გერმანიის მართლმადიდბელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წერილი ახალგაზრდებს სიყვარულის, სექსუალობის და ქორწინების შესახებ
გერმანიის მიწაზე მცხოვრებო საყვარელო მართლმადიდებელო ახალგაზრდებო,
როგორც თქვენი ეკლესიის მწყემსმთავრებს, ჩვენ გვსურს მოგმართოთ ამ წერილით და ზოგიერთ აქტუალურ თემებზე ჩვენი დამოკიდებულება გაგიზიაროთ. მსოფლიო უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და საჭირბოროტო თემებიც მეტად ცხადად იჩენენ თავს. ისინი ძალზედ ღრმად უკავშირდებიან ადამიანის არსებობას - თქვენს არსებობას: აწმყო და მომავალი ღვთისგან გაქვთ ბოძებული, რათა ისინი თავადვე განკარგოთ.
1. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის თავისუფლად და ღირსეულად წარმოჩენის საშუალება გააჩნია. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყოველთვის ასე არ გახლდათ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ადამიანური ღირსების სიწმინდე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ, ქვენყანაში, სადაც მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანითა უფლებები ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათაა მიჩნეული, ჩვენს მიერ შესაძლოა ღვთიურ კურთხევად იქნეს განხილული.
იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე წარმოშობილი რელიგიური ექსტრემიზმი ძლიერდება, და ძალას იკრებს, ჩვენ, ქრისტიანები ხსენებულ ფასეულობათა მთელი ძალით დაცვისკენ ვართ მოწოდებულნი. ისინი ზუსტად ეხმიანება ადამიანის ხატისებრიობის იმ განსაზღვრებას, რომელიც წმინდა წერილში და ჩვენი ეკლესიის ტრადიციაში ხმიანდება: ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი(დაბ. 1,27). გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების ადამიანურ შესაძლებლობას ჩვენ ამ ხატისმიერობის ერთერთ გამოხატულებად ვსახავთ.
2. თავისუფალი ქმედების ეს აქტი, წარმოუდგენლად დიდ და ფასეულ საჩუქარს წარმოადგენს, რომელის გამოყენებაც თავის თავში სრულ პასუხისმგებლობას მოიცავს. პასუხისმგებლობა თავისფლებასთან განუყოფლადაა დაკავშირებული. ის ცხოვრების ყველა ეტაპზე შეინიშნება, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ცხოვრების განმარტოებით თუ თანაცხოვრებით წესს ვირჩევთ, და რაღათქმაუნდა მაშინაც, როდესაც პარტნიორის ძებნაში ვიმყოფებით. ამ დროს კითხვათა მთელი წყება იკვრება, მაგ. სამოქალაქო და ეკლესიური წესით აღსრულებულ ქორწინებათა განსხვავება სექსუალობის კუთხით და ა.შ. ეს შეკითხვები ღრმად პიროვნული შინაარსის მატარებელია, რადგან თითოეული ადამიანი თავისუფალი გადაწყვეტილებით ირჩევს საკუთარი ცხოვრების წესს.
მომდევნო მსჯელობანი დამხმარე ფაქტორთა გამოძებნას ისახავენ მიზნად; საკუთარი ცხოვრების ორიენტირის არჩევა ყველამ თავისუფლებაში უნდა შეძლოს. ისინი ასევე დაგვეხმარებიან, რათა ამგვარ კითხავათა დასაბუთებული ანალიზი მოვახდინოთ და საუბარი ჩვენი ეკლესიის შიგნით წარვმართოთ.
3. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს მეცამეტე თავი, რომელიც ასევე „სიყვარულის საგალობლად“ მოიხსენიება ბიბლიის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად ციტირებადი ადგილია. ამ ადიგლზე მოციქული პავლე აღწერს სიყვარულს როგორც ძალას, რომელსაც საკუთარი ეგოიზმის დაძლევა ძალუძს. როგორ? „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.“ (1კორ. 13, 4-8). ასე რომ სიყვარული საკუთარი ადამიანური ყოფიერებისა და ჭეშმარიტების შემეცნებისკენ სრულყოფის გზაა. ასე აღემატება ის ყველა სხვა დანარჩენ სათნოებას: „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული - ეს სამი. უდიდესი მათგან კი სიყვარულია“. (1კორ. 13,13)
ამ აზრით სხვა პიროვნებისადმი სიყვარული უპირობო მიმართებაა: როდესაც მიყვარს, ჩემს თავს საკუთარი არსებობის ცენტრში აღარ ვაყენებ. სიყვარული მთლიანობა და დინამიკაა და მეტია ვიდრე „პეპლები მუცელში“. ის ქრისტეს სიტყვებს მიემართება და რეალობად აქცევს მათ: ამიტომაც დატოვებს კაცი დედ-მამას და შეუერთდება ქალს და იქნებიან ორნი როგორც ერთი ხორცი. ისინი აღარ არიან ორნი, არამედ ერთნი (შეად. მათ. 19,5-6).
4. ჩვენს დროში ქორწინებამდელი ურთიერთობა მრავალ ახალგაზრდა ქალსა და მამაკცს აქვს. აქედან გამომდინარე ხშირად ისმება შეკითხვა, თუ რა პოზიციას იჭერს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ეკლესიის დავალება მორწმუნეთა სულიერი რჩევებით გაძღოლაა და არა ინსტრუქციათა მექანიკური კარნახი. ეს წერილი სექსუალური თავისუფლების ლეგიტიმაციას არ წარმოადგენს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: პასუხისმგებლობით სავსე ქცევა ძალზედ აუცილებელია; პასუხისმგებლობა პირად სექსუალობაში, პასუხისმგებლობა პარტნიორის მიმართ და თანაცხოვრების შედეგებზე; პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და ღვთის წინაშე. ამის შესახებ სწერს მოციქული პავლე კორინთოელებს: „არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმინდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით“ (1კორ. 6,19).
კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს ზემოთხსენებული თავი თავისუფლებას ეძღვნება. თავისუფლებას, რომელიც ქრისტესთან კავშირში ამოიზრდება და რომელშიც ღვთივკურთხეულმა ოჯახმა შეიძლება იცხოვროს. აქედან გამომდინარე ჩვენ გისურვებთ, რომ თქვენი ქორწინებითი კავშირი საეკლესიო გვირგვინმა დაამშვენოს, რათა შექმნათ ქრისტიანული ოჯახი, რათა ისწავლოთ სიცოცხლის, როგორც უკვე არსებულის, ასევე ახლად შექმნილის, დაფასება, დაცვა და მოფრთხილება. ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ემბრიონი ჩასახვისთანავე ადამიანურ არსებას წარმოადგენს.
მოგიწოდებთ: არ გაჩუმდეთ, როდესაც შეკითხვები გიჩნდებათ! გამოთქვით! გაესაუბრეთ კომპეტენტურ პირებს. გახსნილი საუბრები საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და გამოსავლის პოვნაში შეიძლება დაგეხმაროთ: გულის ნადების განდობა სულისათვის მაკურნებელია. განსაკუთრებით მოგიწოდებთ, რომ სასაუბროდ სულიერად გამოცდილი მრჩეველბი მოიძიოთ. მართლმადიდებელ ეკლესიას სულიერი ზრუნვისა და თერაპიის საკმაოდ მდიდარი და ღრმა ტრადიცია გააჩნია. დღესაც კი - ელექტრონული მედიის ეპოქაში - შეუძლია ამგვარ ქცევას მეტად სასარგებლო გამოცდილებად გვექცეს.
5. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი საეკლესიო ჯვრისწერა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც წყვილს სამოქალაქო ქორწინება უკვე გაფორმებული აქვს. სამოქალაქო ქორწინების დანიშნულება წყვილის საჯარო უფლებებით დაცვაში მდგომარეობს.
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ქორწინება ღვთის იმ სიყვარულთანაა თანაზიარი, რომელიც ქრისტეს განკაცებაში, ჯვარცმასა და აღდგომაში გამოჩნდა. ამიტომაც მათთვის, ვისაც ქრისტესი, როგორც ღვთის ძისა, სწამს, ქორწინება მეტია ვიდრე რაღაც ამასოფლიური მოვლენა ანდა მხოლოდ დღესასწაული. ქორწინება წყვილს შორის სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას გულისხმობს და პარტნიორების საერთო კავშირის ქრისტეში ერთობას მოითხოვს. წყვილი მოწოდებულია, რათა საკუთარი ერთიანობა ღვთის საჩუქრად და ურთიერთისადმი გამოხატულ სიყვარულად მიიღოს, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში აღსრულდება. ჯვრისწერის საიდუმლოშიც ზუსტად იმას ესმება ხაზი, რომ ნეფე და დედოფალი ერთმანეთზე და ერთმანეთისათვის ინიშნებიან. ამგვარი გაგებისათვის გამოხატულების მისანიჭებლად მოციქული პავლე ქორწინებას ქრისტესა და ეკლესიას შორის კავშირს ადარებს და მას მისტერიად სახავს: „დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე“ (ჯვრისწერის საკითხავი სამოციქულოდან, ეფეს. 5,32).
ჯვრისწერის მსახურებაში ღვთისადმი წყვილისათვის შვილიერების ბოძების ვედრება მრავალჯერ ხმიანდება. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს შვილთასხმას და ბავშვს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს. თუმცა ქორწინება შვილის გარეშეც წმნიდა და კურთხეული კავშირია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ოჯახის სიდიდეზე ფიქრი პასუხისმგებლობით აღსავსე ქრისტიანულ ცხოვრების წესს განეკუთვნება. ამასთანავე საგულისხმოა, რომ აბორტის, ანუ ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინების საკითხი, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის არც ოჯახური მდგომარეობის დაგეგმარებისას და არც სხვა შემთხვევაში არ შეიძლება რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
სამღვდელოებასთან საქორწინო საუბრები ყველა ამ თემას მოიცავს და ამგვარი შეხვედრები იმაზე მეტია ვიდრე უბრალო ფორმალობა. ამ თემებზე საუბარი აუცილებელია მანამ, სანამ წყვილი ქორწინების პაქტიკული საკითხების მოგვარებას შეუდგება.
6. ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებაში, როგორიც გერმანიაშია, ქორწინება მართლმადიდებლებსა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის არც თუ ისე იშვიათია. ამას საზოგადოდ ინტერკონფესიულობა ეწოდება. ამგვარი ქორწინებები გასულ ათწლეულებში მეტად გამოიკვეთა და გასაჯაროვდა. ამგვარმა ურთიერთობებმა გვაჩვენა, რომ ბავშვთა განსხვავებულ ტრადიციათა პატივისცემით აღზრდა შესაძლებელია. პრაქტიკული საკითხები, რომლებიც ინტერკონფესიულ ქორწინებას შეეხება, რომის კათოლიკურ და ევანგელურ ეკლესიებთან ერთად განხილულ დოკუმენტებშია წარმოდგენილი. თუმცა მათი გააზრება ამასთნავე განმარტებით საუბრებს მოითხოს.
ამგვარი მეუღლეობრივი კავშირები საკუთრივი გამოწვევების წინაშე დგანან: ხსენებულ დოკუმენტებში საერთო ზიარების საკითხი კვლავ გადაუჭრელია. ჩვენი ეკლესია ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას უცვლელად ინარჩუნებს: საერთო ზიარება მხოლოდ რწმენის სრულ მთლიანობაშია შესაძლებელი. შესაბამისი ერთიანობა კი ინტერკონფესიულ ჭრილში არ გვაქვს. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ყველანი ვაწყდებით პრობლემას, რომელიც საკმაოდ მტკივნეულ თეოლოგიურ გამოწვევას გვთავაზობს. ამ სინამდვილესთან თვალის გსწორებაა საჭირო. ამისათვის კი შევთხოვთ ღმერთს, რათა განყოფის დროულ გადალახვაში და გაერთიანებისათვის საჭირო გზების მოძიებაში შეგვეწიოს.
7. უფრო მეტად პრობლემატურ სიტუაციას კი მაშინ ვაწყდებით, როდესაც წყვილთაგან ერთ-ერთი არაქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელია. ამგვარ კავშირს ინტერრელიგიური ეწოდება. ასეთ ურთიერთობას საერთო ქრისტიანული ბაზისი აკლია. ზოგიერთ შემთხვევაში ინტერრელიგიურ კავშირში წარმოჩენილმა კონფლიქტმა შესაძლოა წყვილის სრული იზოლაცია გამოიწვიოს. ამ დროს ღვთისგან ბოძებული თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი გვახსენდება: ვალდებულება იმისა, რომ რელიგიური საფუძვლის გამო სატრფოსთან დისტანცია დავიჭიროთ არ შეესაბამება იმ თავისუფლების გაგებას, რომელიც ყოველ ადამიანს ღვთის ხატისებრობაში ებოძა (დაბ. 1,27). ინტერრელიგიურ ორთიერთობაში სამოქალაქო ქორწინება საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა. ის წყვილს კანონის შესაბამის დაცვას სთავაზობს და პარტნიორების თანაბარუფლებიანობას უზრუნველყოფს. ხოლო მათთვის, ვინც ღმერთს სასოებს და ვისთვისაც ქორწინებითი ურთიერთობა საღვთო კურთხევის გარეშე წაროუდგენელია, სამოქალაქო ქორწინება დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. მათ სწყურიათ რელიგიური აქტი, რომლის მიხედვითაც გარკვევით გამოჩნდება, რომ ღმერთმა მათი კავშირი დალოცა. ამგვარი აქტის შესრულება კი ჩვენს ეკლესიაში შეუძლებელია, რადგან ქორწინების საიდუმლოს აღსრულება სამებისადმი რწმენის ძირეული პრინციპს ემყარება. თუმცა წყვილთაგან საიდუმლოს აღსრულების ამგვარ მოთხოვნას ჩვენ სრულიად სამართლიანად მივიჩნევთ. ამიტომაც გერმანიის მართლმადიდებელი ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, რათა, სურვილის შემთხვევაში, ინტერრელიგიურ წყვილთა ცხოვრების მეგზური გახდეს და მათ სიტყვითა და საქმით შეეწიოს. ამასთანავე ამგვარ წყვილებს მოვუწოდებთ, რათა ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომაც გახსნილად და კონსტრუქტიულად განიხილონ ის საკითხები, რომელთაც რელიგიათა სხვაობა წარმოშობს; განსაკუთრებით კი ის საკითხები, რომლებიც ბავშვთა აღზრდას შეეხება.
8. საკმაოდ აქტუალურ თემას დღესდღეობით ჰომოსექსუალიზმი და ჰომოსექსუალური კავშირი წარმოადგენს. ჩვენი საზოგადოების მიერ ამ თემის საჯაროდ განხილვაში შესაძლოა რაღაც სასიკეთო დავინახოთ. გასულ ასწლეულში ხდებოდა ჰომოსექსუალ ადამიანთა იგნორირება, წნეხის ქვეშ მოქცევა და დევნა, განსაკუთრებით კი ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქაში.
წმინდა წერილში, როგორც ძველ ასევე ახალ აღთქმაში, გვხვდება პასაჟები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ. ამ პასაჟთა მნიშვნელობა დღესდღეობით არაერთმნიშვნელოვნად განიხილება. ჩვენს საეკლესიო ტრადიციაშიც ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო აზრები საკმაოდ მრავლადაა. როგორც ყოველი ხორციელი გადახრა, ესეც დაუოკებელ ვნებათა თავშეკავებით, თავის მოზღუდვითა და იმგვარი ასკეზით შეიძლება დამარცხდეს, რომელსაც მარხვაში ვსწავლობთ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ჰომოსექსუალიზმის წარმოქმნის შესახებ ამომწურავი ცოდნა არ გაგავაჩნია. გენეტიკურმა, ფსიქიკურმა და კულტურულმა ფაქტორებმა შესაძლოა ამ შემთხვევაში გარკვეული როლი ითამაშონ, თუმცა სინამდვილეში არ გაგვაჩნია უტყუარი წარმოდგენა იმისა, თუ რა დონის ზეგავლენაზეა საუბარი და თუ რა კავშირია ამ ფაქტორებს შორის.
გამომდინარე იქედან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინების საიდუმლოს ქალსა და კაცს შორის ურთიერთობად სახავს და სოციალური პერსპექტივის ჩარჩოებს სცილდება, ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინება შეუძლებელია. ჰომოსექსუალ ადამიანთა შესახებ დასმული ღია შეკითხვები და საკითხები კი ეკლესიის სულიერი მზრუნველობის სფეროს განეკუთვნება. ყოველი ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი, ამიტომაც პატივისცემა უნდა გამოვლინდეს ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომელიც ამ ხატისებრობას შეესაბამება. ეს ასევე ჩვენს საეკლესიო გარეთიანებას ეხება, რომელიც ყოველი ადამიანისადმი სიყვარულის გამოვლინებისკენაა მოწოდებული.
დასკვნა
9. იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მუდმივი ცვლილებები შეინიშნება. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რაშიც სახარებისეული სული შეიცნობა. დღესდღეობით ტრადიციული ოჯახებიც მწვავე პრობლემების წინაშე დგანან. ვინარჩუნებთ რა ერთგულებას მოციქული პავლეს სიტყვებისა „ყველაფერი გამოსცადეთ, კარგს ჩაეჭიდეთ“ (1თეს. 5,21), ჩვენო ახალგაზრდა მართლმადიდებელო ქრისტიანებო, მუდმივად იმისკენ ვართ მოწოდებულნი, რათა ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების ადამიანური სახე დავიცვათ და მის მიხედვით ვიცხოვროთ.
ოჯახზე ნათქვამი სიტყვები „მცირე ეკლესია“, რომელიც ჩვენი ეკლესიის მთლიანობის ჩანასახს წარმოადგენს, როგორც ადრე ასვევ ახლაც ჩვენთვის მომავლის ორიენტირია.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ფრანკფურტი, 12.12.2017
+ გერმანიის ეპისკოპოსი ავგუსტინე
წყარო: http://www.obkd.de/Texte/Brief%20OBKD%20an%20die%20Jugend.pdf
თარგმნა- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხეილ ნებიერიძემ
იხილეთ ასევე: სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I
სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II