შინაარსი
1-შესავალი
2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია
3-იესოს გვემა
4-ჯვარცმა
5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ
6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ
7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ
8-წარწერა ჯვარზე
9-ძმრის მიწოდება იესოსთვის
10-იესოსადმი , შუბის ძგერება
11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები
ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;
12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი
13- გამოყენებული ლიტერატურა
შესავალი
იესო ქრისტეს აღსასრული მრავალი ასპექტითაა მნიშვნელოვანი. წინამდებარე თემაში შევეცდებით მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ საკითხის ირგვლივ არსებულ საღთისმეტყველო კვლევებს და განვიხილოთ იგი სამედიცინო, ისტორიული, არქეოლოგიური, თუ სხვა საინტერესო კუთხით
2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია
საუბარს გოლგოთის მთის ლოკალიზებით დავიწყებთ, გავიხსენოთ რას გადმოგვცემს მახარებელი: ,,და განვიდა ადგილსა მას , რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა და მუნ ჯუარს აცუეს იგი.‘’ (ინ.19.17-18) აი რას წერს ეფრემ ასური, როდესაც ადამის დამარხვის შესახებ მსჯელობს: ,,და აღმოიღეს გუამი მისი (ადამისი – გ.ლ.) თავსა მის მთისასა და დამარხეს ქუაბსა მას მრჩობლსა საგანძურსა.‘’ [1] გავაგრძელოთ განხილვა: ,,და ვითარცა დადვეს მას ზედა გუამი ადამისი, განითვისნეს და განიყუნეს ურთიერთას ოთხნი იგი კიდენი , რომელ შედგომილ იყვნეს. და განეღო ქუეყანაი შუაგულსა ქუეყანისასა. და ვითარცა შთადვეს გუამი ადამისი სემ და მელქისედეკ. დაეხშა კარი ქუეყანისა, და შემოკრბეს კუალად ოთხნი იგი კიდენი, რომელ განყოფილ იყვნეს, და შეიძერწნეს ურთიერთას, ვითარცა პირველ იყვნეს. და უწოდეს სახელი მისი ,,თხემისა ადგილი’’ , რამეთუ თავი ყოვლისა ერისა არს ადგილი იგი. და ჰრქვიან გოლგოთა ამისთვის, რამეთუ ყოვლისა დაბადებულისა შესაკრებელ არს და წოდებულ არს ადგილსა მას ადრიფ , რამეთუ მუნ შემუსრა უფალმან თავი გუელისა მის ბოროტისა და ასპიტისა. და შემდგომად ამის ყოვლისა ამცნო სემ მელქისედეკს და ჰრქუა <ჯედ შენ აქა და იყავ წინაშე მისსა.> ‘’ [2] იმავე წყაროს მიხედვით ვნახოთ თუ რა ინფორმაცია გვაქვს აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლშეწირვაზე: ,,და ვითარცა იქმნა ისაკ ათორმეტისა წლისა, წარიყვანა მამამან ისმან და აღიყვანა მთასა მას იებოსსა, მელქისედეკისა. რომელ არს მთა ეფრინი და მას ადგილსა დაენერგა ჯუარი ქრისტესი. რამეთუ იყო ხე , რომელსა დამოეკიდა ვერძი იგი , რომლისა მიერ განერა ისაკი დაკვლისაგან. ესე ადგილი არს საშუალ გულსა ქუეყანისასა. და საფლავი ადამისი მუნ არს და მას ზედა საკურთხეველი მელქისედეკისი. და ჰრქვიან გოლგოთა, რომელ ითარგმანების ,,თხემის ადგილი.’’ [3]
გავიხსენოთ დავით მეფის ეპიზოდი, როდესაც მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა: ,,და მუნ იხილა დავით ანგელოზი მდგომარე, რომელსა აქუნდა ქრმალი ცეცხლისა.‘’ [4] ერთგვარად შევაჯამებთ და ვიტყვით, რომ დასახელებული სირიული წყაროს მიხედვით (განძთა ქვაბი), უფლის ჯვარცმის ადგილი მდებარეობს იქ, სადაც დაკრძალეს ადამი, მღვდლობდა მელქისედეკი, მსხვერპლს სწირავდა აბრაამი და ანგელოზს ჭვრეტდა დავით მეფსალმუნე. გოლგოთის მთის ლოკალიზების შემდეგ, ქრისტეს ჯვრის თაობაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ე.წ. ,,ბროკჰაუზის’’ ენციკლოპედიის მიხედვით: ,,დიდი ხანია რაც არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ქრისტეს ჯვარი შედგენილი იყო სხვადასხვა ხეებიდან. გრძივი ნაწილი იყო კვიპაროსის, ხოლო რომელიც მას განივად კვეთდა– ფინიკის. ფეხები, რომელზეც ელაგა (იხ. ქვეთავი ,,კადონი’’ წინამდებარე ნაშრომში . გ.ლ.) იყო კედრის, ხოლო რომელზეც წარწერა იყო გაკეთებული (იხ. ქვეთავი ,,წარწერა ჯვარზე’’ წინამდებარე ნაშრომში. გ.ლ.) დამზადებული იყო ზეთისხილის ხისგან.‘’ [5] საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებულ მოსაზრებას საეკლესიო წყაროებშიც აქვს დასაყრდენი და მომდინარეობს აპოკრიფული თხრობიდან, მის მიხედვით აბრაამმა მისცა ლოტს სამი სახეობის ხე, რომლებიც დარგო და რწყავდა. გარკვეული დროის მანძილზე სამივე ხე შეერთდა, შემდეგ მოჭრეს და ხიდადაც ხმარობდნენ, ბოლოს კი მასზე გააკრეს იესო. მეოთხე საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინეს დედამ– ელენე დედოფალმა იპოვა ის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გაეკრა.
ჯვარცმის თარიღის განხილვას საიმონ სებაგ მონტეფიორეთი დავიწყებთ: ,,სავარაუდოდ, ეს ( ჯვარცმა გ.ლ.) მოხდა ნისანის თვის 14-ში, ანუ 33 წლის 3 აპრილს, პარასკევ დილას.‘’ [6] ჯვარცმის თარიღის შესახებ ბევრი მოსაზრება თუ კვლევა ჩატარებულა. გამოვყოფთ ერთ, რომელიც ეთანხმება ზემოთმოყვანილ მოსაზრებას, ემპირიულად განამტკიცებს მას და განსხვავებული კუთხით ასაბუთებს მოვლენას. ბიბლიური არქეოლოგიის მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა მათეს სახარების 27-ე თავში გადმოცემული მოვლენა: ,,და ქუეყანა შეიძრა და კლდენი განსქდეს.’’ (მთ.27.51) ცდით დაესაბუთებინა. ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ ისინი: ,,ჩვენ გავემგზავრეთ მკვდარი ზღვის პალეოსეისმოლოგებთან და დავათარიღეთ მიწისძვრა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ვნახეთ ნალექებში. შემდგომ ვისარგებლეთ ჰამფრეის და ველინგტონის ნააზრევით და შევადარეთ მიწისძვრის ჩვენს მიერ დასახელებულ თარიღს.‘’ [7] მკვდარ ზღვაში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ 26-36 წლებში, ხსენებულ ტერიტორიაზე მოხდა იმ მასშტაბის ორი მიწისძვრა, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს სახარებაში აღწერილ სიუჟეტს.
3-იესოს გვემა
მათესა და მარკოზის სახარებებში ვკითხულობთ, რომ ლერწმით სცემდნენ იესოს , ხოლო იოანეს სახარებაში კი წერია: ,,სცემდეს ყურიმალსა .‘’ (ინ.19.3) დაკონკრეტებული არაა თუ რომელი იარაღით გვემეს იესო. სახარბებეში არსებული ,,განსხვავებების’’ შესახებ თემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, იქამდე კი საკითხს დავუბრუნდეთ. ტურინის სუდარის მკვლევრები ერთხმად აცხადებენ, რომ მასში გახვეული პიროვნების (ე.ი. ქრისტეს) სხეულზე მიყენებული იარები, გამოწვეული იყო მათრახით: ,,ამგვარი ნაკვალევი შეეძლო დაეტოვებინა რომაულ მათრახს, რომელსაც ,,ფლაგრუმს’’ უწოდებდნენ და ენაზე ტყვიის ან ძვლის ნაჭრები ება,, სუდარაზე გამოსახულ პიროვნებას სასტიკად და დამამცირებლად მოპყრობიან. ‘’[8] ოდნავ განვავრცოთ საუბარი თავად ,,ფლაგრუმის’’ შესახებ, ,,ზოგადად, მიჩნეულია, რომ აღნიშნული ქმედება ხორციელდებოდა ღვედის მათრახებით, რომელიც ან ხარის ძარღვებისგან, ან ტყვიისგან იყო გაკეთებული. მათრახის ტარი კი უმეტესად თელის ხისგან მზადდებოდა. მის ღვედებს ჰქონდა ტყვიის ან ძვლის ორი პატარა ბურთულა, რომლებიც უფრო მეტად ამძიმებდნენ დამნაშავის მდგომარეობას. ტყვიის მძივები ქმნიდნენ დიდ ნაიარევებს, რომლებიც სწრაფად გადაიქცეოდნენ ხოლმე ჭრილობებად. მალე გადმოდინებას იწყებდა უწყვეტი სისხლიანი მასა, რომელსაც თან მოჰყვებოდა ტყავის გრძელი ზოლები. სუდარაზე ჩატარებული კვლევები იმასაც მიუთითებენ, რომ კონკრეტულად ის მათრახი, რომლითაც მასში გახვეული პიროვნება გაამათრახეს, იყო შვიდპირიანი და სპილენძის ბოლოებიანი.’’ [9] ძველებრაული კანონით, გაშოლტვის მაქსიმალური რაოდენობა იყო ორმოცი . ფარისევლები ყოველთვის ასრულებდნენ კანონს, რის გამოც მსჯავრდებულს შოლტავდნენ ხოლმე 39-ჯერ, ისინი თავს იცავდნენ, რომ ჯალათის მიერ სათვალავის არევის შემთხვევაში სჯული ,,არ დაერღვიათ.’’ იესოს თავზე შეინიშნებოდა განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები, რის გამოც იესოს დაეწყო გაძლიერებული სისხლდენა. ჯარისკაცები იცინოდნენ მასზე და ურტყამდნენ სახეში, რის გამოც ჭრილობები ღრმავდებოდა. როდესაც საკმაოდ იჯერეს გული ჯარისკაცებმა საკუთარი სურვილების ასრულებით, მეწამული (ალისფერი) ქლამინდით შემოსეს იესო, ზურგში კი ჯოხს ურტყამდნენ, რაც ხელახალ სისხლდენებს იწვევდა .
4-ჯვარცმა
იოსებ ფლავიუსიც კი მიიჩნევდა რომ ჯვარცმა, ყველაზე მძიმე სიკვდილი იყო და ბრალდებულის საჯაროდ დამცირებას ისახავდა მიზნად. ამის საილუსტრაციოდ , რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ: ,,ძვ.წ. 74 წელს, ახალგაზრდა იულიუს კეისარი მეკობრეებმა შეიპყრეს. გამოსყიდვის და გათავისუფლების შემდეგ, იულიუს კეისარი მეკობრეების შესაპყრობად და ჯვარზე გასაკვრელად დაბრუნდა, მაგრამ ტყვეობაში თავაზიანი მოპყრობის გამო მან ჰუმანურობა გამოიჩინა და ჯვარცმამდე მეკობრეებს ყელი გამოჭრა. ჯვარცმა აღმოსავლური სასჯელია (დარიოს დიდი , ბაბილონელ მეამბოხეებს აკრავდა ჯვარზე ), რომელიც ბერძნებმა გადმოიღეს. როგორც ვნახეთ, ალექსანდრე დიდი ტვიროსელებს აკრავდა ჯვარზე, ანტიოქე ეპიფანე და იუდეველი მეფე ალექსანდრე იანაი– მეამბოხე იერუსალიმელებს , კართაგენელები – ურჩ გენერლებს . ძვ.წ. 71 წელს რომაელებმა სპარტაკის მეთაურობით აჯანყებული მონები მასობრივად ჯვარზე გააკრეს.‘ ’[10]დავუბრუნდეთ თავად ჯვარცმას: ,,და ერისაგანთა მათ შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. და მივიდოდიან მისა და ეტყვიედ მას: ,,გიხაროდენ მეუფე ჰურიათაოო!’’ (ინ.19.2-3) დროებით მოვშორდეთ სახარებას და სხვა მასალებს გადავხედოთ. აი, რას წერს მონტეფიორე: ,,როგორც წესი, სიკვდილმისჯილებს შიშვლად აკრავდნენ ჯვარზე: კაცებს პირაღმა, ქალებს პირდაღმა .’’[11] ახლა სხვა წყაროც ვნახოთ: ,,ძველი მწერალი წერს , რომ ჯვარცმამისჯილი ისე უნდა გაშიშვლებულიყო , როგორც აბანოში.‘’[12] სხვადასხვა ავტორები ერთმნიშვნელოვნად გვეუბნებიან, რომ ჯვარზე შიშვლად აკრავდნენ დამნაშავეს. სახარებისეული თხრობა კი გვაუწყებს, რომ იესო შემოსეს და საკმაოდ ,,ორგანიზებულადაც,’’ საინტერესოა თუ რა იყო ამის მიზეზი: ,,რომაულ ხანაში კამათლებით მოთამაშენი კოჭებს გადაადგილებდნენ იმის მიხედვით როგორ იცვლიდა კოჭი ადგილს დაფაზე. მას მეფურად მორთავდნენ , თავზე გვირგვინს დაადგამდნენ , ხელში კვერთხს დააჭერინებდნენ და ბოლოს , როცა მოთამაშე ფინიშს მიაღწევდა, მეფეო! დაიყვირებდა და მთელი ფსონი თვითონ მიჰქონდა. ეს ყველაფერი რომაელმა ჯარისკაცებმა სახარებათა თანახმად იმავე თანმიმდევრობით მოიმოქმედეს , მაგრამ არა კოჭის , არამედ იესო ქრისტეს მიმართ.’’ [13]
დამნაშავე გამათრახების ,,შემდეგ მიჰყავდათ ციხის კარებთან და მხრებზე ჰკიდებდნენ ჯვრის გადამკვეთ ხარიხას, რომელიც იწონიდა 34 დან 57 კგ.მდე, იგი მიჰქონდა დამნაშავეს სასჯელის აღსრულების ადგილამდე, რაც იწვევდა მისი მხრების , მაქსიმალურ გადაჭიმვას . გოლგოთამდე გზა 4 კილომეტრზე მეტი იყო . ბოლოს კი მდებარეობდა 600 მეტრის სიგრძის ციცაბო აღმართი. ამ გზის გავლა, ორგანიზმისთვის იყო სერიოზული დატვირთვა, რა დროსაც სისხლი აქტიურად მოძრაობდა ძარღვებში, ხოლო თრომბოციტების ნაჯერი ნორმა, ხელს უწყობდა თრომბის განვითარებას ნებისმიერ წამს''. [14]
რაც შეეხება თავად მიმსჭვალვას: ,,ჯალათები სიკვდილის გახანგრძლივების ან დასწრაფების ექსპერტები იყვნენ. რომაელებს, იესოს სწრაფად მოკვლა კი არ სურდათ, არამედ იმის ჩვენება, რომ რომაულ ძლიერებასთან დაპირისპირება ფუჭი იყო. სავარაუდოდ იესო ჯვარზე მკლავებგაშლილი გააკრეს, როგორც ეს ქრისტიანულ მხატვრობაშია ნაჩვენები.‘’[15] ვნახოთ სხვა წყაროც: ,,ორი ათასი წლის წინანდელ ჩონჩხზე თვალნათლვ ჩანს ლურსმნების კვალი, რომლებიც წინამხარზე, სხივისა და იდაყვის ძვლებს და ტერფის ძვლებს შორის იყო ჩაჭედილი. სიკვდილმისჯილი სხეულის სიმძიმეს რომ არ ჩამოეგდო, ჯვარზე სკამის მაგივრად, საყრდენი იყო გაკეთებული.‘’ [16]
5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ
აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ქრისტეს ლურსმნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა . ერთი მხრივ წმიდა საღვთისმეტყველო კუთხით, რომელშიც შეიძლება მიმოვიხილოთ აღმოსავლურ და დასავლურ საქრისტიანოს შესახებ არსებული დავები სამსჭვალთა რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი წმიდა ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მოვლენებზე დაყრდნობით. ამ ეტაპზე, სწორედ უკანასკნელზე გავამახვლებთ ყურადღებას. დავიწყოთ მონტეფიორეს აზრის განხილვით: ,,სიკვდილმისჯილებს ან აჭედებდნენ ან აბამდნენ. ამაში იმდენად დაოსტატებულნი იყვნენ, რომ სიკვდილმისჯილები სისხლისაგან იშვიათად იცლებოდნენ. ლურსმნებს მკლავებში ( არა ხელისგულებში) და წვივებში აჭედებდნენ. ჩრდილოეთ იერუსალიმში ჯვარცმული ებრაელის ძვლები აღმოაჩინეს. ათსანტიმეტრიანი რკინის ლურსმანი, ჯერაც კოჭის ჯვრიდან ამოზრდილიყო, ჯვარცმული სიკვდილმისჯილებიდან ამოღებულ ლურსმნებს ებრაელი და წარმართები, ავადმყოფობისგან თავდასაცავად იყენებდნენ.‘’ [17] იმ ფაქტს რომ, ლურსმნები ხელის გულებში კი არა, მტევნებში იყო მირჭობილი, ადასტურებს ტურინის სუდარაზე ჩატარებული კვლევაც: ,,სუდარაზე ლურსმანი ხელის მტევნებშია და არა გულებზე . ბერძნული სიტყვა ,,ხელი’’, ნების გარდა, მაჯასა და წინამხარსაც ნიშნავს … ერთ-ერთ აკლდამაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კაცის ძვლები, რომელსაც იოქანაანი ერქვა. ჯვარცმის წესისამებრ, წვივები დამტვრეული ჰქონდა და ლურსმანი ზეც ჯვრიდან შერჩენილი, ზეთისხილის ხის ნაფოტით, ქუსლის ძვალში ჰქონდა გაჩრილი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლურსმანმა რომელიც მარჯვენა მკლავში ჩაასვეს , დატოვა ადვილად გასარჩევი ნაკაწრი და ამოწმული ადგილი სხივის ძვლის შიდამხარეს, მაჯასთან ახლოს ‘’ [18]
რაც შეეხება სამსჭვალთა რაოდენობას: ,,კონფენსიათა შორის წარმოქმნილი ეს წინააღმდეგობა (სამსჭვალთა რაოდენობის შესახებ გ.ლ.) თავის ახსნას პოულობს XX ს-ის ავტორიტეტული ფრანგი ქირურგის პიერ ბარბეს ( Barbet) მიერ ჩატარებულ კვლევებში. ყურადღებით შეისწავლა რა საფარველი და მასზე აღბეჭდილი მაცხოვრის მარჯვენა და მარცხენა ტერფებს შორის არსებული სხვაობა, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარჯვენა ტერფმა მკაფიო კვალი დატოვა, ხოლო მარცხენის , მხოლოდ ქუსლი ჩანს. ვინაიდან, როდესაც ლურსმნები ამოიღეს და ნეშტი საფარველში გაახვიეს, ჭრილობიდან, მაღლიდან დაბლა გადმოჟონილმა სისხლმა, სწორედ მარცხენა ქუსლის ნაწილი დაასველა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე , პიერ ბარბე მივიდა იმ მნიშვნელოვან დასკვნამდე , რომ ჯვარცმული ფეხები ცალ-ცალკე იყო მიმსჭვალული . ამ ფორმით დასჯის ჩვეულება დაამტკიცა Givat ha-Mivtar (იერუსალიმის გარეუბანში) ჩატარებულმა არქეოლოგიური გათხრების შედეგებმაც.‘’ [19] ისიც მნიშვნელოვანია რომ გადმოცემის მიხედვით, ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსვენებულ ჯვარს, ლურსმნის ოთხი ნაკვალევი ჰქონდა.
6-ჯვრის საყრდენის – კადონის შესახებ
თუკი ჯვარცმის სცენის იკონოგრაფიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იესოს თეძოებთან და ფეხების საყრდენად აქვს მცირე ზომის სოლები, რომელსაც კადონს ვუწოდებთ. რამდენიმე სიტყვით მათაც შევეხოთ. ,,თეძოებს მცირე ზომის სოლი– Sedile უმაგრებდა, ხოლო ტერფებს– Suppedaneum– დირე. ამგვარ პოზაში სიკვდილმისჯილი არა მხოლოდ რამდენიმე საათს, რამდენიმე დღესაც კი გასტანდა ცოცხალი . ჯვარცმულის მოკვლის უსწრაფესი გზა , მისთვის წვივების დამტვრევა იყო . ამ დროს , სხეულის სიძმიმე მკლავებზე გადადიოდა და სიკვდილმისჯილი ათ წუთში, ჰაერის უკმარისობისგან იგუდებოდა.‘’ [20] როგორც უკვე გავეცანით, ბროუკჰაუზის ენციკლოპედიის მიხედვით კადონი დამზადებული იყო კედრის ჯიშის ხისგან. (იხ.ქვეთავში – ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია ).
რაც შეეხება საკითხის ისტორიას: ,,VI საუკუნემდე ჯვარზე დამაგრებული კადონის არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ხოლო უფრო გვიანდელი ავტორების მოწმობები მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავია. პირველად, ჯვარცმული ქრისტეს ფეხებისათვის განკუთვნილი კადონი მოიხსენიება ( წყაროს მითითების გარეშე) გრიგოლ ტურინელის მიერ , რომელიც VIII ს-ში ცხოვრობდა. თუმცა იგი ეწინააღმდეგება რა საკუთარ თავს გვამცნობს, რომ ქრისტეს ჯვარცმის ამსახველ უძველეს ნიმუშებზე, მაცხოვრის ფეხები კადონზე კი არ უდევს, არამედ დაკიდებულ მდგომარეობაში აქვს.‘’ [21]
7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ
მახარებელი გვაუწყებს: ,,და მუნ ჯუარს– აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ , და შორით იესუ.‘’ (ინ.19.18) მოციქული არ აკონკრეტებს მათ ვინაობას, აქედან გამომდინარე როდესაც ავაზაკების სახელთა თუ წარმომავლობის სესახებ ვმსჯელობთ აპოკრიფულ ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ. ამ საკითხზე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს, ნილოს მირონმდინარე: ,,ავაზაკი იგი (პირველი) იყო ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის მადლიანი რძით დაურწყებული, ხოლო მეორე კი, წარმოშობილი იყო იუდა ისკარიოტელის, გამცემის თესლისგან.‘’ [22] ამ სიტყვებს იგი ამბობს, ნაშრომის დასაწყისში. სიუჟეტის მიმდინარეობისას კი, სხვადასხვა მასალაზე დაყრდნობით განამტკიცებს მას. იგი გადმოგვცემს, რომ როდესაც მართალი იოსები და მარიამი ჰეროდესგან ივლტოდნენ, შეისვენეს სოფელ ექსანიონში (ბერძნ.უცხოდგამოჩინებული) სადაც იმყოფებოდა ყრმა, რომელსაც ძუძუ მოაწოვა ღვთისმშობელმა. შემდგომში კი ეს ყრმა გახდა მონანული ავაზაკი. რაც შეეხება მეორე ჯვარცმულს, როგორც აპოკრიფი გადმოგვცემს ერთ ცნობილ ოჯახში შვიდი თვის მანძილზე ყოფილა მოსამსახურედ იუდა ისკარიოტელი. როდესაც სახლის ბატონი მოგზაურობაში იმყოფებოდა იუდამ უკანონო კავშირი გააბა მის ცოლთან. ზემოთხსენებული შრომის მიხედვით სწორედ ამ უსჯულო ურთიერთობის შედეგად გაჩენილი ყრმა იყო ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც არ შეინანა.
რაც შეეხება ჯვარცმულთა სახელებს:
,,ა) არაბული სახარება– ტიტი და დუმაჰი.
ბ) დიონისე ფერნოაგრაფიოტის განმარტება–გადმოცემა- ფესდა იერიქონელი და დიმა გალილეველი.
გ) ნოვგოროდის სოფიის ტაძრის ბიბლიოთეკაში არსებული ხელნაწერებით – არაგი და გესტა.
დ) XVI-XVIII სს.-ის ხელნაწერებში – დიზმასი და გევსა.
ე) ცალკეულ ხელნაწერებში – დიჟმონი და ესტა . (დისმასმა მოინანია; გესმასმა არა) ‘’[23]
8-წარწერა ჯვარზე
,,და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი ,მეუფე ჰურიათა, ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლს.‘’ (ინ.19.19-20) რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ამ საკითხსაც: ,,ძველი რომის ეპოქაში მსჯავრდებული პანელით მიჰყავდათ, რომელზეც ეწერა თუ რისთვის იყო დასჯილი ( ლათ. Titulus) ან ეს ნაწერიანი პანელი მის წინ მიჰქონდათ .’’ [24] პილატემ იუდეველთა სიშმაგე ყველას გასაგებად გამოხატა. მას სურდა აგრეთვე იესოს, როგორც თვითმარქვია მეფის შესახებ ყველას გაეგო. ამისთვის კი გამოიყენა ძველი აღთქმის ენა– ებრაული, წარმართებისა და ფილოსოფოსების ენა– ბერძნული და რომის იმპერიისა– ლათინური. აღნიშნული წარწერის შესახებ მეტად სარწმუნო ცნობებს გვაწვდის- ეფრემ ასური: ,,ამისთვის დაწერა პილატე იგი, რომლითა ბჭობდეს ქრისტეს სიკუდილსა და ჯუარს აცუეს ღმერთი დიდებისაი. ესე სამნი ენანი დაწერნა და გამოაჩინნა ცხადად, რომელთა ზრახეს ჯუარსცუმაი ქრისტესი: ჰეროდე ბერძენი იყო, პილატე ჰრომი, ანნა და კაიაფა– ებრაელი .‘’[25]
9-იესოსთვის ძმრის მიწოდება
იესოსთვის ძმრის მიწოდების ეპიზოდი სახარებებში სამ ადგილზეა აღწერილი. პირველი მათგანი სინოპტიკურებშია: ,,და მიცეს მას ძმარი ნაღვლითა აღზავებული და გამო რაი იხილა, არა უნდა სუმის.‘’ (მთ.27.34) მარკოზის სახარებაში – ,,და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა, ხოლო მან არა მიიღო. ‘’ (მკ.15.23) განსხვავებული ვითარებაა სასმელის მეორედ მიწოდებისას, ამ დროს იესო თავად ითხოვს მას და სვამს კიდეც: ,,რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესო თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი თვისი და განუტევა სული.‘’ (ინ.19.28-30)
განხილვას დავიწყებთ ეფრემ ასურით: ,,და ღრუბლითა მიუპყრეს ძმარი, განზავებული ნაღვლითა ‘’[26] ვნახოთ თუ რას წერს რასელ თომსენი: ,,ქრისტემ პირველად უარყო საგანგებო სასმელი, რომელიც ტკივილებს აყუჩებდა და ადამიანს აბრუებდა. სიკვდილის მოახლოების ჟამს კი თავად მოითხოვა ეს სასმელი, ტკივილებისა და სისხლის დაკარგვის გამო ღრმა შოკში ჩავარდნილმა ,,იესომ შეჰღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული .‘’[27] თომსენის აზრს განამტკიცებს სხვა კვლევაც: ,,იესოს შესთავაზეს ორი სასმელი გოლგოთაზე. პირველი ღვინო, რომელსაც ემატებოდა სმირნის ნარევი, მას ჰქონდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.’’[28] რაც შეეხება იმ რომაელ ჯარისკაცს, რომელმაც ძმრიანი ღრუბელი მიაწოდა იესოს. მასზე ზუსტი ცნობები არ გვაქვს, თუმცა ლეგენდის მიხედვით, ერქვა სტეფანონი. [29]
10-იესოსადმი შუბის ძგერება
გავაგრძელოთ წმიდა წერილის კითხვა: ,,ხოლო მო – რაი ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურით უგმირა გუერდსა მისსა და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი.‘’ (ინ.19.35) თემის განხილვას აპოკრიფული მონათხრობით დავიწყებთ: ,,წმ.ნიკოდიმეს აპოკრიფულ სახარებაში, ხოლო შემდგომ იაკობ ვორაგინელის ოქროს ლეგენდასი ნათქვამია რომ მეომარს, რომელმაც შუბით განგმირა იესო ერქვა ლონგინ . იგი უსინათლო იყო და ,,ოქროს ლეგენდის’’ მიხედვით თვალი აეხილა ქრისტეს ჭრილობიდან გადმოსული სასწაულმოქმედი სისხლის მეშვეობით , ხოლო მოგვიანებით, გადმოცემის თანახმად, იგი მოინათლა და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.‘’ [30] რაც შეეხება წვივების დატეხვას (crurifragium). საქმე ისაა, რომ წვივების დამტვრევა სიკვდილის დაჩქარების უსწრაფესი გზა იყო, რადგან ამ დროს, სხეულის სიმძიმე მკლავებზე გადადიოდა და დამნაშავე რამდენიმე წუთში კვდებოდა. ამ პროცესს, მხატვრულად აღწერს ერიკ ემანუელ შმიტი თავის ნაწარმოებში– პილატეს სახარება: ,,ჩვენ გვინახავს ჯვარცმულები, ჯვრიდან ჩამოხსნიდან ერთ დღეში რომ მოეგნენ გონს და მშვენივრად გრძნობდნენ თავს. თუ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, ზოგიერთ არც ისე საგანგაშო გართულებებს. აი, სწორედ შემოწმების მიზნით დაიწყეს წვივის ძვლის მსხვრევაც.‘’ [31]
ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ აპოკრიფული ლიტერატურა და სამედიცინო კუთხით შევხედოთ მოვლენებს: ,,რომ დარწმუნებულიყო მის (იესოს გ.ლ.) სიკვდილში, ერთმა ლეგიონერმა უგმირა შუბი, მეხუთე ნეკნთან, გულის გასწვრივ , ჭრილობიდან კი გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა . წყალი, აქ აღნიშნავს თხევად მასას, რომელიც გროვდება გულთან ახლოსმდებარე სარქველებში. შეიძლება დავასკვნათ, რომ მაცხოვარი არ მომკვდარა ჯვარზე ჩვეულებრივი სიკვდილით, არამედ შოკით გამოწვეული ჰაერის უკმარისობით, და გულზე პერიკარდიის სითხის დაწოლით.‘’[32] (შეგახსენებთ რომ , პერიკარდია ესაა – გულის გარშემო, მემბრანის ანთება). ამ ერთი მომენტის შედეგად მიყენებული დაზიანებები რომ დავაჯგუფოთ შემდეგ სურათს მივიღებთ – ტრავმა გულმკერდის არეში გულის დაზიანებით; ნეკნების მოტეხილობა და ჰემოპნევმოტორაქსია. პლევრის ღრუს შეიძლებოდა დაეგროვებინა ორ ლიტრამდე სისხლი, რაც უფრო მეტად გაამწვავებდა ადამიანის მდგომარეობას. ამიტომ ქრისტეს სიკვდილი სხვა ყველაფერზე ადრე გამოწვეული იყო– ჰემოტორაკსიით. ქრისტეს წამების აღმწერელი გვეუბნება, რომ შუბის ძგერების შემდეგ, უკვე მკვდარი ქრისტედან გადმოისხა წყალი და შემდეგ სისხლი, რაც შეიძლება ყოფილიყო პლევრული და პერიკარდიული სითხე. ამ სურათის მხილველმა ხალხმა, იმათაც კი, ვინც არ იყვნენ გაცნობიერებულნი მედიცინაში, იცნეს იესო: ,,და რომელმან იხილა წამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი.‘’ (ინ.19.35) ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლის რაოდენობა შეიძლებოდა ყოფილიყო დაახლოებით ორი ლიტრი. იგი არ დედდებოდა. სისხლმა შეწყვიტა მოქმედება პლევრის ღრუში. იესო ქრისტეს სიკვდილის მომენტში ის გაჩერდა ჟუჟღის (сукровицу ) თხევად ნაწილში. [33] თუკი სისხლდენის მოცულობა იყო დაახლოებით ორ ლიტრამდე, ჟუჟღის მოცულობა გამოდის სისხლის დარჩენილი ნაწილი– ლიტრაზე მეტი. წყლის ასეთი მოცულობა, შეუძლებელია არ შეენიშნა ნებისმიერ მოწმეს. ფილტვების შეშუპება ასევე შეიძლებოდა გამოეწვია ქრისტეს ფილტვების ,,წყალდიდობას.’’ ასე ეწოდება რასპირატორული დისტრესიის სინდრომს მოზარდებში. (РДСВ или синдром “водного лёгкого”). [34] თემაზე საუბრის ბოლოს , კვლავ დავუბრუნდეთ ერიკ ემანუელ შმიტს , რათა მის მიერ მხატვრულად აღწერილი მოვლენებით, უფრო ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ მომხდარზე: ,,გარწმუნებთ, რომ შუბი არ ამიცდენია, ღრმად გავარჭე, ზედაც დავაწექი. ამის დასტური გვერდიდან გადმოღვრილი სითხეა , იცით როგორ ამოხეთქა ? – ამოხეთქა ? – გაიმეორა ექიმმა – წარმოუდგენელია, მკვდარი სხეულიდან შადრევანმა ამოხეთქოს. შეიძლებოდა მხოლოდ ყავისფერმა, თითქმის შედედებულმა სისხლმა გადმოჟონოს და ისიც დიდი გაჭირვებით. რა ამოხეთქვაზე მელაპარაკები? გამორიცხულია! ერთ რამეში ნამდვილად შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ; ჯვარცმული, შემოწმების მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.[35] ,,ჯარისკაცებს თუ დავუჯერებთ, რომლებიც თითქმის ჯვრის ფუძესთან იმყოფებოდნენ, ის რაც ჯვარცმულის მკერდიდან გადმოიღვარა, წყლის და სისხლის ნარევს წააგავდა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ შუბის წვერმა პლევრამდე ჩააღწია. გახვრეტისას მცირე რაოდენობით გაჟონილმა სისხლმა პლევრის სითხე შეღება . ასე მოხდებოდა მაშინაც, თუკი სხეული უსულო იყო დავუშვათ , რომ ნაზარეველი აგონიაში იყო . პლევრის გახეთქვა მაინც მოუღებდა ბოლოს.‘’ [36]
11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები
ა) ასფიქსია- სამედიცინო წრეებში იესოს სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული ვერსია ასფიქსიაა, რაც ნიშნავს: ,,ასფიქსია– (ქირურგ) სიცოცხლისათვის საშიში ხუთვა (გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დამბლით, სასუნთქ გზებზე ზეწოლით, მათი სანათურის დაცობით, ყელზე, გულმკერზე და მუცელზე ზეწოლით), რაც იწვევს ჟანგბადოვან შიმშილს და ნახშირმჟავას ჭარბდაგროვებას. სასუნთქი გზების დახშობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის ზეგავლენით: უცხოსხეულების მოხვედრა… ლორწოს მნიშვნელოვანი დაგროვება, ენის გადავარდნა, სიმსივნით ზეწოლა, დიფტერიის დროს ხმოვანი ნაპრალის სპაზმი (დიფტერიული ლენტებით დახშობა), ტეტანუსი. სიმპტომები და მიმდინარეობა ელვისებურია. მკვეთრ ქოშინს მოსდევს კუნთების ასეთივე მკვეთრი შეკუმშვა (ზოგჯერ კრუნჩხვითი), ზოგჯერ ავადმყოფი ღებულობს მოლურჯო ელფერს, ვითარდება თავბრუსხვევა, თვალებში დაბინდვა, უფრო იშვიათად – გონების დაკარგვა. სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში, წყდება გულმკერდის და მუცლის კედლის სუნთქვითი ექსკურსია, ქრება რეფლექსები.’’[37]
რამდენიმე სიტყვით ტურინის სუდარაზე ჩატარებულ კვლევებსაც შევეხოთ: ,,ლურსმნებისგან მიყენებული ჭრილობები ხელებსა და ფეხის ტერფებზე მეტყველებს იმაზე, რომ იგი ჯვარცმულ იქნა, იღვრებოდა დიდი რაოდენობით სიმწრის ოფლში და ბოლოს გარდაიცვალა გაგუდვით, რითაც ძირითადად იღუპებიან ჯვარზე გაკრულნი.‘’ [38] აღნიშნულ მიზეზს ამტკიცებს სხვა კვლევაც: ,,ქრისტეს სიკვდილის მიზეზი იყო სხეულის არაბუნებრივი მდგომარეობა, სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, თავისა და გულის ტრავმები, კრუნჩხვები და.ა.შ. ტკივილები მოიცავდა– წინამხარს, ბიცეფსს, ტრიცეფსს, ტერფებს და ხერხემალს. თავად სიკვდილი კი იყო ასფიქსიის, ანაც ტრამვული შოკის შედეგი.‘’ [39]
ბ) ტეტანუსი და სეფსისი- როგორც ვიხილეთ ასფიქსიის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია ტეტანუსიც მოვიაზროთ. ვნახოთ მცირე ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ: ,,ტეტანუსი (ლათ. tetanus << ბერძნ.)— მედიცინაში მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, რასაც მოყვება ამავე სახელწოდების ფიზიოლოგიური მოვლენა – საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა მიმდინარეობს, მცირე ინტერვალებით გამოყოფილ, გაღიზიანებათა ზეგავლენით. ავადმყოფობის გამომწვევია მსხვილი ჩხირი, ანაერობი; წარმოქმნის სპორებს; გამომწვევი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სისხლის ნაკადისა და მამოძრავებელის ნერვების საშუალებით ხვდება ზურგის და მოგრძო ტვინში, იწვევს ზურგის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ უჯრედებში იმპულსების წარმოქმნის ფიზიოლოგიურ კორელაციის დარღვევას. ვითარდება კუნთების მუდმივი ტონური შეკუმშვები და პერიოდულად ტეტანური კრუნჩხვები. შეტევებს გააჩნია ტონური და კლონური ხასიათი; თითოეულ შეტევას თან სდევს შესაბამისი კუნთების მნიშვნელოვანი მტკივნეულობა, მკვეთრად ძლიერდება მათი რეფლექტორული აგზნებადობა. დიდი კრუნჩხვითი შეტევის პიკზე, ავადმყოფის თავი ვარდება უკან, სხეული იღუნება რკალისებურად, ღებულობს ოპისტოტონუსის მდგომარეობას, ეყრდნობა რა კეფას დაქუსლებს; შესაძლებელია ზურგის გრძელი კუნთის გაგლეჯა, ხერხემლის მოტეხილობები. ტონური კუნთოვანი კრუნჩხვების განვითარებისას, განსაკუთრებით მკვეთრად იჭიმება მუცლის კუნთები; კრუნჩხვები აძნელებენ ყლაპვას; აგრეთვე გაძნელებულია შარდვა და კუჭში გასვლა. ნეკნთაშუა კუნთების ტონურმა კრუნჩხვებმა შეიძლება გამოიწვიოს გარეგანი სუნთქვის სერიოზული დარღვევები, ასფიქსიის და ასპირაციული პნევმონიის განვითარებამდე. შუქმა, ხმაურმა, შეხებამ შესაძლოა გამოიწვიონ რეფლეტორული ხასიათის კრუნჩხვები. ტემპერატურის მომატება აღინიშნება მხოლოდ დაავადების პირველ 3–4 დღეს.’’[40] ტეტანუსს, რიგ ფაქტორებში ,,ენათესავება’’ სეფსისიც. ,,სეფსისი (ბერძნ. grcσῆψις — დაჩირქება)… სეფსისი ნებისმიერი ინფექციის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მძიმე მდგომარეობისან მიკრობების მაღალი ვირულენტობის, აგრეთვე ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით ანარაბუნებრივი გზით შეჭრის შედეგად ორგანიზმის დაცვითი უნარი იმდენად დაქვეითებულია, რომ ანთებითი კერები, სადაც ჩვეულებრივ მიკრობების დათრგუნვა ხდება, გადაიქცევა მათი გამრავლებისა და უწყვეტი განმეორებითი გენერალიზაციის წყაროდ’’.[41]
ვნახოთ რას ამბობს, მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კათედრის ასისტენტი– ნატალია მიხაევა: ,,იესოს სიკვდილი შეიძლებოდა გამოეწვია სეფსისს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სისხლში შეჭრილ ინფექციას, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია არასტერილურ იარაღებს, აგრეთვე არ შეიძლება ტრამვული და ჰემორაგიული შოკის გამორიცხვა, ან სხვა უცნობი მიზეზების. ‘’[42]
გ) თრომბოზი – თრომბოემბოლია- ერთ-ერთი ყველაზე რეალური მოსაზრება ქრისტეს სიკვდილის გამომწვევი მიზეზის შესახებ უკავშირდება, სწორედ ზემოთხსენებულ დაავადებას. ,,თრომბოემბოლია– არტერიის დაცობა თრომბის ნაწილის მოწყვეტით, რომელიც წარმოიქმნება ვენებში, გულისღრუებში, აორტაში და მისი გადატანა სისხლით. ძირითადი გამოვლინებებია: კიდურების განგრენა, სხვადასხვა ორგანოების ინფარქტი.‘’[43]
რაც შეეხება იმ კვლევებს რომელთა მიხედვითაც თრომბოემბოლია იყო იესოს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი: ,,ქრისტეს სიკვდილის სიმპტომები დამახასიათებელია თრომბოზისთვის. უფრო სწორად– თრომბოემბოლური ფილტვის არტერიის (ТЭЛА) მწვავე მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ფილტვის არტერიის ტრომბით დახშობა . დღესდღეობით , ყველა მოულოდნელი სიკვდილის 6-9 % , გამოწვეულია სახელდობრ ТЭЛА-თი , ე.ი. ფილტვის თრომბოემბოლური არტერიის დახშობით.‘’ [44]
მოვუსმინოთ НИИ-ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის განყოფილების მთავარ ექიმს– ვასილ კრავეცს, რომელიც ამბობს: ,,ემოციურმა სტრესმა გამოიწვია ტრავმა, აგრეთვე იყო , მტკივნეული შოკი . ეს ყოველივე შეეძლო გამოეწვია ТЭЛА-ს.
კოაგოლაციური[45] (Свертывающая) და თრომბის წარმომქმნელი სისტემები მუშაობენ ადამიანის ორგანიზმში ბალანსირებულად მუშაობენ. ამიტომ, თუკი სადმე აღმოჩნდება სისუსტე , ის არღვევს და შლის ყველაფერს. რეალურად, იესოს სიკვდილი შეეძლო გამოეწვია თითოეულს, ჩამოთვლილი ფაქტორებიდან.‘’[46]
12- იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი
წინამდებარე თემის პირვანდელ ვარიანტში, დასკვნით ეტაპზე განვიხილავდით იესო ქრისტეს ჯვარცმის იურიდიულ კონცეპტს. ვინაიდან ახლა უკვე არსებობს ამ საკითხის ქართულად თარგმნილი ანალიზი, მას აღარ შევეხებით. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ჩვენ საიტზე განთავსებულ სტატიას- ,,იესო ქრისტეს სასამათლო პროცესი.’’
14- გამოყენებული ლიტერატურა
1-ახალი აღთქმუმაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი; პასუხისმგებელია გამოცემაზე– ე.ჭელიძე; რედაქტორ – ქეთევან მამასახლისი; თბილისი 2009 წელი
2-ბიბლიის ენციკლოპედია; მთ.რედ. : პატალექსანდერი; სამეც. რედ. :ზურაბკიკნაძე; მალხაზსონღულაშვილი; თბილისი 1998 წელი.
3-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში; თბილისი – 2004 წელი.
4-ეფრემ ასური – განძთა ქვაბი; გამომცემელი– ოთარ ნიკოლაიშვილი; თბილისი – 2006 წელი
5-თომსენი რ.– ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე; თბილისი – 1991 წელი.
6-მონტეფიორე საიმონ სებაგ; იერუსალიმი, ბიოგრაფია; ინგლისურიდან თარგმნა – ნიკა სამუშიამ; თბილისი – 2012 წელი.
7-საღვთისმეტყველო კრებული №6; თბილისი– 1981 წელი.
8-ჯოვანი პაპინი– იესო ქრისტეს ცხოვრება; თბილისი – 2014 წელი.
9-შმიტი, ერიკ-ემანუელ – პილატეს სახარება; ფრანგულიდან თარგმნა – მერაბ ფიფიამ; თბილისი – 2011 წელი .
10-ჩხენკელი მ.; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; თბილისი – 2012 წელი.
11-წმ.ნილოს მირონმდინარე– ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები; გამომცემელი– ოთარ ნიკოლეიშვილი; თბილისი -2006 წელი.
12-Енциклопедичний словник Брокгауза і Єфрона (скорочено ЕСБЄ, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, ЭСБЕ) — російська універсальна енциклопедія. Випущена акціонерним видавничим товариствомФ. А. Брокгауз— І. А.Єфрон (Петербург, 1890–1907).томXVI (A)
ინტერნეტ რესურსები:
1-http://alinka-stihi.at.ua/
2-http://barnascha.narod.ru
3-http://www.biblicalarchaeology.org
4-http://www.itogi.ru
5-http://www.medgeo.net
6-http://www.nplg.gov.ge
7-http://www.shroud.orthodoxy.ru
8-http://starwalker62as.livejournal.com/104102.html
9-http://ka.wikipedia.org
შენიშვნები:
[1] -განძთა ქვაბი. გვ.28
[2] – განძთა ქვაბი; გვ. 16-19
[3] -განძთა ქვაბი; გვ. 75-76
[4] -იქვე
[5] -შეად : Енциклопедичний словник Брокгауза і Єфрона ; томXVI (A) , ст.655
[6]-ს.ს. მონტეფიორე– იერუსალიმი (ბიოგრაფია); გვ.155.
[7]-შეად:http://www.biblicalarchaeology.org/daily/biblical-topics/crucifixion/jesus%E2%80%99-crucifixion-reflected-in-soil-deposition/
[8]-საღვთისმეტყველო კრებული №6; თბილისი – 1981 წელი; გვ. 227
[9]-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში; გვ.31
[10]- ს.ს.მონტეფიორე – იერუსალიმი. გვ.156
[11]- ს. ს. მონტეფიორე იერუსალიმი. იქვე
[12]-ჯოვანი პაპინ– იესო ქრისტეს ცხოვრება; გვ.341
[13]-ბიბლიური ენციკლოპედია; გვ.
[14]-შეად: http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html
[15]-ს.ს.მონტეფიორე– იერუსალიმი. გვ.156
[16]-თომსენი რ. – ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე; გვ.108
[17]-ს.ს. მონტეფიორე– იერუსალიმი; გვ.156
[18]-საღვთისმეტყველო კრებული №6; თბილისი – 1981 წელი; გვ.229-230 [19]– ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ.45
[20]-ს.ს. მონტეფიორე; იერუსალიმი; გვ.156
[21]– ჩხენკელი მ. ;ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; გვ.50
[22]-წმ.ნილოს მირონმდინარე – ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები; გვ.3
[23]-შეად . ჩხენკელი მ. ;ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; გვ. 51 . [24]-შეად . ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; გვ.48
[25]-ეფრემ ასური ; განძთა ქვაბი; გვ.134
[26]-ეფრემ ასური ; განძთა ქვაბი; გვ.132
[27]-თომსენი რ. – ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე; გვ.107-108
[28]–http://starwalker62as.livejournal.com/104102.html
[29]-შეად.ჩხენკელი მ.; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; გვ. 63 . [30]-ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში; გვ.62
[31]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ.247
[32]–http://alinka-stihi.at.ua/publ/9-1-0-5
[33]-сукровицa– ,,შარავი სახელ არს ყოველთა წყლულთა ნადინებისა . წალა არს შარავი ვითარცა წყალი ; წუთხი არს სისხლ-ნარევი მკვდართ ნადინები ; ჟუჟღი არს წუთხი ცოცხლის წყლულთა ნადენი , შალალაი არს ზრქელი და დიაღ მყრალი ნადენი ( +თხრამლი არს მუწუკის) ზრქელი ბაყლი ნადენი ).‘’ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=49882
[34]–http://starwalker62as.livejournal.com/104102.htm
[35]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ. 249-250
[36]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ.268 [37]http://www.medgeo.net/2009/12/10/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/
[38]-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში ; გვ.30
[39]-შეად: http://barnascha.narod.ru/books/index.htm [40]http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98 [41]http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98
[42]–http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html [43]http://www.medgeo.net/2009/12/21/%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/
[44]-შეად: http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html
[45]-კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=19457 [46]-შეად.იქვე
[47] – მომზადებულია http://www.shroud.orthodoxy.ru/bckn2-r.htm – ის მასალებზე დაყრდნობით , იბეჭდება ცვლილებებით .
2014 წელი