რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ
ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი
როგორც ნათურები იზიდავენ მწერებს თავისთან, ასევე ჩვენი ეკლესიებიც იზიდავენ სულიერად დაავადებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როდესაც მოძღვარი გახლავთ საინტერესო, წმიდა ცხოვრებით მაცხოვრებელი, სულიერი, მადლიანი, ამ დროს მის გარშემო იკრიბებიან სულიერად დაავადებული ადამიანები. გავიხსენოთ იანიტების სექტა, რომელიც აღმოცენდა წმ. იოანე კრონშტადტელის გარშემო. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა წმ. სერაფიმე საროველთან დაკავშირებითაც. მისი ,,ჯვარი'' აღმოჩნდა, რომ მოწაფეთა შორის ჰყავდა ბატონი მოტოვილოვი, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი. ეს პიროვნება თავის ნააზრევს წმ. სერაფიმეს მიაწერდა, ოღონდ ეს ნააზრევი აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. მაგ: მოტოვილოვი წერდა რუს მეფეებს- ნიკოლოზ პირველს და ალექსანდრე მეორეს, თითქოს მამა სერაფიმე ითხოვს მათგან, რომ შეავედრონ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერთ-ერთი ადამიანის დალოცვა, ეს ადამიანი გახლდათ სამხრეთ ამერიკულ შტატებში არსებული ჯარების მეთაური და მისი დალოცვა იმიტომაა საჭირო, რომ ამერიკაში სამამულო ომი მიმდინარეობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მამა სერაფიმე გარდაიცვალა ამერიკაში სამამულო ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე, თუმცა ომის დროს მოტოვილოვი ცოცხალი იყო და აგრძელებდა სერაფიმე საროველის სახელის გამოყენებას.
ასევე არსებობს წერილები სადაც მოტოვილოვი კვლავ წერს სერაფიმე საროველის სახელით, რომ იქნება მერვე მსოფლიო კრება, სადაც კათოლიკეები და მართლმადიდებელები გაერთიანდებიან და ეს იქნება ჭეშმარიტების ზეიმი, ხოლო მანამდე იქნება მსოფლიო ომი და ღმერთი ფრანგებს მიჰმადლებს გამარჯვებას, მათი ღვთისმოსაობის გამო და იმის გამო, რომ ისინი თაყვანს სცემენ ლურდის ღვთისმშობელს. ასევე თითქოს წმ. სერაფიმე ამბობდა, რომ მოსკოვი და პეტერბურგი გაერთიანდებიან და ერთ ქალაქს შეადგენენ და აქ დაიბადება ანტიქრისტე, რომ კონსტანტინოპოლი რუსების იქნება. ასევე მოტოვილოვი წერდა ნიკოლოზ პირველს: მამა სერაფიმე გადმოგცემთ, რომ თქვენი უდიდებულესობის მმართველობისას მე აღვდგები მკვდრეთით რათა რეალურად ირწმუნოთ აღდგომა, თუმცა მღვდელმთავრები არ ირწმუნებენ აღდგომის ჭეშმარიტებას და მათ გამოც მკვდრეთით აღვდგები.
მითები დათვის კბილის თაყვანისცემის შესახებ
2011 წლის ბოლოს ბერების (სტარეცების) ლოცვა-კურთხევით და ერთ-ერთი ფონდის მხარდაჭერით, მოსკოვში ჩამოიტანეს ჩვენს ხალხში დიდად პატივცემული სიწმიდე - ,,ღირსი სერაფიმე საროველის დათვის კბილი.’’ შევაჯეროთ ყველა ცნობა, თუ რა ვიცით ამ ე.წ. ,,სიწმინდის’’ შესახებ.
როგორც ცნობილია, ღირს მამას ჩვევად ჰქონდა მასთან მოსული დათვის პურით გამოკვება. მისი გარდაცვალების შემდეგ, წმინდანს შეჩვეული დათვი, ერთ-ერთ სკიტში დასახლდა, რომელიც ღირსი სერაფიმეს მიერ იყო დაფუძნებული. დედები უვლიდნენ მას, ხოლო დათვმა, რომელსაც ყველა სერაფიმეს დათვს "Серафимушкин Мишка" ეძახდა, თავისი ბღავილით მოაცილა არაწმიდა ადამიანები მოსახლეობას. გარშემო მცხოვრები გლეხები პატივს მიაგებდნენ დათვს. ამბობდნენ, რომ მისი თათის შეხებით, რწმენით მისული ადამიანები მძიმე დაავადებებისაგან იკურნებოდნენ.
1914 წელს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელის ამაღლების დღესასწაულის წინა დღეს, სკიტში მცხოვრებმა მორჩილმა ანამ მოისმინა თუ როგორ დაილაპარაკა დათვმა ადამიანური ხმით: „სევდა, სევდა იქნება რუსეთზე!“ მორჩილმა მოუყვა ამის შესახებ მონასტრის მაშინდელ წინამძღვარს - იღუმენია მიტრიდადეს, რომელმაც ანიშნა მას, რომ არავისთვის არაფერი არ ეთქვა და დაამატა, რომ იმავე დღეს მას თავად ღირსი სერაფიმე გამოეცხადა ძილში, ასეთივე მკაცრი გაფრთხილებით. მალე დათვი მოკვდა და დედებმა დამარხეს იგი მონასტრის დასავლეთ კედელთან, ხოლო დათვის ერთ-ერთი კბილი მეზობელი ეკლესიის მოძღვარს გადასცეს. 1925 წელს მონასტერი დახურეს, რომელიც განადგურებას დაექვემდებარა, თუმცა ამის შემდეგაც ადამიანები ფარულად აგრძელებდნენ დათვის საფლავზე მისვლას, რომელნიც მათი სარწმუნოებისამებრ იღებდნენ კურნებებს. როდესაც უღმერთო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის შესახებ შეიტყვეს, მათ გაანადგურეს დათვის საფლავი, გადაიტანეს დათვის ნეშტი ბარჟაზე და ჩაძირეს ოხოტის ზღვაში, ასე რომ მისგან მხოლოდ კბილი დარჩა, რომელიც სამრევლოს მოძღვარმა შემოინახა. დიდი სამამულო ომის დროს, მოძღვრის შვილი - კონსტანტინე ჯარში გამოიძახეს და მოძღვარმა ეს სიწმიდე მას გადასცა. ამ ბიჭმა მთელი ომი წინა ხაზზე გაატარა და თანამებრძოლთა გასაკვირად, ერთხელაც კი არ დაჭრილა! 1944 წელს, საკვირველი ჯარისკაცის შესახებ, თავად მარშალმა ჟუკოვმა შეიტყო. მან გამოიძახა კონსტანტინე და ყველაფრის შესახებ გამოკითხა. მიიღო რა პასუხები, რომელნიც სიმართლეს შეესაბამებოდა, მარშალს გაუკვირდა და კონსტანტინე მედლით დაჯილდოებული გაუშვა უკან. მაგრამ შუა გზაზე მას დაეწია ჟუკოვის ინტენდანტი, ნიკოლოზი (როგორც გაირკვა მრავალი წლის შემდგომ, იგი ჯერ კიდევ მაშინ გახლდათ ფარული ბერი), და ჟუკოვის სახელით მოითხოვა დათვის კბილის წმ. ნაწილი. კონსტანტინემ უარი არ უთხრა. როგორც ყვებოდნენ, მარშალმა მიამაგრა წმ. ნაწილი ყაზანის ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც იგი მთელი ომის განმავლობაში თან ატარებდა. ომის დასრულებიდან 2 თვით ადრე, კონსტანტინე ტყვედ ჩავარდა გერმანელებთან. მისი დახვრეტა უნდოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გერმანელი ოფიცერი, რომელმაც რაღაცნაირად მოისმინა დათვის შესახებ, იხილა რა მისი კბილი, ძალზედ გაკვირვებული დარჩა. მან გადაარჩინა კონსტანტინე და მიუნხენში გააგზავნა იგი, სადაც მოძღვრის შვილი განთავისუფლებულ იქნა ამერიკელების მიერ. კონსტანტინე უკვე ემზადებოდა სამშობლოში დასაბრუნებლად, როდესაც ძილში მას თავად დათვი გამოეცხადა და უთხრა: „რუსეთში შენ გზა არ გაქვს!“ კონსტანტინე ძალზედ შეწუხდა, მაგრამ გადაწყვიტა არ დაეჯერებინა. ამერიკულმა ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში გაამგზავრა კონსტანტინე, სადაც იგი დაქორწინდა რუს ემიგრანტ ქალბატონზე (როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოვილოვის შორეულ ნათესავზე), და ერთ-ერთ პროვინციაში დაიწყო ცხოვრება. მან იქ სახლის სამლოცველო მოაწყო, სადაც დააბრძანა კბილის წმ. ნაწილი. ამბობენ, რომ ცნობილმა ამერიკელმა „სტარეცმა“ მამა სერაფიმე როუზმა, სწორედ კონსტანტინესთან მისვლისა და ამ სიწმიდის წინაშე ლოცვის შემდგომ გადაწყვიტა საბოლოოდ, რომ მიეღო და ეღიარებინა მართლმადიდებლური სარწმუნოება (ისინი ერთმანეთს სამსახურიდან იცნობდნენ). ამავე გარემოებამ მოახდინა გავლენა, მისი საბერო სახელის შერჩევაზე. ამის შემდგომ კონსტანტინეს, მამა სერაფიმე როუზის უამრავი სულიერი შვილი სტუმრობდა, ხოლო ერთმა შეძლებულმა მართლმადიდებელმა ამერიკელმა, გამშვენებული სანაწილე შეწირა მას, სადაც ინახავდნენ კბილს. ამ სიწმიდესთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სასწაული 1979 წელს მოხდა. მაშინ მოსკოვი ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადებოდა, ამასთან დაკავშირებით ბრეჟნევს უნდოდა, რომ ოლიმპიადის ემბლემა ძაღლი ყოფილიყო. ღამე კონსტანტინეს კვლავ გამოეცხადა დათვი და უთხრა: „რუსეთის ხელისუფალთ სურთ, რომ ოლიმპიადის სიმბოლო არაწმიდა ცხოველი იყოს. ამის დაშვება არ შეიძლება! თუკი ისინი ასე მოიქცევიან, თამაშებზე დასავლელ სპორტსმენთა რიგებში აღმოჩნდებიან მკვლელები და ხელისუფლების წარმომადგენლებს (რუსებს) ბოლო მოეღებათ!“ კონსტანტინემ არ იცოდა რა გაეკეთებინა. თუმცა დათვის კბილის თაყვანისმცემელთა შორის გავლენიანი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც ფარულად მოაწყვეს კონსტანტინეს მოსკოვში გამგზავრებისა და თავად რეჟნევთან შეხვედრის ამბავი. აღმოჩნდა, რომ ,,ლეონიდ ილიჩი’’ ფარული მორწმუნე იყო და დათვის შესახებაც ჰქონდა გაგონილი. კონსტანტინესთან საუბარმა დაარწმუნა იგი, რომ დაუყონებლივ შეეცვალა ოლიმპიადის სიმბოლო დათვით, ასე რომ მომდევნო წელს, როდესაც დაიწყო თამაშები, დასავლელი სპორტსმენებიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო, არავინ არ დაესხა მათ თავს.
ამ მოვლენებიდან ძალიან მალე კონსტანტინე გარდაიცვალა და მისი სახლის სამლოცველო სერაფიმესეულ სკიტად გადაკეთდა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა, რომ სიწმიდე რუსეთში გადაებრძანებინათ. სკიტის საძმოს წევრები დიდი ხნის დარწმუნების შემდეგ დათანხმდნენ, რომ საყვარელი სიწმიდე მოსკოვში გადაესვენებინათ. დათვის კბილმა მხოლოდ 2 დღე დაჰყო აქ, 2011 წლის 31 დეკემბრიდან - 2012 წლის 1 იანვრის ჩათვლით. ახალი წლის ღამეს, სანაწილე სიწმიდესთან ერთად 12 ჯერ შემოატარეს ჩვენს დედაქალაქს თვითმფრინავით, რათა სიწმიდის მადლმა იმ ადამიანებამდეც მიაღწიოს, ვინც ასაკის, ან ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლებს პირადად მიახლებას მასთან. პირველ იანვარს დათვის კბილთან ლიტურგია და სავედრებელი პარაკლისი აღასრულეს რუსმა მღვდელმთავრებმა, ხოლო ამავე დღის ღამეს, სანაწილე კვლავ ამერიკის მიწას დაუბრუნდება. ამასთან კბილისგან ამოიღებენ 12 ნაძერწს, რომლებიც განსაკუთრებული წესით იკურთხება და გაგზავნილ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შედარებით პატივდებულ (გამორჩეულ) მონასტრებში.
გაინტერესებთ რეალობა?
დათვი არ არსებობდა!
„დივოევოს მონასტრის უხუცესი მონოზონის - მატრიონა პლეშჩეევას მონაყოლი, რომელიც განთავსებული მეორე გამოცემის 118 გვერდზეც, თითქოს მან იხილა დათვი მამა სერაფიმესთან, ასევე ის, თუ როგორ აჭმევდა მამა სერაფიმე მას და თავად იგი როგორ კვებავდა დათვს, გამოგონილია იოასაფის მიერ, როგორც აღიარა თავად მატრიონამ სიკვდილის წინ. აი რას მიყვებოდა მე მღვდელი ბასილ სადოვსკი: ,,პლეშჩეევა დიდხანს იტანჯებოდა წყალმანკისგან და ბოლოს გამოტყდა, რომ როგორც ჩანდა ღმერთს არ გაჰყავდა იგი ამ ქვეყნიდან, რადგან ელოდებოდა მის აღიარებას ტყუილის შესახებ. მან მოიხმო თავისთან ეკატერინე ვასილის ას. ლადიჟენსკაია და მღვდელი სადოვსკი და მათ წინაშე განაცხადა, რომ იგი დარიგებული იყო იოასაფის მიერ და რომ თავის თავზე აიღო, თითქოს მან იხილა დათვი მამა სერაფიმესთან, როგორ აჭმევდა მოძღვარი მას და ა.შ. რაც სინამდვილეში საერთოდ არ უნახავს. ამ აღიარების შემდგომ იგი მალევე გარდაიცვალა.’’ დანილოვის არქიმანდრიტი, იაკობი (1861 წელს, ორიდან ერთ-ერთი გამომძიებელი - ი.ჰ.)“ (ОР РНБ. CПб. ДА А1 80).
მამა სერაფიმეს ცხოვრებისა და გმირობების შესახებ დაწერილ წიგნში, 1849 წლის გამოცემით, 142 გვერდზე და 1856 წელს გამოცემული წიგნის 118 გვერდზე განთავსებულია დივოევოს მონასტრის უხუცესი მონოზონის - მატრიონა პლეშჩეევას მონაყოლი იმის შესახებ, თითქოს მამა სერაფიმესთან ყოფნის დროს იხილა, თუ როგორ აჭმევდა მოძღვარი დათვს და მისი ლოცვა კურთხევით, თავადაც როგორ კვებავდა ამავე დათვს; მაგრამ ეს მონაყოლი გამოგონილია იოასაფის მიერ, როგორც აღიარა ეს თავად პლეშჩეევამ სიკვდილის წინ.
P.S. ვისაც მართლა გაინტერესებთ წმ. სერაფიმეს სწავლებანი, ცხოვრება და მოღვაწეობა, არსებობს ასეთი წიგნი "ღირსი სერაფიმე საროველი" ამ წიგნის ავტორი გახლავთ - ვსევოლოდ როშკო. ეს წიგნი იმითაა საინტერესო, რომ ავტორი იღებს შედარებით ძველ წყაროებს სერაფიმე საროველზე, დივოევოს მონასტრის დების მონათხრობს და ა.შ. შემდეგ ადარებს მათ უფრო მოგვიანო წყაროებს და აშკარა ხდება, დროთა განმავლობაში თუ როგორ ემატებოდა ამ ნაამბობებს ახალი დეტალები წმ. სერაფიმეზე.
წყაროები: http://thomas-cranmer.livejournal.com/104080.html
http://diak-kuraev.livejournal.com/249755.html
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა იოანე შოშიაშვილმა
მსგავსი სტატიები:
რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა
თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ეგნატე ბრიანჩანინოვის „ასკეტური გამოცდილებანი“
რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ
,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’