსაკუთრებულად მოქმედებს სექსუალურ კავშირში მყოფ წყვილზე, როგორც ქორწინებაში ასევე მის მიღმა. 1968 წელს პაპის ენციკლიკის Humanae Vitae გამოსვლის შემდეგ ქრისტიანთა დებატი სექსუალურ კავშირზე სექსუალური აქტის გენერატიულ(განაყოფიერების უნარი) და გამაერთიანებელ(წყვილის) ფუნქციათა ურთიერთმიმართებაზე იქნა ფოკუსირებული. დისკუსიამ მიმართულება მრავალჯერ შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი პოზიცია უფრო სექსუალური აქტის გამაერთიანებელი ფუნქციისკენ იხრება, საბოლოო ჯამში ჩემთვის ორივე მხარის არგუმენტაცია არადამაკმაყოფიებელია. მე ვფიქრობ, რომ ამ მხარეთაგან ვერცერთი ვერ აღიქვამს სრულად იმას, თუ როგორ აკავშირებს სექსუალური აქტი ერთმანეთთან ორ, საკუთარი განსაკუთრებული პერსონალური წარსულის მქონე სულს და თუ როგორ ზეგავლენას ახდენს სექსი ამ ერთიანობაზე და თუ როგორი ზეგავლენა ხდება თავად სექსუალურ აქტზე. სულის მდგომარეობა ერთის მხრივ გავლენას ახდენს სექსუალუ აქტზე და მეორეს მხრივ თავად სექსუალური აქტისგან მის მდგომარეობაზე ხდება ზემოქმედება. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე კი ზეგავლენას არა მომაკვდინებელი თუ შესაწყნარებელი ცოდვები, არამედ ამ კავშირის სიწმინდის ან მისი დესაკრამენტალიზაციის პოტენცია ახდენს. ასკეტიზმი სექსუალური აქტის ტკბობისა და განცდისაგან დაცლას ან მის შეზღუდულ რაოდენობას კი არ გულისხმობს, არამედ მას სათნოების საშუალებად მოიაზრებს, რომელიც ნდომისა და სურვილის გაღვივებას იწვევს.
დისკუსიის ჭრილში ორივე მხარე აღიარებს, რომ არსებობს სექსუალური კავშირის იმგვარი ფორმები, რომლებიც თავის თავში დესტრუქციულ პოტენციალს ატარებენ და ძალადობითა და სისასტიკით ხასიათდებიან. ამგვარი ქცევის ნათელი მაგალითია სექსუალური ძალადობა(გაუპატიურება), რომელმაც ქორწინებაშიც შეიძლება თავი იჩინოს. ისინიც კი, რომლებიც სექსუალური კავშირის გამაერთიანებელ თვისებაზე აკეთებენ აქცენტს, ხაზს უსვამენ, რომ ქორწინებაში სექსუალური სიახლოვის უკლებლივ ყველა ფორმას გამაერთიანებელი თვისება არ გააჩნია; ამგვარად სხვადასხვა თეოლოგთა პოსტულატი „უბრალოდ სექსი“ სულაც არ გულისხმობს იმას, რომ დაქორწინებული წყვილი უბრალოდ სექსით უნდა დაკავდეს, არამედ აქ ხაზი სექსის უბრალოებას ესმება.[6]
თუ კი უბრალოდ სექსს გავიგებთ ისე, თითქოს ერთი აძლევს მეორეს იმას, რაც მას ეკუთვნის და თუ კი ამგვარი აქტი ძალადობისაგან დაცლილია, როგორ გავიგოთ უბრალოდ სექსი მაშინ, როდესაც პარტნიორთაგან ერთერთს ურთიერთობაში განსხვავებული სექსუალური ფანტაზიის ჩართვა სურს, ხოლო მეორე ამის წინააღმდეგია? ქრისტიანული თეოლოგია სექსუალური ვნების იდუმალებაზე დუმს, თუმცა მისი გაფეტიშება და მრავალფეროვანი სექსუალური ფანტაზია ერთმნიშვნელოვნად ბიწერებადაა შერაცხილი. საკითხის ტაბუიზირება, იგნორი და მისი მნიშვნელობის მანკიერად მოხსენიება სულაც ვერ უზრუნველოყოფს მის ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრობას, პირიქით, ამგვარი დამოკიდებულება მას უფრო მეტ აქტუალობას სძენს. გენერატიულსა და გამაერთიანებელ ფუნქციებზე მსჯელობისას სამწუხაროდ ჩვენ არ ვსაუბრობთ სექსუალური სიახლოვის ამ მნიშვნელოვან ასპექტზე. დისკუსიაში მონაწილეთა ორივე მხარე აღიარებს, რომ ამ სიტუაციიდან ქორწინება რაღაც გზით აბსოლუტური გამოსავალია. გენერატიული ფუნქციის მხარდამჯერთა ნაწილისათვის პიროვნების შინაგან მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია სექსუალური კავშირი წყვილს შორის გამრავლებით დაგვირგვინდეს და ურთიერთობაში ძალადობისა და სისასტიკის ნიშნები აღმოიფხვრას. მეორე მხარე უფრო მეტად ორიენტირებულია პიროვნების ეგზისტენციალურ მხარეზე და მიიჩნევს რომ ადამინის შინაგანი მდგომარეობა სექსის გამაერთიანებელ თვისებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, თუმცა ეს მხარეც ბოლომდე ვერ წარმოგვიდგენს ისეთ ქორწინებით კავშირს, რომელშიც წყვილის სექსუალური სიახლოვე არა უბრალოდ აქტი, არამედ საკრამენტალური ქმედებაა. შეიძლება ირონიულად ჟღერდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასკეტიზმისა და და განღმრთობის ენას ამ ტაბუირებული საკითხის განსამარტად უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ზემოთ მოყვანილ ორ ფორმას.
ძალადობის მიღმა, სექსუალური ლტოლვის ფანტაზიისაგან დაცლა ხშირად(თუ არა ყოველთვის) სექსუალურ კავშირს წარმოუდგენელს ხდის. ლტოლვის, აღტკინებისა და ფანტაზიის ურთიერთმიმართება ასკეტურ ტრადიციაში ჭეშმარიტების არასწორ გაგებად აღიქმება და სექსუალური სიახლოვის სიწმინდეს გამორიცხავს. პატრისტიკულ და ასკეტურ ლიტერატურაში სექსისა და მთლიანად ეროტიკული აღტკინების არასრული კვლევა ხშირად სექსუალური კავშირის ნეგატიურად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: სექსი მანკიერი ქმედებაა, ის ადამიანის მხოლოდ გამრავლებით ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს და აქტის ჩატარების სიხშირეც მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს. წყვილმა თავი სექსუალური კავშირისაგან არა მარტო მარხვის პერიოდში, არამედ ზიარების წინა დღესაც უნდა შეიკავოს(რომელიც რეალურად არასამრხვო დღეა). მე თავადაც მომისმენია ამბავი, როდესაც ჩიკაგოში ერთ-ერთმა მღვდელმა საზიარებლად მოსულ პიროვნებას ჰკითხა, ხომ არ ჰქონია სექსი საკუთარ მეუღლესთან გასულ ღამეს. სექსუალური კავშირის ამგვარი გაგება სრულებით აქრობს მის ონტოლოგიურ მნიშვნელობას - როდის არის სექსი მართებული და როდის არა? ამგვარი მიდგომით სექსუალური ლტოლვის ეგზისტენციალური დინამიკის კვლევა შეუძლებელი ხდება და მისი საღვთო მნიშვნელობაც იკარგება.
მაშინ, როდესაც სექსუალური ლტოლვა, აღძვრისა და აღტკინების ფენომენოლოგიური კუთხით ყოველთვის რაღაც გაჯიბრებისა და არათანბრობის ფორმას ავლენს, ქორწინების ასკეტური სტილი ქცევის ამგავრ გამოვლენას ამცირებს. ამ მხრივ პარტნიორი სექსუალურ კავშირს ძალადობრივი ან სხვაგვარი მანიპულაციის ფორმით არ იყენებს. წყვილი დამოუკიდებლად და შეთანხმებულად არეგულირებს სექსუალური ქცევის ფორმას. ქორწინების საკრამენტულ და მადლისმიერ კავშირს ძალუძს შექმნას სივრცე, სადაც სწორი ასკეტიზმი სექსუალურ ლტოლვას გარდაქმნის ნაყოფიერად არა მარტო გენერატიული კუთხით, არამედ სიახლოვის, ნდობისა და ურთიერთობისათვის, რაც თავისმხრივ განღმრთობაა. განღმრთობის მისაღწევად სექსუალური ლტოლვის უარყოფა არაა საჭირო(მისი უარყოფა მონაზვნურ ცხოვრებაშიც არ ხდება); ის ადამიანური ბუნების მატერიალურ ნაწილს განეკუთვნება და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არასწორი იმპლიკაციის საშუალება ხდება, მას ჩვენი განღმრთობისაკენ წაძღოლა ძალუძს. დაქორწინებული წყვილის სექსუალურ საკითხებში გულწრფელი კომუნიკაცია და შეთანხმება, სექსუალურ კავშირს აძლევს საშუალებას, რათა ქორწინების საკრამენტის შემადგენელი ნაწილი გახდეს. სხვაგვარი ფორმულირებით, თუ კი სექსუალური სიახლოვე ორ პიროვნებას ერთმანეთის სულიერი მხარის ზრდაში ეხმარება, მაშინ ის განღმრთობისა და სიწმინდის თანამომუშაკეა. მე სულაც არ ვცდილობ იმის თქმას, რომ სექსუალური აქტის მართებული ფორმა განსაზღვრავს ქორწინების საკრამენტალურობას. მაშინაც კი როდესაც სექსუალური ცხოვრება ფეტიშიზმისა და ფანტაზიის არასწორ სტილს ავლენს, ქორწინების ასკეტურ ფორმას მისი ერთი ხელის მოსმით გამოსწორება და გაქრობა არ ძალუძს. ის უფრო მეტად ამგვარ ურთიერთობას სიწმინდისაკენ აღძრავს. მარამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქორწინება სიყვარულის სწავლის ასკეტურ სახეს იღებს, ანუ სწავლობს განღმრთობას.
მე ვდილობ ქრისტიანობის ხანგრძლივ ტრადიციაში ფესვგადგმული შეხედულების განახლებას, რომლის მიხედვითაც სექსუალური ლტოლვა ნაკიერებად ხოლო ქორწინება კურნების მეთოდადაა აღქმული. სექსუალური კავშირის მქონე წყვილის სიყვარულში ზრდა რთულად წარმოსადგენია, როდესაც სექსუალური აღტკინებით გამოწვეული ინტიმური ფანტაზია და სექსუალური ქცევა ბიწიერებადაა შერაცხილი. ქორწინების მაკურნებელი ხასიათი ჩემის აზრით ორი მომდევნო ფაქტის კონსტატაციას ახდენს: ა) ძალიან ცოტას თუ ძალუძს ცელიბატური წესით ცხოვრება და ბ) ქორწინებითი კავშირი არის ის გარემო, სადაც პიროვნების პოტენციურად დესტრუქციული სექსუალური ლტოლვა ასკეტიზმის საშუალებად გადაიქცევა საკრამენტად, ასწორებს და აღაშენებს როგორც სულიერ ასევე მთლიანად ადამიანურ მდგომარეობას და წყვილს ღმერთში მყოფობის საშუალებას აძლევს.
იძულებით ცელიბატობა სინამდვილეში რეპრესიული ფორმით სექსუალური ლტოლვის არასწორ პოტენციას უხსნის გზას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებითი ცელიბატობა უღმერთოდ ცხოვრების ფორმაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის პიროვნებაში შიშს, სიბრაზესა და სიძულვილს იწვევს. ამ შემთხვევაში, როგორც ქორწინება, ასევე ხანგრძლივი და ერთგული თანაცხოვრებითი კავშირი ავლენს პოტენციალს, რათა სექსუალური ლტოლვა და სიახლოვე ასკეტური წესით სიწმინდისაკენ მიმართოს. ქრისტიანული ტრადიცია, რომლისთვისაც განღმრთობა როგორც მამოძრავებელი ძალა, ასევე საბოლოო მიზანია, ადამიანის მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტთა გათვალისწინებით ასკვნის, რომ სექსუალურ ლტოლვაზე საუბრი არ შეიძლება მხოლოდ მასთან „ბრძოლით და თავშეკავებით“ შემოიფარგლოს, რადგან ამგვარი დისკურსი არც ასკეტიკის ნაყოფია და არც სულისთვისაა სასარგებლო. სექსუალური ლტოლვა ასკეტური „ბრძოლისას“ არსად არ ქრება, პირიქით, ამ ბრძოლამ შესაძლოა მისი ინტენსივობა სულაც გაზარდოს.
წმ. პავლე მოციქული ბრწყინვალედ შენიშნავს, რომ არარეალისტურია იმის მოაზრება, თითქოს ერთს ამგვარი სექსუალური ლტოლვის მარტივად უარყოფა და მოშორება შეეძლოს; სულიერი ცხოვრებისათვის ბევრად სარგებლის მომტანია სექსუალური ლტოლვისათვის გამოხატვის საშუალების მინიჭება, ვიდრე ვნებით „განხურვება“ (1 კორ. 7:9). ქორწინებაც და ხანგრძლივი და ერთგული თანაცხოვრებითი კავშირიც, რომელთა მიზანი სათნოებათა საშუალებით ღმერთში მყოფობაა, საბოლოოდ ადამიანურ მდგომარეობას გარდაქმნიან იმგვარად, რომ ერთმანეთის აღაპეს სიყვარულით შეყვარებას, ღმერთისათვის კი ეროსულ სიყვარულში გაზრდას შევძლებთ.
[1] Alexander Schmemann, The Eucharist: sacrament of the Kingdom(Crestwood, NY: SVS Press, 2003), 217.
[2] Dorotheos of Gaza, Discourses and Sayings, trans. Eric Wheeler (Kalamazoo: Cistercian Publications, 1977), 203.
[3] Maximus the Confessor, „Commentary on the Our father,“ in Maximus Confessor. Selected Writings, trans. George C. Berthold (New York: Paulist Press, 1985), 101.
[4] Maximus the Confessor, „The Four Hundred Chapters on Love“ 1.29, in Selected Writings, 38, Translation modified.
[5] Maximus the Confessor, „The Four Hundred Chapters on Love“ 1.15, in Selected Writings, 37, Translation modified.
[6] See Margaret Farley, Just Love: A Framework for Christian Sexual Ethics(NY:Continuum, 2006)
წყარო: https://www.wheeljournal.com
ავტორი- არისტოტელე პაპანიკოლაუ. მართლმადიდებელი თეოლოგი. ფორდჰემის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნებისა: Orthodox Constructions of the West, The Mystical as Political: Democracy and Non-Radical Orthodoxy, and Being with God: Trinity, Apophaticism, and Divine-Human Communion.
თარგმნა აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხეილ ნებიერიძემ
იხილეთ ასევე:
სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I
სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II
სექსუალური ურთიერთობა მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ
სექსუალური ეთიკა
ავგუსტინესთან