იოანე ოქროპირი, წერილები დიაკონისა ოლიმპიადას

წერილი მეშვიდე

 

ა. კაეშნის წყლულს მოგკვეთ და ზრახვებს განგიქარვებ, სევდის ღრუბელი რომ მოუვლენიათ შენზე. რა გიშფოთებს გონებას? ის, რომ ეკლესიაზე მოწეული ქარიშხალი მძვინვარე და ბნელია და ყოველივე დააბნელა, ვითარცა უმთვარო ღამე და ყოველდღიურად იზრდება, დანთქმას გვიპირებს და ქვეყნიერებას საზარელი მარცხის დღე უდგას? ეს მეც ვიცი და ამას ვერავინ ეწინააღმდეგება. თუ გსურს, აღგიწერ, რაც ხდება, რომ ტრაგედიის სურათი უკეთ წარმოგიდგინო. ყველგან მძვინვარე ზღვას ვხედავ, რომელიც  ქვემოთ, თავის უფსკრულებიკენ მიექაჩება წყალზე მოტივტივე თუ ჩაძრულ ზღვაოსანთ. ვხედავ ხომალდთა დამსხვრეულ ფიცრებს, დაფხრეწილ იალქნებს, ვხედავ ნაოსანთა ხელთაგან დაყრილ ნიჩბებს, ვხედავ კაპიტნებს, რომელნიც, იმის ნაცვლად, რომ შტურვალთან იდგნენ, მუხლებზე ხელებშემოჭდობილნი გემბანზე სხედან და ყოველივე იმის შემხედვარენი, რაც ხდება, უილაჯობისგან მოთქმით ჰგოდებენ. არც ცა ჩანს და არც _ მიწა, ყველგან წყვდიადს დაუსადგურებია, მრუმეს, უმთვაროსა და საზარელს, მახლობელ საგანთა გარჩევასაც რომ არ აცდის თვალს, ტალღების მძლავრი ხმაური და ზღვის მხეცნი  წამომართულან მგზავრთა წინაღმდეგ. თუმცკი, უმჯობესია, შეუძებელს არც წავეპოტინოთ! რომელი სახებაც არ უნდა მოვიშველიო მოვლენათა აღსაწერად, სიტყვა მაინც უძლურია იმ საშინელების წინაშე, დღეს რომ ხდება.

 

ბ. მიუხედავად ამისა, სასოს მაინც არ წარვიკვეთ, ვფიქრობ რა ბუნების მმართველზე, გრიგალი რომ ჩააცხო არა რამენაირი ძალისხმევით, არამედ, ერთი სიტყვა-მინიშნებით! და თუკი ამას დასაწყისშივე არ იქმს, ეს იმის გამოა, რომ მას საერთოდ ასე სჩვევია: გასაჭირს დასაბამშივე როდი დახსნის, არამედ მხოლოდ მაშნ, როდესაც გამრავლდება იგი და მწვერვალს მიაღწევს, როდესაც მრავალნი გაწბილდებიან, სწორედ მაშინ გამოაჩენს სასწაულს და საკვირველთმოქმედებს, ამგვარად გვიჩვენებს იგი ძალას მისას და, ამავდროულად, განსაცდელში ჩაცვივნულთ მოთმინებაში წრთვნის.

 

გ. ასე რომ, სასოს ნუ წარიკვეთ, გევედრები, რადგან, ოლიმპიადა, სინამდვილეში მხოლოდ ერთი საშინელი რამ, ერთი რამ განსაცდელი არსებობს და ეს არის ცოდვა! შენთან ამაზე უბნობას არასდროს შევწყვეტ. სხვა დანარჩენი ზღაპარია და სიცრუეა. ზედამოსლვანი [თავდასხმანი] იქნება ეს, ზიზღი და სიძულვილი, ცბიერება, ცილისწამებანი თუ გინებანი, განკიცხვანი და ქონების ჩამორთმევა, გადასახლება და ალესილი მახვილი, ზღვა თუ მსოფლიო ომი. ყოველივე ეს დროებითი და წარმავალია, ამ ხრწნად სხეულს ატყდება თავს და მღვიძარე სულს ვერ ვნებს. ამიტომაც, როდესაც პავლე მოისურვებს, წარმოგვიჩინოს ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთეთა და სიავეთა სიმდაბლე და უღირსება, ყოველივეს ერთი სიტყვით გამოხატავს: ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი _ წარუვალი (2 კორ. 4:18.). რად გაშინებს ის, რაც მდინარის ნაკადისებურად წარედინება?! ეს ყოველივე წარმავალია, კარგი იქნება თუ ცუდი. ერთი წინასწარმეტყველი კი ბალახსაც კი არ ამ უთანაბრებს ამ ყოველივეს, არამედ შესადარებლად მასზე უფრო უდარესი და მდაბალი მოიტანა _ ყვავილი ველისა. ამაში მხოლოდ სიმდიდრე, ფუფუნება ან ძალაუფლება და პატივი კი არ იგულისხმა, არამედ, ყოველივე ამ ერთ სიტყვაში მოაქცია; სულ ყველაფერი, რაც ბრწყინვალებად უჩნს ადამიანის თვალს: ყოველი დიდება კაცისა ვითარცა ყვავილი ველისა (კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში) (ეს. 4:6.).

 

2 ა. მძიმე და საშინელია დრო, მაგრამ აქაც მისი წარმავალობის ხატება მოიხმე.

 

წინასწარმეტყველი, როდესაც შეურაცხყოფას, გინებას, კიცხვას, მტერთაგან აბუჩად აგდებასა და ხელყოფას ძველ სამოსსა და დაჭმულ მატყლს ადარებს, ამბობს: მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ (ეს. 51:7.).

 

ბ. მაშ, ნუ ნურარა შეგაძრწუნებს, მოეშვი მავანთათვის თხოვნა-მუდარას, ჩრდილებს ნუ სდევ (სწორედ ჩრდილია კაცობრივი შემწეობა) და შენს ღმერთს, რომელსაც ემსახურები, მას სთხოვდე გამუდმებით; მას შეუძლია, მხოლოდ ერთი მინიშნები ყოველივე მეყსეულად მოაგვაროს. თუკი შესთხოვ და განსაცდელი მაინც არ ჩაივლის, ჩათვალე, ესეც ღვთის ჩვეულებაა (კვლავ ზემოთქმულს გაგიმეორებ): გასაჭირს დასაბამშივე კი გააქარვებს, არამედ მაშინ, როდესაც გამრავლდება და მწვერვალს მიაღწევს, როდესაც ჩვენს მბრძოლთა სიავე, თითქმის აღარაფერს შეგვარჩენს, მაშინ უეცრად ყოველივეს სიმშვიდისაკენ შესცვალებს და მოვლენებს მოულოდნელ მდინარებას მიანიჭებს. იგი მხოლოდ იმგვარი სიკეთით კი არ მოქმედებს, როგორსაც ჩვენ მოველით მისგან, არამედ _ გაცილებით აღმატებულად! ამიტომაც ამბობდა პავლე: ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს (ეფეს. 3:20.).

 

გ. განა არ შეეძლო ღმერთს, ისე მოეწყო, რომ სამი ყრმა იმ განსაცდელში არ ჩაცვენილიყო? მაგრამ მან ეს არ ისურვა, რათა ამ ყოველივეს უხრწნელი საუნჯე გამოეღო. ამიტომაც მიანება ისინი ბარბაროსთა ხელებს; ამიტომაც დაუშვა, აღგზნებულიყო არნახული  სახმილი და ამ სახმილზე უმეტესად კი _ მეფის რისხვა და მჭიდროდ ხელ-ფეხშებორკილი ყრმანი ცეცხლისთვის მიეცათ. როდესაც მათი გადარჩენის იმედი ყველას გადაეწურა, მაშინ გამოჩნდა უეცრად, ყოველგვარ იმედს მიღმა საკვირველთმოქმედი ღმრთის სასწაული და უმეტესად გაბრწყინდა! ცეცხლი შეიკრა და შეკრულნი განიხსნნენ! სახმილი იქმნა ტაძრად სავედრებლად და წყაროდ და სიგრილედ და სამეფო ეზოთა უპატიოსნესად. ყოვლისშემჭმელი და დამმარცხებელი სტიქია, რომელიც რკინასა და ქვას იმორჩილებს,  უძლურთა ბუნებისაგან იძლია. ამ სამმა ყრმამ ორივე ქმნილი სამყარო [ანგელოზთა და კაცთა] ამ გასაოცარ გალობად აწვია. ისინი გალობდნენ, სამადლობელ საგალობლებს აღავლენდნენ როცა შებორკეს, დასაწვავად მისცეს, როცა მტრის ხელთ აღმოჩნდნენ, როცა სამშობლოდან განიდევნნენ, როცა ტყვედ ჩაცვივდნენ, როვა თავისუფლება დაკარგეს _ საკუთრი ქალაქიდან გახიზნულებმა და უსახლკარონი და ლტოლვილნი შეიქნენ უცხო და ბარბაროსულ მიწაზე. ჭეშმარიტად, ესაა ნიშანი მადლიერი სულისა!

 

დ. როდესაც მტერთა სიავე სრულ-იქმნა (სიკვდილზე უმეტესი განა ან რა სიავე შეეძლოთ შეემთხვიათ მათთვის?!), მოასპარეზეთა ბრძოლა განსრულდა და გვირგვინები მოიწნა; როცა ჯილდონი განმზადდა და აღარა აკლდა რა მათ აღყვავებას, სწორედ მაშინ დაიხსნა გასაჭირი: იგი, ვინც სახმილი აღაგზნო და ყრმანი ასეთ სასჯელს მისცა, ამ წმინდა მოღვაწეთა განმადიდებელი შეიქმნა; სწორედ ის ხდება მღაღადებელი ღვთის საკვირველთქმედებისა და ის გზავნის მსოფლიოს ყოველ კუთხეში სიხარულით აღსავსე წერილებს, მომხდარს მოუთხრობს და  საკვირველთმოქმედი ღმრთის სარწმუნო მქადაგებლად გადაიქცევა. მისი, მტრისა და მბრძოლის დაწერილი მოწმობა განაქარვებდა მტერთა ეჭვებს და უტყუარი გახლდათ!

 

3 ა. იხილე განმჭვრეტელობა ღვთისა? იხილე სიბრძნე მისი? იხილე საკვირველება მისი? კაცთმოყვარება და მამობრივი ძალაუფლება? მაშ, ნუ შიშობ, ნუ შეძრწუნდები, მტკიცედ ჰმადლობდე მას ყოველივესთვის, მადიდებელი, მვედრებელი, მლოცველი და შევრდომილი მისი. თუნდაც მოიწიოს აურაცხელი ძრწოლა, ქარიშხალი და განსაცდელი, ნურაფერი შეგაძრწუნებს. ჩვენს მეუფეს ჩვენს შველას ვერა დაასწრებს რა, ვერც ვითარების სირთულე: თუნდაც უსაშინლეს უბედურებას ვიყოთ მიწევნული. მას ძალუძს დაცემულთა აღდგინება და ცდუნებულთა მობრუნება; მას ძალუძს შემცდართა განმართვა და ცოდვით აღვსილთა დახსნა და განმართლება; მას ძალუძს მკვდართა განცოცხლება, ძირითურთ აღმოფხვრილთა უბრწყინვალესად წარმოჩენა და მოძველებულის განახლება. თუკი არაარსი არსებობად მოიყვანა, მით უფრო არ განმართავს და განასწორებს განა, უკვე არსებულსა და ქმნილს?

 

ბ. ბევრია დაქცეული და ცდუნებული? მრავალი ასეთი განმართულად წინათაც წინანდებურ მდგომარეობა დაბრუნებია, იმათ გარდა, რომელნიც საგანთა ცვალების შემდგომაც კურნების გარეშე დარჩენენ. რად გაშფოთებს, ვიღაც თუ ტახტიდან ჩამოვიდა ანდა თუ ვიღაც მასზე მეტად ამაღლდა?  ქრისტე ჯვარს ეცმოდა და ამ დროს გასათავისუფლებლად ავაზაკი ბარაბა გამოითხოვეს (ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად (მათ. 27:15), გარყვნილი ბრბო გაჰყვიროდა, რომ უმჯობესია, კაცისმკვლელი გადარჩეს, ვიდრე მაცხოვარი და ქველმოქმედი.  როგორ ფიქრობ, რამდენი ცდუნდა და დაიღუპა მაშინ?

 

გ. ახლა კი ზემოთქმულს უნდა დავუბრუნდე. განა, ჯვარცმული დაბადებისთანავე ლტოლვილად არ იქცა? განა ჩვილობის სახვევებიდანვე უცხო მიწაზე არ გაემგზავრა ოჯახობითურთ, განა ესოდენ შორეულ ბარბაროსულ ქვეყანაში არ გაიხიზნა (მათ. 2:13-15).

 

ამას მოჰყვა სისხლის მდინარენი, უსამართლო ხოცვა-ჟლეტა. მთელი წმინდა სიყმაწვილე ისე მიდიოდა,  თითქოს, საბრძოლო ხაზზე ყოფილიყოს: დედებს მკერდიდან აგლეჯდნენ მოსაწყლველად განწირულ ბავშვებს და რძე ჯერ ყელს არ ჩასცდენოდა, რომ ამ ყელს უკვე მახვილი გადასერავდა (მათ. 2:16.). რა უნდა იყოს ამ ტრაგედიაზე საშინელი? ეს ყოველივე ქმნა მან, ვინც მაცხოვარს მოსაკლავად ეძიებდა, სულგრძელმა ღმერთმა კი დაუშვა, დაითმინა ამგვარი ტრაგედია, ამდენი სისხლი. მას შეეძლო, ამ ყოველივეს წინ აღსდგომოდა, მაგრამ მან თავისი სულგრძელება აჩვენა, თანახმად მისი გამოუთქმელი სიბრძნისა.

 

დ. როდესაც იესო ბარბაროსთა ქვეყნიდან დაბრუნდა და გაიზარდა, მის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ განახლდა. პირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს აღეძრათ შური, თუმც კი თვით იოანე მაცხოვარს ემორჩილებოდა და ამბობდნენ, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან (იოან. 3:26.). ეს იმ გაღიზიანებული კაცის სიტყვებია, შურით რომ იგვემება და ვნებით განილევა. ამიტომაც შეეპაექრა და დაუპირისპირდა ერთი მის მთქმელ მოწაფეთაგანი რომელიღაც იუდეველს  განწმენდის თემასა და ამ ორი ნათლობის - იოანესეული ნათლობისა და ქრისტეს მოწაფეთა მიერ ნათლობის განსხვავებასთან დაკავშირებით. რადგან ნათქვამია: იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო (იოან. 3:25.).

 

ე. როდესაც იესომ სასწაულების ქმნა დაიწყო, როგორიღა ცილისწამება არ აუგორეს. ზოგი სამარიტელსა და შეპყრობილს უწოდებდა მას: სამარიტელი ხარ და ეშმაკეულიო (იოან. 8:48.). ზოგი - შეცდომილს, ხალხს აცდუნებსო (იოან. 7:12.). ზოგი - მჩიხბავს; ეშმაკებს ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო (მათ. 9:34.). სწორედ ამ ყველაფერს იმეორებდნენ გამუდმებით და მას წინააღმდგომად, ნაყროვანად, მუცელღმერთად,  მემთვრალედ და მზაკვარ და გარყვნილ კაცთა მეგობრად მოიხსენიებდნენ: მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო (ლუკ. 7:34.). როდესაც მეძავს ესაუბრებოდა, მას ცრუ წინასწარმეტყველის სახელით ამკობდნენ - ეს რომ წინასწარმეტყველი ყოფილიყო, - ამბობდნენ, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო (ლუკ. 7:39.). და, მის წინააღმდეგ, დღემუდამ კბილებს ილესავდნენ. მას ამგვარად მხოლოდ იუდეველები კი არ ეპყრობოდნენ, არამედ არც ისინიც, ვინც მის ძმებად ითვლებოდნენ, მისდამი კეთილად არ ყოფილან განწყობილნი. ბრძოლა შინაც კი აღიძვროდა მის წინააღმდეგ. შეხე, მათი გონებაც რარიგ იყო შერყვნილი, რომ,  როგორც მახარებელმაც თქვა, მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი (იოან. 7:5.).

 

 4ა. შენ თვლი, რომ დღეს მრავალნია დაბრკოლებული და ცდუნებული?! როგორ ფიქრობ, რამდენი მოწაფე დაბრკოლდა ჯვარცმისას? ერთმა გასცა, მეორემ უარჰყო, სხვები გაიქცნენ. ყველა გაიფანტა და ის მარტო წაიყვანეს ხელ-ფეხშებორკილი. იცი განა, რამდენი დაბრკოლდა ამ დროს მათგან, ვინც იხილა, როგორ აღასრულებდა ნიშებსა და სასწაულებს, როგორ აღადგენდა მკვდრებს, როგორ განწმენდდა კეთროვანთ, როგორ განაშორებდა დემონთ, აპურებდა ხალხს და სხვა დიდ საქმეებს აღასრულებდა?! იცი განა, რამდენი ცდუნდა მაშინ, როდესაც ნახა, როგორ წაიყვანეს შებორკილი, მარტო, უბირი ჯარისკაცებითა და იუდეველი მღვდლებით გარშემორტყმული, აყალმაყალსა და შფოთში, მტერთა შორის მდგარი, იქვე კი გამცემელი იდგა და თავი მოსწონდა? წარმოგიდგენია, რა ხდებოდა მისი გამათრახებისას? ცხადია, ამასაც უამრავი ხალხი შეესწრო, რადგან ბრწყინვალე დღესასწაული იყო და  ყველას იქ მოეყარა თავი!.. ქალაქის ცენტრში უსამართლო დრამის მომსწრენი ვხდებით, თანაც _ მზის გულზე, შუადღისას!

 

ბ. ვინ იცის, რამდენი დაბრკოლდებოდა, როდესაც მას შებორკილს, გაშოლტილს, სისხლმდინარეს, სამსჯავრზე განკიცხულს მარტოს, თავისი მოწაფეების გარეშე ნახავდა?!  მაშინაც ბევრი დაბრკოლდებოდა, მის გარშემო რომ მთელი კომედია გაითამაშეს: ეკლის გვირგვინი დაადგეს, ქლამინდით შემოსეს, ლერწამი დააჭერინეს ხელში, ქვედაემხნენ, დაცინვით თაყვანი-სცეს და კიცხვისა და დამცირების ყოველგვარ გზას მიმართეს. რამდენი დაბრკოლდებოდა, რამდენი აღშფოთდებოდა, რამდენი შეძრწუნდებოდა, როდესაც საფეთქელს სცემდნენ და ეტყოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ? (მათ. 26:68.). როცა აქეთ-იქით დაატარებდნენ და მთელი დღეს გალიეს ასე, ქილიკსა და შეურაცხყოფაში; აბუჩად აგდებასა და სიცილში; ასე ვთქვათ, ამ „იუდაურ თეატრში“? რამდენი დაბრკოლდებოდა მაშინ, როდესაც მღვდელმთავრის მონამ სცა მას და მაშინაც, ჯარისკაცები მის სამოსს რომ ინაწილებდნენ?! მაშინაც, ჯვარზე გვერდებნაგვემი და შიშველი რომ ავიდა?! ამ დროსაც არ დამცხრალან ეს ველური მხეცნი, არამედ კიდევ უფრო გაშმაგდნენ – ტრაგედია მძაფრდებოდა და კიცხვა განმრავლდებოდა.

 

გ. ერთნი იძახდნენ: ესაა, ტაძარს რომ დაანგრევს და სამ დღეში აღაშენებსო, მეორენი ამბობდნენ: სხვანი იხსნა, საკუთარი თავის ხსნა კი არ ძალუძსო (მათ. 27:42.). ზოგიერთი კი იმასაც ეუბნებოდა, თუ ძე ხარ ღვთისა, ჩამოდი ჯვრიდან და გერწმუნებითო (მარკ. 15:32.), რამდენი დაბრკოლდებოდა, როდესაც ჩააწეს ღრუბელი ძმარსა და ნაღველში?! რამდენი დაბრკოლდებოდა, როდესაც ავაზაკნი ჰკიცხავდნენ და მაშინაც, როდესაც – ეს ზემოთაც ვთქვი – ყველაზე საშინელი და უსამართლო რამ მოხდა: ავაზაკი, მკვლელი და ძვალთა მტკვერელი ბარაბა არჩიეს მის თავს მაშინ, როცა ერთ-ერთის სამსჯავროდან გათავისუფლების საკითხი დადგა, მათ არა მხოლოდ ჯვარცმა სურდათ ქრისტესი, არამედ – მისთვის ცუდი სახელის დაგდებაც; თითქოსდა, ის ავაზაკზე იმდენად უარესი და იმდენად რჯულის გარდამავალი იყო, რომ კაცთმოყვარებასა და დღესასწაულზე მინიჭებულ უფლებებსაც არ შეეძლო მისი ხსნა.ეს ყოველივე მისი ხალხის თვალში დამცირების განზრახვით ჩაიდინეს. ამიტომაც აცვეს ჯვარს ორ ავაზაკს შორის.

 

დ. მაგრამ ჭეშმარიტებას ჩრდილი არ ადგება, არამედ უმეტესად ბრწყინდება. იგი მეუფების პატივის მიტაცების გამოც გაასამართლეს ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩებაო (იოან. 19:12.). ტირანიაში დასდეს ბრალი მას, ვისაც თავის მისადრეკელიც კი არ გააჩნდა.Mმას ცილს სწამებდნენ, როგორც ღვთისმგმობელსაც. მღვდელმთავარმა სამოსელი დაიპო სიტყვებით: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? (მათ. 26:65.). როგორიღა იყო მისი სიკვდილი? განა სიკვდილიც ისეთი არ იყო, მსჯავრდებულს და წყევის ქვეშ მყოფს რომ შეჰფეროდა?! განა ეს ყველაზე უარესი აღსასრული არ გახლდათ?! განა, ეს უკანასკნელი უსჯულოების ჩამდენთათვის განკუთვნილი სასჯელი არ იყო, რომელნიც იმასაც კი არ იმსახურებდნენ, სული მიწაზე განეტევევბინათ?

 

ე. საფლავიც სამადლოდ და სამოწყალოდ გამზადდა. მისი სხეული ვიღაცამ გამოითხოვა. ისე რომ, მის დაკრძალვაზე ნათესავსაც კი არ უზრუნიათ, არც რომელიმე მათგანს დაუკრძალავს იგი, ვისთვისაც მას სიკეთე ექმნა, არც მის მოწაფეთაგანს, მისი მაცხოვარება მთელი ძალით რომ შეიგრძნო.  ყველა გაუჩინარდა და განეშორა. ის მზაკვრული განმარტება კი - აღდგომასთან დაკავშირებით რომ გაავრცელეს _ თითქოსდა, მის მოწაფეებს მოეპაროთ იგი (მათ. 27:13.). რამდენს მართლაც გასტეხდა და დააბრკოლებდა?! მაშინ ეს აზრი გავრცელდა და ფეხი მოიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი შეთხზული, მოსყიდვასა და ანგარებაზე დამყარებული იყო, ზოგიერთებმა დაიჯერეს; მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონილი და ქრთამზე დამყარებული ჭორი იყო, მაინც მრავალმა ირწმუნა; დიახ, ირწმუნეს! მიუხედავად ესოდენი მოწოდებისა, მიუხედავად ჭეშმარიტების ესოდენი ბრწყინვალებისა! თანაც, ხალხმა არაფერი იცოდა აღდგომის შესახებ სწავლებაზე, რადგანაც ჯერ თვით მოწაფეებმაც არ უწყოდნენ სრულად იგი. ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყოო, ამბობს წმინდა წერილი (იოან. 20:9.). როგორ ფიქრობ, რამდენი დაბრკოლდა იმ დღეებში?!Mმაგრამ სულგრძელმა ღმერთმა ყოველივე თავისი სიბრძნით შეიწყნარადა  მიუწვდომელი სიბრძნით განაგო.

 

5ა. იმ დღეთა შემდგომად, მოწაფენი - დამალულნი, გაუჩინარებულნი, განრიდებულნი,  აკანკალებულნი _ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ და ამ გზით, ყურადღების მიქცევას გაურბოდნენ. არც ორმოცდაათი დღის შემდგომ, როდესაც სასწაულებმა იწყეს გამოჩენა, არ უგრძვნიათ თავი უსაფრთხოდ. შემდგომაც მრავალი უძლური ცდუნდა მაშინ, როცა მათ მუსრს ავლებდნენ, ეკლესია ძრწოდა, მათზე დევნა მოიწეოდა,  ირგვლივ მტრები მძვინვარებდნენ. როცა სასწაულებით  დიდი კადნიერება მოიგეს. სტეფანეს სიკვდილმა კვლავ უფრო დიდი დევნა აღძრა, ყველა მიმოიფანტა და ეკლესიაში სიმშვიდე ისევ დაირღვა, მოციქულებს კვლავ შიში დაეუფლათ, კვლავ ლტოლვა და კვლავ შფოთება.

 

ბ. ეკლესია განივრცო, სასწაულებით ჰყვაოდა, დასაბამიდანვე ბრწყინვალება მოსავდა. ამ დროს კი ვიღაც სარკმლიდან გადაძვრებოდა და ასე აღწევდა თავს მეფის ხელს (2 კორ. 11:32.); სხვებს ჯაჭვთაგან ანგელოზი იხსნიდა (საქმ. 12:5-11, საქმ. 5:22-24.), სხვებს, მმართველთაგან დევნილებს, ვაჭრები და ხელოსნები შეიფარებდნენ და მათზე ზრუნავდნენ. ძოწეულით მოვაჭრე ქალები (საქმ. 16:14.), მეკარვენი (საქმ. 18:3.) და  დაბაღნი (საქმ. 10:6.), რომლებიც სახლობდნენ ქალაქის განაპირას, სანაპიროებსა და ზღვის მახლობლად.Bბევრჯერ შუა ქალაქში გამოჩენასაც კი ვერ ბედავდნენ და მათ რომც გაებედათ, მათი მასპინძლები ვერ გაბედავდნენ.

 

გ. ასე  მიდიოდა საქმე, განსაცდელებით და არა - შვებით; ისინი, ვინც ადრე დაბრკოლებულნი იყვნენ, მოგვიანებით გამოსწორდებოდნენ ხოლმე, ცდუნებულნი მობრუნდებოდნენ და მიწის პირზე განრთხმული უმეტესად აღემართებოდა.ამიტომაც, როდესაც პავლემ ითხოვა, მშვიდად ქადაგების საშუალება მიეცა მისთვის, ყოვლადბრძენმა ღმერთმა, მრავალჯერ ვედრების მიუხედავად, თავისი მოწაფისა არ ისმინა, არ დაეთანხმა მის თხოვნას, არამედ უთხრა: შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში (2 კორ. 12:9.)

 

დ. თუ დაუკვირდები, ნახავ, რომ სამწუხაროსთან ერთად, მრავალი სასიკეთოც მომხდარა: თუ ნიშნები და საწაულები არა, ისეთი მოვლენები მაინც, მათ რომ წააგავს, _ ღვთის აღუწერელი განგებისა და შემწეობის მაჩვენებელი.ყველაფერი რომ ჩვემგან არ ისმინო, ნაწილს შენ მოგანდობ განსასჯელად, რომ ყოველივე შეაჯერო, ყოველგვარ ბოროტს შეუპირისპირო და კეთილ საზრუნავს მიცემული, მწუხარებას განეშორო, რადგან, აქვე მრავალ ნუგეშს მიიღებ.

 

ე. მთელ შენს კურთხეულ სახლეულს გადაეცი ჩემი დალოცვა, ძლიერი იყავი და გიხაროდეს, ჩემო ღმრთისმოყვარეო და  კეთილკრძალულო ასულო!

 

 

ვ. თუ გსურს, ვრცელი წერილები მოგწერო, ესეც მაცნობე (რა თქმა უნდა, ყოველგვარი სიცრუის გარეშე: ვითომდა მწუხარება სრულებით განგიგდია და სიხარულით აღვსილხარ! ამ წერილებმა ამგვარად უნდა გიწამლონ - სიხარული მოგგვარონ და თავადაც ნახავ, რეგულარულად მოგწერ ხოლმე. იმას კი ნუღარ მეტყვი, რომ ჩემს წერილებში დიდ ნუგეშს ჰპოვებ; ეგ მეც ვიცი... შენ ის მითხარი, იმდენს  თუ ჰპოვებ? მითხარი, რომ, როგორც მე მსურს: არ  შფოთავ, არ ტირი; არამედ  შვებითა და სიხარულით იმყოფები.

 

თარგმნა ნინო საძაგლიშვილმა

Download
იოანე ოქროპირი-მეშვიდე წერილი.pdf
Adobe Acrobat Document 168.6 KB