მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

 

,,ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს... კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)

 

მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენკური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.

            პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი და ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის წვლილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვს გაწეულ საქმიანობაში. ,,ჩვენს ურთიერთკავშირს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინა მიისწრაფვის დამოუკიდებელი ეკლესიის ქონისათვის, რაშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პატივს ვცემთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას იმ მხარდაჭერისა და ძალისხმევისათვის, რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთიანობისათვის გასწიეთ.’’

            პრემიერის სიტყვების საპასუხოდ მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს: ,,მათი ღრმა რწმენისა და ეკლესიისადმი თავდადებისათვის... ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს... კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’

            უკრაინის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს დღევანდელი სიტუაციის გამოსწორებისა და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.

,,მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი კეთილგონიერების, უკრაინისადმი გამოხატულ სიყვარულის, ზრუნვისა და ლოცვისათვის, რომლითაც გასაჭირში შეგვეწიეთ. თქვენი აღნიშვნისამებრ იმედით ვუცქერთ მომავალს ერთიან და დემოკრატიულ ქვეყანაში.

            უკრაინის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი 2016 წლის ივნისში კრეტის წმინდა და დიდი კრების ჩატარებისათვის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ისტორიული მოვლენა გახლავთ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვლადიმერმა მადლობა გადაუხადა ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, რომლის ძალისხმევითაც სტამბულში, წმ. ნიკოლოზის უკრაინის მართლმადიდებელ სამრევლოში ღვთისმსახურება აღესრულება.

            თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა: ,,მივესალმებით ძვირფასი და ერთიან უკრაინელ ერის შვილებს მსოფლიო საპატრიარქოს რეიდენციიდან, არა როგორც უცხოებს, არამედ როგორც დედა ეკლესიის საყვარელ და სულიერ შვილებს. ის სულიერი ურთიერთობები რომელიც დედაეკლესიასა და უკრაინელებს შორისაა არასოდეს გაქრება. ჩვენ თქვენთან ვართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს რთულია. ვლოცულობთ და გლოცავთ, გიგზავნით ჩვენს კურთხევას, სიყვარულსა და მზურნელობას უკლებლივ  ყველა უკრაინელს.’’

 

წყაროები: http://uocofusa.org

http://www.kmu.gov.ua

https://www.patriarchate.org

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა