მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა ბოსეს მონასტერში (იტალია) გამართულ კონფერენციას

6 სექტემბერი, 2017

           

            უკვე მრავალი წელია შორეული მსოფლიო საპატრიარქოდან ვესწრები ბოსეს მონასტრის ამ კურთხეულ ტერიტორიაზე გამართულ სამეცნიერო სიმპოზიუმს, რითაც მუდამ გახარებული  და აღელვებული ვარ, რადგან აქ არჩეული თემები დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სულიერებასთან. ამიტომაც ვამახვილებდი ჩემს წინა სიტყვაში ყურადღებას, რომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიებს გვართებს სათანადო მადლიერების გამოხატვა ბოსეს მონასტრის საძმოსათვის, რადგან ის საუნჯე, რასაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია სხვებში მოაფენს, (ე.ი. სულიერებას), ეს სიმპოზიუმი, მეცნიერულად და სულიერად ავრცელებს და გადასცემს ყველას, ვინც მონაწილეობს მასში ან კითხულობს ამ კონფერენციის მიერ გამოცემულ მასალებს.

       ადრეც ვახენე, რომ ჩვენი კავშირები არის სულიერი, არის ნამდვილად ძმური (პირადად მრავალჯერ ვარ აქ ნამყოფი) და ვაფასებ იმ გახსნილ ჰორიზონტებს, რომლებიც განაპირობებენ ბოსეს საძმოს წევრების აზრებსა და მოქმედებებს. კითხულობენ რა და ეცნობიან სხვადასხვა ეკლესიათა მამებს, თავისი გამოცემებით და შეხვედრებით ცდილობენ დღევანდელ მსოფლიოს გადასცენ მამებისა და სხვადასხვა ეკლესიათა განუყოფელი სიბრძნე, როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა, რისთვისაც მათი მადლიერები ვართ.

    ზოგიერთმა მამათაგანმა და თავად ძვირფასმა მამა ენცო ბიანკიმ, მრავალგზის მოინახულა კონსტანტინოპოლში მსოფლიო საპატრიარქო, ასევე კაპადოკია და აღმოსავლეთის სხვა სიწმინდეები და მათი ეს ექსკურსიები, ჩემიც, როგორც პირადი და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წევრების, ორმხრივად ამყარებს ჩვენს კავშირებს და ვისურვებ, რომ ეს ურთიერთდამტევნელობა გაგრძელდეს და გაძლიერდეს.

           კიდევ ერთხელ მივულოცავთ მამა ენცოს, რომელსაც ჰქონდა ამ ფრიადმოსიყვარულე კავშირის დაარსების ინიციატივა. ვმადლობთ და მასთან ერთად გვიხარია, რადგან მოგვიძღვნა ყოველივე ეს თავისი იღუმენობის პერიოდში; ვულოცავთ რადგან სულ ახლახანს ამ მონასტრის მმართველობიდან, საძმოდან, ესტაფეტა გადააბარა მამა ლუჩიანოს. ახლა მას აქვს უფრო მეტი თავისუფალი დრო და დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სიბრძნითა და გამოცდილებით, რომელიც შეიძინა მთელი ამ წლების მანძილზე, შეუძლია დაწეროს მრავალი ტექსტი, სტატია და წიგნი, რომლითაც განათლებას მიიღებს მრავალი ახალგაზრდა თეოლოგი და არა მარტო თეოლოგები.

მივმართავთ პირადად მას, მის საქმეს და საყვარელ საძმოს აქ, იყოს საღვთო მადლი და მისი უსაზღვრო წყალობა ჩვენი ეკლესიების ზიარი სიკეთისათვის. თქვენ ყველას, ვისთან შეხვედრის საშუალებაც მქონდა გუშინ საღამოს და დღეს, გისურვებთ ღმერთის ყოველ სიკეთეს, როგორც ამბობდა ხოლმე უნეტარესი პატრიარქი პართენიოსი. გისურვებთ ღმერთის ყოველ სიკეთეს, ვუსურვებ წარმატებას თქვენ კონფერენციას (რომელიც შაბათამდე გრძელდება), მის მომხსენებლებს, მსმენელებს და გისურვებთ აქედან ყველა გაემგზავროთ სულიერი სიმშვიდით.

           ამას გარდა, ეს ადგილი ყველა სტუმარს გიძღვნით სიმშვიდესა და სიწყნარეს, რადგან აქ არსებობს ნამდვილი სულიერება. არ ვიცი რამდენად ახდენს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერება საძმოს სულიერებაზე გავლენას, მაგრამ როდესაც აქ შემოდიხარ იგრძნობა, რომ აქ სუფევს სიყვარული, სიმშვიდე, სიწყნარე და სულიერება. 

ჩვენთან არს ღმერთი!

 დაე, კვლავ შევხვდეთ აქ, ან კონსტანტინოპოლში, ან სადმე სხვაგან!

გმადლობთ.

           

წყარო: http://fanarion.blogspot.com.tr/2017/09/bose_8.html?spref=fb&m=1

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა