მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

ბართლომეოსი

 

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი იესო ქრისტეს მიერ

 

ძმანო, და ქრისტესმიერსაყვარელნო შვილნო!

 

იესო ქრისტეს აღდგომა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება ჩვენი რწმენის, მსახურების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების საფუძველია. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ცხოვრება მის ყველა გამოხატულებებსა და მაშტაბებში მთლიანადაა განმსჭვალული აღდგომის რწმენით და იგი ქრიტიანსთვის ყოველდღიურ აღდგომას წარმოადგენს. ამგვარი საპასექო გამოცდილება არ არის უბრალოდ უფლის აღდგომის  გახსენება, არამედ ჩვენი განახლებისა და ყოველივეს ესქატოლოგიური განსრულების ურყევ დამოწმებას წარმოადგენს.

ევქარისტიულ მსახურებაში, რომელიც განუყოფლად უკავშირდება კვირის ‘’წოდებულ და წმინდა დღეს’’, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ქრისტეს აღდგომაში არსებით ზიარებას და წინასწარ განიცდის ღმერთის სასუფევლისეულ კურთხევას. შთამბეჭდავია საღვთო ლიტურგიის საზეიმო ხასიათი, რომელსაც მუდამ თან ახლავს საზეიმო და მხიარული განწყობა. იგი წარმოგვიდგენს ყოველი არსის საბოლოო განახლების სურათს,  სრულ სიხარულს, სიცოცხლის სისრულეს, სიყვარულისა და ცოდნის მომავალ გადმოღვრას.

საქმე ეხება მომავლის შუქზე აწმყოს გამომხსნელობით ჭრეტას, სასუფევლისკენ  დინამიური მსვლელობას, ადამიანისა და სამყაროს ესქატოლოგიურ გამოხსნას, რომლებსაც ურყევი კავშირი აქვთ ქრისტეს მეორედმოსვლასთან. ქრისტეს მეორედმოსვლა უდიდეს ძალას სძენს საეკლესიო ცხოვრებას და მორწმუნეთა მეშვეობით სამყაროში სახიერ მოწმობას წარმოადგენს. მართლმადიდებელ მორწმუნეს განსაკუთრებული მიზეზი და ძლიერი სტიმული აქვს, სოციალური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. რადგან უკანასკნელ ჟამსა და ნებისმიერ ისტორიულ მოცემულობას შორის დაპირისპირებას მძაფრად განიცდის.

მართლმადიდებლის მსოფლმხევდელობით ქველმოქმედებითი მსახურება, განსაცდელში მყოფი მოძმის შეწევნა, როგორც უფალი ბრძანებს: ,,რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ’’ (მათე, 25, 40) და კეთილი სამარიტელის საქმითგამოვლენილი სიყვარული (იხ. ლკ. 10, 30,37), მამათა გამონათქვამის შესაბამისად: ,,შენ ყველა გაჭირვებული შენს მოყვასად უნდა ჩათვალო და იგრძნო, რომ მათადმი დასახმარებლად ხარ მოწოდებული.’’ (ისიდორე პელუზიელი), წარმოადგენს ეკლესიის ევქარისტიული ხასიათის გამოვლინებას; მიუთითებს იმაზე, რომ სიყვარული არის ქრისტესმიერი ცხოვრების საფუძველი, როგორც აწმყოში, ასევე მომავლის ესქატოლოგიურ სამეფოში.

ამ ყველაფერთან კავშირში უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრება განმსჭვალულია ‘’საერთო გამოხსნის’’, ‘’საყოველთაო თავისუფლების’’, ‘’საყოველთაო მეუფების’’, და ‘’საყოველთაო გამოხსნის’’ რწმენით. ცენტრალური ადგილი უჭირავს იდეას- ‘’ჩვენ’’, ზიარ ცხოვრებას, თანამონაწილეობას, თანაყოფას. ქრისტესმიერი თავისუფლება სხვა არაფერია თუ არა, მსხვერპლშეწირვითი და დოქსოლოგიური სიყვარული. სწორედ ეს არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის, უფლის ჯოჯოხეთში შთასვლის საოცარი გზავნილი.

ქვესკნელში დიდებით ჩასულმა უფალმა ჯოჯოხეთის ბჭენი შემუსრა და საფლავისაგან ადამთან და ევასთან ერთად დიდებითმოსილი აღდგა. თანააღადგინა ისინი და თანაშეამტკიცა, ხოლო მათ მიერ, ადამიანთა მთელი მოდგმა.  

აღდგომის ‘’საყოველთაო დღესასწაულის’’, სიკვდილის მეუფების დახსნის სახარება დღეს გაისმის სამყაროში, სადაც სოციალური უსამართლოებაა გამეფებული, არაფრადაა მიჩნეული ადამიანური პიროვნება, გაისმის სამყაროში, რომელიც გოლგოთას ემსგავსება ლტოლვილთა და ათასობით უდანაშაულო ბავშვისთვის. აღდგომის სახარება ღრმა შინაარსით გვიცხადებს, რომ ადამიანურ სიცოცხლეს ღმერთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გვასწავლის, რომ გასაჭირს, უბედურებას, ჯვარს და გოლგოთას არ აქვთ უკანასკნელი სიტყვა. შეუძლებელია ჯვარცმამ და სატანჯველმა ადამიანებზე იბატონოს. მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი თაყვანისცემის ცენტრს წარმოადგენს, მაგრამ ის არაა საეკლესიო ცხოვრების საბოლოო მიზნის განმსაზღვრელი.

ჯვრის არსებითი შინაარსი ისაა, რომ იგი აღდგომის გზას წარმოადგენს, ჩვენი რწმენის განსრულებას. ამ ყველაფრის საფუძველზე მართლმადიდებელი ქრისტიანები ვღაღადებთ: ,,ჯვრის მიერ სიხარული მოევლინა მთელ სამყაროს.’’  აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლობაში ქრისტეს ვნების მსახურება, არ არის მწუხარე ხასიათის, მას აღდგომის სიხარული ახლავს თან, რადგან ჯვარცმაცა და ვნებაც, აღდგომის პერსპექტივით გაიაზრება, რომელიც წარმოადგენს ‘’მწუხარების სასყიდელს.’’

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის მიხედვით ჯვარცმა და აღდგომა ეწინააღმდეგება ეზოტერული მისტიციზმის ნებისმიერი სახით გამოვლინებას, ასევე პიეტიზმს. ამგვარი ადამიანები ჩვეულებრივ გულგრილნი არიან ისტორიაში ადამიანის პრობლემებისა და ხვედრის მიმართ.

ჩვენს ეპოქაში ჯვრისა და აღდგომის ქადაგება მიემართება ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს, გამიწიერებულია, ეყრდნობა მხოლოდ ლოგიკას, სწამს მეცნიერების ყოვლისშემძლეობის, ეგოცენტრულია და მიწიერ საგნებსაა მიჯაჭვული. მიემართება ადამიანს, რომელიც არ მიილტვის უკვდავებისკენ. ჯვრისა და აღდგომის ქადაგება აღესრულება ეპოქაში, სადაც ღმერთის ტრანსცენდენტულობის, ზეცასა და მიწას შორის უფსკრულის არსებობის სახელით, ხორცშესხმული საღვთო განგებულების და ჯვრის უარყოფა ხდება.

ყოველივე ამის მიუხედავად, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ღირსი ძმანი და ქრისტესმიერ საყვარელი შვილნი, ბრწყინვალე აღდგომის განცდით სავსენი, რომლებიც დაუშრეტელი სინათლითა ვართ განათლებულნი, ვმადლობთ ღმერთს ყველაფრისთვის. ზეცისას ვზრახავთ, აქვე ვფლობთ წილს საღმრთო განგებულების ესქატოლოგიური სისრულისგან და ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ვითხოვთ, რათა ვნებულმა, დაფლულმა და აღდგომილმა უფალმა დაამშვიდოს ჩვენი ბუნება, გული და ჩვენი ცხოვრება, წარმართოს ჩვენი ყოველი ნაბიჯი კეთილი საქმისკენ და გააძლიეროს საკუთარი ერი სიყვარულის სახარების საქადებლად ‘’ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა..’’ (საქმე 1.8), მისი სახელის სადიდებლად.

 

 ფანარი, წმინდა აღდგომა,

2018

აღდგომილი უფლის მიმართ თქვენთვის მხურვალედ მლოცველი

კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი.

 

წყარო: https://www.goarch.org

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნიკო ღონღაძემ

 

 

საიტზე განთავსებულია 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეები:

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

მისი უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი

ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა 

             ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

             ამერიკის მთავარეპისკოპოს დემეტრეოსის სააღდგომო ეპისტოლე

              ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი