სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან

 

სექსუალური ვნება როგორც პირველქმნილი ცოდვა

გვიან შუა საუკუნეებში განვითარებული თეოლოგიური შეხედულება ქორწინების შესახებ დიდ ზეგავლენას აურელიუს ავგუსტენესგან განიცდის (+430), თუმცა მისი უმდიდრესი ლიტერატურული დანატოვარი მეტწილად ბიბლიის ტექსტთა კომენტირებით შემოიფარგლება. ჩვენი ინტერესის სფეროს კი უპირველესად ქორწინების სათნოების(De bono coniugali) და ქალწულთა(De virginibus) შესახებ გადმოცემული სწავლება წარმოადგენს.

 

„არა თუ ქორწინების მეგობარი, არამედ უფრო მონა ჩემი ვნებებისა“ – აღიარებს საკუთარ  „აღსარებანში“ ავგუსტინე და ამასთანავე საკუთარ მშობლებს საყვედურობს იმ უმოქმედობას, რომელიც მათ მისი სექსუალური მომწიფების 15 წლის ასაკში გამოიჩინეს და რაც მათგან მისთვის ქორწინების დაუძალებლობაში გამოიხატა. მისმა ღვთისმოსავმა დედამ, მონიკამ მაშინ უკვე დაუშვა, რომ 17 წლის ავგუსტინე საკუთარ მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში და მანამდე მასთან შვილი, სახელად “Adeodatus“(ღმერთისგან მოცემული) ჰყავდა.

 

კართაგენში გატარებული გარყვნილი ცხოვრების შემდგომ ავგუსტინემ სულიერი ნავსაყუდელი მანიქეველთა სექტაში ჰპოვა. 33 წლის ასაკში კი ქრისტიანული წესით მოინათლა. მის „აღსარებანში“ შეიძლება ამოვიკითხოთ თუ რომელ მცდარ ფილოსოფიურ გზებს უვლის გვერდს  და როგორ სულიერ ბრძოლებს გადაიტანს მაძიებელი სული. მისი ცხოვრების რადიკალური შეცვლისაკენ საბოლოო ბიძგი მილანში რიტორიკის მასწავლებლისგან პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტების მოსმენა გახდა. კერძოდ კი: „და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ“ (რომ. 13, 13-14). ამის შემდეგ ის თავს გარდაქმნილად გრძნობდა „არცერთი ქალისგან აღარ შემიძლია ამქვეყნიური იმედის მოთხოვნილების ტარება“.

 

ადამიანის სექსულაობის გაგება ავგუსტინესთან სამოთხისეული ცოდვით დაცემის ინტერპრეტაციას ემყარება. ადამი და ევა იმგვარად იყვნენ ღმერთისაგან მოაზრებულნი შექმნილნი, რომ მათ არანაირი მანკიერება არ გააჩნდათ. „რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ“, წერს ავგუსტინე დაბადების წიგნზე საუბრისას, რომ „ცოდვით დაცემამდე ადამიანს საკუთარი სასქესო ორგანოების განაყოფიერებისათვის გამოყენება სულიერი ძალით  ზუსტად ისევე ვნებისა და აღგზნების გარეშე შეეძლო, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოსი?… რატომ არ შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, რომ ადამიანის პირვანდელი სხეული იმგვარი თვისებისა იყო, რომელიც სასქესო ორგანოს იყენებდა ისე, როგორც ფეხებს სეირნობისას და მას  არც სასიყვარულო ლტოლვა და არც სამშობიარო ტკივილები არ სდევდა თან?“ რადგან ადამიანის პირვანდელი სხეული ყოველგვარი სექსუალური სურვილისაგან დაცლილი იყო, ამიტომ მისთვის სხეულსა და სულს შორის ყოველგვარი დაპირისპირება უცხო გახლდათ. ამგვარი შესაშური მდგომარეობა ადამიანმა ცოდვით დაცემისას დაკარგა, რომლის ტიპურ გამოხატულებასაც ავგუსტინე ადმიანთა პირველი წყვილის საღმრთო ნებასთან ქედმაღლურ დაპირისპირებაში ხედავს. ცოდვით დაცემამ ადამს და ევას სექსუალური ლტოლვა გაუღვიძა, რომელიც მათ შთამომავლებს დაბადებიდანვე თან დაჰყვებათ. შესაბამისად განაყოფიერების აქტის წყალობით, ყოველი ახალშობილი ბოროტებასთან წილნაყარი ვნებით იბადება, და ის მას ცხოვრების ბოლომდე თან სდევს: მანკიერი ვნება, როგორც მოკვდავი სხეულის ცოდვითი წესი, ადამიანს დაბადებიდანვე გადაეცემა.

 

პირვანდელი ცოდვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ ქრისტიანული თელოგიის ისტორია დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანა, რადგან ის ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად გამოცხადდა და მისი აღიარება დღესაც კი აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა ამ სწავლებას მაშინაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები: მღვდელი ცელესტინე მისი დიდი მასწავლებლის პელაგიუსის კვალად ასწავლიდა, რომ ადამის ცოდვამ მხოლოდ ადამი დააზიანა და არა მთლიანი კაცობრიობა. ბავშვები კი იმგვარ მდგომარეობაში იბადებიან, რომელშიც თავად ადამი  ცოდვით დაცემამდე იმყოფებოდა. ავგუსტინემ ამ შემთხვევაში 416 წელს კართაგენის სინოდზე ცელესტინეს ერეტიკოსად გამოცხადებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

 

დაახლოებით ათასი წლის შემდგომ ტრინტის კრებამ პირველქმნილი ცოდვის ლუთერისეული შეხედულება დაგმო, რის მიხედვითაც რეფორმატორი პირველქმნილ ცოდვას ბოროტ, ნათლობის საიდულოთი მიუტევებელ მანკიერებად მიიჩნევს. კრებას სურდა მხოლოდ ერთი ადამიანის, „ყოვლადწმიდა, უბიწო ქალწულისა და ღვთისმშობელი მარიამის“ პირველქმნილი ცოდვისგან თავისუფლება ეღიარებინა, რაზეც მანამდე პაპმა სიქსტუს IV  იქადაგა.

 

კათოლიკური ეკლესის სწავლება  ყოველი ადამიანისადმი განკუთვნილ პირველქმნილ ცოდვის შესახებ დღემდე პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გამოთქმულ ლაკონიურ ფრაზას ემყარება: „ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით – სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“. პირველქმნილი ცოდვის ინტრეპრეტირების ცდებს პირველად უკვე ადრეულ პერიოდში მხოლოდ ერთეულ თეოლოგთა ნაშრომებში ვხვდებით.

 

დასავლურ სააზროვნო სისტემაში პირველქმნილი ცოდვის ავგუსტინესეული ხედვა მის ქორწინებისა და სექსუალობის შესახებ  სწავლებას  შეესაბამება. რადგან ავგუსტინე სექსუალურ ქმედებას ძირეულად ბოროტებასთან აკავშირებს, შესაბამისად სრულიად ლოგიკურად ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ სექსუალურ ქცევათაგან სრულად განთავისუფლების სურვილი სათნოებად გამოაცხადოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს იმის იმედი, რომ ადამიანი სამოთხისეულ იდეალურ მდგომარეობას, მდგომარეობას სექსუალური აქტივობის გარეშე, კვლავ დაიბრუნებს. ამგვარ მიზანს ავგუსტინე განსაკუთრებით სასურველად მიიჩნევს, რადგან ადამიანის  ცოდვით დაცემითა და პირველქმნილი ცოდვით მართულ ნებელობას ის ცხოველურ ნებასთან(bestiarum motus) აიგივებს. ამგვარად ის ადამიანს ცხოველზე დაბლა აყენებს. მაშინ როდესაც ცხოველი საკუთარი სექსუალური აქტივობით მის ბუნებრივ ინსტიქტს მიჰყვება და ამიტომ სრულიად ნორმალურ ქცევას ამჟღავნებს, ადამინი, ავგუსტინეს აზრით, პირიქით, საკუთარ სულიერ იდენტობასა და სურვილს ეწინააღმდეგება. ის სასქესო ორგანოებს „საზიზღარ ასოებადაც“ კი მოიხსენიებს, რადგან ისინი ნაცვლად იმისა, რომ ადამიანურ სურვილს დაემორჩილონ, ბიწიერი ლიბიდოთი იმართებიან.

 

ცოდვის მოსალოდნელ გამოკვლევათაგან თავის ასარიდებლად ავგუსტინე ქალწულებრივ ცხოვრების წესზე გვესაურება, რომელიც ქორწინებაში ცხოვრების წესის გადააზრებას ემსახურება. ამ პირობიდან გამომდინარე თავად ავგუსტინე სექსუალური ცხოვრებისგან სრულ თავშეკავებას ირჩევს: „საკუთარი სულის თავისუფალი ნებისათვის მე გადავწყვიტე, რომ არ ვისურვო და  არ ვეძებო ქალი და რაც მთავარია არ დავქორწინდე მასზე“. ამ და სხვა მრავალი გამოთქმით დასტურდება თუ როგორაა ავგუსტინეს თეოლოგიური ხედვა მანიქეველთა სხეულისადმი მტრობით ინფიცირებული.

 

ავგუსტინე ქორწინებით ურთიერთობაში სექსუალური აქტივობის მხოლოდ ორ ტიპს მიიჩნევს დაშვებულად: ბავშვთა გაჩენა და მეუღლეობრივ ვალდებულებათა აღსრულება. თუმცა თავად მეუღლეობრივ ვალდებულებათა განხორციელება ცოდვითი ბიწიერებისგან არასოდეს ყოფილა თავისუფალი.

 

ამგვარ გააზრებებზე დაყრდნობით, ავგუსტინე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქორწინებით კავშირში, რომლის ლეგიტიმაციაც მისი აზრით მხოლოდ საღმრთო კურთხევითაა შესაძლებელი, სამი სათნოებაა ტიპური ხასიათის: განაყოფიერება, ერთგულება და განუყოფლობა. თავად ამ სამ სათნოებას სექსუალურ კავშირთან დაკავშირებული ბიწიერი სურვილის ავადობის რაღაც დოზით გამართლება შუძლია. ამ სამთაგან მისთის უმთავრესს შვილთასხმა და მათი აღზრდა წარმოადგენს. როდესაც მეუღლეობრივი კავშირი მხოლოდ გამრავლებასა და შვილის გაჩენას ემსახურება, მაშინ მასში არაფერია ბიწიერი. მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაშია ცოდვით სურვილთან დაკავშირებული სექსუალური აქტი მისაღები და დასაშვები. უახლესი წარსულის საეკლესიო თეოლოგია ქორწინებით კავშირზე ზუსტად ამავე აზრს იმეორებს.

 

თარგმნა- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხეილ ნებიერიძემ

 

წყარო:Georg Denzler – 2000 Jahre christliche Sexualmoral; Die verbotene Lust (S.43)

 

 

იხილეთ ასევე:  სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I    

სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II

სექსუალური ურთიერთობა  მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ

სექსუალური ეთიკა პავლესთან        

 

Download
სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან.pdf
Adobe Acrobat Document 170.2 KB