სექსუალური ურთიერთობა მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ
ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით ყოველი თვითნებური სექსუალური აქტი დაგმობილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლებრივი კავშირის გარეთ განხორციელებული უკლებლივ ყველა სექსუალური ქმედება ამ წესით უნდა დარეგულირდეს.
მამაკაცი, რომელიც მანდილოსანთან ნიშნობამდე დაამყარებდა სექსუალურ კავშირს, მკაცრად განისჯებოდა და ჯარიმდებოდა კიდეც. ის იყო ვალდებული, რათა მის მიერ შეცნობილი ქალი ცოლად მოეყვანა. ხოლო ქალი, რომელიც ქორწინებამდე დაკარგავდა ქალწულებას, ქვებით იქოლებოდა; „რადგან მან ისრაელში საძაგელი საქციელი ჩაიდინა, რითაც საკუთარი მამისეული სახლი შეარცხვინა“. ახალი აღთქმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არანაირ კონკრეტულ რეაგირებას არ გვავალებს.
სექსუალურობა მხოლოდ მეუღლებრივ კავშირში
ადრეულ ეკლესიაში მეუღლებრივი კავშირის მიღმა განხორციელებული ყოველი სექსუალური ქმედება არა მარტო ბუნებრივი და მორალური პრინციპისგან გადაცდომად ითვლებოდა, არამედ თავად საღვთო კანონის დარღვევად. რაღა თქმა უნდა ამგვარი გაგების უკან სტოიკურ-გნოსტიკური სწავლება იდგა, რომლის მიხედვითაც სექსუალური აქტის თანმსდევი სიამოვნების განცდა ნეგატიურად აღიქმებოდა. ქმედების გასამართლებლად მხოლოდ მუცლადღების ფაქტს აღიარებდნენ. მანიქეიზმი და ნეოპლატონიზმი სხეულის სექსუალურობის ცილისწამებასა და მის შავ ფერებში წარმოდგენას უკანასკნელ ადგილზე აყენებდნენ. ეკლესიის მწერალთა უმრავლესობა კი მათგან იმდენად დიდი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომ მათი სექსუალური მორალი ანტიქრისტიანულ ნიშნად აღიქმებოდა.
ნეტარმა ავგუსტინემ საკუთარი გააზრებით ამ არაქრისტიანული იდეების თეოლოგიური საფუძველი სამოთხეში ცოდვით დაცემასა და შესაბამისად პირველქმნილ ცოდვაზე დაამყარა. ავგუსტინეს ამგვარი შეხედულება ერთი საუკუნის შემდეგ პეტრე ლომბარდუსმა საკუთარ სენტენციებში უფრო ფართოდ გაშალა. სქოლასტიკური სკოლის ყველა დიდი თეოლოგი არამეუღლებრივ და ასევე მეუღლებრივ კავშირსაც კი, რომელიც წყვილის სათნოყოფისათის არ გამოდგებოდა, ცოდვად სახელდებდა.
საინტერესოა ყველა ის იშვიათი გვიანი შუასაუკუნეების წყარო, რომლეთაგან შიძლება მეტ-ნაკლები წარმოდგენა შევიქმნათ, თუ როგორი პრევენციის ზომებს სთავაზობდნენ საზოგადოებას ქორწინებამდელი სექსუალური აქტის აღსაკვეთად. ჯარიმათა აღწერილობაში გვხვდება როგორც ფულადი ანგარიშწორება, ასევე იძულებითი ქორწინება. როდესაც ამგვარი ორი „ცოდვილი“ დაქორწინების წინააღმდეგი აღმოჩნდებოდა, მაგრამ ამასთანავე პირობას დადებდნენ, რომ მათ შორის სექსუალური კავშირი აღარ განმეორდებოდა, მაშინ მათ შორის ფორმდებოდა გარკვეული ტიპის საქორწინო ხელშეკრულება; რაც ნიშნავდა იმას, რომ პირობის დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებული იყვნენ ექორწინათ. ინგლისში თითქმის ყველა საეკლესიო დაწესებულება კონკუბინატის უფრო მეტად ფართოდ გავრცელების საწინააღმდეგოდ ზუსტად ამ ხერხს იყენებდა.
ეკლესიურ პროცედურათაგნ განსაკუთერბულობას და სპეციფიკურობას წარმოადგენდა წესი, რომლის მიხედვითაც ქალწულების დაკარგვის გამო ქალები მოტივირებულნი იყვნენ, რათა ყოფილი პარტნიორისგან კონპენსაცია ან ალიმენტები მიეღოთ. რეალურად, ხელსაყრელ საქორწინო შანსს მხოლოდ ქალწულად დარჩენილი ქალები ფლობდნენ.
მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში გერმანულის დიალექტურ ენაზე გვხვდება ათი მცნების თავისებური ახსნა, რომელიც პირველად 1478 წელს „სულის დიდი ნუგეშის“ სახელით გამოიცა. ავტორს არაკანონიერ სექსუალურ აქტივობათა ფსიქოლოგიური კუთხით დემონიზირება სურდა. ის ამტკიცებდა, რომ ამგვარი ურთიერთობის შედეგად ბავშვები მახინჯები, არასრულფასოვნები და დაავადებულები იბადებიან.
ქალაქ მიუნსტერის მცხოვრები ფრანცისკანელი დიტრიხ კოლდე (+1515) საკუთარ ნაშრომში (Christenspiegel) საყოველთაოდ გავრცელებული ქრისტიანული რწმენის წარმოდგენისა და ეთიკის საფუძველზე ყველა არაკანონიერ სექსუალ კავშირს, დაწყებული გაუპატიურებიდან და დამთავრებული სექსმუშაკთა საქმიანობით, შავი ჭირის, გვალვის და მასშტაბური ხანძრის მთავარ გამომწვევ მიზეზად სახავს. ჰომოსექსუალიზმს, კონტრაცეპტივებსა და სექსუალური სტიმულაციის საშუალებებს კი სოდომის დაცემის მაგალითზე წყევლის.
თუკი ამ არაკანონიერ ურთიერთობებში უკვე შეუღლებული პირი გაერეოდა, მაშინ ის მეუღლებრივი კავშირის დარღვევის გამო უფრო მკაცრ სასჯელს ექვემდებარებოდა. ჩვეულებისამებრს სასჯელი ითვალისწინებდა როგორც საზოგადო ეპიტიმიის სახით გადასახდელ ფულად ჯარიმას, ასევე სუფრიდან და საწოლიდან მოკვეთასა და უკიდურეს შემთხვევაში ეკლესიიდან განკვეთას.
იქამდე სანამ სექსუალობის აზრი და მიზანი მხოლოდ შვილიერების საშუალებად დაინახებოდა და ბავშვის გაზრდა მხოლოდ კანონიერად შექმნილ ოჯახში დაიშვებოდა , სხვა ყველა სექსუალური აქტივობა აკრძალვისთვის და ცოდვის წყაროდ წარმოჩენისთვის იყო განწირული. წყვილს შორის განხორციელებულ სექსულურ აქტში ურთიერთსიმპატიისა და სიყვარულის განცდის დანახვის არასრული გამოხატულება, რომელიც ალექსანდრე ჰალესელთან, ალბერტ დიდთან და თომა აქვინელთან გვხვდება, ზუსტად ავგუსტინეს უკანმავალი სექსუალური პესიმიზმის მაღალ აქტუალურობას ამტკიცებს. მოგვიანებით, ამგვარი ბუნებრივი წესის საფარველქვეშ გაჟღერებულმა სწავლებამ წარმოქმნა წინააღმდეგობა, რომელიც ბავშვის შობისათვის სიკვდილამდე მტკიცე მეუღლებრივ კავშირს მოითხოვს და სექსულაური კავშირით სიამოვნების მიღებას მხოლოდ ამგვარ ქორწინებაში წესისამებრ განხორციელებული აქტით რთავს ნებას.
სხვა დროება, სხვა ქცევა
საერთო პრობლემატიკის განხილვისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ წინარეინდუსტრიული პერიოდის მორალური რწმენა-წარმოდგენები, რა დროსაც აგრარული მეწარმეობა წამყვანი დარგი გახლდათ, ნაწილობრივ ეკონომიკურ პირობებზე იყო დამოკიდებული. გლეხი, წვრილი მეწარმე თუ საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელი ქორწინებას ეკონომიკური მოგების კუთხით განიხილავდა. ხშირად ქალის შეუღლებას მხოლოდ მატერიალური ინტერესები წარმართავდა. ამას გარდა, გათხოვილ ქალებზე დიდ წილად დამოკიდებული იყო შეძლებისდაგვარად ბევრი ბავშვის გაჩენა და ამით გვარის გაგრძელების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე ზოგიერთ რეგიონში ახალგაზრდა გლეხის მიერ მისი მომავალი მეუღლის შვილიერების უნარის შემოწმება სრულ ნორმად მიიჩნეოდა. ის, ვინც ამგვარ პირველ სექსუალურ ქცევას მორალური პრინციპით განსჯის, აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ადრეული პერიოდის მატერიალურ წინაპირობებზე წარმოდგენაც კი არ აქვს. „ქორწინებამდელი სექსუალური აქტი, ანდა იმ დროის ტერმინი რომ ვიხმაროთ - „გამოცდა, გასინჯვა(პრაქტიკაში)(Ausprobieren)“, რაც აღნიშნული პერიოდის წარმოდგენებს უფრო მიესადაგება, შეყვარებული წყვილის მიერ ჩადენილ უმსაგავსო საქციელად კი არა, არამედ საზოგადოების მიერ დადებითად აღქმულ, მატერიალური აუცილებლობიდან გამოდინარე ნაყოფიერი(შვილიერების კუთხით) შეუღლების გარანტად აღიქმებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოგვიანებით ქორწინება და მხოლოდ ქორწინებაში მორალურად ნებადართული სექსუალური აქტი განსჯის საგანი უპირატესად საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გახდა, მაშინ, როდესაც ქორწინებამდელი სექსი უბრალოდ გარდაუვალი იყო. „არამეუღლეობრივი კავშირით დაბადებული ბავშვები არცერთ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული თავისუფალი სექსუალური აქტივობის კრიტერიუმს არ წარმოადგენენ, ეს უბრალოდ სპეციკური სოციალური და ეკონომიკური პირობების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მეუღლეობრივი კავშირის შესაძლებლობათა შედეგია.
ეკლესიის ფართოდ გავრცელებული მორალური ტრადიციის ერთ-ერთმა გამზიარებელმა ალფონსო ლიგუორიმ (+1787) მეუღლეობრივი კავშირის მიღმა განხორციელებული ყოველი სექსუალური აქტი შესაბამისი დროის, სიტუაციისა და კონტექსტის გაუთვალისწინებლად საერთო ამორალურ ქცევად შერაცხა: „ეჭვგარეშეა, რომ გარყვნილება ბუნებითი კანონის მიხედვით აკრძალულია, რადგან ბუნება კავშირს(Copula) მხოლოდ და მხოლოდ შეუღლებულ წყვილს განუწესებს, რომელიც არა მარტო შვილიერების, არამედ მომავალი თაობის კარგად აღზრდის შესაძლებლობას ქმნის“. როგორც ეს, ასევე სხვა დანარჩენი მორალისტებიც მოუწესრიგებელი, ქორწინების გარეთ დაკმაყოფილებული სექსუალური სურვილების მავნე შედეგებით იმუქრებიან. ზოგს კი კაცობრიობის ნელი გადაშენების შესაძლებლობა აშინებს, რადგან ადამიანი არა გამრავლებისკენ, არამედ საკუთარი სექსუალობის დარწყულებისკენ მიისწრაფვის.
ახალი ასპექტები
თემის დიფერენცირების პირველ შეფასებას Johann Baptist Hirscher-თან (+1865) ვხვდებით. იქედან გამომდინარე, რომ ის მანამდე განუსხვავებლად განმარტებულ კონკუბინატს მოუღლეობრივი კავშირის მსგავს მჭიდრო ერთიანობად აფასებს, ამიტომ ამ საკითხს მოკლევადიან ურთიერთობათა თუ მოვლენათა ჩარჩოში არ ათავსებს. ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობა მიუღებელია, თუკი ის პიროვნული მსხვერპლისა თუ თავდადების ნაკლებობას განიცდის.
საკითხის ამგვარმა გააზრებამ ჰირშერი თანამოაზრეთა გარეშე დატოვა. დღესდღეობით მორალური თეოლოგიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჰპოვა გამბედაობა და ერთმანეთისაგან განასხვავა წყვილები, რომლებსაც ქორწინება მყარად აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა განსხვავებულ მიზეზთა გამო ჯერ არ სურთ შეუღლება; პარტნიორები, რომლებიც ოფიციალური ქორწინების გარეშე თანაცხოვრობენ და არც სამომვლოდ განიზრახავენ შეუღლებას; და ბოლოს წყვილები, რომლებიც ამჟამად სექსუალურ კავშირში არიან და შესაძლოა ხვალ ეს პარტნიორი შეიცვალონ.
რედემპტორისტი მღვდელი (რედემპტორისტი - 1732 წელს ჩამოყალიბებული კათოლიკური კონგრეგაცია, რომლის მთავარი მიზანიც მისიონერული საქმიანობაა) ბერნარდ ჰერინგი წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ თუ კი საკითხი ახალ გამოკვლევებს მოითხოვს მორალური თეოლოგიის ავტორიტეტულმა სპეციალისტმაც კი შეიძლება კონკრეტულ საკითში საკუთარი აზრი შეიცვალოს. საკუთარ ნაშრომში „თავისუფლება ქრისტეში“, რომელიც მას არა მისი 20 წლით ადრე გამოცემული სტანდარტული ნაშრომის „ქრისტეს კანონი“ გადამუშავებად, არამედ სრულიად ახალ ნაწარმოებად წარმოუდგენია, მეუღლეობრივი კავშირის გარეთ არსებული სექსუალური ურთიერთობის საკითხს ის კოკნრეტულ თავს უთმობს. გამომდინარე იქედან, რომ მას ამ პრობლემის ობიექტური შეფასება მთლიანად შეუძლებლად თუ არა, უკიდურესად რთულად მაინც წარმოუდგენია, ყურადღებას სინდისისმიერ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ამახვილებს: „თუ კი წყვილი საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშაა და მორალისტთა მხრიდან მათთვის არაშთამბეჭდავი არგუმენტირება მათ მიიყვანს იმ გადაწყვეტილემდე, რომ ქორწინებამდელი სექსუალური კავშირი დასაშვებია, მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მათი სინდისის ხმას პატივი ვცეთ. მაგრამ ეკლესიის ოფიციალურ სწავლებასთან, რომელიც ამ საკითხში სინდისის თავისუფლებას არ აღიარებს, კონფლიქტში რომ არ მოვიდეს, ჰერინგი დახმარებისათვის სოლომონისეულ გადაწყვეტილებას მოიშველიებს: „სულიერ მამას მათი გადაწყვეტილების სანქცირება არ ძალუძს, თუმცა მათი გულწრფელი რწმენის გამო ცოდვათა მიტევებაზე უარი არ უნდა უთხრას. ამასთანავე მათგან სინანულის მოთხოვნა და ღვთისამდე კვლავ მიმართვა ჩვეულებისამებრს მართებული იქნება“.
საკუთრივ საეკლესიო სამართალისთვის ამგვარი განსხვავებები უცხოა. ის ყველა კონკუბინატს საერთო ობიექტურ ფაქტთა საფუძველზე ერთნაირად განსჯის და მათ წინასწარ განსაზღვრულ სასჯელს უწესებს. ასევე თვალშისაცემია კლერიკალთა მდგომარეობა, რომლებსაც ქალწულების აღთქმის გამო ქორწინების უფლება არ აქვთ და დაუსრულებელი თავშეკავების პოზაში რჩებიან. ზუსტად ასევე აფასებს საეკლესიო სამართლა იმ კონკუბინატებს, რომლებიც არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან.
მეუღლეობრივი კავშირი ქორწინების ოფიციალური მოწმობის გარეშე
მას შემდეგ, რაც წვილთა რაოდენობამ უახლოეს პერიოდში საგრძნობლად იმატა, ეკლესიამ ამ საკითხთან მიმართებაში მკაცრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა. ეკლესია საკუთარ ადრინდელ გადაწყვტილებას არ ცვლის და ქორწინებამდელ თუ ქორწინების გარეშე განხორციელებულ სექსუალურ თანაცხოვრებას დაუშვებლად აფასებს. ამგვარადვეა შეფასებული მეუღლეობრივი კავშირის, ეგრედ წოდებული ხელმოუწერელი თანაცხოვრების მსგავსი ყველა ურთიერთობა. პრინციპად მიიჩნევა პაპ პიუს XI-ის (1930) ენციკლიკაში „Casti connubii“ გამოთქმული აშკარა მოსაზრება, რომ „საღვთო ნებისა და ბუნებითი ზნეობრივი კანონის თანახმად უნართა ყოველი მართებული გამოყენება, რომელიც ღვთისგან როგორც ახალ ცხოვრებაში გამოღვიძების საშუალება ისე მოგვეცა, მხოლოდ მეუღლეობრივ კავშირშია მართებული და პრივილიგირებული“. შესაბამისად პაპი ამგვარი შესაძლებლობით დაურღვეველი მონოგამიის, როგორც ერთადერთი დაშვებული თანაცხოვრების ფორმის დაცვას ცდილობს. რაც უფრო ხანგრძლივად დარჩება საეკლესიო იერარქია მოთხოვნის ამ მაქსიმალურ ნიშნულზე, მით უფრო გაღრმავდება ბზარი საეკლესიო სწავლებასა მორწმუნეთა უმრავლესობას შორის.
ეს იმაზე მეტად რადიკალური და ხისტი მიდგომაა, რაც დღეს-დღეობით ამის შესახებ ითქმის: „სექსუალური ქცევის მხოლოდ მეუღლეობრივი კავშირით შემოსაზღვრის დამარწმუნებელი დასაბუთება მორალური თეოლოგიის წარმომადგენლებს არ გამოსდით. სირთულეები, რომლებიც ფაქტობრივ არგუმენტაციას ეჩეხებიან, ჩვენ სულ მცირე იმისთვის უნდა შეგვამზადებდნენ, რომ ყოველი გამონაკლისი მყისიერად ამორალურად კი არ შევრაცხოთ, არამედ არსობრივი განსხვავებების ახლებურად დანახვაში დაგვეხმარონ“. დიდი ხანია რაც საზოგადოებრივმა ცნობიერებამ შეხედულებათა ცვლა განიცადა. დღეს ქალისა და კაცის ოფიციალური შეუღლების გარეშე თანაცხოვრობა არა დისკრიმინაციულ კონკუბინატად, არამედ ტოლერანტულად ქორწინების გარეშე არსებულ ურთიერთობად იწოდება. როგორც გამოკითხვები ცხადყოფენ, მორწმუნეთა უმრავლესობა საკითხის ამგვარ შეფასებას იზიარებს.
საერთო კუთხით არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ქორწინების ვალდებულების შესახებ Trienter-ის კრების გადაწყვეტილებამდე თანაცხოვრების მრავალი სხვა ფორმა არსებობდა, რომლებიც მეცამეტე საუკუნემდე ეკლესიის მხრიდან სანქცირებული გახლდათ, რამდენადაც ისინი მონოგამიის მტკიცე კავაშირს მიემართებოდნენ.
852 წლის მაინცის კრების გადაწყვეტილებით, მამაკაცი, რომელიც არამეუღლეობრივ კავშირში იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებამდე დაიშვებოდა ზიარებაზე. ეს მეუღლეობრივი კავშირის მსგავს კონკუბინატთა აღიარებას ნიშნავს, რაც უფრო მეტად სრულფასოვან ურთიერთობათა ხელშეწყობასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ეკლესიამ XII-XIII საუკუნეებში ოჯახის, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალ და ხანგრძლივ ურთიერთობად ჩამოყალიბების გაგებას მიაღწია, კონკუბინატი გარყვნილებად შერაცხა. ღიად განცხადებულ კონკუბინატებს აღარ ჰქონდათ ზიარების მიღების უფლება, რადგან ისინი როგორც მევახშეები, სისხლის ამღრევები და ოჯახის დანამგრეველები საზოგადოდ ცნობილ დამნაშავეებად აღიქმებოდნენ. ეკლესიამ მომდევნო პერიოდში კონკუბინატების წინააღმდეგ საკმაოდ ენერგიული ბრძოლა აწარმოა და სურდა ეს კლერიკალებისა და საერო ხალხის მისამართით მიემართა. 1563 წლის 11 ნოემბერს ტრინტის კრებაზე შემუშავებული დეკრეტის მიხედვით, არაოფიციალური, კონკუბინატორული ცხოვრების წესი მძიმე ცოდვად გამოცხადდა და წესის დამრღვევებს მკაცრი ჯარიმებიც დაუწესდათ.
დღესაც კი ყოველი არაოფიციალური, ჯვარდაუწერელი კონკუბინატი(წყვილი) მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენადა აღიქმება. 1918 წლის საეკლესიო გადაწყვეტილების შესაბამისად, ამგვარ ურთიერთობაში მყოფი პირები ეკლესიიდან განიკვეთებიან და არსებულ მდგომარეობაში გარდაცვალების შემთხვევაში წესის აგების გარეშე იკრძალებიან. 1983 წლის ახალი საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით კი მორწუნეთა დიფერენცირება მოხდა. ერთნი, რომლებსაც მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი ანდა სულაც არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში ეკლესიიდან აღარ განიკვეთებიან, თუმცა როგორც განცხაბედულად ცოდვის ჩამდენებს საეკლესიო საიდულოებებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.
სახელმწიფო ეკლესიის პოლიტიკას აღარ ითვალისწინებს
სახელმწიფო ავტორიტეტები,რომლებიც კათოლიკური ეკლესიის შუა საუკუნეების შემდგომი ეპოქის სწავლებას ქორწინების შესახებ იზიარებდნენ და მათ განხორციელებაში საკუთარი წვლილიც შეჰქონდათ, სექსუალური განათლების ამაღლების შემდეგ, რა საკვირველია არა ყველგან, ნაკლებად მკაცრ საკანონმდებლო ცვლილებებს გვთავაზობენ. სამართალდამცავი ორგანოს 1861 წლის ჯარიმათა განაწესი გვატყობინებს, რომ „პიროვნებები, რომლებიც ერთ სახლში კანონიერი ქორწინების გარეშე ხანგრძლივად ცხოვრობენ, ისჯებიან 25 გულდენით(ფულის ერთეული), 8 დღემდე თავისუფლების აღკვეთითა და ერთმანეთისგან დაშორებით“. მიუხედავად იმის, რომ გერმანიაში კონკუბინატთა წინააღმდეგ ამგვარი განაწესი 1872 წლის საკანონმდებლო რეგულაციაში აღარ მოიხსენიება, სამართალდამცავები მაინც ადრინდელი განჩინების შესაბამისად მოქმედებდნენ. დღესდღეობით უკვე მრავალ ქვეყანაში არაოფიციალური ქორწინება დაუსჯელია.
ეკლესია და ახალი თაობის მორალი
თუკი თეოლოგი ან სასულიერო პირი გაბედავს და ტრადიციულ მორალურ წარმოდგენას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და სხვა გამოსავალსა თუ ახსნას წარმოადგენს, მაშინ ის აუცილებლად საეკლესიო ავტორიტეტთან მოვა კომფლიქტში. ავსტრიელი იეზუიტი ზიგმუნდ კრიპი ამ შემთხვევაში შესაბამის მაგალითად გამოდგება.
ის, ინსბრუკში, როგორც ახალგაზრდათა საეკლესიო გაერთიანების ხელმძღვანელი, სექსუალური მორალის ახალ გზებსა და შეხედულებებს ასწავლიდა, რის გამოც აღნიშნული პოსტის დატოვება მოუხდა. ამავდროულად, როგორც ახალგაზრდათა არასაეკლესიო გაერთიანების ხელმძვანელი ფელბახში, შტუტგარტთან ახლოს, ის არ შეუშინდა ეკლესიის მიერ დადგენილ ქცევის ნორმათა ღიად გაკრიტიკებას: „კათოლიკური ეკლესია წყვილთა და სექსუალური აღზრდისათვის ვითომდა ნორმატიული მორალური განწესებებით ერთ ადგილზეა გაყინული. ამასთანავე ის ქედმაღლურად ამ განწესებებს საყოველთაოდ, ინტერკულტურულად და სამარადისოდ გამოსადეგად ასაღებს“. ის ამ საკითხს ხელშეუხებლად ტოვებს, თუმცა არა მთლიან შეფასებას. კრიპი კონკრეტდება: „მე არ მესმის, რომელი კანონით შეუძლია ეკლესიას ახალგაზრდებს 10 წლის განმავლობაში საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების იგნორირება მოსთხოვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას და ეკონომიკურ სიტუაციას უწინდელი პარტნიორული კავშირი არ ერგება. არსებობს კი პარტნიორული სიყვარულისა და სექსუალობის ადამიანთა უფლებები ახალგაზრდებისათვის? სხეულებრივ სიყვარულსაც სწავლა და ვარჯიში სჭირდება. ჩვენს რეალობაში 15 წლის ახალგაზრდა უკვე სექსუალურად მომწიფებულია, თუმცა მხოლოდ 30 წლისას ძალუძს ქორწინება და ოჯახის შენახვა. რა უნდა მოუხერხოს მან საკუთარ აღტკინებას 15-დან 30 წლამდე?“ ვინც კითხვას ზუსტად ასეთი კუთხით სვამს, ის აჩვენებს, რომ მისთვის საკითხის თეორიათა უბრალო კრიტერიუმები კი არა, არამედ ახალგაზრდებისათვის პრაქტიკულ რჩევათა მოძიება მნიშვნელოვანი.
მაგრამ როგორ ექცევიან ამ დროს საეკლესიო კანონმდებლები ალტერნატივათა ისეთ მძებნელებს, რომლებსაც სულის ჭეშმარიტი მესაჭეები უნდათ რომ იყვნენ? საკუთარი ორდენის ხელმძღვანელობასთან მრავალწლიანი განსჯის, განხილვისა და კამათის შემდგომ კრიპს საკუთარი იესოს საძმოს დატოვება მოუწია. სამწუხაროდ დღესაც კი საძმოთა გაერთიანება მათთვის არასასურველ წევრს ამგვარად უსწორდება.
ახალგაზრდათა გახრწნის გამო ცილისწამებას კათოლიკეთა მიერ გამოცემული შვეიცარიული ჟურნალი “ferment“ ეხმიანება. ერთ-ერთ გამოცემაში სექსუალობის, სიყვარულისა და ოჯახური კავშირის შესახებ ასეთ რამეს ვკითხულობთ: „თუკი ცოდვათა უკანა მხარეს კარგი თვისება გააჩნია, შეიძლება ზუსტად ამიტომაა ხორციელი ცოდვები ასე განსაკუთრებით ამაზრზენი, რადგან ისინი ჩვენს თვალში ყოველთვის იმდენად არასათნოდ წარმოგვიდგებიან, რამდენად მეტადაც ჩვენ ხორციელ ქმედებათა სიჯანსაღე გვაკლია!“ საეკლესიო ეთიკის სადარაჯოზე მყოფთა ყურში ამგვარი გამოთქმები ერეტიკულად ჟღერს, რადგან უწინ ზუსტად ამგვარ შეკითხვებზე გაცემული პასუხები სხვაგვარად გაისმოდა.
ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რამდენად მართებული შერბილების გარეშე მოხდება ძირითად საკითხთა გაცნობა, რათა აუცილებელი „დამხმარე საშუალებები“ იქნას მოძიებული.
1970-1971 წლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რათა გერმანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში მოეწვიათ სინოდი ამ თემის განსახილველად, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მორწმუნე ახალგაზრდათა 56% ეკლესიის განჩინებებს სექსუალობის შესახებ არასაკმარისად და მოძველებულად მიიჩნევდა. ახალგაზრდა თაობის საერთო გამოკითხვათა შემთხვევაში კი შედეგები უფრო მეტად ნეგატიურია. Alan-Guttmacher-Institut-ის გამოკითხვის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1,14 მილიონ გამოკითხულ ორსულ თინეიჯერთა შორის 554000 ბავშვის გაჩენას აპირებს, 434000 ახალგაზრდას კი აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი. ამგვარი გარემოებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 13-19 წლის 29 მილიონი ახალგაზრდიდან 12 მილიონს, ფაქტიურად ნახევარს, ამ ასაკში უკვე საკმაო სექსუალური გამოცდილება აქვს მიღებული.
საეკლესიო წრეების წარმომადგენლებმა ამგვარი შედეგებიდან გამომდინარე „პერმისიულ მორალზე“ დაიწყეს საუბარი (ინგლ. permissive ნებართვის მიცემა), რომელიც დღესდღეობით ახალგაზრდებისათვის მეტად ტიპურია. არის კი საქმის ვითარება მხოლოდ იმგვარად ინტერპრეტირებული, რომ ახალგაზრდები ჩვენს დროში მორალურ წესებსა თუ აკრძალვებს აინუნშიც არ აგდებენ? ახალგაზრდებისთვის სურათი სხვაგვარად იხატება, კერძოდ კი ეკლესის ტრადიციული ნორმები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ წარმოდგენებსა და მიზნებს სახავს. სანამ ეკლესიას ამ საკითხზე სხვა რამის თქმა არ შეეძლება, გარდა იმისა, რომ სექსუალურ აქტივობას მხოლოდ ოფიციალურ ქორწინებით ერთობაში აქვს ლეგიტიმური ადგილი, დაუქორწინებელ ადამიანებს ვერავითარ სასრგებლო რჩევას ვერ შესთავაზებს.
სიყვარული და სექსუალობა ძველი აღთქმის წიგნებში
ძველი აღთქმის ისრაელიანები სექსუალობას როგორც რაღაც ბუნებრივს ისე განიხილავდნენ და არავითარ შემთხვევაში რამ საეჭვოს, რომელიც შიშის ფონზე რაიმე ბოროტების ტაბუთი უნდა აღნიშნულიყო. საამისოდ ძველი აღთქმის მცირე ზომის წიგნი „ქებათა-ქება“ ძალზედ თვლასაჩინო მაგალითია.
ქებათა-ქება კაზმული ენით საკმაოდ ცოცხლად კაცსა და ქალს შორის არსებულ ეროტიკულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. წიგნის დასაწყისი ასეთია: „მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!“ (I, 1-4). და კვლავ: „გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი! გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს” (II, 5-7).
როგორც ქრისტემდელი ეპოქის მეორე ასწლეულში, ასევე მოგვიანებით, ქრისტეს შემდგომ პერიოდშიც მუდმივად მუსირებდა აზრი, რომელიც მეტად აღშფოთებული სვამდა კითხვას, თუ რამდენად დასაშვებია ხორციელი სიყვარულის ამგვარი ქების შემცველი ტექსტის წმინდა წერილის კანონიკურ კრებულში შეტანა. ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი სული წმინდის, როგორც მთლიანი ბიბლიის ინსპირატორის მოშველიებით მოხერხდა. ამგვარად ამ სასიყვარულო ტექსტს სიმბოლური ინტერპრეტაცია მოერგო, რომლის მიხედვითაც ტექსტის შინაარსი იაჰვესა და ისრაელს შორის სიყვარულის მაგალითია, უფრო სწორად კი ქრისტესა და ეკლესიას შორის სიყვარულისა. ეს ალეგორია უფრო ფართოდაც განივრცობა და ის შეიძლება როგორც ქრისტესა და თითოეულ სულს შორის ურთიერთობით ან კიდევ ქრისტესა და ღვთისმშობლის სულიერი ურთიერთობის მეტაფორულ აღწერად მივიჩნიოთ. ტექსტის გაშინაარსების ზემოთ წარმოდგენილი მცდელობები ღრმა ფესვის მქონე სექსუალური პესიმიზმის მოწმობას წარმოადგენენ.
ბიბლიის კათოლიკე ეგზეგეზი ვინსენტ ჰამპი ჯერ კიდევ 1971 წელს წმინდა წერილის თარგმანის მცირე შესავალში ასკვნის: „დიდად სავარაუდოა, რომ ქრისტემდელ ისრაელს ქებათა-ქება ღვთისა და საკუთარი ერის სიყვარულის ალეგორიად აღექვა“. ამ ასპექტით ქებათა-ქება ასე ვთქვათ ბიბლიის ტექსტისათვის მისაღები ჩანს და შესაბამისად ეკლესიას მიეცა საშუალება, რათა ის „წმინდა წერილის“ ნაწილად ეცნო. ჰამპი კვლავ განაგრძობს: „ქრისტიანობამ დასაწყისშივე ისესხა ალეგორიული ან სულ მცირე ტიპოლოგიური მნიშვნელობა და ტექსტი როგორც ღმერთისა(ქრისტე) და ეკლესიის ანდა ღმერთისა და სულის ანდა ქრისტესა და ღვთისმშობლის ალეგორიად წარმოადგინა“. და ასევე ყოველგვარი გაუგებრობის გასაქარწყლებლად ის ხაზგასმით ამატებს: „მართებულია, როდესაც მხოლოდ ამგვარი გაგებიდან გამომდინარე დაიმკვიდრა ქებათა-ქებამ წმინდა წერილში საკუთარი კანონიკური ადგილი, მისი აზრიც ზუსტად ამგვარ ავთენტურ ინსპირაციაშია, რის გამოც მოხდა ბიბლიაში და რელიგიურ წრეებში მისი ავტორიტეტის აღიარება“. დასკვნით ნაწილში ჰამპი მკაცრად აღნიშნავს: „პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი სულიერად და სხეულებრივად მოუმწიფებელი ადამიანებისათვის შეუფერებელია“. გაფრთხილება, რომელსაც მხოლოდ პორნოგრაფიულ ლიტერატურასთან შეხებისას წავაწყდებით! აი ასე აუფასურებს ღვთის სიტყვას სექსუალური შიშების ქვეშ მყოფი „მწიგნობრის“ ცენზურა.
საბედნიეროდ არსებობენ ბიბლიის სხვა მკვლევარები, რომელთათვისაც ქებათა-ქება არავითარ მორალურ საშიშროებას არ წარმოადგენს. ჰერბერტ ჰააგი მას პირიქით, „მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო სასიყვარულო ნაწარმოებად“ მიიჩნევს. მისი აზრით ეს არა მხოლოდ საქორწილო საგალობელი, არამედ ზოგადად სასიყვარულო ხოტბის შესხმაა: „ამასთანავე უნდა ვაღიაროთ, რომ ქებათა-ქებაში ეროტიკული სიყვარული ქორწინებასა და შვილიერებასთან კავშირისა გარეშე განიდიდება“. ზემოთ თქმულის დასასაბუთებლად ჰააგი ციტირებს:
„მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე...ჩემს ალერსს იქ მოგცემდი“. კი მაგრამ, ასე ესაუბრება მეუღლე საკუთარ მეორე ნახევარს?! ანდაც კვლავ: „ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო“. როგორაა შესაძლებელი, რომ მეუღლემ მასზე ოფიციალურად დაქორწინებულ ქმარს ამგვარი მოთხოვნებით მიმართოს! ის, რომ თეოლოგს საკუთარი აზრის შეცვლა და ამ ცვლილების აღიარება შეუძლია, ღიად წარმოგვიდგინა ბენედიქტინელთა ორდენის ყოფილმა წევრმა, ძველი აღთქმის პასაუელმა სპეციალისტმა გიუნტერ კრინეტცკიმ (+1986). მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სადისერტაციო ნაშრომში, რომელიც ქებათა-ქებას ეძღვნებოდა, ის ტექსტის ტიპოლოგიურ განმარტებას მართებულად მიიჩნევს, რითაც იმდროინდელ საეკლესიო განწყობას აყოლებს ფეხს, რამოდენიმე წლის შემდეგ სრულიად დამოუკიდებელ მოსაზრებამდე მიდის. რის მიხედვითაც ქებათა-ქება მოიცავს საქორწილო და ხალხურ სატრფიალო საგალობლებს, რომლებიც ახალგაზრდა წყვილის გრძნობებსა და განცდებს გამოააშკარევებს და ეს ყველაფერი კრინეტცკიმ ძველი აღთქმის მოძღვრებით ტექსტებს მიათვალა. ამგვარი დასკვნით ბიბლიის ავტორს გამიზნული ჰქონდა, რომ მკითხველისათვის საღვთო განგებულება ადამიანური სექსუალობისა და ეროსის ენაზე, მოძღვრებითი და პოეტური გზით გაეცნო. ამასთანავე „სქესთა ყოველი იზოლაციით მათ შორის პიროვნული სიყვარულისა და მზრუნველობის გაუფასურებას“ ისეთსავე მკვეთრ განცალკევებამდე მივყავართ, როგორც „ სექსუალობის ყოველ და საერთო ჯამში ქალთა დაბალ შეფასებას“. მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რომ კაცისა და ქალის შეერთებას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული წყვეტს, „ ამის გარეშე ქორწინებითი კავშირი, რის შესახებაც მარავლი სალაღობო სიმღერის ტექსტი გვაუწყებს, რომ ესაა ის ერთადერთი ფორმა, რაშიც სიყვარულს ძალუძს არსებობა, უბრალოდ ვერ იარსებებდა“. როდესაც კათოლიკე ეგზეგეტთაგან ჯერ კიდევ სადავო ქებათა-ქებაზე ამგვარ შეფასებას ვკითხულობთ, მივდივართ მხოლოდ ერთ დასკვნამდე: „ეროტიკული სიყვარულის სახელმძღვანელო“, რომელიც თავად ცოცხალი ღმერთისგან მოგვეცა. დღესდღეობით ჩვენ ამგვარი ბუნებრივი შეფასებისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ვატიკანის ოფიციალური განცხადება და პაპ იოანე პავლე მეორეს დამოკიდებულება ოჯახური წყვილის გაგებაზე ზუსტად იგივეს გვიდასტურებს. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ყოველ წლიურად ზრდად კატეხეტურ სწავლებაშიც პაპმა „სიყვარულის ქებათა-ქება“ ადამიანური სიყვარულის კონცეპტში ჩართო. თუმცაღა მან ამ ტექსტის, როგორც ადამიანური სასიყვარულო საგალობლის გაგებას, რასაც ჰააგი და კრინეტცკი გვთავაზობენ, 1984 წლის 23 მაისს გამართულ გენერალურ კონფერენციაზე სწრაფად გადააბიჯა, სადაც მისგან ქებათა-ქების შემდეგ შეფასებას ვისმენთ: „ქებათა-ქება უდავოდ ღმერთისგან მოცემლ იმ საკრამენტთა ორბიტაზეა, რომლითაც სხეულის ენით მადლისა და სიყვარულის ერთიანობაში ქალისა და მამაკაცის აშკარა თანამონაწილეობის დანახვაა შესაძლებელი“. ამგვარი თეოლოგიური შეფასების გაცნობისას უბრალო მკითხველი ძნელად თუ მიხვდება რამეს. ის ქებათა-ქებას უფრო სამყაროს შემოქმედი და მისი მაკურთხეველი ღმერთისაგან ბოძებულ ორ ადამიანს შორის არსებული სიყვარულით გამოწვეულ სიხარულთან დააკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ცხოვრებაში სექსუალური ქცევა მთლიანობაში ბუნებრივ ქმედებად გვხვდება, მათში სქესობრივი აქტი მაინც რაღაც დაფარული შიშის გრძნობას აჩენდა. მათთვის სექსუალური აქტი დაინახებდა, როგორც რამ სხეულის შემბილწველი ქმედება: „და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე“ (ლევ. 15.18). მამაკაცთა პოლუციაც სხეულის გაუწმინდურებას იწვევდა: „ და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე“ (ლევ. 15.16). მენსტრუაციის პერიოდში ქალიც უწმინდურად მიიჩნეოდა (ლევ.15.19-24) და ასევე მშობიარობის შემდეგ, ვაჟის გაჩენის შემთხვევაში უწმინდურების პერიოდი ერთ კვირას ხოლო ქალიშვილის დაბადების შემთხვევაში ორ კვირამდე გრძელდებოდა (ლევ.12.2-5). განწმენდის ამგვარი რიტუალები არა მხოლოდ ჰიგიენურ თუ ესთეტიკურ, არამედ ხშირად სავარაუდოდ გაუთვიცნობიერებლად ფეტიშურ და ასევე რელიგიურ მნიშვნელობას ატარებდნენ. ამგვარ ქმედებას ძირითადად ორგვარი საფუძველი გააჩნდა: პირველ შემთხვევაში სექსუალური ურთიერთობა სხეულებრივ და რელიგიურ გაუწმინდურებას იწვევდა, მეორე შემთხვევაში კი ღმერთთან თუ ღმერთებთან ურთიერთობა სექსუალურ თავშეკავებულებას მოითხოვდა, რაც უპირველესად წმინდა მისტერიათა აღნიშვნისას იყო საყურადღებო. ამგვარი გაუწმინდურებისაგან უპირველესად სამღვდელო დასს უნდა დაეცვა თავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მღვდელმოქმედების ღირსნი აღარ იქნებოდნენ. უპირველესად კულტისებრი სიწმინდე აძლევდა მღვდელს ღმერთთან ურთიერთობაში შესვლის უფლებამოსილებას და მის უფრო მეტად მადლისმიერი რელიგიური ქმედების ლეგიტიმაციას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ძველი აღთქმის ლევიტური განწმენდის რიტუალები დიდ წილად სტოიკური ფილოსოფიის სექსუალური დოქტრინებისკენ იხრება. ორივე შემთხვევაში ადამიანური სექსუალობის მიზანი გამრავლებაშია დანახული და მხოლოდ სექსუალური წყურვილისათვის ლეგიტიმური ადგილი ძნელადღა მოიძებნება. ასევე ნათელია, რომ ქალის ყოველთვიური ციკლის პერიოდში, როდესაც დაფეხმძიმების შანსი ნულის ტოლია, წყვილს სექსუალური აქტის ჩატარების უფლება არ ჰქონდა (ლევ.15). საერთო ჯამში კი ძველი აღთქმა სხეულის სიძულვილისა და შესაბამისად სულის გადაჭარბებული ბერძნულ-რომაული ანტიკური შეფასებისაგან თავისუფალი დარჩა. მკვდარ ზღვასთან წარმოშობილმა ესეელთა სექტამ ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი პოზიცია დაიჭირა. მკვდარ ზღვასთან მკვიდრი ბერ-მონაზონთა ყუმრანის გარეთიანებად სახელდებული ძმობა სხეულისადმი ექსტრემალური მტრობით გამოირჩეოდა, რაშიც დიდ წილად გარე იუდაური და განსაკუთრებით ბერძნული გავლენის დანახვაა შესაძლებელი. იუდეველ სასულიერო პირთა ცხოვრების წესისადმი პროტესტის გამო სექტის წევრები ტაძარში აღსრულებულ მსახურებას არ ესწრებოდნენ და „გახრწნილ ადამიანებთან“ ყოველგვარ ურთიერთობას პრინციპულად ერიდებოდნენ. მათი წეს-განგება განბანვის მრავალ ფორმას შეიცავდა. ქორწინების გარეშე კი საძმოს მხოლოდ ყველაზე ვიწრო ცენტრალური წრე რჩებოდა. მას შემდეგ კი, რაც რომაელებმა ქრისტეს შობიდან 68 წელს პალესტინა დაიპყრეს, ყუმრანის ბერ-მონაზონთა ყოფაც მალევე შეიცვალა. ქორწინების არსის შესახებ ძველი აღთქმა ორ მთავარ ტექსტს შეიცავს. დაახლოებით 1100 წელს წარმოშობილი სამყარის შექმნის ისტორია, რომლის ავტორიც დღეს იაჰვეს სახელით აღინიშნება, ადამიანს, როგორც საზოგადოებისათვის შექმილ არსებას ისე წარმოგვიდგენს : „და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი... დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა: და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“ (დაბ. 2. 18-24). ყურადღების ცენტრში ორი ადამიანის ერთმანეთისადმი ხორციელი შეერთების მძლავრი ლტოლვა დგას, და აქ შვილიერების ასპექტი საერთოდ არაა ნახსენები. ყოველთვის, როდესაც ძველი აღთქმის ძველ ტექსტებში „სხეული“ და „სული“ იხსენიება, სხეული ყოველთვის ადამიანს თავისი სისრულითა და წარმავლობით აღნიშნავს, სული კი ადამიანის ინდივიდუალურ არსებობობასთან იგივდება. სექსუალური თავგანწირვა (საკუთარი თავის შეწირვა) ადამიანის სრულად შემეცნების პროცესს ნიშნავს. მაშინ, როდესაც ჩვენ დღეს პროზაულად ვამბობთ: „ისინი ერთად იწვნენ“, ბიბლია ამ ქმედებას უფრო მეტად განსულიერებლი ფორმით გადმოგვცემს: „მათ ერთმანეთი შეიცნეს“. მხოლოდ ეს ორი გამოთქმაც კი კმარა, შეხედულებათა განსხვავების დასანახად .
დაახლოებით 600 წლის შემდგომ აღწერილი სამყაროს შექმნის ისტორია უკვე სამღვდელო დასს მიეწერება. აქ უკვე ადამიანი ორი განსხვავებული სქესის მატარებელ არსებადაა წარმოდგენილი, რომელიც ღმერთის ხატისებრია: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას(დაბ. 1. 27-28). აქ ორი ადამიანის გამრავლების მიზნით შეერთება მიწის დაუფლებითაა დასაბუთებული.
ამ ორთაგან, არცერთი ტექსტი არ გვატყობინებს, რომ ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა მხოლოდ მონოგამიურ ჩარჩოებში უნდა ჩაისვას. ძველი აღთქმის უამრავი ტექსტი კი პირიქით პოლიგამიურ შინაარსსა და კონკუბინატთა არსებობაზე მოგვითხრობს. ალბათ ეს იმასაც ხსნის, თუ რატომ არ არის ებრაულ ენაში ქორწინების იმგვარი ფორმის აღმნიშვნელი სიტყვა, რაზეც ჩვენ დღესდღეობით მივუთითებთ. ორი ადამიანის საერთო გზა და საერთო ცხოვრება, სადაც ეს „საერთო“ პრობლემათა ცენტრში უნდა მოექცეს, ოჯახური სიძნელეების გადასალახავად თავად მეუღლეთა გარდა ძნელად თუ ვინმეს დააინტერესებს.
ქორწინებაში ყოფნა როგორც ძველ აღთქმაში, ასევე მოგვიანო იუდაურ სივრცეში ცხოვრების ნორმალურ ფორმად მიიჩნეოდა. დაუქორწინებლობა და უშვილება კი საერთო ჯამში მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს იწვევდა.
ავტორი- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ ნებიერიძე
საიტზე ასევე განთავსებულია: სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I