მიტროპოლიტ გრიგოლის საკვირაო ქადაგება (24.06.2018.)

 

  სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმრთის მადლი, წყალობა, კურთხევა არ მოგკლებოდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს, მთელს მსოფლიოს, რადგან ღმერთის გარეშე სამყაროს სულიერი გამყინვარება მოიცავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც სულიწმიდა აღავსებს და ათბობს სამყაროს, ადამიანთა საზოგადოებას, როგორ დაუმძიმდება ხოლმე ადამიანს ცხოვრება; ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფალთან ვიყოთ და უფალი ჩვენთან იყოს. ადამიანის აზროვნებას განსხვავებული სიღრმეები აქვს; არ შეიძლება ჩვენ მაინცდამაინც მატერიალიზება მოვახდინოთ ჩვენი რწმენისა, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ უფალთან ჩვენი სიახლოვის ხარისხი. როდესაც ვამბობთ, რომ „უფალთან ახლოს ვართ“, ან „უფალთან შორს ვართ“, ეს არ ნიშნავს ფიზიკურ განზომილებაში ახლოს და შორს ყოფნას. ადამიანი შეიძლება ღვთის ტაძარშიც იყოს, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე წმიდა ხატებს ეამბორებოდეს და ამავდროულად ღმერთისგან შორს იყოს. ღმერთი სულია და სულს სულით უნდა გრძნობდე. სამარიტელ დედაკაცთან საუბარში სწორედ ამას აღნიშნავს იესო ქრისტე: ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (ინ. 4,24).

ფრიად საგულისხმოა დღეს წაკითხული სახარება, რომელიც ჩვენი გონების თვალს მიაპყრობს ასისთავს, რომელიც თხოვნით მიმართავს უფალს, რათა განკურნოს მან მისი მსახური. ასისთავი რომის მოქალაქეა, რაც მნიშვნელოვან სტატუსს წარმოადგენდა იმჟამად. იმავდროულად მისი სოციალური მდგომარეობაც გამორჩეული და აღმატებულია თვით სხვა მოქალაქეთა შორის; იგი არ არის ისრაიტელი, ანუ იმ ერის წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჭეშმარიტებას ფლობს, ის წარმართია! ...და ეს ადამიანი, მოდის რა იესოსთან, ეუბნება, „უფალო, სახლში მსახური მიწევს, დამბლადაცემული, და სასტიკად იტანჯება“; იესო ეუბნება, „მე მოვალ და განვკურნავ მას“; ასისთავი კი მიუგებს: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური...“. გააკვირვა იესო ქრისტე ამ ნათქვამმა და თანმხლებ ადამიანებს ეუბნება - ასეთი რწმენა მე თვით ისრაელშიც კი არ მინახავსო (მთ. 8, 7-11). ისრაელი არის ღვთის ერი, ასეთად იწოდებოდა ებრაელი ერი; ამ ერში განკაცდა თვით იესო ქრისტე, და თვით ისრაელშიც არ მინახავსო ასეთი რწმენა, ბრძანებს იესო; ...და ეტყვის, წადი და გეყოს შენ სარწმუნოებისამებერ შენისა, ანუ როგორც ირწმუნე ისე მოგეცემა. ...და ასისთავის მსახური მეყვსეულად განიკურნა. ხედავთ რა შეუძლია რწმენას?!

ცოცხალი რწმენა არა ფორმაში, არამედ შინაარსშია. წმიდა წერილიდან მოვიხმობთ კვლავ მაცხოვრის სიტყვებს და გაგახსენებთ: „ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს (იგულისხმება საშინელი სამსჯავრო მეორედ მოსვლისას რომ იქნება): უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.

ასე რომ, ღმერთი არც ახლო არის და არც - შორს; ღმერთი შენს რწმენაში და საქმეებში უნდა მჟღავნდებოდეს.

ღმერთი განმსჭვალავს მთელს სამყაროს, ხილულს და უხილავს, და ყოველივეს - ის ყველგან არის, ცათა სასუფეველშიც და ჯოჯოხეთშიც; ერთი სიტყვით, შეიძლება ყველგან იყოს და შენს გულში არ იყოს! დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს თავისუფალ არჩევანზე დიდად არის დამოკიდებული ღმერთთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ხარისხი. ამ ურთიერთობისთვის თავისი ნება ღმერთმა გამოხატა და კიდეც დაადასტურა უკვე მაშინ, როდესაც შექმნა ადამიანი, დალოცა და აკურთხა: „აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა (შესაქმე, 1, 27-28). ახლა შენ გაეცი პასუხი, თუ რა გინდა, რა არის შენი მიზანი და რას აკეთებ ამ მიზნის მისაღწევად.

ქრისტიანის მიზანი სულის ცხონებაა. სულის ცხონების აუცილებელი საშუალება კი არის მადლი სულისა წმიდისა. ესე იგი ცხონების მოსაპოვებლად უმთავრესია სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, ანუ შენი ყველა ქმედება უნდა ემსახურებოდეს ამას. ამას უნდა ემსახურებოდე ყოველდღიურად, აზრით, გონებით. ამას უნდა ემსახურებოდეს თქვენი მოსვლა ტაძარში და აქედან გასულებმა უნდა იფიქროთ, რა და როგორ გააკეთოთ. კაცი კაცს რომ შეხვდები, გაუღიმე, შენ თუ გაბრაზებული ხარ, შენ თუ დამძიმებული ხარ, ნუ დაამძიმებ სხვასაც; იფიქრე, ეს მაინც ხომ შემიძლია, ეს ხომ ჩემზეა დამოკიდებული. შენ რომ სამყაროს გაუღიმებ, პირველ რიგში, შენი გული გათბება და თითოეული ადამიანისგან წამოსული კეთილი ინიციატივა სამყაროს ათბობს, იცავს გამყინვარებისაგან, მშვენიერებას ანიჭებს მას, კარგად გვახსოვდეს ეს. ამის გარეშე ჩვენი მარხვაც კი გაუფასურებული იქნება, რადგან მარხვის მიზანიც ის არის, რომ გაგწვრთნას, რომ შენ იმეცადინო ღვთისმსახურებაში, ამეცადინო შენი სხეული, შენი პიროვნება; შენი შინაგანი სამყარო იმ გარემოსთან შესაბამისობაში მოიყვანო, რასაც ღვთის სასუფეველი ჰქვია. არის ცათა სასუფეველი, მაგრამ არის ღვთის სასუფეველი; ღვთის სასუფეველია მთელი სამყარო, და ასევე თითოეულ ადამიანშიც, როგორც მოაზროვნე და უნიკალური უნარებით დაჯილდოვებულ არსებაში, უნდა იყოს ადგილი, სადაც უფალი დაიმკვიდრებს, აღავსებს.

ჩვენ ღმერთზე არა მხოლოდ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ღმერთში და ღმერთით უნდა ვიცხოვროთ. აი ეს არის ცოცხალი ქრისტიანობა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც აქვე, წუთისოფელში, მის ორომტრიალში, განსაკუთრებულ გარემოს წარმოშობს შენს გულში და ღვთის სასუფეველად აქცევს მას; ამ გზას მიჰყავს ადამიანი ზეციური სასუფევლისკენ. 

გილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირის მადლი შეგეწიოთ. დღეს არის მოციქულების, ბართლომეს და ბარნაბას ხსენება. გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს ამ დღესასწაულს.

ანგელოზის დღე მივულოცოთ მის ყოვლადუწმინდესობას, მთავარეპისკოპოსს კონსტანტინეპოლის, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი მოღვაწეობა ქრისტიანობის გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად.

ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩვენი ყოველი მსახურება, თითოეული თქვენგანში, თითოეულ ჩვენგანში იყოს იმ საოცარი სიფხიზლის, სიყვარულისა და სიხარულის შემომტანი, რაც ძალიან გვჭირდება ამ რთულ დროში. ყველა დროს თავისებური სირთულე ახლავს, მაგრამ აწმყო ყოველთვის არის აღბეჭდილი განსაკუთრებული თავისებურებით, რადგან შენ ცხოვრობ აწმყოში, შენ უშუალოდ გრძნობ მას, უშუალოდ აღიქვამ შენ ცნობიერში, შენს ფიზიკურ ცხოვრებაზე ყველა იმ სირთულეს, რომელიც წუთისოფელს ახასიათებს.

დღეს ასევე არის დღესასწაული „ღირს არსის“ ხატისა, რომელიც დაბრძანებულია ათონის წმიდა მთაზე, კარიასში, სადაც არის ათონის ცენტრი. ამ ხატთან არის დაკავშირებული „ღირს არსის“ სახელით ცნობილი საგალობლის ისტორია. ამ ისტორიის თანახმად, წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელმა კარიასის მახლობლად არსებულ სენაკში მცხოვრებ მორჩილს გამოუცხადა, თუ როგორ უგალობენ ანგელოზები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ცათა შინა. თქვენ იცით ეს გალობა, თუმცა ამ სასწაულებრივ გაცხადებამდე იგალობებოდა მხოლოდ მისი მეორე ნაწილი (უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...). გილოცავთ ამ დღესასწაულს და მოდით ყველამ ერთად ვიგალობოთ „ღირს არსი“ (მრევლი გალობს):

 „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ!“

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის, იმ დიდი წყალობისთვის, რომელიც უხვად გარდამოდის ჩვენზე, ხოლო ჩვენ შეგვძლებოდეს ამ მადლის მიღება და მისი გაფრთხილება.

ღმერთმა დაგლოცოთ! კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

P.S. (ქადაგების შემდგომ)!

ხუთშაბათს წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ამ სხდომას წინ უძღოდა განსაკუთრებული მოლოდინი, ხოლო შემდეგ მედიის საშულებით ისეთი შეფასებები გაკეთდა, რაც არასწორად წარმოაჩენდა წმიდა სინოდის სხდომის შედეგებს და რიგი საკითხების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. გაკეთდა მთელი რიგი არასწორი შეფასებებისა.

ახლა არც იმის დრო და ადგილია, რომ ხსენებულ თემაზე ვისაუბროთ; მაგრამ ჩვენ გვექნება საშუალება ხვალ, ორშაბათს, ეპარქიის სამღვდელოებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გავმართოთ, ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რაც სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.

საერთოდ, ადამიანები, რომლებიც ყურმოკრულის დონეზე ფლობენ ინფორმაციას და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს, ამაზე მსჯელობენ, კამათობენ, ნებსით თუ უნებლიედ არასწორ წარმოდგენებს ქმნიან არსებული სინამდვილის შესახებ. კრების შემდეგ ჩვენს სამღვდელოებას ექნება საშუალება, რომ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია მოგაწოდოთ სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ.

ერთი რამ კი ჩვენთვის სავსებით ცხადი შეიქნა. იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა აცილებული იქნას თავიდან, ჩვენ პირადად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მართებულად და ადეკვატურად გაშუქების მოტივით ვისარგებლებთ პირდაპირი სატელევიზიო ეთერით.

და კიდევ:

ქრისტიანობამ, თვით მაცხოვარმა, და შემდეგ მისმა მიმდევრებმა უდიდესი შეურაცხყოფისა და უარყოფის გზა განვლეს წუთისოფელში, მაგრამ სწორედ რომ განვლეს; და მაინც ყველგან და ყოველთვის ამოწმებდნენ ჭეშმარიტების შესახებ. მათ რომ „შეურაცხყოფილებს“, „დამცირებულებს“, „დაჩაგრულებს“ თვითიზოლაციის გზა აერჩიათ, ქრისტიანობა (უკეთეს შემთხვევაში) მცირერიცხოვანი სექტის მდგომარეობაში იქნებოდა! ქრისტიანობის ხელში ყველაზე ძლიერი იარაღი სიტყვაა და ეს სიტყვა უნდა მივაწვდინოთ ყველგან, ყოველთვის, ყველა საშუალებით.

არ მოვერიდოთ, არ გავბრაზდეთ, არ გავიბუტოთ, არ დავიმალოთ, არამედ ყოველთვის ყველგან და ყველა საშუალება გამოვიყენოთ ღვთის სიტყვის დასამოწმებლად და სამშობლოს ინტერესების დასაცავად!

ერთი რამ გახსოვდეთ! ნურავინ ელოდება ეკლესიაში რევოლუციას - ეს აბსოლუტურად სხვა სივრცეა, სხვა გარემოა. დიახ, ცვლილებებს ველოდებით, ცვლილებები აუცილებელია, ცვლილებები გარდაუვალია; ცხოვრება დინამიკაშია, მოძრაობაშია, ერთ თაობას მეორე თაობა ცვლის, ერთ კანონს მეორე კანონი ცვლის, იცვლება ცალკეულ ადამიანთა განწყობები და დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ. ასეა ეს! ყოველ დღეს თავისი  პასუხი სჭირდება და ჩვენ ვეცდებით სათქმელი ვთქვათ და საკეთებელი ვაკეთოთ. რამდენადაც ეკლესია ღმრთივსულიერი ერთობაა, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ და ვეცდებით კიდევაც, რომ საკამათო საკითხებში, თუნდაც ძალიან მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებშიც კი ჩვენს სულიერ შვილებს მაგალითი მივცეთ იმისა, თუ როგორ ვიმსჯელოთ, თუნდაც ვიკამათოთ ისე, რომ ყოველი სიტყვა და ყოველი ქმედება ჩვენი ორიენტირებული იყოს ჩვენი სულიერი ერთობის განმტკიცება-გაძლიერებაზე და არა დაყოფა-დანაწევრებაზე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც სხვა ალტერნატივა არსებობს!