ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სიტყვა მრევლისადმი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის  სიტყვა მრევლისადმი

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, შეგეწიოთ კვირის მადლი.

დიდმარხვის მესამე კვირაა დღეს და ყველა მოქმედ ტაძარში დაბრძანებულია პატიოსანი ჯვარი; იგი ყვავილებით არის შემკული და მის მიმართ აღესრულება საყოველთაო თაყვანისცემა. ამით ეკლესია ყველას, ვინც მარხვის ღვაწლშია და არა მხოლოდ მათ, გვახსენებს ჯვრის გამომხსნელობითი მნიშვნელობის შესახებ, რათა გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ არჩეული გზისადმი ერთგულებაში. ჯვარი ხომ ცოდვათაგან კაცთა მოდგმის გამოხსნის, სიმდაბლის, გადარჩენისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარი მიგვანიშნებს იმ გზაზე, რომელიც წუთისოფელში განვლო ჩვენთვის განკაცებულმა იესომ. იგი ხომ ყოველთა ქრისტიანეთა წინამძღვარია; შესაბამისად, ჩვენი მოძღვარია. ჰოდა, რაგინდ მოუძლურდე, თუნდაც ჩაიმუხლო ან წაიქცე კიდეც, მიაპყარი შენი მზერა, ფიზიკური და სულიერი, ჯვარზე ამაღლებულ მაცხოვარს და წაქცეულს - წამოდგომის ძალა მოგეცემა, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი - იმედით აღივსები, უსამართლოდ დევნილი -გამხნევდები, დაღლილ-დაქანცულს - ახალი სუნთქვა გაგეხსნება. მართალია თითოეულ ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და აქ გვერდის ასაქცევი გზები არ არსებობს, მაგრამ არ შეგაშინოს გზის სიძნელემ. გახსოვდეს: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკ. 9,23). ჭეშმარიტ მორწმუნეებს განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენი დიდი მეუფისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს გზისადმი ერთგულება. დღეს, გამორჩეული სიმძაფრით ჩაგვესმის ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს სურს, რომ მე მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ. 8,34.). დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა არათუ ფიქრის, არამედ მოქმედების დროა. განვაგდოთ უიმედობა, მოწყენილობა, შიში და იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს; გავძლიერდეთ სულიერად, რწმენით შევხედოთ ჯვარცმულ იესოს და „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს“ (1 პტ. 4,13.), გიხაროდეთ, რადგან „თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“ (ლკ. 10,20).