სექსუალური ეთიკა პავლესთან
ახალი აღთქმა: ქრისტეს მაგალითი
სექსუალობის თემის განხილვისას საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმა არა ერთ მთლიან ტექსტს, არამედ მრავალ სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ ხელნაწერთა კრებულს წარმოადგენს. საკუთრივ ერთ კატეგორიას იესოს ცხოვრებაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიების მაუწყებელი ოთხი სახარება შეადგენს, მეორე კატეგორიაში მოციქულ პავლეს ავთენტური წერილები ერთიანდება, რომელთაგან აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ისინი, რომლებიც მის სახელს მიეწერება.
ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტს იესოს ცხოვრება და სწავლება წარმოადგენს. რაც შეეხება სექსუალობის თემას, გარდა ქორწინების გაუქმების პრობლემისა, იესოსგან ამ საკითხზე თითქმის ვერაფერს ვგებულობთ. ეს უმეტესად მისი ცხოვრებაა, რომელსაც მრავალი ფასეული რჩევა-დარიგებისათვის ვმადლობთ. მიუხედავად საკუთარი იუდაური წარმომავლობისა, ვნებისაგან დაცლილმა იესომ საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგინა საკუთარი დამოკიდებულება ქალების მიმართ და იმდროინდელი იუდაური ცხოვრების წესისა და შეხედულებებისაგანაც თავი შორს დაიჭირა. მისთვის ქალსა და კაცს შორის არანაირი არსებითი განსხვავება არ არსებობს, ამ ორ სქესს ის ერთნაირად ფასეულად მიიჩნევს.
„იესოსგან არ გვესმის არცერთი განცხადება პროსტიტუციის წინააღმდეგ, ის არაფერს ამბობს ჰომოსექსუალიზმზე, გარყვნილებაზე, მასტურბაციაზე, ქორწინებამდელ და ქორწინების გარეშე აღსრულებულ სექსუალურ აქტზე, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ განწმენდის რიტუალებზე და არც უშუალოდ მხოლოდ ქალს განუკუთვნებს კონკრეტულ უფლებრივ პოზიციას“ - ამგვარად აჯამებს ახალი აღთქმის ტექსტს ჰერბერტ ჰააგი.
იუდეველი იესოსგან ერთხელაც ვერ ვხვდებით განწმენდის რიტუალთა პატივისცემას, რომლებიც მისთის ძველი აღთქმის რჯულიდან იყო ცნობილი(ლევ. 11-15; რიც. 14,4-21). ამის საპირისპიროდ, ის მათ პირიქით, კატეგორიული დასაბუთებით გვერდით სწევდა. ადამიანი არა იმით შეიბილწება რასაც მიიღებს, არამედ იმ ბოროტი გულისთქმებითა და საქმით რომლებიც მისი გულიდან გამოდიან. ამით ეკლესიისათვის და ყოველი ქრისტიანისათვის ის შინაგანი კრიტერიუმია მოცემული, რომლიც კაცმა რომ თქვას ყოველი გარე კაზუისტური შეხედულებისგან უნდა იქნას დაცული.
სწავლება მოციქულ პავლესთან
პავლესთან სექსუალობის შესახებ გაჟღერებულ საკითხთა უამრავი გამოკვლევა თემის ყველა პუნქტზე ამომწურავ პასუხს ვერ გვაძლევს.
უდავოა, რომ პავლეს გამონათქვამთა უმეტესი ნაწილი ესქატოლოგიურ-აპოკალიპტიკური სულის მატარებელია - მდგომარეობა, რომელიც მკაცრ იუდეურ ოჯახში აღზრდილ სავლეს არ აოცებს. თუმცაღა საგულისხმოა, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევის შემდეგ მოციქულის შეხედულება სექსუალობაზე და ქორწინებაზე ბერძნულ-წარმართული აზროვნების ძლიერ ზეგავლენას განიცდის. წარმართულმა პრომისკუიტეტმა (მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობა ადამიანთა პირველყოფილ საზოგადოებაში (ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობამდე)) რომაელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეს ძირითად შეხედულებები განსაზღვრა: „ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული“ (რომ.1,24). უფრო აშკარად საკუთარ პოზიციას მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამჟღავნებს. ქრისტიანი ადამიანის თავისუფლებაზე ყურადღების გამახვილებით პავლეს არა აღვირახსნილობის წახალისება, არამედ მკაცრი დისციპლინის სწავლება სურდა: „ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ.5,13). საკითხზე ხაზგასმით ის ხორცისა და სულის ხანგრძლივ ბრძოლაზე მიუთითებს: „რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ“ (გალ. 5,17).
ცოდვათა ჩამონათვალში პავლე ხორცის საქმეთა თუ ნაყოფთა, რაც წმინდად ამქვეყნიური თუ სხეულებრივ-მგრძნობელობითად ორინტირებულ ადამიანს ნიშნავს, პირველ ადგილს „სიძვას, უწმინდურებას და აღვირახსნილ“ცხოვრების წესს განუკუთვნებს. ის, რომ პავლეს „სხეული“ არა მარტო სექსუალური კუთხით ესმოდა, ამას სხეულის ნაყოფთა შემდგომი ჩამონათვალი ცხადყოფს: კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი“. მისი დარიგება შემდეგნაირად სრულდება: „ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ“.
პავლეს მორალური სწავლება მხოლოდ ქრისტიანებს მიემართებათ, ადამიანებს, რომელთათვისაც ღმერთი ქრისტეში განცხადდება (Iკორ.1,2). სიწმინდესთან მიმართებაში მოციქული ბერძნულ ეთიკას უკუაგდებს, რის მიხედვითაც სულიერთან შედარებით ყოველი სხეულებრივი რამ ფასდაკარგული და ადამიანური პასუხისმგებლობის გარეთ მდგომად გამოჩნდება, ის კი საწინააღმდეგოდ ადამიანში სულისა და სხეულის მჭიდრო კავშირს უსვამს ხაზს. რადგან სხეულიც მეორედ მოსვლის ჟამს აღდგომისკენაა მოწოდებული, შესაბამისად მისი რწმენით ხორცის სულისგან განცალკევება ისეთივე შეუძლებელია როგორც სექსუალური თავისუფლებისგან თუ ნებისგან. სხეულიცა და სულიც ქრისტეს ეკუთვნის, ამას ატყობინებს პავლე კორინთოელ ქრისტიანებს: „იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი?“ (Iკორ. 6,15). პავლეს სექსუალური თეოლოგიაც სწორედ ამ ფუნდამენტზე განისვენებს.
„რადგან სხეული ადამიანის პიროვნულობას განეკუთვნება, სექსუალური ლტოლვა სხეულის არსობრივი თვისებაა, ქრისტიანი კი მთლიანად ქრისტეს ეკუთვნის, ამის გამო ქრისტიანის პოზიცია სექსუალობასთან მიმართებაში არ უნდა იყოს პერიფერიული და სექსუალური ცხოვრება კი რაღაც ნეიტრალური, პირადული სფერო, რომელსაც ქრისტიანთა ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო“. სექსუალური სიყვარულისას პავლე ადამიანს ყოველთვის გადაწყვეტილების წინაშე მდგომარედ ხედავს. გადაწყვეტილებისა, დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება სატრფოს თუ უფალ იესო ქრისტეს. ამაზე მიუთითებს: არავის ძალუძს ორ უფალთა მონება. აქედან გამომდინარე ის გადაწყვეტით უარყოფს პროსტიტუციას.
მხოლოდ იმის გამო, რომ პავლე სექსუალურ თავისუფლებას მკაცრად განსჯის, მისი სხეულისადმი მტრობაში დადანაშაულება მცდარი იქნებოდა. მისი მოწოდებები და დარიგებები მეტ წილად ეგრედ წოდებულ პნევმატიკებს განეკუთვნებათ, რომლებიც სხეულს არაფასეულად მიიჩნევენ და ამიტომ მას სექსუალურ ლიბერტინიზმად ასაღებენ. სინამდვილეში პავლე სხეულს საკმაოდ მაღალღირსეულად მიიჩნევდა და სურდა, რომ ის ყოველი სექსუალური აქტივობისას სულის მიერ ყოფილიყო მართული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ პოზიტიურად ჟღერს, ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს ის ფაქტი, რომლის თანახმადაც სავარაუდოდ დაუქორწინებელი მოციქული პავლე შეუღლებაზე მაღლა დაუქორწინებლობას აყენებს. როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ამგვარი განსჯის მიმართულებას რაღა თქმა უნდა სამყაროს მოსალოდნელ აღსასრულამდე მივყავართ, რაც პავლეს მორალური სწავლების საფუძველია.
სექსუალურ აქტივობას პავლე მხოლოდ კანონიერი ქორწინების ქვეშ მიიჩნევს ლეგიტიმურად. მოციქული ქორწინებას განიხილავს როგორც რამ საშუალებას მათთვის, ვისაც სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავება არ ძალუძს. ამგვარადვე უნდა გავიგოთ კორინთელთა მიმართ გაჟღერებული რჩევა: „დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას“ (Iკორ.7,8-9). ამგვარი არგუმენტაციით ნათელი ხდება, რომ მოციქული დაუქორწინებლობას გაცილებით მაღალ მორალურ ხარისხს განუკუთვნებს, ვიდრე ქორწინებაში ცხოვრებასა და მასთან დაკავშირებულ სექსუალურ ქცევას, რომელიც დაშვებაა სუსტებისთვის, რომლებმაც თავშეკავება ვერ შეძლეს.
ამგვარი დასკვნის გამოსატანად პავლეს ქრისტეს რაიმე განსაკუთრებული მითითების დამოწმება სულაც არ დასჭირვებია. პავლეს ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირიბული სწავლების ფესვი უფრო მეტად პლატონიზმიდან და სტოიციზმიდან ამოიზრდება. მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი სტოიკოსთა მთავარი ფრაზა გახდა, რომლის მიხედვითაც სექსუალური ძალა მხოლოდ გამრავლებას უნდა ემსახურებოდეს. ამგვარად, ადრეული ქრისტიანული ეპოქის უმრავლეს მწერალთათვის იუდეური სულიერი გარემოთი დაღდასმული პავლე წარმართულ-ანტიკური სექსუალური მორალის უმთავრესი ტრანსფორმატორი გახდა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა მანამ, სანამ ჩრდილოაფრიკელმა ეპისკოპოსმა და ეკლესიის მამამ, ნეტარმა ავგუსტინემ (+430) იუდეველქრისტიან პავლეზე აღებული ორიენტაციით სისტემური, საეკლესიო სექსუალური მორალი არ ჩამოაყალიბა, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში თავისი მნიშვნელოვანება არ უნდა დაეკარგა.
54 წელს ეფესოდან კორინთელთა მიმართ მიწერილ პირველ ეპისტოლეში პავლე ქორწინების არსზე დასმულ შეკითხვებს ამგვარ პასუხს სცემს: „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (Iკორ.7,3-5).
ეს სიტყვები იმგვარ შთაბეჭდილებას აღძრავენ, თითქოს ეს ქორწინების იმ წმინდად სექსუალურ საკითხს მიემართება, რომელიც ყოველმა წყვილმა საკუთარ უფლებად შეიძლება მოითხოვოს. რა დროსაც პავლეს ინფორმაციული იდეის „debitum“ (ვალდებულება) გააზრებამ ქორწინების მორალური ასპექტის, ქორწინების წესისა და მთლიანობაში მისი თეოლოგიური გადმოცემის სემიოლოგიის გასაღები სწრაფადვე იპოვა. აქედან გამომდინარე ქორწინების არსსვე ეკუთვნის სხეულის უფლებათა ორმხრივი გაგება(ius in corpus). სექსუალური ხედვის ამგვარი ორიგინალური მნიშველობა მაშინ ხდება ნათელი, როდესაც ვიცით, რომ მთლიანი ანტიკური სამყარო ქალსა და კაცს ამ საკითხში თანასწორად არ ცნობდა. მათთვის მამაკაცი ამ შემთხვევაში როგორც მეუფე და მმართველი გადამწყვეტ როლს თამაშობდა.
„ქორწინებითი ვალდებულების“ პოზიტიურ მხარესთან ერთად არ უნდა გამოგვეპაროს მისი ნეგატიური მნიშვნელობა. პავლე გამრავლების პოზიციიდან დანახულ ქორწინებით სექსუალურ აქტს ადამიანური სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებად და შესაბამისად ნებადართულად მიიჩნევს. ესაა ვალდებულება, რათა ქორწინებითი კავშირის გარეთ განხორციელებული ყოველი გარყვნილი ქცევა აღიკვეთოს.
სულ სხვაგვარად ორიენტირებული ეფესელთა მიმართ მიწერილი წერილი, რომელიც ასწლეულთა მანძილზე პავლეს კალამს მიეწერებოდა - ეს ეპისტოლე სავარაუდოდ პავლეს ერთ-ერთმა მოწაფემ შეასრულა - თელოგების ხელში კვლავ ახალი სპეკულაციებისა და დასკვნების მიზეზი გახდა. ქალისა და კაცის ერთ ხორცად გადაქცევის სასიყვარულო კავშირი აქ ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის მაგალითადაა დანახული: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“ (ეფეს. 5,32). ამგვარად გახდა ქორწინების თეოლოგია ეკლესიოლოგიის ნაწილი. ამგვარი თეოლოგიური ბმა რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ ქორწინების კონსტრუირება მეუღლეობრივი კავშირისადმი თანხმობის ორმხრივი გამოვლინების შედეგია. ცოტა მოგვიანებით ამ პოზიციას თეოლოგები ქრისტიანული ქორწინების საკრამენტალური შინაარსის დასამტკიცებლად გამოიყენებენ.
ავტორი- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ ნებიერიძე
წყარო: Georg Denzler – 2000 Jahre christliche Sexualmoral; Die verbotene Lust (S.43