ეკლესიის ერთიანობა და ადამიანური განხეთქილებების ცოდვა

 

1.1.მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, დაარსებული თავად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ, ეკლესია- დამტკიცებული და აღვსებული სულიწმიდის მიერ. ეკლესია, რომლის შესახებაც თავად მაცხოვარმა ბრძანა: „აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16,18). იგი გახლავთ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, წმიდა საიდუმლოთა დამმარხავი და გამცემი მთელ მსოფლიოში, „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). იგი ზუსტად ისე ატარებს ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვის გავრცელების პასუხისმგებლობის სისასვსეს, როგორც ძალაუფლების სისავსეს  „ერთგზის მოცემულს წმიდა სარწმუნოების შესახებ“ (იუდ.3).

1.2.ქრისტეს ეკლესია ერთიანი და ერთადერთია (წმ. კვიპრიანე კართაგენელი „ეკლესიის ერთობის შესახებ“).  ეკლესიის- ქრისტეს სხეულის-  ერთობის საფუძვლად ითვლება ის, რომ მას ჰყავს ერთი თავი- უფალი იესო ქრისტე (ეფ. 5,23) და მოქმედებს ერთი სულიწმიდა, ეკლესიის ცხოველმყოფელი სხეული და მისი წევრების გამაერთიანებელი ქრისტესთან, როგორც მის თავთან.

1.3.ეკლესია გახლავთ „ქრისტეში ახალი ადამიანების“ ერთობა.  ხორცშესხმითა და განკაცებით  ღვთის ძემ „თავიდან დაიწყო ადამიანური არსებების გრძელი რიგი“ (წმ. ირინეოს ლიონელი), შექმნა ახალი, კურთხეული ერი, მეორე ადამის სულიერი შთამომავლობა. ეკლესიის ერთობა  ყოველგვარ ადამიანურ და ამქვეყნიურ ერთობაზე მაღლა დგას, იგი მოცემულია ზეგარდამო, როგორც სრულყოფილი და საღვთო მადლი. ეკლესიის წევრები, გაერთიანებულნი ქრისტეში თავად ქრისტეს მიერ, გაერთიანებულნი არიან როგორც ვაზის ლერწები, მასში ფესვგადგმულნი და შეკრებილნი საუკუნო და სულიერი სიცოცხლის ერთობაში.

1.4. საეკლესიო ერთობა არღვევს ბარიერებს და საზღვრებს. მათ შორის რასობრივს, ენობრივს და სოციალურს. ჯერ არს გადარჩენის სასიხარულო უწყების გამოცხადება ყველა ხალხისათვის, რათა მოვიყვანოთ ისინი ერთობლივ წიაღში, გავაერთიანოთ რწმენის ძალით და სულიწმიდის მადლით (მთ. 28, 19-20; მკ. 16,15; საქმე. 1,8).

1.5. ეკლესიაში დაიძლევა მტრობა და მარტოობა. ერთარსება სამების სახით აღესრულება-  ერთობა სიყვარულში, რომელიც დანაწევრებულია კაცობრიობის ცოდვის გამო.

1.6.ეკლესია არის სულის ერთობა ამ სამყაროში (ეფ. 4,3), კურთხეული ცხოვრებისა და სულიერი გამოცდილების სისავსე და განუწყვეტელობა. „სადაც არის ეკლესია, იქ არის საღვთო სული და სადაც საღვთო სულია, იქაა ეკლესია და ყოველგვარი სიკეთე“ (წმ. ირინეოს ლიონელი. ერესების წინააღმდეგ“ წიგნი 3. XXIV თავი). ერთიანობის მადლისმიერ ცხოვრებაში მდგომარეობს ერთობის საფუძველი და საეკლესიო რწმენის უცვლელობა. სულიწმიდა ყოველთვის და უცვლელად „ასწავლის ეკლესიას  წმიდა მამებისა და მასწავლებლების მეშვეობით. კათოლიკე ეკლესიას არ შეუძლია შესცოდოს ან შეცდეს და გაამჟღავნოს ტყუილი სიმართლის ნაცვლად,  რადგან სულიწმიდა, კეთილმსახური მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების მეშვეობით მოქმედი, იცავს მას ყოველგვარი ცდომილებისაგან“ (აღმოსავლელი პატრიარქების გზავნილი).

1.7.ეკლესია საყოველთაო ხასიათს ატარებს- იგი ამ სოფელში არსებობს სხვადასხვა  ადგილობრივი ეკლესიების სახით, მაგრამ მისი ერთობა ამ გაგებით სულაც არ მცირდება. „ეკლესია გასხივოსნებული საღმრთო ნათლით  მთელ  სამყაროში ავრცელებს საკუთარ სხივებს; მაგრამ სამყაროში მოფენილი ნათელი ერთადერთია და სხეულის ერთობა რჩება დაუნაწევრებელი, განუყოფელი. იგი  მთელ სამყაროში განავრცობს თავის ტოტებს, ნაყოფით დახუნძლულს; მისი უხვი ნაკადები შორეულ განზომილებაში მიედინება- ამავდროულად თავი რჩება ერთი, ერთი-  საწყისი, ერთი - დედა, მდიდარ  ნაყოფთა დოვლათით“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, „ეკლესიის ერთობის შესახებ“).

1.8. საეკლესიო ერთობა განუწყვეტელ კავშირშია  ევქარისტიის საიდუმლოსთან, რომელშიც მორწმუნეები, ეზიარებიან რა ქრისტეს ერთიან სხეულს, ჭეშმარიტად ირიცხებიან ერთიან და კათოლიკე სხეულში, ქრისტესმიერი სიყვარულის საიდუმლოში, ფერისცვალების სულიერ ძალაში. პავლე მოციქულის გაგებით, „თუკი „ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით“ მაშინ ყველა ერთ სხეულს შევადგენთ (1კორ. 10,17), რადგან ქრისტე არ შეიძლება დანაწევრებული იყოს. ამიტომ იწოდება ქრისტეს სხეულად ეკლესია, ხოლო ჩვენ გახლავართ ცალკეული წევრები“ (1კორ. 12,27) (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

1.9. ერთი, წმინდა, კათოლიკე ეკლესია გახლავთ სამოციქულო ეკლესია. ღვთივ დადგინებული სამღვდელო დასის მეშვეობით, სულიწმიდის ნიჭები გადაეცემათ (ეუწყებათ) მორწმუნეებს. იერარქიის სამოციქულო მემკვიდრეობა გახლავთ წმიდა ცხოვრების ერთობის საფუძველი. კანონიერი სამღვდელო იერარქიისაგან განდგომა გახლავთ სულიწმინდისაგან და თავად ქრისტესაგან განდგომა. „ყველა შეუდეგით ეპისკოპოსს, როგორც იესო ქრისტე- მამას, ხოლო პრესვიტერს - როგორც მოციქულებს. დიაკონებს კი პატივი მიაგეთ, როგორც ღმრთის მცნებას. ეპისკოპოსის გარეშე ნურავინ ნურაფერს მოიმოქმედებს, რაც ეკლესიას ეხება. სადაც ეპისკოპოსი იქნება, იქ უნდა იყოს ერიც. ისევე, როგორც, სადაც იესო ქრისტეა, იქაა კათოლიკე ეკლესიაც“ (წმ. ეგნატე ანტიოქიელი. 8 ეპ. სმირნელთა მიმართ).

1.10.        მხოლოდ კონკრეტულ თემთან (ქრისტიანულ საზოგადოებასთან) დაკავშირების მეშვეობით დაუკავშირდება ეკლესიის ყოველი წევრი  მთელ ეკლესიას. დაარღვევს რა კანონიკურ კავშირს თავის ადგილობრივ ეკლესიასთან, ქრისტიანი ამ ყოველივეთი ავნებს საკუთარ კურთხეულ ერთობას მთელ საეკლესიო სხეულთან და უკუიქცევა მისგან. ნებისმიერი ზომის ცოდვა აშორებს ადამიანს ეკლესიისაგან, თუმცა კი სრულად არ აძევებს მისგან. ძველი ეკლესიის გაგებაში განკვეთა (გაძევება) ხდებოდა ევქარისტიული შეკრებისაგან. მაგრამ განკვეთილის საეკლესიო ერთობაში უკან დაბრუნება არასდროს არ ხდებოდა ნათლობის განმეორების მეშვეობით. ნათლობის განუმეორებლობის აღიარება ნიკეა-კონსტანტინეს ქალაქის სარწუნოების სიმბოლოში ხდება: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. მოციქულთა 47_ე  კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, თუკი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათელღებულს... განკვეთილ იქნეს“.

1.11.        ამით ეკლესია მოწმობდა, რომ განკვეთილი ინარჩუნებდა საღვთო ერისადმი განკუთვნილობის „ბეჭედს.“ განკვეთილის უკან დაბრუნებით, ეკლესია ცხოვრებისაკენ აბრუნებს მას, ვინც უკვე იყო მონათლული ერთ სხეულში. საკუთარი წევრის განკვეთით, რომელიც ნათლობის დღეს მის მიერ აღიბეჭდა „ნათლისღების ბეჭდით“, ეკლესია იმედოვნებს მის დაბრუნებას. ეკლესია თავად განკვეთას, როგორც სულიერი აღორძინების საშუალებას, ისე განიხილავს.

1.12.        საუკუნეების განმავლობაში  ქრისტეს მცნება ერთობის შესახებ  არაერთგზის დარღვეულა. ღმრთის მიერ ნამცნები საყოველთაო თანამოაზრეობისა და ერთსულოვნების  საწინააღმდეგოდ ქრისტიანობაში წარმოიქმნა  აზრთა სხვადასხვაობანი და განხეთქილებანი. ეკლესია ყოველთვის მკაცრად და პრინციპულად ეპყრობოდა მათ, ვინც გადამრჩენელი სარწმუნოების სიწმიდის წინააღმდეგ გამოდიოდა და ასევე მათ, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება და შფოთი შემოჰქონდათ: „რატომ არის თქვენ შორის არეულობა, შფოთი, უთანხმოებანი, განყოფანი და ბრძოლა? განა ერთი არ არის ჩვენი ღმერთი, ერთი ქრისტე და ერთი სული მადლისა ჩვენზე მოფენილი და ერთი წოდება ქრისტეში? რისთვის ვგლეჯთ (ვანაწევრებთ) და ვარღვევთ  ქრისტეს ნაწილებს, ვილაშქრებთ საკუთარი სხეულის წინააღმდეგ და იმგვარ უგონობამდე მივდივართ, რომ ვივიწყებთ კიდეც, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერთი მეორისათვის“ (წმ. კლიმენტი რომაელი. კორინთელთა მიმართ ეპისტოლე 1,46).

1.13.        ქრისტიანული ისტორიის მანძილზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისაგან არა მხოლოდ ინდივიდი ქრისტიანები გამოდიოდნენ, არამედ მთელი ქრისტიანული საზოგადოებებიც. მათგან ზოგიერთები დროთა განმავლობაში გაქრნენ, სხვები კი საუკუნეების მანძილზე შემორჩნენ. პირველი ათასწლეულის მეტნაკლებად არსებითი განყოფანი,რომელნიც III და IV მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებების შედაგად ზოგიერთ ქრისტიანულ საზოგადოებებს შორის არსებული უთანხმოების შემდეგ წარმოიქმნენ და რომელნიც დღევანდელ დღემდე შემორჩნენ, საბოლოოდ ცალკე განყოფილებაში აღმოჩნდნენ: დღესაც არსებული აღმოსავლეთის ასირიული ეკლესია, ქალკედონამდელი ეკლესიები- კოპტური, სომხური, სირიულ-იაკობიტური, ეთიოპური, მალაბარული. II ათასწლეულში რომის ეკლესიის გამოყოფას  შიდა განხეთქილებები მოჰყვა დასავლურ ქრისტიანობაში, რომელიც რეფორმაციასთან იყო დაკავშირებული და რამაც მრავალი ქრისტიანული დენომინაციის, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ რომის საყდართან, განმანათლებლობის განუწყვეტელი პროცესი გამოიწვია. აღნიშნული ქრისტიანული დენომინაციები ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებსაც გამოეყვნენ, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

1.14.        ეგოისტური თვითდაჯერებულობისა და განცალკევების შედეგები ცდომილებები და ერესები გახლავთ. ყოველგვარი განხეთქილება და სქიზმა, გარკვეულწილად, საეკლესიო ერთობისაგან გამოყოფას იწვევს. განხეთქილება, თუნდაც იგი არა სარწმუნოებრივი ხასიათის სწავლების მიზეზით მოხდეს, გახლავთ ეკლესიის შესახებ არსებული სწავლების დარღვევა და საბოლოო ჯამში სარწმუნოების დამახინჯებას იწვევს.

1.15.        მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მამების პირით განაჩინებს, რომ გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაშია შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად ქრისტიანული თემები, რომლებიც გამოეყვნენ მართლმადიდებელთა ერთობას, არასდროს არ განიხილებოდნენ, როგორც ღვთის მადლისაგან ბოლომდე ჩამოცილებულნი. საეკლესიო კავშირის დარღვევა  წმიდა ცხოვრების გარდაუვალ დაზიანებას იწვევს, მაგრამ არა ყოველთვის მის სრულად გაქრობას მართლმადიდებლობისგან გამოყოფილ ქრისტიანულ საზოგადოებებში. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დენომინაციიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულთა მიღების პრაქტიკა, რომ მიღება მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით არ ხდება. მიუხედავად ერთობის გაწყვეტისა, გარკვეული არასრული კავშირი მაინც რჩება, რომელიც საეკლესიო ერთობაში, საყოველთაო (კათოლიკე) სისავსეში და ერთობაში დაბრუნების შესაძლებლობის ავანსს ემსახურება.

1.16.        საეკლესიო დებულება ერთმნიშვნელოვან განსაზღვრებას არ უწესებს გამოყოფილებს. განყოფილ ქრისტიანულ სამყაროში არსებობს მისი გამაერთიანებელი გარკვეული ნიშნები.  ეს გახლავთ: საღვთო სიტყვა, რწმენა ქრისტესადმი, როგორც ღმრთისა და მაცხოვრისადმი, რომელიც ხორციელად მოვიდა (1 ინ. 1, 1-2; 4, 2,9), და გულწრფელი ღვთისმოსაობა.

1.17.        ეკლესიაში მიღების სხვადასხვა ხარისხის წესების არსებობა (ნათლობით, მირონცხებით, აღსარებით) აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვა კონფესიებს დიფერენცირებულად უდგება. კრიტერიუმს წარმოადგენს სარწმუნოების შენარჩუნების ხარისხი, საეკლესიო წყობა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ნორმები. მაგრამ მიღების სხვადასხვა ხარისხის ნორმების განწესებით, მართლმადიდებელ ეკლესიას არ გამოაქვს დასკვნა, სხვადმადიდებლებში არსებული წმიდა ცხოვრების შენარჩუნებისა და დაზიანების ზომის შესახებ, რადგან ამას საღვთო მართლმსაჯულების და ჩანაფიქრის საიდუმლოდ მიიჩნევს.

1.18.        მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ჭეშმარიტი ეკლესია, რომელშიც უვნებელად (უცვლელად) არის დაცული წმიდა გარდამოცემა და საღმრთო მადლის გადამრჩენელი სისავსე. მან სრული სისავსით და წმიდად შეინარჩუნა მოციქულთა და წმიდა მამათა სამღვდელო მემკვიდრეობა. იგი აღიარებს თავისი სწავლების, საღვთისმსახურო სტრუქტურის, სამოციქულო სიტყვისა და ძველი ეკლესიის გარდამოცემის სულიერი  პრაქტიკის უცვლელობას.

1.19.        მართლმადიდებლობა არ გახლავთ აღმოსავლეთის ეკლესიის „ნაციონალურ-კულტურული“ საკუთრება. მართლმადიდებლობა არის ეკლესიის შიდა ხარისხი, საღვთისმსახურო და იერარქიული მწყობრისა და სასულიერო ცხოვრების პრინციპების შესახებ არსებული ჭეშმარიტი სწავლების დამცველი, რომელიც უწყვეტად და უცვლელად არსებობს ეკლესიაში მოციქულთა დროიდან. არ შეიძლება წარსულის გაიდეალების საცდურს მივეცეთ  ან ზურგი ვაქციოთ ტრაგიკულ ნაკლოვანებებს და წარუმატებლობებს, რომლებიც არსებობდა ეკლესიის ისტორიაში. სულიერი თვითკრიტიკის მაგალითს, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის დიდი მამები გვაძლევენ. ეკლესიის ისტორიისათვის ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერესში ჩავარდა. მაგრამ მისთვის ისიც ასევე ცნობილია, რომ ეკლესია პრინციპულად ებრძოდა ერესს. ცნობილია, უწინ ერესის გამო დაბრკოლებულთა განკურნების გამოცდილება, ასევე სინანულისა და ეკლესიის წიაღში დაბრუნების გამოცდილება. სწორედ ეკლესიის წიაღში  გაუკუღმართებული აზრის გამოვლინების ტრაგიკულმა გამოცდილებამ და მასთან ბრძოლებმა ასწავლა ეკლესიის წევრებს სიფხიზლე. მართლმადიდებელი ეკლესია მორჩილად მოწმობს რა იმის შესახებ, რომ იგი ინარჩუნებს ჭეშმარიტებას, ამავდროულად, მას ყველა ისტორიული საცდურიც ახსოვს.

1.20.        ერთობის შესახებ არსებული მცნების დარღვევის გამო, რომლებმაც სქიზმის ისტორიული ტრაგედია გამოიწვია, განყოფილი ქრისტიანები, იმის მაგივრად, რომ  ყოვლადწმიდა სამების მსგავსად, სიყვარულში ერთობის მაგალითნი ყოფილიყვნენ, საცდურის მაგალითნი გახდნენ. ქრისტიანთა განყოფა ღია და სისხლმდინარე ჭრილობად იქცა ქრისტეს სხეულზე. განხეთქილების ტრაგედია, ქრისტიანული უნივერსალიზმისათვის სერიოზულ და ხილულ დამახინჯებად იქცა და, ასევე, დაბრკოლებად მსოფლიოში ქრისტეს შესახებ დამოწმების საქმეში. ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით ამ დამოწმების ამოქმედება დამოკიდებულია მის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტების ხორცშესხმაში, ქრისტიანული საზოგადოებების მიერ, ცხოვრებაში და პრაქტიკაში.

 

 

წყარო- 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

Download
ეკლესიის ერთიანობა და ადამიანური განხეთქ
Adobe Acrobat Document 191.6 KB