ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ფრაზით შეგვიძლია გამოვხატოთ მთელი პატრისტიკული დამოკიდებულება ძველი აღთქმისადმი.  Novum Testamentum in Verete latet. Vetus Testamentum in Novo patet. ახალი აღთქმა ძველის აღსრულებაა. იესო ქრისტე წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული მესიაა. მაში აღსრულდა ყველა დაპირება და მოლოდება. რჯული და სახარება ერთმანეთს ეკუთვნიან და არავის შეუძლია თავი მოსეს ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნიოს ვიდრე არ აღიარებს, რომ იესო უფალია. ის ვინც არ აღიარებს იესოს მესიად, უფლის ცხებულად, ამით თავად ძველ აღთქმასაც ღალატობს. ამჟამად მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია წერილებთან, წინასწარმეტყველებთან ჭეშმარიტი გასაღები, რადგან ეს ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეში აღსრულდა.

წმ. იუსტინე უარყოფს, რომ ძველი აღთქმა არის ეკლესიისა და სინაგოგის ერთმანეთთან დამაკავშირებელი. მისთვის ჭეშმარიტი სრულიად საპირისპიროა. ყველა ებრაული მიდგომა უარყოფილი უნდა იქნას. ძველი აღთქმა აღარ ეკუთვნის მხოლოდ ებრაელებს. ის ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიას და მაშასადამე ქრისტეს ეკლესია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის ისრაელი. ძველი ისრაელი იყო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლი ეკლესია. სიტყვა `წერილები” ძველი ქრისტიანული მნიშვნელობით აღნიშნავდა ძველ აღთქმას და სწორედ ამ საზრისითაა მრწამსშიც: `მსგავსად წერილისა”, ანუ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებისა და დაპირებების თანახმად.

 

ბიბლიის ერთიანობა

ადრეული ავტორები მრავლგზის ციტირებდნენ ძველ აღთქმას და წარმართებისადმი ხსნის უწყება ყოველთვის წარმოჩენილი იყო ძველი აღთქმის კონტექსტში. ეს ანტიკურობის არგუმენტი იყო. ძველი აღთქმა ქრისტემ კი არ გააუქმა, არამედ განაახლა და აღასრულა. ამ მხრივ ქრისტიანობა ახალი რელიგია კი არ არის, არამედ უძველესი. ახალი, ქრისტიანული `წერილები”, ჩაერთო ნამემკვიდრევ ებრაულ ბიბლიაში, როგორც ძირითადი კრებული და სრული ბიბლია, ორივე აღთქმა ერთად, მიჩნეულია ქრისტიანული გამოცხადების შესატყვის წერილად. არ არის წყვეტა ორ აღთქმას შორის, არამედ არის საღვთო იკონომიის (განგებულების) ერთიანობა. ქრისტიანული თეოლოგიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა წარმოეჩინა, რომ ძველი აღთქმა გახლდათ მოსამზადებელი (ეტაპი) ღვთის უკანასკნელი გამოცხადებისა იესო ქრისტეში. ქრისტიანული უწყება არ იყო მხოლოდ ზოგიერთ სწავლებათა (დოქტრინათა) განცხადება, არამედ უპირველეს ყოვლისა საუკუნეთა მიჯნაზე ღვთის ყოვლისშემძლე მოქმედებების უწყება. ეს არის საღვთო მეურვეობის ისტორია, რომელიც უმაღლეს წერტილს აღწევს იესო ქრისტეს პიროვნებაში, რომელსაც ღმერთი გზავნის თავისი ხალხის გასათავისუფლებლად. ღმერთმა აირჩია ისრაელი თავის სამკვიდროდ, თავის ხალხად, ჭეშმარიტების დამცველებად და მხოლოდ ამ რჩეულ ხალხს ჰქონდა ღვთის სიტყვა მინდობილი. ახლა კი ეკლესია იღებს ძველი აღთქმის საკრალურ მემკვიდრეობას, როგორც ქრისტიანულ წინასწარმეტყველებასა და `სახარებისეულ განმზადებას”. ადრეულ ხანაში ქრისტიან მისიონერებს ძველი აღთქმიდან ზოგიერთი განსაკუთრებული მონაკვეთი ჰქონდათ შედგენილი. წმ. კვიპრიანეს  წარმოადგენს ამის საუკეთესო ნიმუშს და წმ. იუსტინეც თავის ნაშრომში დიალოგი ტრიფონ იუდეველთან წარმოაჩენს ძველი აღთქმიდან (ამონაკრებს) ქრისტიანობის ჭეშმარიტების წარმოსაჩენად. მარკიონელთა მიდგომა, რომ ახალი აღთქმა ძველის ფესვებისაგან დაეშორებინათ, ეკლესიის მიერ ქმედითად იქნა უარყოფილი და განსჯილი. ორივე აღთქმის ერთიანობა მტკიცედ იქნა დადგენილი, თუმცაღა ძველი აღთქმის საკითხავებში ყველაფერში ქრისტიანული დოქტრინის დანახვაც სახიფათო იყო და ისტორიული პერსპექტივა ზოგიერთ შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩებოდა. თუმცაღა ამ ყველა ეგზეგეტიკურ მცდელობაში იყო ის დიდი ჭეშმარიტება, რომ წარმოეჩინათ საუკუნეთა მიჯნაზე საღვთო მეურვეობის ძალუმი განცდა.

 

ძველი აღთქმა როგორც ალეგორია

ადრეულ ეკლესიაში ძველი აღთქმის განმარტების ისტორია არის ყველაზე უფრო ამაღელვებელი, მაგრამ ასევე სამარცხვინო თავები ქრისტიანული სწავლების ისტორიაში. ბერძნული ძველი აღთქმიდან ეკლესიამ იმემკვიდრა აგრეთვე ალეგორიული ტრადიციაც. ფილონი, ელინიზირებული ებრაელი ალექსანდრიიდან, ამ წინარე ქრისტიანული მიდგომის საუკეთესო განმარტებელი  იყო, რომელმაც ძველი აღთქმა წარმართულ სამყაროში განადიდა. მან ამ მიზნისათვის სპეციალური, ალეგორიული, მეთოდი აიღო. თავად ფილონს არ გააჩნდა ისტორიული გაგება. ბიბლიის მისეულ ფილოსოფიაში მესიანური მოტივები სრულიად შეუმჩნეველია, ან უარყოფილია. მისთვის ბიბლია იყო მხოლოდ ღვთიური ფილოსოფიის სისტემა და არა საღვთო ისტორია. ისტორიული მოვლენები ინტერესმოკლებული და ნაკლებმნიშვნელოვანი იყო მისთვის. ბიბლია ფილონისათვის ჩვეულებრივი წიგნი იყო და ვერ შეძლო ისტორიული პერსპექტივის ან პროგრესის გარჩევა. ფილონისათვის მას (წმ. წერილს) მხოლოდ ბრძნულ იგავთა და დიდაქტიკური ისტორიების კრებულის სახე ჰქონდა და ფილოსოფიურ და ეთიკურ იდეათა საილუსტრაციოდ იყენებდა.

ამ განფენილობით მსგავსი ალეგორიული მეთოდი ეკლესიას არასოდეს მიუღია, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ  ფილონის ეგზეგეტიკურ თხზულებებს ძალუმი გავლენა ჰქონდა პირველ საუკუნეში. წმ. იუსტინემ ფილონის განმარტებები ფართოდ გამოიყენა. ფსევდო-ბარნაბა (ადრ. მე-2 ს.) იმდენად შორს წავიდა, რომ ძველი აღთქმის ისტორიული ხასიათი სრულად უარყო. ფილონისეული ტრადიციები ალექსანდრიის სკოლამ მიიღო, ასევე წმ. ამბროსიც მისდევდა ფილონის კომენტარებს და შეიძლება იწოდოს როგორც Philo latinus. ეს ალეგორიული განმარტებები ორაზროვანი იყო.

მრავალი ხანი დასჭირდა ბალანსის დაფუძნებას ან აღდგენას. ეკლესიაში ალეგორიული განმარტების საუკეთესო წარმომადგენელი იყო ორიგენე და მისი გავლენაც უზარმაზარია. შესაძლოა გაგვაოცოს ხანდახან მისმა ეგზეგეტიკურმა მიდგომებმა. უეჭველია, რომ ის უდავოდ იყენებდა წმ. წერილში საკუთარ ხედვებს, მაგრამ უდიდესი შეცდომა იქნებოდა რომ ის დაგვეხასიათებინა, როგორც ფილოსოფოსი. უპირველეს ყოვლისა ის თავისი პერიოდისათვის შესაბამისი ბიბლიის მკვლევარი იყო. ორიგენე ღამეებს ათენებდა ბიბლიის შესწავლაში. ორიგენეს მთავარი განზრახვა იყო თეოლოგიური დოქტრინა დაეფუძნებინა ბიბლიურ საწყისზე. სწორედ მან დაამკვიდრა პატრისტიკულ თეოლოგიაში მრავალგანზომილებიანი ბიბლიური სულისკვეთება. მან ჩვეულებრივ მორწმუნეზე ბევრად მეტი შეძლო; ორიგენემ ბიბლია ხელმისაწვდომი გახადა. მან ძველი აღთქა ძალუმად წარმოაჩინა თავის ქადაგებაში. ის ჩვეულებრივ ქრისტიანებს ეხმარებოდა წაეკითხათ და გამოეყენათ ძველი აღთქა დასამოძღვრავად. ორიგენე ყოველთვის ხაზს უსვამდა ბიბლიის ერთიანობაზე, მჭიდროდ აკავშირებდა ორივე აღთქმას და ახალი მიდგომა შემოიტანა, სურდა რა დაეფუძნებინა საღვთო მოძღვრება ბიბლიურ ბაზისზე.

ორიგენეს ზღვარი აშკარაა, მაგრამ მისი დადებითი წვლილი ბევრად დიდია. სწორედ ის ასწავლიდა თავისი მაგალითით ქრისტიან ღვთისმეტყველებს, რომ წარსულში გადასულიყვნენ წმინდა წერილის შთაგონებისათვის. მის სტილს მრავალი მამა გაჰყვა, თუმცაღა ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც შეხვდა. საზოგადოდ ცნობილია, თუ რა დიდი სხვაობა იყო ადრეული ეკლესიის ორ ეგზეგეტიკურ სკოლას შორის. ძირითადი მახასიათებლები ყველასათვის უწყებულია. ანტიოქიური სკოლა იდგა `ისტორიულ” მოტივებზე, ალექსანდრიელები კი `ანალიზზე”. რა თქმა უნდა, დაბალანსებული სისტემისათვის ორივე ელემენტის შეკავშირებაა აუცილებელი.

 

ქადაგების ისტორია

ძირითადი ალექსანდრიული საზრისი, როგორც საღვთოდ შთაგონებულს წმინდა წერილს უნდა ჰქონოდა საყოველთაო უწყება, ყველა ხალხისა და ეპოქისათვის. მათი განზრახვა იყო ამ უწყების წარმოჩენა, აღმოჩენა და საღვთო სიბრძნის ყოველი სულიერი სიმდიდრის ქადაგება, რომლითაც ბიბლია მრავლადაა აღსავსე. წმ. წერილის მიღმა არსებობს სხვა შესამეცნებელიც რომელსაც სულიერად დაწინაურებულნი იმეცნებენ. ყველა ადამიანური უწყების მიღმა ღვთის იმ მრავალგანზომილებიანი გამოცხადებებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება განიმარტოს როგორც ღვთის სიტყვის გამოცხადება მთელი თავისი დიდებულებით.

 

აღსანიშნავია რომ ღმერთი ესაუბრებოდა თავის ხალხს განსაკუთრებული შემთხვევის დროს, თუმცაღა ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ყველაფერი მის სიტყვაში სცდება ყველანაირ ისტორიულ ჩარჩოებს. უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან წინასწარმეტყველება და კონკრეტული მოწოდება. მრავალი ძველი აღთქმის უწყებიდან შეგვიძლია დავინახოთ მორწმუნეთა დამოძღვრა, თუნდაც არ იყოს ავტორთა მიერ მოაზრებული წინასწარგანზრახული ქრისტიანული ჭეშმარიტების `პრეფიგურაცია”. მთავარი მოტივი იყო, რომ ღმერთი წმ. წერილით მიანიშნებდა მარადიულ წინამძღვრობაზე მთელს კაცობრიობას.

ანტიოქიურ ეგზეგეზას ჰქონდა განსაკუთრებული კავშირი წინასწარმეტყველებათა და ისტორიების პირდაპირ მნიშვნელობასთან. `ისტორიული” ეგზეგეზის მთავარი წარმომადგენელი იყო თეოდორე მოფსუესტიელი, რომელიც აღმოსავლეთში ცნობილი იყო როგორც `განმარტებელი”. თუმცაღა თეოდორეს ავტორიტეტი დაასამარეს მისმა განმსჯელებმა იმ მრავალი არასწორი დოქტრინის გამო რაც მას ჰქონდა, მაგრამ მისი გავლენა ძველი აღთქმის ქრისტიანულ ეგზეგეტიკაზე კვლავ მნიშვნელოვანია. ეს `ისტორიული” ეგზეგეზა სცდებოდა საღვთო გამოცხადების საყოველთაო მნიშვნელობას, რადგან ეს უკანასკნელი მეთოდი განადიდებდა ძველი აღთქმის ლოკალურ და ნაციონალურ ასპექტებს. უფრო მეტიც, კარგავდა მისტიურ პერსპექტივას, რომ ძველი აღთქმის ისტორია ყოფილიყო მხოლოდ ერთი კონკრეტული ხალხის ისტორია სხვა ხალხთა შორის და არა ღვთის აღთქმის ჭეშმარიტი ისტორია.

იოანე ოქროპირმა გააერთიანა ორივე სკოლის საუკეთესო ელემენტები თავის ეგზეგეტიკურ მიდგომაში. თავად ის ანტიოქიელი ღვთისმეტყველი იყო, თუმცაღა სხვა ასპექტების გათვალისწინებით ის ორიგენეს მიმდევრად ითვლება. ალეგორიები შესაძლოა დამაბნეველი იყოს, მაგრამ მოვლენებს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ `ტიპიური” მნიშვნელობით. ძველი აღთქმის განჩინებები და პიროვნებები ასევე იყვნენ `ტიპები” ან `სახებანი” იმ მოვლენებისა რაც უნდა დამდგარიყო. თავად ისტორიაც წინასწარმეტყველური იყო. მოვლენები წინასწარმეტყველებდნენ  და მიანიშნებდნენ მიღმიერზე. ადრეული მამები ძნელად შეიძლება იწოდნონ `ფუნდამენტალისტებად”. ისინი მარად იყვნენ საღვთო ჭეშმარიტებისა და უწყების მიმდევარნი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წერილის საფარველქვეშ. პატრისტიკული ეგზეგეზის საუკეთესო ნიმუშია წმ. ბასილის ჰეგზამერონი, რომელმაც წარმატებით შემოიტანა რელიგიური ჭეშმარიტება ბიბლიურ თხრობაში შესაქმეზე ნამდვილი ბალანსით.

 

ძველი აღთქმა და ქრისტიანული მსახურება

პატრისტიკული მიდგომამ ძველი აღთქმისადმი ასახვა ჰპოვა ქრისტიანული მსახურების ისტორიაში. ქრისტიანული ლიტურგიის ებრაული ფესვები ნათელია. საჯარო მსახურების ერთიანი სისტემა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სინაგოგის პრაქტიკასთან. ფსალმუნები ებრაელთაგან იმემკვიდრეს და ადრეულ ეკლესიაში ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის ნიმუში გახდა. ფსალმუნები ქრისტიანული მსახურების შემადგენელი ჩონჩხია დღევანდლამდეც. ფსალმუნები გახლდათ ძველ ეპოქაში რელიგიური ლიტერატურის საფუძველი.

აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის საჯარო მსახურების შემსწავლელი შესაძლოა გაოცდეს თუ რამდენ ძველაღთქმისეულ ცნობას შეიცავს ის მსახურებებში, სახე-სიმბოლოებსა და საგალობლებში. ორი აღთქმის ერთიანობა ყველანაირადაა შესამჩნევი და ბიბლიური მოტივები უხვადაა. მრავალი გალობა ძველი აღთქმის საგალობლების ვარიაციაა, მეწამული ზღვის გადაკვეთა მოსეთი დაწყებული ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამით დამთავრებული. დიდ დღესასწაულებზე ძველი აღთქმიდან მრავალი ყურადსაღები უწყებაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წინასახეა, იკითხება რათა გადმოიცეს ქრისტიანული სრულყოფილება და განსაკუთრებით ვნების შვიდეულის მსახურებაში ჩანს ეს ძველაღთქმისეული მზადება. მთელი მსახურება დაფუძნებული იყო იმ რწმენაზე, რომ ჭეშმარიტი აღთქმა მარადის ერთი იყო, რომ იყო სრული თანხვედრა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა შორის და ეს სისტემა დადგინდა პატრისტიკული ხანის შემდეგ პერიოდში.

წმ. ანდრია კრიტელის კანონი ერთ-ერთი გასაოცარი ნიმუშია რელიგიური ბიბლიციზმისა, რომელიც იკითხება დიდ ჟამისწირვაზე. ეს არის ძალუმი ქადაგება, მოწოდება სინანულზე, რომელიც შედგენილია პოეტური შთაგონებითა და ბიბლიას ეფუძნება. ძველაღთქმისეულ ცოდვილთა მთელი წყება, ორივე მონანულიცა და მოუნანიებელიც იხსენიება. შესაძლოა ვინმე დაიკარგოს კიდეც ამდენი ადამიანის სახელებსა და მაგალითებს შორის. თუმცაღა ემფატიურად მოგვაგონებს რომ ყველა ძველი აღთქმის ისტორია ეკუთვნის ქრისტიანს. და ნებისმიერი მოწვეულია იფიქროს კვლავ და კვლავ საღვთო მეურვეობის ამ შესანიშნავ ისტორიასა და ადამიანურ სიჯიუტესა და მარცხზე. ძველი აღთქმა დაცულია როგორც დიდი სიმდიდრე. აღსანიშნავია ის გავლენა რომელიც ქებათა ქებამ იქონია ქრისტიანულ მისტიციზმზე. ამ წიგნზე ორიგენეს კომენტარი წმ. იერონიმეს შეფასებით მისი საუკეთესო თხზულებაა, რომელშიც საკუთარ თავსაც აღემატა და წმ. გრიგოლ ნოსელის ქებათა ქებას მისტიკური კომენტარი ქრისტიანული შთაგონების (ინსპირაციის) ჭეშმარიტად დიდი მონაპოვარია.

 

ძველი აღთქმა როგორც ღვთის სიტყვა

ზოგიერთის მოსაზრებით პრიმიტიული ქრისტიანული უწყება ბერძენ მამებში ძალიან ელინიზირებული იყო. თუმცაღა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მსგავსი ტიპის გამონათქვამებს. ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ მამები იყვნენ რომლებმაც დაიცვეს ძველი აღთქმის საუნჯე და ის ეკლესიის აუცილებელ მემკვიდრეობად აქციეს, როგორც მსახურებაში, ასევე თეოლოგიაში. ერთადერთი რაც მათ არასოდეს გაუკეთებიათ იყო ის, რომ არასოდეს დაუცავთ ებრაული ჩაკეტილობა. წმინდა წერილი მათთვის იყო მარადიული და უნივერსალური გამოცხადება, რომელიც მიმართული იყო ხალხებისადმი თავად ღვთისაგან, მაშინაც კი, როდესაც ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველთაგან ეუწყებოდა მხოლოდ რჩეულ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ საღვთო გამოცხადების საზომი არ შეიძლება განისაზღვროს წარსული დროით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ის საკრალური დრო დადგეს. არ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ძველ ებრაელებს ესმოდათ და განმარტავდნენ წმინდა წერილს მსგავსი მიდგომით, რადგან ეს განსაზღვრება არასოდეს იქნება საბოლოო. ახალი ნათელი უკვე მოეფინა ძველ გამოცხადებებს იმისაგან, ვინც მოვიდა, რათა აღესრულებინა რჯული და წინასწრმეტყველებები. წმინდა წერილები არ არიან მხოლოდ ისტორიული დოკუმენტები, ისინი არიან ჭეშმარიტად ღვთის სიტყვები, საღვთო უწყება ყველა თაობისათვის და ქრისტე იესო არის ალფა და ომეგა წერილებისა, ორივე ბიბლიის კულმინაციაცა და ნასკვიც. ეს არის ეკლესიის მამათა ურყევი უწყება ეკლესიის უნივერსალურობაზე ძველი რჯულის შესახებ.

 

1975 წ.

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გიორგი გველესიანმა

 

 

საიტზე განთავსებულია პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის სხვა სტატიებიც:

 

 

Cur Deus Homo? განკაცების მოტივი

ეკლესიის საზღვრების შესახებ

დაკარგული ბიბლიური გონება

წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ 

Download
ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა- მამა გი
Adobe Acrobat Document 225.9 KB