სწავლება თავისუფლების შესახებ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში
III-ნაწილი
ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე
§2.2 სჯული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში
წმინდა პავლე მოციქულის წერილებში სჯული უკავშირდება სიკვდილსა და ცოდვას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. სიკვდილი - ესაა საბოლოო ზღვარი, სანამდეც ცოდვას მიჰყავს ადამიანი. ცოდვა კი ძალას იღებს სწორედ სჯულისაგან (1 კორ. 15.56). სჯული ხშირად უარყოფით კონტექსტში განიხილება: „რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არავინ განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა“ (რომ. 3.20); „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწუნოებით თვინიერ საქმეთაგან სჯულისათა“ (რომ. 3.28); „რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასვლაჲ“ (რომ. 4.15); „და ცოდვაჲ თქვენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქვეშე არამედ მადლსა“ (რომ. 6.14); „ხოლო განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან“ (რომ. 7.6); „რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4). ასევე კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3.6). „წიგნი“ ძველი სჯულის სახეა, რომელიც ითქმის სიკვდილის სჯულადაც. აი, როგორ განმარტავს ამას წმინდა იოანე ოქროპირი: „რჯული თუკი მკვლელს დაიჭერს, მას სიკვდილით სჯის, ხოლო თუკი მკვლელს მადლი დაიჭერს, ის მას განწმენდს და განაცხოველებს. თუმცა, რად ვსაუბრობ მკვლელზე? რჯულმა ისიც კი დაიჭირა და ქვებით ჩაქოლა, ვინც შაბათს შეშა შეაგროვა. აი, რას ნიშნავს „წიგნი მოაკუდინებს“.[1] ეს ადგილი განმარტავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წარმოთქმულ ფრაზასაც: „რამეთუ სჯულმან სულისა ცხოვრებისამან ქრისტე იესოს მიერ განგვათავისუფლნეს სჯულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა“ (რომ. 8.2). ცხადია, რომ ძველი აღთქმის სჯულს შეფარვის გარეშე უკავშირებს მოციქული ცოდვას და სიკვდილს. სჯულის შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბრობს გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც: „რამეთუ მე სჯულისათვის სჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხონდე. ქრისტეს თანა ჯვარცმულ ვარ“ (გალ. 2.19). ასევე „რაოდენნი-იგი საქმეთაგან სჯულისათა არიან წყევასა ქვეშე არიან, რამეთუ წერილ არს წყეულ იყავ ყოველი რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის სჯულისასა ყოფად მისსა“ (გალ. 3.10); „რამეთუ სჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე ცხად არს რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (გალ. 3.11). მოციქული ასევე წერს, რომ ქრისტემ გამოგვიხსნა სჯულისაგან (გალ. 4.5). სჯულის ქვეშ ყოფნა ნიშნავს სტიქიების (στοιχεία) მორჩილებას (გალ. 4.3). ის, ვინც სჯულის საქმეებით ცდილობს განმართლდეს, კარგავს ქრისტეს და შესაბამისად მადლს შორდება (გალ. 5.4).
სწორედ ამგვარი პასაჟების საფუძველზე რეფორმაციის დროინდელი თეოლოგია მიიჩნევდა, რომ სახარება ეწინააღმდეგებოდა სჯულს. თანამედროვე ეპოქის მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით, წმინდა პავლე სჯულს დემონურ ძალად რაცხდა, უიგივებდა ცოდვას და მასავით ტირანად მიიჩნევდა. მათი მოსაზრებით, სჯულს ხსნის პროცესში არავითარი პოზიტიური როლი არ ჰქონდა და არც ამჟამად აქვს.[2]
სჯულის დადებითი მხარეების წარმოჩენას წმინდა პავლე შეკითხვით იწყებს: „რაჲ-მე უკვე ვთქვათ? სჯული ცოდვა-მე არსა? (რომ. 7.7) და ამ კითხვას უარყოფით პასუხს სცემს. [3] წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში მრავალი ადგილი მოიპოვება, სადაც იგი სჯულის შესახებ პოზიტიური ტერმინებით საუბრობს. ამგვარი რამ ყველაზე მეტად დამახასიათებელია რომაელთა მიმარ ეპისტოლისთვის. „სიმართლე იგი ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს და წამებულ სჯულისა მიერ და წინასწარმეტყველთა“ (რომ. 3.21); „აწ სჯულსა განვაქარვებ სარწუმუნოებითა? არა, არამედ სჯულსა დავამტკიცებთ“ (რომ. 3.31). „ამიერითგან სჯული-იგი წმიდა არს და ცნებაჲ-იგი წმიდა და მართალ და კეთილ“ (რომ. 7.14); „რამეთუ შეუძლებელი იგი სჯულისა რომლითა უძლური იყო ხორცთა მათთვის ძე თვისი მოავლინა მსგავსად ხორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათვის და საჯა ცოდვაჲ იგი ხორცითა თვისითა რაჲთა სიმართლე იგი სჯულისაჲ აღესრულოს ჩვენ შორის, რომელმი არა ხორციელად ვიქცევით არამედ სულიერად“ (რომ. 8.3-4). ამ ციტატების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წმინდა პავლესთვის სჯული იმავდროულად იყო პოზიტიური ძალა, რომელიც ქრისტეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაუუქმებია. [4]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სჯულის შესახებ დადებით კონტექსტში ნაკლებად არის საუბარი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, ვიდრე ეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეშია. როგორ შეიძლება განიმარტოს ამგვარი კონტრასტი? მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მოციქულმა განავითარა თავისი შეხედულებანი გალატელთა მიმართ ეპისტოლის დაწერის შემდეგ, სადაც ხშირად არის სჯული უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული. მათი აზრით, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგი უკვე სხვაგვარად ფიქრობდა.[5] ამ მოსაზრება ვერ გავიზიარებთ, რადგან საღვთო გამოცხადება (რომლის მიერაც დაიწერა ეს ეპისტოლეები) არ ვითარდება და არც ამ ეპისტოლეების დაწერის თარიღებს შორის არის დიდი შუალედი.[6] გარდა ამისა, წმინდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეშიც ხშირად ეხება სჯულის უარყოფით მხარეებს, ხოლო გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მიუთითებს სჯულის დადებით მხარეებზე (გალ. 3.23-24). აგრეთვე, რომაელთა მიმართ ეპისტოლე არ არის რაიმე განსაკუთრებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით დაწერილი, როგორც ეს გალატელთა მიმართ ეპისტოლის შემთხვევაში გვაქვს, სადაც მოციქული განსაკუთრებული ემოციური მსჯელობით გამოირჩევა. სწორედ სჯული იყო ის, რომელიც აბრუნებდა მონობაში მორწმუნეებს, ამიტომ გასაგებია ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ხაზგასმა სჯულის უარყოფით მხარეზე. ვინაიდან რომაელთა მიმართ ეპისტოლე მოციქულს რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო არ დაუწერია, ამიტომ მასში გათვალისწინებულია სჯულის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
§2.3 სჯულის ფუნქციები
ა) რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გვხვდება ოთხი პასაჟი (რომ. 3.20; 4.15; 5.13; 7. 13), სადაც სჯულის ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრულია ცოდვის გამოჩენა და მისი დეფინიცია. სჯული ის იარაღია, რითაც ცოდვა აღიქმება. აღსანიშნავია, რომ სჯულის ზემოხსენებული ფუნქციის შესახებ არაფერია თქმული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც სჯულის საკითხები ისეთივე მნიშვნელოვნადაა დასმული, როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. უნდა ვივარაუდოთ, რომ რომაელთა მიმართ ეპისტოლე ესაა პავლეს უმთავრესი ეპისტოლე, სადაც, სხვა ეპისტოლეებისგან განსხვავებით, თემები და საკითხები სისტემურადაა წარმოდგენილი. ამიტომ აქ, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში აუცილებლობად მიიჩნია სჯულის შესახებ საუბრისას მისი ფუნქციების გამოყოფა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა. წმინდა პავლესა და მისი წერილის ადრესატებს შორის სჯულის ეს ფუნქცია არის ერთგვარი მოცემულობა, რაც არ არის საკამათო და მისაღებია ყოველგვარი ეჭვისა და ცილობის გარეშე, ესაა ბაზისი, რომელსაც ეფუძნება შემდგომი მსჯელობა და კეთდება დასკვნები.[7]
კითხვას, თუ საიდან იცოდა წმინდა მოციქულმა სჯულის ამ ფუნქციის შესახებ, ადვილად ვუპასუხებთ, თუ რამდენიმე ადგილს გავიხსენებთ ძველი აღთქმიდან. პირველ რიგში ესაა ფსალმუნები (ფს. 19. 32; 51 და 119), ასევე იოშიას ისტორია (2 მეფ. 22.3; 23. 25), როდესაც მან იხილა აღთქმის წიგნი, ასევე ნეემიას ისტორია (ნეემ. 8.10), სადაც უდიდესი ემოციით ხვდებიან სამშობლოში დაბრუნებული ისრაელიანები იმ სიტყვებს, რომლებიც სჯულის წიგნიდან ამოუკითხეს.
ამავე ფუნქციას განეკუთვნება მისი მეორე ასპექტი, რომ სჯული ამავდროულად ღვთის სასჯელის საზომია. წმინდა მოციქულისთვის ეს ფუნქციაც აქსიომატურია. ცოდნა იმისა, თუ რა არის ცოდვა, ნიშნავს, რომ მთელი სამყარო ექვემდებარება ღვთის სასჯელს ანუ განსჯას (რომ. 3.11-20). სადაც არა არის სჯული, იქ არც დარღვევაა და, შესაბამისად, არც რისხვა (რომ. 4. 15).
სიკვდილს იწვევს ცოდვა, რომელიც სჯულის მიერ განსაზღვრულია, როგორც „გარდასვლა“ („დარღვევა“, „ცოდვა“, παράβασις) (რომ. 5.13-14; 7.13).
მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ სჯული - ესაა ერთგვარი საზომი საყოველთაო განსჯისათვის, რომლითაც წარმართიც განისჯება, რადგან მათ ჰქონდათ ცოდნა ღვთის შესახებ: „რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ“ (რომ. 1.19); ასევე „რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესე ვითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკვდილისა“ (რომ. 1.32).
შეიძლება დაისვას კითხვა: საიდან იცოდნენ წარმართებმა ღმერთის არსებობის შესახებ? წმინდა პავლე მოციქული ამ თემაზე საუბრობს რომაელთა მიმართ ეპისტოლის პირველსა და მეორე თავებში. ღმერთი შეიცნობა მის მიერ შექმნილ სამყაროში, რომელიც წიგნია ღვთის შესახებ. თუ ადამიანი ისურვებს და გადაშლის მას „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ მისი, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყვის მიმგებელ“ (რომ. 1.20). წმინდა თეოფანე დაყუდებული ამ მუხლის განმარტებისას წერს: „ღვთის ბუნების ხილვა შეუძლებელია, მაგრამ, როგორც თოვლზე დატოვებული კვალი ცხადყოფს, რომ აქ ადამიანმა გაიარა ისე, რომ მას ვერ ვხედავთ, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ადამიანი იყო. ასევე ღვთის კვალი სამყაროზე ცხადად არის დამჩნეული.[8]
მეორე, საიდანაც წარმართებს ჰქონდათ ცოდნა ღვთის შესახებ, ეს არის სინდისი[9](συνείδησις). წმინდა პავლე მოციქული მას „ბუნებით სჯულს“ უწოდებს. ის, რაც წერილობითად ეკარნახება იუდეველს, წარმართს გულში აქვს დაწერილი.[10] რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამ შინაარსის შემცველი ორი მუხლი გვხვდება (რომ. 2. 14-15).
ამგვარად, სჯულის ფუქცია იყო საზომი ღვთის სასჯელისა: „რომელმან მიაგოს კაცად- კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (რომ. 2. 6). რადგან მათ იცოდნენ ღვთის მცნებები და ისიც, რომ უნდა დაეცვათ ისინი (რომ. 8.7). ამიტომ სჯული დაუყოფს პირს ყველას და სასჯელის თანამდებს გახდის მათ (რომ. 3.19).
ბ) სჯულის შემდგომი ფუნქცია, რაც უკვე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში იკვეთება, არის სჯულის ქვეშ მყოფთა დაცვა (გალ. 3.29). „სჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებითა განვმართლდეთ“ (გალ. 3.24).
აქ გამოყენებულია ტერმინი“παιδαγωγὸς“: „სჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს“; „ὥστε ὁ νόμος παιδαγωγὸς ἡμῶν γέγονεν εἰς Χριστόν“ (გალ. 3.24). ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში “παιδαγωγὸς“ (პედაგოგი) იყო მონა, რომელსაც ბავშვი დაჰყავდა სახლიდან სკოლამდე და პირიქით. ზოგიერთი მკვლევარი ეყრდნობა ანტიკური ეპოქის იმ ავტორთა მოგონებებს თავიანთ აღმზრდელებზე, რომლებიც უარყოფითად იხსენებენ ამ უკანასკნელთ; მათი დახასიათებით, ისინი არიან ხარბი, თავშეუკავებელი და უხეში ადამიანები. აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ სჯულის მოხსენიება პედაგოგად ნიშნავს, რომ მოციქული სჯულის უარყოფით მხარეზე საუბრობს. გონივრული არ იქნება, თუ არგუმენტაციას დავაფუძნებთ ამ ავტორთა ბავშვობისდროინდელ მოგონებებზე, რადგან ხშირად ხდება, რომ ბავშვები საკუთარი აღმზრდელების მიმართ ცუდად არიან განწყობილნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ პროფესიაა მიუღებელი და უარყოფითი.[11]გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ებრაელი ერი მიმსგავსებულია ბავშვს, რომელსაც იცავს და ზრდის სჯული ცოდვილ და ბოროტ სამყაროში, მიზანი კი ქრისტემდე მიყვანაა.
ისმის კითხვა: როგორ უნდა მიეყვანა სჯულს ადამიანი ქრისტემდე? უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ წმინდა პავლე ამის შესახებ არ საუბრობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რას გულისხმობდა იგი. წმინდა მოციქული აქ უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ მოსეს სჯულს, არამედ მთლიანად ძველი აღთქმის სჯულს, რომელშიც უამრავი მითითება გვაქვს ქრისტესა და მისი ღვაწლის სხვადასხვა ასპექტის შესახებ, მოსეს წინასწარმეტყველების ჩათვლით. ამავდროულად სჯულის რიტუალური მსახურება, მსხვერპლი იქნებოდა ეს თუ სხვა რამ, იყო სახე-სიმბოლო მაცხოვრის ქმედებებისა.[12] ამიტომ იუდეველს, რომელიც ყოველდღიურად ამგვარ მსახურებაში იყო გაწაფული, გაუადვილდებოდა ამოეცნო იესოში ჭეშმარიტი მესია.
გ) სჯულის კიდევ ერთი ფუნქცია გამოიკვეთება, როდესაც განვიხილავთ მის კავშირს სიცოცხლესა და სიკვდილთან. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია რომ. 7.10: „მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხოვრებელად იგივე სიკუდილად“; ასევე - „წიგნი მოაკუდინებს“ (2 კორ. 3.6) და იქვე: „ხოლო უკეთუ მსახურება იგი სიკუდილისაჲ წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა ქვისათა“ (2 კორ. 3.7). გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა პავლე მოციქული აცხადებს: „რამეთუ მე სჯულითა სჯულისათვის მოვკუედ“ (გალ. 2. 19), ასევე „უკეთუმცა მოცემული იყო სჯული, შემძლებელი ცხოვრებად, ნამდვილვე სამე სჯულისაგან არს სიმართლე“(გალ. 3.21). წმინდა პავლე მოციქულის ეს გამონათქვამები დაკავშირებულია არა მომავალ ცხოვრებასთან, ანუ სასუფეველთან, არამედ ამქვეყნიურ სიცოცხლესთან და სიკვდილთან. გავიხსენოთ ლევიტელთა წიგნის ერთი ადგილი, სადაც ვკითხულობთ: „დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი“ (ლევ. 18.5), რომელსაც წმინდა მოციქული ახსენებს გალატელთა და რომაელთა მიმართ ეპისტოლეებში: „შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა“ (გალ. 3.12); „მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა“(რომ. 10.5). აქ თითქოს ერთგვარ წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ ნათქვამია, რომ სჯულის აღმასრულებელი იცოცხლებს, ხოლო მეორე მხრივ კი აღნიშნულია, რომ სჯული სიცოცხლისათვის არ არის მოცემული („უკეთუმცა მოცემული იყო სჯული, შემძლებელი ცხოვრებად“ გალ. 3.21), ამ წინააღმდეგობას განმარტავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც წმინდა მოციქული ეყრდნობა „შესაქმეს“ მე-2 და მე-3 თავებს („და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაი იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად“ რომ. 7.10). წმინდა წერილის ამ ნაწილში ჩანს, რომ მცნება, რომლითაც იკრძალებოდა ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა, გამიზნული იყო, რათა რეგულაცია გაეწია ადამის ცხოვრებისთვის ედემის ბაღში (შესაქ. 2.9). მცნებისადმი მორჩილება უზრუნველყოფდა შესაძლებლობას სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღებისა: „აჰა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუსაღა მიყოს ხელი თვისი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე“ (შესაქ. 3.22). აღნიშნული დაკავშირებულია სიტყვებთან, რომლებიც მეორე სჯულის ბოლო ნაწილში გვხვდება:
აჰა, ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღესდღე ცხორებაჲ და სიკუდილი. რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. ისმინე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა. და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხონდეთ და განმრავლდეთ და შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ. თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს, უკეთუ გარდა-რაჲმე-იცვალოს გული შენი და არა ისმინო შენ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შესცთე და თაყუანის-სცემდე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე შენ მათ.დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს. შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა (მეორე სჯ. 30.15-20).
სამოთხეში მცნების დარღვევით ადამიანი დაექვემდებარა ფიზიკურ სიკვდილს, გამოიდევნა თავდაპირველი სამყოფელიდან, გახდა მოკვდავი და დაკარგა სამოთხე. როგორც „შესაქმეს“ მე-2 და მე-3 თავებში, ასევე მეორე სჯულის 30-ე თავში სჯული წარმოადგენს ერთგვარ მომწესრიგებელს რჩეული ადამიანისა და რჩეული ერის ცხოვრებაში. მცნებისადმი მორჩილება ნიშნავს დაუსრულებელ სოცოცხლეს და არა სიცოცხლის მოპოვებას. ადამიანი მცნების დაცვით კი არა მოიპოვებს იმას, რაც არ ჰქონია, არამედ იცავს მხოლოდ მოცემულს, ამ შემთხვევაში სიცოცხლეს.
ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება იმ წინააღმდეგობის აღმოფხვრა, რომელიც არსებობს წმინდა მოციქულის განცხადებებსა და ლევიტელთა წიგნის მე-18 თავის მე-5 მუხლში გამოთქმულ აზრს შორის. იმ ადგილებში, სადაც წმინდა პავლე სჯულის მიერ სიცოცხლეს შესაძლებლად მიიჩნევს (რომ. 10.5; გალ. 3.12), გულისხმობს იმას, რომ სჯული აწესრიგებს რჩეული ერის ცხოვრებას, რომ მცნებების დამცველი არ დაკარგავს რჩეულის სტატუსსა და სიცოცხლეს; ხოლო იმ ადგილებში, სადაც აცხადებს, რომ სჯულის მიერ სიცოცხლე არ გვეძლევა (გალ. 3.21), გულისხმობს, რომ მისით სიცოცხლის მოპოვება შეუძლებელია და ამისთვის არც ყოფილა მოცემული. სიცოცხლეს იძლევა მხოლოდ ღმერთი: „სიტყუათა, რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ. 6.63); (შდრ. რომ. 8.11; 1 კორ. 15.45; 2 კორ. 3.6; 1 პეტრ. 3.18).
მაშ ასე, სჯულის ერთ-ერთი ფუნქცია რჩეული ხალხის ცხოვრების დარეგულირებაა. ეს ფუნქცია მეორადია, რადგან უპირველესი თვითონ რჩეულობაა. წმინდა პავლე თანამემამულეებს იმიტომაც კიცხავს, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ამ მეორად დანიშნულებაზე და უყურადღებოდ ტოვებდნენ პირველს, როცა აბრაამის შთამომავლობა რწმენით გახდა უფლის რჩეული: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“ (რომ. 10.3). ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს წმინდა მოციქული სჯულს აკრიტიკებდეს. მტკიცება, რომ სჯული არ არის სარწუნოებისაგან, ნიშნავს იმას, რომ მას განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სჯულის მესამე ფუნქციის შესახებ. ესაა მოწესრიგება და ხელის შეწყობა რჩეული ერის ცხოვრებისა. სავარაუდოდ, მესამე ფუნქცია დააამახინჯა ისრაელმა, როდესაც ჩათვალა, რომ სიცოცხლე და გამართლება ღვთის წინაშე საკუთარი ძალისხმევით, ანუ საკუთარ თავზე დაყრდნობით შეეძლო მოეპოვებინა (გალ. 5.4-5).
§2.4 სჯული ცოდვაა?
რომაელთა მიმართ ეპისტოლის მე-5 თავის მე-20 მუხლში ყველაზე კრიტიკული გამონათქვამი გვხვდება: „რამეთუ სჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ“. ამ თავში მოციქული სჯულის შესახებ საუბარს არ განაგრძობს, არამედ მას მხოლოდ მე-7 თავში უბრუნდება და ქორწინების მაგალითზე განიხილავს. იგი აცხადებს, რომ სჯული უფლობს კაცზე მანამ, სანამ ის ცოცხალია (რომ. 7.1). გათხოვილი ქალი ქმრის სჯულის ქვეშაა და შებოჭილია ორი რამით - ქმრითა და სჯულით, მაგრამ როდესაც ქმარი კვდება, იგი ორივესგან თავისუფლდება და, თუ გათხოვდება, ეს მრუშობად არ ჩაეთვლება (რომ. 7. 3). ამგვარად, სჯულის ძალა დაქვრივებულ ქალზე არ მოქმედებს. მაშასადამე, ქალი თავისუფლდება სჯულისაგან.
კიდევ უფრო ნეგატიური როლი სჯულისა იკვეთება მაშინ, როდესაც წმინდა პავლე პირველად ქორწინებას ხორცში ცხოვრებას უიგივებს (რომ. 7.4-6), რომელშიც ვნებები მოქმედებდა სჯულის მეშვეობით და საბოლოოდ იწვევდა სიკვდილს (რომ. 7. 5). სწორედ ამ ძველი ცხოვრებიდან გათავისუფლდნენ მორწმუნენი; ისინი თავისუფალნი არიან სჯულის იძულებისაგან, რომელსაც იყენებდა ცოდვა (რომ. 7.6). აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა და მოციქულიც ასე იქცევა: „რაჲმე უკუე ვთქვათ, სჯული ცოდვა-მე არსა?“ (რომ. 7.7). შემდეგ კი იწყებს სჯულის დაცვას. მთავარი არგუმენტი, რითაც იგი სჯულს იცავს, არის ის, რომ ადამიანების დაცემა სჯულის ბრალი როდია. მთავარი დამნაშავე თავად ადამიანია. გულისხმობს მოციქული ამბობს: „სჯული შორის შემოვიდა, რაΩთა განმრავლდეს ცოდვაΩ“ (რომ. 5.20). სჯულის შემოსვლამ შემოიტანა მცნების დარღვევის ფენომენი (რომ. 7.7-8), ცოდვა წარმოაჩინა და მისი ნამდვილი ბუნება აჩვენა (რომ. 7.13). სწორედ ესაა ცოდვის გამრავლება. ასე რომ, რომ. 5.20-ში სჯულის კრიტიკასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მოციქული საუბრობს სჯულის იმ ფუნქციის შესახებ, რომელიც უკვე ვახსენეთ.[13]
შემდგომ მუხლებში წმინდა პავლე უფრო სიღრმისეულად ცდილობს დაიცვას სჯული. რომ. 7.14-25-ში სჯულის, ცოდვისა და სიკვდილის გვერდით ჩნდება „მე“: „მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა“ (რომ. 7. 14). ე.ი. - სუსტი და ცოდვით მოცული. წმინდა პავლე აქ აჩვენებს, თუ როგორ არის ადამიანის პიროვნება გაყოფილი ცოდვის ზემოქმედებით: „არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7.19). ცოდვა იყენებს ადამიანის სხეულებრივ სისუსტეს და დამნაშავე სწორედ იგია.
წმინდა მოციქული ამტკიცებს, რომ სჯულსაც ისევე უჭირს, როგორც თვითონ, ანუ „მე-ს“: „თანამნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინაგანეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩენმისასა“ (რომ. 7.22-23). სჯულიც ჩემსავით გაორებულია. მე მას პატივს ვცემ და ვეთანხმები, მას ემხრობა ჩემი გონებაც, მაგრამ ცოდვა შეთქმულია ადამიანურ სისუსტეებთან და ხელს უშლის მათს კავშირს. ცოდვა იყენებს სჯულს, რადგან, რაც უფრო მეტად ვუკრძალავთ ვინმეს რაიმეს გაკეთებას, მას უფრო მეტად სურს იგი.[14]
გასაგებია, რასაც გულისხმობს წმინდა პავლე, როდესაც ამბობს სჯულის უდანაშაულობაზე: ის რისთვისაც მოცემულია, იმას ასრულებს კიდეც, მისი დანიშნულება ცოდვის განსაზღვრა და შეფასებაა. მთავარი დამნაშავე ცოდვა და ადამიანის სისუსტეა, წინააღმდეგობა გაუწიოს მას.[15]
§2.5 სჯულისაგან გათავისუფლების შესახებ
სჯულის სასარგებლოდ ჩვენ მიერ მოუყვანილი ციტატების მიუხედავად, რომაელთა და გალატელთა მიმართ ეპისტოლეებში ცხადად იკვეთება, რომ სჯული წმინდა პავლესთვის იმხანად უკვე პოზიტიური მოვლენა აღარ იყო. მას უწოდებს ნივთს, რომლის ქვეშაც იმყოფებოდნენ ადამიანები (გალ. 4.3). ასევე მას უწოდებს უძლურს და გლახაკს (გალ. 4.3). სჯულის ქვეშ ყოფნა ნიშნავს თვეებისა და დღეების გაფეტიშებას (გალ. 4.10). ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სჯულის ქვეშ ყოფნას უწოდებს მონობას (რომ. 7.6; გალ. 4.3-4. 22.26). ამ ტერმინს წმინდა პავლე იყენებს მხოლოდ ცოდვასთან და სიკვდილთან მიმართებით. წმინდა პავლე უკრძალავს მორწმუნეებს ძველი ურთიერთობის აღდგენას სჯულთან (გალ. 8.11). არსებითია, რომ წმინდა პავლესთვის სჯულის არსებობა დროებითი მოვლენაა, მისი ძალმოსილება გრძელდება აღთქმის შესრულებამდე (გალ. 3.16-25). ამ პერიოდში სჯული არის მნე, ეზოსმოძღვარი, ყრმა ისრაელისა (გალ. 4.1), მაგრამ მისი ფუნქცია მთავრდება სარწმუნოების მოწევნისთანავე (გალ. 3.23-24), მაშინ, როცა სამყაროს მოევლინება აღთქმული ნათესავი (გალ. 3.16), ღვთის ძე, უკანასკნელ ჟამს დედაკაცისაგან შობილი (გალ. 4.4).
ქრისტეს მოსვლა ცხადყოფს იმას, რომ ღვთის მიერ წინასწარ განზრახული აღსრულდა.
აღთქმის აღსრულების შემდგომ ისრაელი აღარ საჭიროებს სჯულის დაცვას, ესაა დრო, როდესაც მემკვიდრე მიიღებს მამულს, რომელსაც მონის მსგავსი სტატუსი ჰქონდა მანამ, სანამ ყრმა იყო (გალ. 4.1-7).
წმინდა პავლე მოციქულისთვის არა მხოლოდ სჯულის ქვეშ ყოფნაა მონობა, არამედ თვითონ სჯულიც მონაა. წმინდა მოციქული მას ადარებს აგარს და მის მიერ შობილ ისმაელს, ხოლო მეორე სჯული, რომელსაც იგი „სულის სჯულს“ უწოდებს (რომ. 8. 2), შედარებულია სარასთან და ისააკთან, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ. მათ ასევე ადარებს ზეციურ იერუსალიმს (გალ. 4. 1-7).
ამგვარი დაპირისპირება გულისხმობს ეპოქებს შორის დაპირისპირებასაც. ქრისტეს მოსვლა ძველი ეპოქის დასასრულსა და ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს. ამგვარი დაპირისპირება უფრო ნათლად ჩანს კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ახალი აღთქმა (2 კორ. 3.6) და სინას მთაზე მოცემული ძველი აღთქმა.[16]ძველი უიგივდება ქვის ფიცარს. ამგვარი დაპირისპირება უმაღლეს ნიშნულს აღწევს, როდესაც მოციქული აცხადებს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხონებს“(2 კორ. 3.6). „წიგნი“ აქ აღნიშნავს ძველაღთქმისეულ სჯულს. მთავარი აზრი აქ ისაა, რომ ძველი აღთქმის მსახურება შეიცვალა ახალი, უკეთესი მსახურებით. ქრისტეს მოსვლამ მონიშნა ახალი ესქატოლოგიური ეპოქა. წმინდა პავლე ამ მოვლენას უდარებს იმ ბრწყინვალებას, რომელსაც მოსეს სახე ატარებდა, მაგრამ იგი უნდა განქარვებულიყო (2 კორ. 3.7). მოსეს სახის ბრწყინვალების განქარვება კი ეპოქის დასასრულს მოასწავებს (2 კორ. 3. 13).
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კორინთოელთა მიმართ მეორე ეპისტოლის ზემოთ განხილულ პასაჟში სიტყვა „სჯული“ არ არის ნახსენები; მის ნაცვლად წმინდა პავლე იყენებს „წიგნს“ (γράμμα). ჩვეულებრივ, სიტყვა „წიგნი“ არ იგივდება სჯულთან.[17] უფრო მეტად იგი აღნიშნავს სჯულს, მაგრამ დაწერილ სჯულს, თვალით სახილველს. წმინდა მოციქულს აქ იმის თქმა უნდა სურდეს, რომ ისრაელმა სწორად ვერ გაიგო სჯული და იგი ჩათვალა საშუალებად, რომლის გამოყენებითაც იგი ღვთისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევით შეძლებდა გამართლებას და მოიპოვებდა სიცოცხლეს. სწორედ ეს გაუგებრობა აძლევს სჯულს ძალას, რითაც იგი ხდება მკვლელი. მთავარი განსხვავება არის ის, რომ ძველი დაწერილი იყო ქვის ფიცარზე, ხოლო ახალი იწერება გულის ფიცარზე.
საინტერესოა ის ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს მოციქული სჯულთან მიმართებით. სჯული შეიძლება გაგებულ იქნეს სხეულებრივად (κατὰ σάρκα), მაგრამ უკვე ახალ ეპოქაში წმინდა მოციქული მას აღიქვამს სულიერ პლანში (κατὰ πνεῦμα). იგი ახსენებს აგრეთვე „სულის სჯულს“ (რომ. 8.2), რომელიც იგივეობრივია იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნახსენები ახალი სჯულისა, რასაც გულზე დააწერს ღმერთი საკუთარ ერს (იერ. 31. 30-31). ახალი სჯული ესაა სულიწმინდა. მადლი, რომელიც გარედან კი არ კარნახობს ადამიანს როგორ იმოქმედოს, არამედ მთლიანად მოიცავს მას და ცვლის მის შინაგან სამყაროს, ეს არ ნიშნავს, რომ ძველი აღთქმის სჯული უქმდება, პირიქით, ის დამტკიცდება (რომ.3.31). სჯულის მიზანი ადამიანების სრულყოფა იყო, ამ მიზანს კი ასრულებს სულიწმინდა. ახალ აღთქმაში სჯული აღარ არის გარეგნული დაწერილი წიგნი, არამედ შინაგანი, სიცოცხლის მომცემი ძალა.
§2.6 სჯულისა და ისრაელის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
ა) მართალია, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სჯული ფართო ცნებად არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი არსებობა წარმართულ სამყაროშიც დასტურდება (იგულისხმება ე.წ. ბუნებითი სჯული). ასევე ფაქტია, რომ წმინდა პავლესთან იგი ძირითადად მოსეს სჯულთან იგივდება. წმინდა მოციქული ტერმინ νόμος-სის პირველად ხსენებისას კაცობრიობას განიხილავს როგორც სჯულის ქვეშ, ისე მის გარეშე მყოფად: „რომელთა იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (რომ. 2.12).
სჯულთან ისრაელის დამოკიდებულების შესახებ მთავარი, რისი თქმაც მოციქულს სურს, შემდეგია: სჯულის ქონის გამო ღვთისგან ერთ დროს გამორჩეული ერი გაამაყდება და საკუთარ თავს სხვა ერებზე უპირატესად წარმოიდგენს. სწორედ ამიტომ ამხელს წმინდა პავლე იუდეველებს: „რომლითა შჯი მოყუასსა, თავსა თვისსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შჯი“ (რომ. 2.1). იუდეველი განიკითხავს წარმართს მისი უკეთურების გამო, მაგრამ ასეთი საქციელით საკუთარ თავსაც განსჯის, რადგან იმავეს სჩადის, რის განსჯასაც ცდილობს. გარდა ამისა, შეურაცხყოფს ღვთის სულგრძელებასა და სიყვარულს (რომ. 2.4), ამაყობს ღვთის ნების ცოდნითა და სჯულში განსწავლულობით (რომ. 2.18), ჰგონია, რომ წინამძღვრობს ბრმებს და განანათლებს სიბნელეში მყოფთ (რომ. 2.19), განსწავლის უგუნურთ და მოძღვრავს ჩვილთ, ატარებს სახეს ცოდნისა და ჭეშმარიტებისას სჯულში (რომ. 2.20), ასწავლის სხვას და არა საკუთარ თავს (რომ. 2.21), ქადაგებს, რომ არ მოიპარონ, მაგრამ თვითონ იპარავს; ამბობს, რომ არ იმრუშონ, მაგრამ თვითონ მრუშობს; კერპები სძულს, მაგრამ საკურთხეველს ძარცვავს (რომ. 2.22). წმინდა მოციქული ამ ჩამონათვალის ბოლოს ასკვნის: „რომელი სჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხყოფ“ (რომ. 2.24).
წმინდა მოციქული პავლე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აბრაამის მემკვიდრეობა არ ყოფილა სჯულით განპირობებული (იხ. რომ. 4; 6). ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლის ძირითადი მოტივიც: აბრაამის მემკვიდრეობა არ განისაზღვრება სჯულის ქონით ან არქონით, როგორც ეს ებრაელებს მცდარად წარმოედგინათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ სჯული აძლევდა უფლებას წოდებულიყვნენ აბრაამის ძეებად და არ ითვალისწინებდნენ, რომ ღვთის აღთქმა აბრაამის მიმართ იყო ასეთი: მისი ნათესავის, ანუ ქრისტეს მიმართ იკურთხებოდა მთელი სამყარო. ეს აღთქმა არ გაუქმებულა 430 წლის შემდეგ მოცემული სჯულით (გალ. 3.16-18).
ისრაელმა პრივილეგირებულად ჩათვალა თავი; იფიქრა, რომ ის, რაც სხვებს არ ეპატიებოდა, მათთვის ნებადართული იქნებოდა და ამისთვის პასუხსაც არავინ მოსთხოვდა. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფდა სჯული, რომელიც, იუდეველთა აზრით, იყო გარანტი დაუსჯელობისა. წმინდა მოციქული მათ სულ სხვა სინამდვილეს უჩვენებს: სჯული, რომელიც აღსასრულებლად მიეცათ, მათგან შეურაცხყოფილი დარჩა, რადგან არ დაიცვეს და დაარღვიეს იგი; ამიტომ ისინი ისევე დაისჯებიან, როგორც სჯულის გარეშე მყოფი წარმართები. წმინდა მოციქული მათ გამოსავლად სთავაზობს სარწმუნოებით გამართლების შესაძლებლობას.
აბრაამისთვის მიცემული აღთქმა ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა: ა) რომ გამრავლდებოდა მისი შთამომავლობა; ბ) რომ მათ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიხსნიდა; გ) რომ უბოძებდა აღთქმულ მიწას; დ) რომ მასში იკურთხებოდა მიწიერთა მთელი მოდგმა: „იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (შესაქ. 12.3).
ამ პირობის პირველი სამი ნაწილი კერძო ხასიათისაა, იგი ეხება კონკრეტულად ებრაელ ერს, ხოლოდ ბოლო, დ), გულისხმობს მთელს კაცობრიობას. ისრაელმა აღთქმის სწორედ ეს ნაწილი უგულებელყო. იუდეველები მთელ ყურადღებას ამახვილებდნენ სჯულზე და თვლიდნენ, რომ მისი მოცემით გაუქმდა აღთქმის ეს ნაწილი (გალ. 3.17).
ბ) სჯულის შესახებ წმინდა პავლე მოციქულის შეხედულებების უკეთ გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ სამი რამ: ძველი აღთქმის რელიგია, იუდაიზმი და მოციქულის საკუთარი გამოცდილება. სჯულის არსი არ განისაზღვრებოდა მხოლოდ იმით, რომ მისი გამოყენებით ადამიანს სწორი ურთერთობა დაემყარებინა ღმერთთან. სჯულის საფუძველი იყო აღთქმა, ღვთის გულმოწყალებითი აქტი, რომელიც წინ უსწრებდა მას. ისრაელი ღვთის რჩეული ერი ხდება არა სჯულისადმი მორჩილების გამო, არამედ ღვთის თავისუფალი არჩევნით.[18] სჯული არ ყოფილა მიზეზი ისრაელის ღვთის რჩეულ ერად გახდომისა, არამედ იგი იძლეოდა ერთგვარ სტანდარტს, თუ როგორ უნდა დამორჩილებოდა ღმერთს. სწორედ ამას გულისხმობს ლევ. 18.5: „და დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი“ . სიცოცხლე კეთილი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ იგი ღვთის საჩუქარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სჯულისადმი მორჩილება არ გამოიხატებოდა მხოლოდ მცნებების დაცვით; სჯული ასევე ითხოვდა ღვთის სიყვარულს (მეორე სჯ. 6.5; 10.12) და მოყვასისას (ლევ. 19.18).
ინტერტესტამენტულ პერიოდში სჯულის როლი ადამიანების ცხოვრებაში ფუნდამენტურად შეიცვალა. მისმა მნიშვნელობამ დაფარა აღთქმის კონცეფცია და ღვთის ერის წევრობის პირობად იქცა. სჯულის ეს როლი ახასიათებს რაბინულ იუდაიზმს. „თორა“ ხდება ერთადერთი მედიატორი ადამიანსა და ღმერთს შორის. შესაბამისად, ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა იამაყოს საკუთარი საქმით და სწორედ ეს უნდა იყოს სჯულის პავლესეული გაგების გასაღები.[19] თვითონ პავლე იყო სჯულის მეტისმეტად ერთგული და ამით იქადიდა (ფილ. 3, 4, 7; რომ. 2, 13, 23). სიქადული კი ეწინააღმდეგება რწმენას (რომ. 4.6) ეს ნიშნავს ეძებო დიდება საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ღვთის იმედს. მოციქულის განცხადება, რომ სჯულის საქმეებით ვერავინ გამართლდება (რომ. 3.20), არამედ მხოლოდ რწნენითაა გამართლება შესაძლებელი (რომ. 3.22), მიემართება იუდეველებს, რომელთათვის სიმართლე დაკავშირებული იყო სწორედ მცნებების განუხრელად დაცვასთან. [20] როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამგვარი რამ უცხო იყო ძველი აღთქმის თეოლოგიისთვის, ამიტომ ბაუერი ცდება, როდესაც სჯულის საქმეებით გამართლების კონცეფციას ხედავდა ძველ აღთქმის წერილში. [21]
[1] მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი), დასახ. ნაშრ., გვ. 89-90
[2]Adolf von Harnack, The Old Testament in the Pauline Letters and in the Pauline Churches Understanding Paul's Ethics: Twentieth Century Approaches, Wm. B. Eerdmans Publishing, 1995. pp.27-51
[3]იმავე მუხლში
[4]James D. G. Dunn, Theology of paul the apostle. Cambridge, 1998. p. 130
[5]J. D drance, paul: libertine or legalist (London, 1975.) PP. 61-77
[6]ცნობილია, რომ გალატელთა მიმართ ეპისტოლე დაიწერა 56 წელს, ხოლო რომაელთა მიმართ ეპისტოლე - 59 წლის გაზაფხულზე. იხ. მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი), სახელმძღანელო ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესასწავლად, წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი,თბ., 2010 წ. გვ. 25, 109
[7] James D. G. Dunn, Theology of paul the apostle. Cambridge, 1998. p.134
[8] Святитель Феофан Затворник, Послание святого Апостола Павла к Римлянам истолкованное святителем Феофаном. Афонского Русского Пантелеимонова монастыря. 1895. Ст. 36
[9]ეს სიტყვა ძველ ქართულში ითარგმნებოდა ტერმინით: გონებაჲ. შდრ. რომ. 2.15
[10]რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ მხოლოდ წარმართებს აქვთ სჯული გულზე დაწერილი
[11]James D. G. Dunn, Theology ofpaultheapostle. Cambridge, 1998. p.141
[12]სამოციქულოს განმარტება II, გვ. 504
[13]§2.2. ა)
[14]სამოციქულოს განმარტება II, გვ. 66
[15]James D. G. Dunn, Theology of paul the apostle. Cambridge, 1998. p. 154
[16]2 კორ. 3.3, 14. ამ უკანასკნელ მუხლში წმინდა პავლე პირველად იყენებს ტერმინს „ძველი აღთქმა“, რომელიც წმინდა წერილის სხვა წიგნებში არ გვხვდება.
[17]James D. G. Dunn, Theology of paul the apostle. Cambridge, 1998. p. 149
[18]George Eldon Ladd, A Theology of the New Testament. Michigan, 1974. p. 540
[19] George Eldon Ladd, A Theology of the New Testament. Michigan, 1974. p.544
[20]ჯ. დანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი აზრით, წმინდა პავლე სჯულის საქმეებში გულისხმობს იუდაური იზოლაციის პოლიტიკას. წინადაცვეთა, დღესასწაულები და და სხვა რიტუალები მათ წარმართებისგან მიჯნავდა, ამიტომ არ სურდათ მათი დათმობა. იხ. James D. G. Dunn, The New Perspective on Paul. (Cambridge, 2005) p. 11. ჯ. დანი საკუთარ მოსაზრებას აფუძნებს ე. სენდერსის ნაშომზე, რომელიც ასკვნის, რომ ტრადიციული შეხედულება, თითქოს პალესტინური იუდაიზმი შესაძლებლად მიიჩნევდა გამართლებას მხოლოდ მცნებების განუხრელად დაცვით, არასწორია. E. P. Sanders, Paul, the law, and the Jewish people. (Great Britain, 1983) pp. 33-59.
[21]F. C. BAUR. Paul the Apostle of Jesus Christ. London: Williams and Norgate, 1873 . p. 134
სწავლება თავისუფლების შესახებ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში-I
სწავლება თავისუფლების შესახებ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში- II
სწავლება თავისუფლების შესახებ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში-IV