მეუღლეობრივი კავშირის შესახებ სამარხო დადგენილება არ არსებობს!

 დიაკონი ანდრეი კურაევი [1]

    

ვრცელი სამოციქულო ციტატა: “ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1კორ. 7, 3-5). თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ თუკი ბერძნულ ორიგინალს ავიღებთ ხელში, მაშინ რუს მკითხველს რამოდენიმე აღმოჩენა ელოდება წინ (ქართველ მკითხველსაც. მთარგმნ.).  

   პირველი: „სათანადო კეთილგანწყობილება“ - ეს არ გახლავთ ისედაც ყველასათვის ცნობილი გამონათქვამის „მეუღლეობრივი ვალი (ვალდებულება)“ თარგმანის მცდელობა. ბუკვალურად: „დაე მიაგოს ქმარმა თავის ცოლს სათანადო“. ლათინურად იგი ზუსტად ასე ჟღერს: uxori (ცოლს) vir (ქმარი) debitum (სათანადო) reddat (მიგება). სწორედ აქედან წარმოიშვა ცნობილი იდიომა.

    მეორე: „ნუ განეშორებით ერთმანეთს, ურთიერთშეთანხმების გარეშე და ისიც დროებით, რათა მოიცალოთ ლოცვისთვის და მარხვისათვის“. (რუსულში, სიტყვა „მოცლის“ ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა „ვარჯიში“ - მთარგმნ.).  სიტყვა „მარხვა“ უძველეს ხელნაწერებში არ არსებობს. თანამედროვე ავტორიტეტი ტექსტოლოგ-ბიბლეისტი მეცჰერი ბრძანებს, რომ ეს დამატებულ იქნა ასკეტური მიზნებით [2]. “დამატება „მარხვისათვის“ ძალიან მცირე რაოდენობის ხელნაწერებში არსებობს“.[3] ახალი აღთქმის არც ლათინური და არც უძველესი სომხური ტექსტები ამ დამატებას არ ცნობენ.

    ჩანს, რომ ამ სამოციქულო ფრაზაში არსებული შეხსენება, მარხვის შესახებ, პატრისტიკულ ლიტერატურაში მხოლოდ ღირსი იოანე დამასკელის ეპოქიდან გვხვდება (Metzger, p. 488). ამასთან დაკავშირებით ღირს, რომ ყურადღება გავამახვილოთ სიტყვა „მარხვის“ არარსებობაზე, დიონისე ალექსანდრიელის კანონში („დაქორწინებულები თავად უნდა იყვნენ საკუთარი თავის მსაჯულები. რადგან მათ მოუსმინეს პავლეს, რომელიც წერს, რომ შესაფერისია, ერთმანეთისაგან განშორება ურთიერთ შეთანხმებით და დროებით, რათა მოიცალოთ ლოცვისათვის და შემდეგ ისევ ერთად უნდა იყოთ“) და ტიმოთე ალექსანდრიელის 13 კანონში (კითხვა: ქორწინებით ერთმანეთთან შეერთებულებმა, შვიდეულის რომელ დღეებში უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთთან კავშირისაგან და რომელ დღეებში აქვთ ამის გაკეთების უფლება? პასუხი: ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ მოციქული ბრძანებს: ნუ განეშორებით ერთმანეთს შეთანხმების გარეშე და ისიც დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის და შემდეგ კვლავ ერთად იყავით, რათა არ გამოგცადოთ სატანამ, თქვენი თავშეუკავებლობის გამო. თუმცა, აუცილებელია, რომ შაბათ-კვირას თავი შეიკავოთ, რადგან ამ დღეებში სულიერი მსხვერპლი იწირება ღმერთისადმი).

    მესამე: ტერმინი „ვარჯიში“ shole, ანუ „მოცლა“, თავისუფალ დროს სწავლა, ვარჯიში.

სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ უხაროდეთ: რუსული სიტყვა „სკოლა“ თავდაპირველად დასვენებას ნიშნავდა (ლათინურ თარგმანში ვკითხულობთ “vacetis” ამ სიტყვის ფესვში არ არის რთულად ამოსაცნობი სიტყვა „ვაკანსია“ – „თავისუფალი ადგილი“ და „არდადეგები“).

    ე.ი. პავლე მოციქულისათვის, სქესობრივი სიახლოვისაგან თავშეკავება, გახლავთ ერთმანეთისაგან დასვენების ფორმა. დასვენება-ლოცვა. სქესობრივი კავშირი- ვალდებულება...

     ღირს ასევე აღინიშნოს, რომ იუდაიზმში, ვინც რჯულში განისწავლება, მიუხედავად ცოლის სურვილისა, თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისაგან მთელი ერთი თვის განმავლობაში.[4]

    ამ ტრადიციასთან შედარებით, პავლე მოციქულმა შეარბილა რელიგიური შეზღუდვები, რომლებიც მეუღლეებს ეკისრებათ. თუმცა შემდგომმა საეკლესიო პრაქტიკამ კიდევ უფრო შეარბილა იუდაური შეზღუდვები...

    პოლემიკაში საინტერესო იქნებოდა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის გზავნილი წაგვეკითხა: „მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ: მიიღე მადლი, როგორც შეზღუდვა და  შესწირე სიწმიდის ძღვენი საკუთარი თავიდან დროებით, სანამ გრძელდება ლოცვისათვის დადგენილი დღეები, რომელნიც სამუშაო დღეებზე ღირსეულნი არიან და ისიც ურთიერთშეთანხმებით და თანხმობით (იხ. 1კორ. 7,5). რადგან კანონს კი არ ვადგენთ, არამედ რჩევას გაძლევთ და გვინდა რომ შენგან ავიღოთ რაღაც და ისიც შენთვის და თქვენი საერთო უსაფრთხოებისათვის“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).[5]

     ინტერესი დაკავშირებულია იმასთან, რომ პოლემიკაში ჩართულმა ადამიანმა არ დაიმძიმოს თავი იმ კითხვაზე ფიქრით, თუ ზუსტად რომელ მადლზე აქვს საუბარი გრიგოლ ღვთისმეტყველს. აქ ხომ ნათლობის მადლზეა საუბარი და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს სიტყვა (40-ე) გახლავთ რჩევა იმისათვის, რომ არ გადავდოთ ნათლობის მიღება. მაშასადამე ეს სიტყვა განკუთვნილია კათაკმეველისათვის და არა უკვე მონათლული ადამიანისათვის! ხოლო ნათლობამდე მარხვის დაცვა, სინამდვილეში ძველი საეკლესიო ტრადიციაა - „დადგენილი დღეები ლოცვისათვის“. II-IV საუკუნეში მოღვაწე მამებთან ზუსტად ასეთ დადგენილებას დიდი მარხვის დღეების შესახებ ვერ შევხვდებით. ეს გახლავთ ლოცვის დღეები, რომელნიც განისაზღვრა კათაკმეველებისათვის.

     საერთოდ საკვირველია იმ სტატიაში წმ. თეოფანეს მოხსენიება: „ამ ადგილის გაგებისათვის, მივმართავთ წმიდა მამებისეულ განმარტებებს. წარმოგიდგენთ თეოფანე დაყუდებულის განმარტებებს. მისი განმარტების მეთოდი განსაკუთრებულობით გამოირჩევა: იგი სრულად ეყრდნობა წარსულში მოღვაწე წმიდა მამებისეული ეგზეგეტიკის გამოცდილებას. მისი ეგზეგეტიკა გახლავთ შემაჯამებელი“.

    სწორედ ამაშია საქმე, რომ ამ ფრაზის წინ, რომელიც მოჰყავს წმიდა თეოფანეს ოქროპირის სიტყვიდან, არც ერთი სიტყვა არ გახლავთ მარხვის შესახებ! ისევე, როგორც სხვა ეგზეგეტ მამებთანაც, რომელნიც განმარტავენ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს, ვერ ვხვდებით მარხვის შესახებ საუბარს,  (იხ. „წმიდა მამების ბიბლიური კომენტარები“). წმ. თეოფანეს განმარტება ამ საკითხში, არ ეფუძნება წმიდა მამებისეულ გარდამოცემას.

    „კურთხევანში“ შესაძლოა შევხვდეთ მინაწერს- „თავი შევიკავოთ ცოლთან ურთიერთობისაგან მთელი მარხვის განმავლობაში. თუკი დიდი მარხვის დროს ცოლთან დაეცემა ვინმე, მთელი მარხვა უღირსდება“ (კურთხევანი. თ.26). მაგრამ ეს გახლავთ გვიანდელი და სუფთა რუსული დადგენილება, რომელიც მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ განაჩინა კიევის მესამე ნომოკანონის გამოცემაში. [6]

    შუა საუკუნეების რუსი კანონისტები მერყეობდნენ - ღირდა კი მრევლის დაქვემდებარება ასეთ შეზღუდვაზე: «А от жен не отлучайте по нуже, оже сами не изволят по свету подружий своих. А нам повелено есть тако, еже чистей недели и старстней и въсрсней до конча,о тех трех недель возхбраняйте. А се слышал же есмь, оже друзии попы глаголют детем своим: «оли се говенье не лежите с женамим, тьже дадим причастие», тъ того нетуть. А вы, попове будуче, одже въсхочете служити коли, то и на много дний отлучаетеся от попадий своих? И оли то попом будя, аже нъ простьчи, то любо будя, то любо си будут и в говении не ублюлися от женъ, дайтепритчащение: в своей бо жене нетут греха».[7]

   ცოტა მოგვიანებით, XII საუკუნის შუა წლებში, მონოზონი კვირიკე ეკითხება ნოვგოროდელ ეპისკოპოს ნიფონტს: „მე ვიკითხე, შეიძლება თუ არა, რომ ვაზიაროთ ადამიანი, რომელმაც თავი არ შეიკავა ცოლთან ურთიერთობისაგან დიდ მარხვაში. განრისხებული ეპისკოპოსი პასუხობს: „თქვენ რა ასწავლით, რომ მარხვაში თავი შეიკავონ? ცოდვაში ხართ თქვენ ამის გამო“[8] „მარხვაში კარგია, რომ ცოლისგან თავი შეიკავო, მაგრამ  ვისაც არ შეუძლია, მაშინ მარხვის პირველ და ბოლო კვირას შეიკავოს თავი“.[9]   სამების სახელობის მონასტრის XVI საუკუნის წეს-განგება:  „ცოლთან არ აქვთ სქესობრივი კავშირი ხორცის აღებიდან (ხორციელის კვირიდან) თომას კვირამდე. (სტატიის ავტორი ახსენებს ე.წ. სიხარულის დღესასწაულს „радуница“, რომელიც არ არსებობს ჩვენი ეკლესიის ტრადიციაში. ვახსენებ თომას კვირას, რადგან სწორედ ამ დღეს აღინიშნება ე.წ. სიხარულის დღესასწაული რუსეთში - მთარგმნელისაგან). (დამატებით აკრძალულია დაბანა მარხვის პირველი კვირიდან და შესაძლებელია ეს აკრძალვა გრძელდებოდა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის (ბზობის) დღესასწაულამდე).

   მაგრამ ავსტიელ გერბერშტეინთან გამართულ დიალოგში, ზემოთ ხსენებული კვირიკეს პოზიცია უკვე განსხვავებულია:- „შეიძლება მეუღლე ეზიაროს აღდგომის დღესასწაულის მახლობელ დღეებში? - დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი არ იწვა მეუღლესთან დიდ მარხვაში“.[10] თუმცა გერბერშტეინის გადმოცემა საკვირველი და არაკორექტულია. მაგ: ეპისკოპოს ნიფონტის პასუხი - „თუკი ვინმე დაუქორწინებელი იმრუშებს და მრუშობის შედეგად ბავშვი დაიბადება, ასეთი პიროვნების დიაკვნად კურთხევა შეიძლება? - საკვირველი საუბარი არის აქ მოცემული, თუკი ერთხელ ექნება ურთიერთობა და ამ ურთიერთობის შედეგად ბავშვი დაიბადება, მისი კურთხევა შეიძლება, ხოლო თუკი ათობით და უამრავჯერ ექნება ურთიერთობა -არა. გერბერშტეინი ასე გადმოსცემს: „სამღვდელო ხარისხში უნდა ავიყვანოთ თუ არა ის, რომელსაც ერთადერთხელ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ქალმა ბავშვი გააჩინა? - იშვიათად აჩენენ, პირველი ურთიერთობის შემდეგ; თუკი მას 10-ჯერ ექნება ურთიერთობა, მაშინ მისი კურთხევა არ შეიძლება“.[11] „თუკი ვინმეს თავისი მცირედმორწმუნეობის გამო, დიდ მარხვაშიც არ შეუძლია თავის ცოლთან ურთიერთობისაგან თავი შეიკავოს, დაე ეს მარხვის პირველ, ბზობის, ვნების და წმიდა კვირეებში გააკეთოს“ (სმირნოვი, გვ. 186)

   ხოლო XVII საუკუნის ერთ-ერთ კურთხევანში ეს წესი მხოლოდ კლიროსის წევრებს მიემართებათ: „მცნებები მღვდლებს, დიაკონებს და კლიროსის წევრებს... თუკი ვინმე დიდ მარხვაში თავშეუკავლობით დაწვება თავის ცოლთან, დაე... მარხვის პირველ კვირას, ჯვართ თაყვანისცემის, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის (ბზობის) და ვნების კვირეებში თავი შეიკავოს, ხოლო დანარჩენ დღეებში დაე მიუახლოვდნენ ცოლ-ქმარი ერთმანეთს... ხოლო პეტრე-პავლობის მარხვაში დაუბრკოლებლად იურთიერთობონ მეუღლეებთან გარდა ორშაბათისა, ოთხშაბათისა, პარასკევისა, შაბათისა, კვირისა და წმიდათა მოხსენიების დღეებში. ხოლო მარიამობის (მიძინების) მარხვაში, სიწმიდეში იყავით, ისევე როგორც დიდ მარხვაში“.[12]

   XVI საუკუნის ტექსტებში ნახსენებია: „წმიდა და დიდ მარხვაში სათნოა, რომ ახალგაზრდებმა თავი შეიკავონ ურთიერთობისაგან, ხოლო ვისაც არ ძალუძს, დაე მხოლოდ მარხვის პირველი და ვნების კვირა დაიცვან წმიდად“ (სმირნოვი, გვ. 119).

   1493 წლის სოლოვეცკის ნომოკანონი: „მარხვის პირველ კვირას, მწუხრის და ლიტურგიის შემდეგ, მორჩილებმა მიირთვან პური, კომბოსტო, ბოლოკი და ბარდა, ხოლო დასალევად ერთი ჭიქა ბურახი. მრავალია სასყიდელი ღმერთისაგან მათ მიმართ, ვინც არ დალევს და საკუთარ მეუღლეს არ გაეკარება მთელი მარხვის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას თევზი მიირთვით დღეში ორჯერ“ (სმირნოვი, გვ. 182). თუმცა, ვოლაკოლამსკის მონასტრის კრებული (ტიბიკონი) ცოლთან ურთიერთობასაც კრძალავს და თევზის ჭამასაც (გვ. 184).

    აღსანიშნავია, რომ ძველ რუსულ ეკლესიაში ცხადად იყო დამკვიდრებული ცრუ შეხედულება იმის შესახებ, რომ  მარხვის დროს ჩასახული ბავშვები წყეულები იქნებოდნენ.  (კვირიკეს გამოკითხვა და ეპისკოპოს ნიფონტის პასუხები. სმირნოვი. მასალები, გვ. 7; ამავე კანონში ნათქვამი იყო, რომ ახალდაქორწინებულთათვის ზიარების შემდეგ ღამეს, ნებადართული იყო სქესობრივი ურთიერთობა; წიგნები, რომელნიც დაწვას ექვემდებერაბიან, გახლავთ „худые номоканунцы“ რომლებიც აბსოლუტურად გაურკვეველ აკრძალვებს შეიცავენ - „ვინც ამბობს, რომ წვიმა მოდის“, 100 მეტანია გააკეთოს (იხ. სმირნოვი, მასალები 30 და 285 გვ).

   წმ. მამების გამონათქვამებიდან, შეგახსენებთ წმ. პაფნუნტის სიტყვას, რომელიც „კანონიერ ცოლთან ურთიერთობას, უბიწოებას უწოდებს“ (სოკრატე სქოლასტიკოსი - საეკლესიო ისტ. 1,11). და რა თქმა უნდა, ოქროპირის სიტყვას შეგახსენებთ - „დაე ნურავინ მეტყვის: მე არ შემიძლია გადარჩენა, თუკი უარს არ ვიტყვი ცოლისაგან. ქორწინება კი არ არის საძრახისი, არამედ მრუშობა - ბოროტება. მე ჩემი სიკვდილით თავდებში გიდგები შენ, შენს გადარჩენაში. ქორწინება არ წარმოადგენს დაბრკოლებას უმანკოებისათვის, არამედ ზღუდეს, მისი დაცვისათვის. ქალწულება იმდენად დიდი საქმეა, რომ ქრისტემ იგი კანონის რანგში არ აიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მის გამო თავის გაწირვის შესახებ და მტრების სიყვარულისათვის დააწესა კანონები. ღმერთს არსად არ დაუკანონებია დაუქორწინებლობა“[13]   

და ბოლოს, თანამედროვე საეკლესიო მასწავლებლების სიტყვა:

  „საპასუხისმგებლო ურთიერთობების რეალიზაციის ერთ-ერთ გზას, განსაზღვრული დროით, სქესობრივი ურთიერთობებისგან თავშეკავება წარმოადგენს. თუმცა, აუცილებელია რომ პავლე მოციქულის სიტყვა გვახსოვდეს, რომელიც ქრისტიანი მეუღლეებისადმი არის მიმართული: „ნუ განეშორებით ურთიერთს, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1კორ. 7, 3-5). ცხადია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მეუღლეებმა, მიმართავენ რა მოძღვრის რჩევას, ორმხრივი თანხმობით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს კი ევალება, რომ სამღვდელო წინდახედულობით მხედველობაში მიიღოს, მეუღლეების კონკრეტული ცხოვრების პირობები, მაგ: მათი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სულიერი სიმწიფის ხარისხი და უამრავი სხვა გარემოება. მან უნდა განარჩიოს ერთმანეთისაგან ისინი, რომელთაც ძალუძთ მაღალი მოთხოვნილებების „დატევა“, მათგან, რომელთაც ეს არ ძალუძთ“ (მთ. 19,11) და პირველ რიგში მან უნდა იზრუნოს ოჯახის შენარჩუნებაზე და სიმტკიცეზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, 1998 წლის 28 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, სულიერი მსახურების აღმასრულებელ მღვდლებს მიუთითა, რომ არ აიძულონ და არ დაიყოლიონ მრევლი, რომ მათ უარი თქვან მეუღლეობრივ კავშირზე, ამ უკანასკნელთა ნების საწინააღმდეგოდ. ასევე შეახსენა სასულიერო პირებს, რომ აუცილებლად გამოიჩინონ „განსაკუთრებული სიბრძნე და განსაკუთრებული სამწყემსო სიფრთხილე, როდესაც სამრევლო საკითხებს განიხილავენ, რომელი საკითხებიც მათი საოჯახო ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტებთან არიან დაკავშირებულნი“ (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები).

   თუკი დავეყრდნობით მოციქულთა მიერ რბილად და გარკვევით გადმოცემულ სიტყვებს, ასევე ფაქტს, რომ წმიდა მამათა ლიტერატურაში და ძველ კანონიკურ ნორმებში არ არსებობს აკრძალვა მარხვაში სქესობრივ კავშირზე და რომ გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, ამ საკითხის გარშემო დისკუსია საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, გამოსავალი და დასკვნა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი:

   თუკი მეუღლეებს სურთ თავშეკავება, ეს მათი გმირობაა (ხანდახან ეს შეიძლება არაგონივრული იყოს). მაგრამ თუკი ერთი მეუღლის ან უარეს შემთხვევაში ორივე მეუღლის სურვილი იქნება, რომ „სათანადო მიაგონ ერთურთს“ (სქესობრივი კავშირი ჰქონდეთ - მთარგმნელისაგან), მაშინ ეს არანაირად არ უნდა წარმაოდგენდეს მათთვის ეპიტიმიის დადების საბაბს.

   

წყარო: https://diak-kuraev.livejournal.com/14764.html

   სპეციალურად საიტისთვის თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 



[1] იხ. დევნასთან დაკავშირებით, რომელსაც ექვემდებარება მღვდელი დიმიტრი (პერშინი) მისი რეპლიკის გამო მინდა შეგახსენოთ: http://www.interfax-religion.ru/?act=news&div=29062  https://www.liveinternet.ru/users/dmpershin/post97519662/#comment511849146

[2] (იხ. Metzger B. A textual commentary on the greek New Testament. Stuttgart, 1994, p. 488).

[3] (ბიბლია. . 11, სანკტ პეტერბურგი, 1913, გვ. 48).

[4] (იხ. .. როჯერს უმცროსი. ახალი ლინგვისტური და ეგზეგეტიკური გასაღები ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტისათვის. სანკტ პეტერბურგი 2001, გვ. 576).

[5] http://www.pravoslavie.ru/answers/29725.htm

[6] (. პავლოვი - ნომოკანონი დიდ კურთხევანში. მოსლოვი, 1897, 166-167 გვ).

[7] (ნოვგოროდის მთავარეპისკოპოს - ილიას (იოანეს) სწავლება, 13 მარტი 1166 წელი. რუსული ისტორიული ბიბლიოთეკა . 6. ძველ რუსული კანონიკური სამართლის ძეგლები XI-XV საუკუნეები. სანკტ პეტერბურგი 1908. გვ. 365-366).

[8] (კვირიკეს გამოკითხვა, 57// . სმირნოვი. რუსი მოძღვარი. გამოძიება საეკლესიო ყოფაცხოვრების ისტორიიდან. . 1914, 113-114 გვ).

[9] (მიტროპოლიტ გიორგი რუსის და თეოდოსის წერილი // მასალა ძველ-რუსული სინანულის დისციპლინის ისტორიისათვის (ტექსტები და შენიშვნები) . სმირნოვი. მოძღვარი. გამოძიება საეკლესიო ყოფაცხოვრების ისტორიიდან. . 1914, გვ.40).

[10] (მიტროპოლიტ იოანე II -ის, ეპისკოპოს ნიფონტის პასუხები კვირიკესადმი, გერბერშტეინის გადმოცემაში // რუსული ისტორიული ბიბლიოთეკა. . 6. ძველ-რუსული კანონიკური სამართლის ძეგლები. (XI-XVსს). სანქტ პეტერბურგი, 1908, 396-397 გვ; თარგმანი: გერბერშტეინი, ჩანაწერები მოსკოვზე. მოსკოვი, 1988, გვ. 97.

[11] (იხ. სმირნოვი. მასალები გვ. 24 და გერბერშტეინი გვ.98).

[12] (სმირნოვი, გვ. 43; მაგრამ სხვა მოსახსენებელში იგივე განეკუთვნებათ ერის კაცებსაც - გვ. 67).

[13] (სიტყვა მარხვისა და ქალწულების შესახებ // .12; სანკტ-პეტერბურგი 1906, 509-510გვ).