პროტოკოლი No. 42/18
8 აპრილი, 2018
წმინდა აღდგომა
დღესასწაულთა დღესასწაული
ღრმად პატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო და დიაკვნებო, ბერ-მონაზვნებო, ბერძნული მართლმადიდებლური თემების ხელმძღვანელებო და წევრებო, დღის, შუადღის და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო.
ქრისესმიერ საყვარელო ძმებო და დებო,
ქრისტე აღდგა!
დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ‘’აღდგომის დღეა,’’ ვადიდებთ ღმერთს და მჭექარე ხმით ვახარებთ ამ დღესასწაულს, რადგან იგი სიცოცხლის დღეა. ჩვენმა აღდგომილმა უფალმა სიკვდილი დაამარცხა. თავის დიდებული აღდგომით, ქრისტემ ღმერთის განუსაზღვრელი ძალაუფლება გამოავლინა, როგორც წყარო და სიცოცხლის მომნიჭებელი; და თავის სიყვარულის გამო, მან სიკვდილიდან სიცოცხლეში და მიწიდან სამოთხეში შემოგვიყვანა. შემოქმედმა ჩვენი სიცოცხლე იმად გახადა, რაც არ იყო, მაგრამ უნდა ყოფილიყო! მრავალჟამიერი და მარადიული სიცოცხლე ჩვენია!
აღდგომილი უფალი ამ უწმინდეს დღეს ჩვენ წინაშე დგას და ამბობს: ,,უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?‘’ (იოანე 11. 25,26), სიცოცხლე საფლავის მიღმა გამოვლინდა. სიკვდილის შიში აღდგომის შუქმა და ძლევამოსილებამ გაფანტა. ამ დიდებული სინათლის შესახებ პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: ,,რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება’’ (1 კორ.15.53). ახლა ხსნა, ძლევამოსილება და ღმერთის მეუფება მოგვეახლა, ჩვენ მარადიულად ვიცოცხლებთ!
დღესასწაულთა დღესასწაულზე, ჩვენი პირადი აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის დაპირებით ვხედავთ, რომ მიწიერი სიცოცხლე შეიცვალა. შეგვიძლია უხვი, სრული და აზრით აღსავსე ცხოვრება მივიღოთ. მოხმობილნი ვართ აღდგომილი უფლის მიერ, რომ მისი სიცოცხლე მივიღოთ. მისადმი რწმენითა და აღდგომის ძლევამოსილებით, ჩვენ ახალი შესაქმე ვართ. ჩვენი სიცოცხლე შეიცვალა, ისე როგორც ძველმა განვლო და ყველაფერი განახლდა (2 კორ. 5.17). დღეს მოწოდებულნი ვართ, რომ შევიმოსოთ ,,ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით’’ (ეფ. 4. 24).
ჩვენი პასუხი სიცოცხლის ამ ძღვენზე ღვთისმსახურება და დოქსოლოგიაა (ღმერთის დიდება). ჩვენ აღდგომას ვეკუთვნით. განვიცადეთ შეუძლებლის განხორციელება. ღმერთის ძლევამოსილება ვიხილეთ, მოვედით, რომ თაყვანისვცეთ მას, ვინც სიკვდილზე ამაღლდა და სიცოცხლეს გვანიჭებს. დაე წმინდა აღდგომის ამ დღესასწაულმა აღგვავსოს სიხარულითა და სინათლით. დაე ქრისტესადმი ჩვენი შედგომილებით, თქვენი სამრევლოები და სახლები იკურთხოს; დაე აღდგომის ჭეშმარიტი და უხვი სიცოცხლე მთელმა მსოფლიომ იხილოს!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილ ქრისტეში მამობრივი სიყვარულით,
† დემეტრეოსი
ამერიკის მთავარეპისკოპოსი
წყარო: https://www.goarch.org
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა
საიტზე განთავსებულია 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეები:
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე
მისი უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი
ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა
ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე
ამერიკის მთავარეპისკოპოს დემეტრეოსის სააღდგომო ეპისტოლე
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი