სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და გალიის მიტროპოლიტ ემანუელის სიტყვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

ჩვენთან არს ღმერთი

 

ყველას მოგესალმებით და მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოსი, _ მიტროპოლიტი ემანუელი და მიტროპოლიტი ბართლომეოსი. ჩვენ გულითადად მივესალმებით მათ. მათ აქვთ სურვილი, ორიოდე სიტყვით მოგმართონ თქვენ.

 

მიტროპოლიტი ემანუელი

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მორწმუნე ქართველო ხალხო, უზომოდ მოხარულნი ვართ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომ მივიღეთ მონაწილეობა საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ ქრისტეს წმინდა სისხლა და ხორცს. გადმოგცემთ ძმურ სიყვარულს მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა და დედა ეკლესიისა, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. შეხვედრებზე ვისაუბრეთ და ახლაც გრძელდება ეს მსჯელობა. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩაერთეთ ჩვენთან თანამშრომლობაში ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოველთვის გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და მისი ყოვლადუწმინდესობა არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რომელშიც თქვენს ეკლესიას სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. ყოველთვის გწამდეთ და გჯეროდეთ, თქვენო უწმინდესობავ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელსაც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანამდგომი, თქვენს გვერდით დგას და იმავეს გააგრძელებს სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაში, რაც თქვენი ეკლესიისათვის არის აუცილებელი და საჭირო.

იმ დღიდან, რაც ბიზანტია, როგორც იმპერია, არსებობდა, იყო ძმური სიყვარული ამ ორ ქვეყანას შორის, _ საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის; ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი, რომ აუცილებლად გაგრძელდება და უფრო და უფრო გაღრმავდება; სხვა აზრი არ არსებობს, უნდა გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობა და სხვა ფაზაში უნდა გადავიდეს, უფრო უკეთესში, ვიდრე დღემდე იყო.

გისურვებთ მრავალჟამიერ და დიდხანს სიცოცხლეს; მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი, რომელიც არის ბურჯი ამ რეგიონში მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისა.

 

სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა  წმინდა წირვა ამ წმინდა სამების ტაძარში, სადაც ჩვენ მოვიხსენეთ ყველა პატრიარქი და მამამთავარი. ჩვენ გულითადად მოგესალმებით და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა თქვენდამი, მოგართმევთ წმინდა ხატს, რომლის დედანიც ჩემი დაწერილია.

 

ჩვენთან არს ღმერთი.

წყარო: http://patriarchate.ge