ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

- ,,განსაცვიფრებელი მოსაწვევი’’

 

,,ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ’’ (იოანე 20.21)

 

            მართლმადიდებელი ქრისტიანების მსახურებითი ცხოვრება, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით გვირგვინდება. სახარების ქადაგება აღდგომის გარეშე ძალიან სუსტი მოძღვრება იქნებოდა.  პავლე მოციქული აღდგომის ჭეშმარიტებას კიდევ უფრო შესანიშნავად განამტკიცებს: ,,ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც’’ (1 კორ. 15. 14). ქრისტიანული გზავნილის სიძლიერე თავსიყრის ფრაზაში: ,,ქრისტე აღდგა!’’ ქრისტეს აღდგომა სიკვდილის დაძლევას წარმოაჩენს- ,,მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში’’ (რომ. 6,4). მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე, რომელმაც დაამარცხა სიკვდილის მეუფება, ახლაც აგრძელებს ყოველგვარი შიშის, უსამართლობის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების დარღვევას.

            მართლმადიდებელი ეკლესია არ ცდილობს, რომ ეს ჭეშმარიტება  უნაყოფო არგუმენტებით განამყაროს, არამედ ამ ჭეშმარიტებას ეკლესია, როგორც დღესასწაულს ისე აღნიშნავს, უხარია ამ ჭეშმარიტებით, ცხოვრობს ამით და მას წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებით განაცხადებს: ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, დამარღვეველი სიკვდილის ჯაჭვებისა, იხარებდი ქვეყანავ! დიდითა სიხარულითა და ცანო ადიდებდით ღმერთსა.’’  

            ეკლესია მორწმუნეთა სულებს დიდებისმეტყველებითი რითმით მოუწოდებს, რომ განახლდნენ, აღორძინდნენ და აიმაღლონ შინაგანი სიძლიერე, რათა სულიერი ბრძოლისთვის გაძლიერდნენ.   

            მაგრამ დღესასწაული არ განისაზღვრება მხოლოდ უწყებით, არამედ წარმოადგენს გასაოცრ მოსაწვევს, ეს თვით ქრისტემ ბრძანა პირველად აღგდომის შემდეგ მოციქულებთან შეხვედრსას ,,ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ’’ (იოანე 20.21).  

            დღეები, რომლებიც განვლეს მოციქულებმა, ტკივილით იყო აღსავსე, მოწაფეები უიმედობაში და მწუხარებაში იყვნენ.

            მიუხედავად ამისა, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე უსამართლობაზე გამარჯვებაზე, სიძულვილზე და თვით სიკვდილზე უბრალო უწყებით არ შემოიფარგლება, არამედ მოციქულებს რაღაც განსაკუთრებულისკენ მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ მის საქმეს, ამ ღვაწლში სამართლიანობა, ღირსება და ურთიერთდახმარება შეინარჩუნონ. ეს მოსაწვევი, უწყება და დაპირება, როგორც  მოციქულებს, ასევე მთელ ეკლესიას მიემართება. ჯვრისა და აღდგომის გამომხსნელობითი ფაქტები მთელ მსოფლიოს უნდა ეხაროს: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი’’ (მათე 28,19). ეკლესიაში, ქრისტეს მისტიკურ სხეულში, აღესრულება ეს მრავალგანზომილებიანი გზავნილი: ,,ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ’’ (იოანე 20.21).

            უძველესი დროიდან მოყოლებული ,,ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’, რომელსაც ვეკუთვნით, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობს, არამედ რაც არის, რაც გააჩნია, რასაც გასცემს, მიემართება სრულიად კაცობრიობას, რათა სამყარო ამაღლდეს და განახლდეს. ეკლესიას არ აქვს უფლება რაიმე ტიპის ‘’კეთილმსახურთა’’ ჩაკეტილი, რელიგიური კრებული გახდეს, რომელიც ღვთის საჩუქრებს მხოლოდ თვითონ მიიღებს. ეკლესია მუდამ იყო, არის და იქნება მორწმუნეების ქრისტეში ევქარისტიული ერთობა, რომელიც საკუთარი ნათლის გამობრწყინვებით, აღდგომის გამოცდილებას, ანუ სიკვდილზე გამარჯვებას დღესასწაულობს.  ამ ჭეშმარიტების მეშვეობით, სიყვარულითა და თავისუფლებით, კაცობრიობის ცხოვრებას აზრი ეძლევა, ცხოველდება და გარდაიქმნება.

            საეკლესიო სხეულის ყველა ნაწილი, ყველა მორწმუნე, მოიწვევა, რომ ამ ღვთისგანბოძებულ გზავნილს შეუერთდეს, საკუთარი შესაძლებლობებისა და პირობების შესაბამისად. ,,ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ’’ (იოანე 20.21). სიტყვა ‘’ვითარცა’’ ქრისტეს მოწაფეთა მთელ ეთოსს, ჩვენი მოვალეობის აღსრულებას განსაზღვრავს. არა სახელმწიფო და ეკონომიკური ძალაუფლებით, არამედ უანგარო სიყვარულის ძალით, პასუხისმგებლობით და თავმდაბლობით.  ამ ძალის წყარო სახარებაშივე გვხვდება: ,,და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ’’ (იოანე 20,22). იყავით მუშაკნი მშვიდობისა, შერიგებისა, ურთიერთშეწევნისა, არა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, არამედ სულიწმინდის მადლით.

***

            დღესდღეობით ვცხოვროთ რთულ ეპოქაში, სადაც მომრავლებულია მწუხრება, შფოთი და ადამიანთა გულებს უიმედობა სტანჯავთ. ამიტომაც, ყოველი მორწმუნე მოიწვევა, რათა სააღდგომო სასიხარული, სიყვარულისა და მშვიდობის გზავნილი მიიღოს და იგი ახლობლებსა და უცხოებს გაუზიარონ.  

            ,,მოვედით თაყვანისვცეთ უფალსა, რომელმან დათრგუნა სიკვდილის სამეფო და განანათლა ადამიანთა მოდგმა’’, ღაღადებს ჩვენი ეკლესია.

            მოდით, ჩვენი რწმენით, სამართლიანობის უსამართლობაზე, ჭეშმარიტების ტყუილზე და სიცოცხლისა სიკვდილზე გამარჯვებით ვიხაროთ. მოდით და აღდგომის გზავნილი სიღრმისეულად გავითავისოთ. მოდით, როგორც ეკლესიის წევრები, როგორც საიდუმლო სხეულის ნაწილები, სააღდგომო საქმეს შევუერთდეთ, რათა სიყვარულის, იმედისა და შემოქმედებითი სული ჩვენი  ერთობისთვის, ერთმანეთს მივუძღვნათ.

 

ქრისტე აღდგა!

ანასტასიოსი

 

† მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა.

 

წყარო: http://orthodoxalbania.org

  

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა  დათო ნებიერიძემ

 

საიტზე განთავსებულია 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეები:

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

მისი უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო გზავნილი

ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა 

             ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

             ამერიკის მთავარეპისკოპოს დემეტრეოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

              ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი