პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა“ (Theotokos) და „მარადქალწულშია“ (Aiparthenos) ასახული. ორივე ტერმინმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატი ასევე საეკლესიო წმინდა გარდამოცემის განუყოფელი ნაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირ მიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია არ არის, ეს სარწმუნოების პირდაპირი აღსარებაა. სახელი „მარადქალწული“ V მსოფლიო კრებაზე (553 წ.) იქნა მიღებული და „ღვთისმშობელი“ – უფრო მეტია, ვიდრე ქების ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაში მოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა „ღვთისმშობლის” აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე აფრთხილებს კლიდონიას: „ვინც მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს, ის ღვთისათვის უცხოა“ (EEPIST. 101).ყოვლადწმინდა მარიამის ამ სახელით ხშირად სარგებლობენ IV საუკუნის და სავარაუდოდ III საუკუნის მამებიც, მაგალითად, თუ დავუჯერებთ სოკრატე სქოლასტიკოსს, ასეთ მამათა შორის ორიგენეც იყო (Hist. Eccl. 7:32).ნესტორი და მისი მომხრეები კი ქრისტიანულ აზროვნებაში, უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ამ ტერმინის უარყოფას ცდილობდნენ.
სიტყვა „ღვთისმშობელი” წმინდა წერილში არ გვხვდება, ასევე ვერსად ამოვიკითხავთ სიტყვას „თანაარსი“. ნიკეასა და ეფესოს კრებებზე მათ მოწვევამდე რაიმე არ არსებული და გაუცნობიერებელი ტერმინოლოგიური სიახლე არ შემოუტანიათ და არ დაუმკვიდრებიათ. ეკლესიურ აზროვნებაში „ახალი“, „არაბიბლიური“ ტერმინები და მათ შორის ეს სიტყვები თავისთავად გაჩნდა და იმის გამო დამკვიდრდა, რომ მათში წმ. მარიამის შესახებ ეკლესიის დასაბამიდანვე არსებული სწავლება იყო ასახული. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ III მსოფლიო კრება (431 წელი, ეფესო) ძირითადად ქრისტოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული და მარიოლოგიურ საკითხებს არც კი შეხებია. სწორედ ისაა საინტერესო, რომ, მიუხედავად ამისა, კრების განმასხვავებელ ნიშნად და მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის ერთგვარ თავისებურებად, ქრისტოლოგიის საკვანძო სიტყვად „ღვთისმშობელი“ აღმოჩნდა. „სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, – ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, – რადგან ეს სახელი მთელი განგებულების საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან – უთუოდ კაციც“ (თავი 56). რამდენადაც წმინდა სამების დოგმის განმარტებისას, გამოყენებადი და პირველადია სიტყვა „თანაარსი“ ღვთის განკაცების გადმოცემისას, ძნელად მისახვედრი არაა, თუ რატომ ენიჭება ამ ტერმინის შინაარსს ასეთი დიდი მნიშვნელობა. ქრისტოლოგიური სწავლება, რომელიც არ მოიცავს მოძღვრებას იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა დედის შესახებ, ვერასოდეს მივა ქრისტიანული მოძღვრების სწორ განმარტებამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენ სინამდვილეში ღვთისმშობელთან დაკავშირებული ყველა დავა და გაუგებრობა, ქრისტოლოგიური აზროვნების ცენტრში იყრის თავს და საბოლოოდ მწვავე „ქრისტოლოგიური კონფლიქტის“ სახეს იძენს.
„ნაკლულევან ქრისტოლოგიაში“ მაცხოვრის მშობლის ადგილი აღარ რჩება. მაგალითად: ყველასათვის ნათელია, რომ ღვთისმშობლის შესახებ არაფერი აქვთ სათქმელი პროტესტანტ ღვთისმეტყველებს. მეორე მხრივ, ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ ვინც დედას ვერ შენიშნავს, შვილის დანახვაც გაუჭირდება. სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას, ყოვლადწმინდა ქალწულის პიროვნების ღვთივკურთხეულობის აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ქრისტოლოგიურ კონტექსტში განვიხილავთ. მარიოლოგია არ არის დამოუკიდებელი სწავლება, ის მხოლოდ იმ ტრაქტატის ერთი თავია, რომელშიც გადმოცემულია ღვთის განკაცებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დროს, ის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გარეშეც ამ ტრაქტატის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მარიოლოგია ქრისტიანული სწავლების არსშია მოაზრებული. დედის გარეშე განკაცებული ძის საიდუმლოს გაგება შეუძლებელია. უფლის ზოგიერთი მაძიებელი ქრისტოლოგიური კვლევის ამ ნაკლულევანების შევსებას უზომო თაყვანისცემითა და მის პიროვნებასთან დაკავშირებული სასწაულებისა და თვითმიკვლეული სულიერი ღირებულებებით ცდილობს. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ დოგმაზე რაიმე ნაკლმა ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, დოგმა მკვლევარს არ უნდა მოერგოს. ამავე დროს, დოგმა საღვთო გამოცხადებით განცხადდება. სწორედ ამიტომ ეკლესიურ სწავლებაში მარიოლოგიურ ნაწილს თავისი ბუნებრივი ადგილი უკავია. საეკლესიო დოგმა ეს არის მოძღვრება „სრულ ღმერთზე – ჭეშმარიტების წყაროზე“.
ღვთისმშობლის ღმერთთან ურთიერთობის შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის დაფარულია. უფრო მეტიც, თავისი ბუნებით ეს გამოცდილება ჩვეულებრივი ადამიანისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყოვლადწმინდა ქალწულის სულის საიდუმლო. ამიტომ, როდესაც ეკლესია წმინდა მარიამის შესახებ ქადაგებს, ძირითადად ჰიმნოგრაფიაში მოქცეულ ანტინომიურ სახეებსა და მეტაფორებს მიმართავს.
ჩვენ არც საჭიროება და არც მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მადლის „სისავსე“ არითმეტიკულად გამოითვლება და სრულყოფილების ყველა შესაძლებელი ვარიანტებისა და მრავალფეროვანი სულიერი ნიჭების შეჯამებად წარმოგვიდგება. მადლის სისავსე ყოვლადწმინდა მარიამისთვის იყო და „სავსებაში“ თვითონ ღვთისმშობელი იგულისხმება. ეს განსაკუთრებული მადლია, ეს არის ღმერთის დედობის, „ქალწულ-დედობისა“ და „უსძლო-სძლობის“ მადლი. ცხადია, წმინდა მარიამს საკუთარი სულიერი გზა გააჩნდა და ეს გზა ღვთის მიერ მოცემულ მადლში სრულყოფის გზა იყო. განგებულების საიდუმლოს მთელი შინაარსი, ღვთის კურთხეულ დედაში ნელა და თანმიმდევრობით იხსნებოდა. ბოლოს ღვთისმშობელმა თავისი ძის – იესო ქრისტეს ჯვარცმაც იხილა. ამის შესახებაა დაწერილი: „და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი” (ლუკ. 2:35).
ნათელი მხოლოდ აღდგომის შემდეგ გამობრწყინდა. ამ დრომდე იესო ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული. ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მოციქულთა გვერდით ვხედავთ. უდავოა: უფლის ანგელოზის ჩვენებამ, საოცარი საიდუმლოს შესახებ ხარებამ და ამ საიდუმლოს აღსრულებამ ღვთისმშობელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამ გრძნობებს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ატარებდა. განა სხვანაირად იყო შესაძლებელი? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მისი ღმერთთან ურთიერთობის შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის ამოუცნობი რჩება. მაგრამ, თუ კეთილგონივრულ ძიებაზე საბოლოოდ ვიტყვით უარს, ეს თვითონ საიდუმლოზე უარის თქმა იქნება. დაწერილია: „ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა“ (ლუკ. 2:19). მთელი მისი შინაგანი ცხოვრება ამ მოვლენებით იყო განმსჭვალული.
ისე როგორც ღვთის განკაცების, ასევე ღვთისმშობლის პირადი ცხოვრების საიდუმლო, მისი ადამიანური მდგომარეობა ამ ქვეყანაზე უნიკალური და გამორჩეულია. ღვთისმშობელი პირადი თვისებებით ამ მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი მის ისეთ სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომში „მარადქალწულებად“ შეირაცხა. წმინდა მარიამი – ქალწულია. ქალწულება არ არის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა. ეს უწინარეს ყოვლისა გამორჩეული მსოფლმხედველობაა, რის გარეშეც ფიზიკური ქალწულება არაფრის მომტანი არ იქნებოდა. სახელი მარადქალწული, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს არ შეეხება. ის არც მხოლოდ დაბადებით ქალწულებასა და არც შემდგომში ქალწულების შენარჩუნებას არ გულისხმობს. ის სულიერ ცხოვრებაში, გონებისა და გულის ბოროტისაკენ მიქცევას გამორიცხავს. ფიზიკური ქალწულება სულიერი სრულყოფილების გარეგნული მხარეა. დაწერილია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5:8).
ქალწულება გრძნობებისაგან თავისუფალი მდგომარეობაა, ეს არის ჭეშმარიტი უვნებელობა, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების სულიერი არსი. ეს არის შეგრძნებებისაგან, ცდუნებებისაგან, „მიდრეკილებებისაგან“ და უნებლიედ გაჩენილი „აზრებისაგან“ თავისუფლება. წმინდა მარიამის სული მხოლოდ ღმერთისკენ და მხოლოდ მისი მსახურებისაკენ მიილტვის. ყველა მისი მოსაზრება და სურვილი ღმერთს უკავშირდება, მისთვის უცხოა ვნებები. ის გონითაც, სულითაც და სხეულითაც ქალწულია (Hom. 6 in Nativitatem B. V. Mariae, 9 et 5; PG 96 676 A et 668C). ეს არის ღვთისადმი საკუთარი პიროვნებისა და ცხოვრების მიძღვნა. იყო „ღვთის სრული მხევალი“ – მარადქალწულობისა და ხორციელი ნების უქონლობის ტოლფასია. ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულიერი ქალწულება უცოდველობაა – მაგრამ „სრულყოფილება“ და ვნებებისაგან საბოლოო შეუზღუდველობა მაინც არ არის.
როგორც ჩანს, რაღაც თვალსაზრისით ღვთისმშობელსაც ებრძოდა მაცდური, მაგრამ თავისი მტკიცე რწმენითა და ღვთის სიყვარულით, ამ ბრძოლიდან ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ეს ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვეულებრივი, მიწიერი დედობრივი სიყვარული ბავშვისათვის სულიერ თავგანწირვად და საკუთარი პიროვნების მსხვერპლშეწირვად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, წმინდა მარიამს თავისი ძე სხვა დედაზე ნაკლებად არ უყვარდა. ღვთისმშობელმა იცოდა, რომ მისი შვილი „ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ“ (ლუკ. 1:32). ყოვლადწმინდა მარიამის შვილი „მომავალი“ მესიაა (ლუკ. 2:11). ის ღვთის რწმენასა და აღსარებას ღვთის დიდების საგალობელში წარმოთქვამს (ლუკ. 1:46-55). არ შეიძლება უფლის კურთხეულ დედას არ განეცადა ის, რაც მასში ხდებოდა, მაგრამ მომხდარის შინაარსს, გონებით არა ერთბაშად, არამედ ჟამთა მდინარებაში შეიმეცნებდა. ღვთისმშობელი საღვთო საიდუმლო აღთქმას გულში რუდუნებით ატარებდა. მისთვის ერთადერთი გზა არსებობდა, ის ერთადერთი აზრით იყო განმსჭვალული, ეს აზრი იყო ღვთის მორჩილება, იმ ერთადერთი ღმერთის სრული მორჩილება, რომელმაც „მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა“ (ლუკ. 1:48) და დიდი წყალობა შესძინა მას „ყოვლადძლიერმა“ (ლუკ. 1:49). პავლე მოციქული ასე აღწერს ქალწულების სიმშვენიერეს: „ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა“ (I კორ. 7.34). ასეთი ქალწულობის მწვერვალი კი ყოვლადუბიწო და მარადქალწულის სრულყოფილებაა.
გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისთვის სპეციალურად თარგმნა გიორგი გველესიანმა
საიტზე განთავსებულია პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის სხვა სტატიებიც:
Cur Deus Homo? განკაცების მოტივი
წმინდა გრიგოლ
პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1
ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა
გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია