ენციკლიკა არამართლმადიდებლებთან დალოგის შესახებ
მართლმადიდებლობის კვირის საპატრიარქო და სინოდალური ენციკლიკა
(თებერვალი 21, 2010)
† ბართლომეოსი
უფლის მადლით კონსტანტინოპოლის-ახალი რომის
მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სისავსეს, ჩვენი უფლისა და მაცხოვარი
იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა
ჩვენი ყოვლადწმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს საკუთარ დღესასწაულს და თავისი ისტორიული და წამებული მსოფლიო საპატრიარქოს საეპისკოპოსოდან- კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოაფენს კურთხევას, სიყვარულს და ზრუნვას მთელ მსოფლიოში გაბნეულ სულიერ შვილებს და მორწმუნეებს, რომლებსაც იწვევს დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად.
კურთხეულ არს უფლის სახელი! ვინც საუკუნეებია ცდილობენ, რომ უამრავი ხილული თუ უხილავი დევნით ჩაახშონ ეკლესიის ხმა; ვინც შრიალებენ, რომ თავისი ერეტიკული სწავლებებით სიცრუე შეიტანონ ეკლესიაში; ვისაც სურთ ეკლესიის დუმილი, თავისი ხმისა და დამოწმების წარმთმევით; ყველა მათი მცდელობა ამაოა! მოწამეთა მფარველობა, ასკეტთა ცრემლები, წმინდანთა ლოცვები, იცავენ ეკლესიის სულიერებას, სანამ ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისა მიუძღვის მას ჭეშმარიტების სისავსისკენ.
მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, წინაღობებისა და პრობლემების მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საყდარი, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დასაცავად და გასამყარებლად ზრუნავს, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა შევძლოთ ჩვენი მამების მართლმადიდებლური რწმენის აღსარება ყველა დროში და ჩვენ პერიოდშიც. რამდენადაც მართლმადიდებლობა არაა სამუზეუმო საუნჯე, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ; ისაა სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც უნდა გადავცეთ და შევმატოთ ხალხს. მართლმადიდებლობა მუდმივად თანამედროვეა, კვლავ თავმდაბლობით უნდა ავამაღლოთ და განვმარტოთ იგი იმ არსებული კითხვებისა და საჭიროებების შუქზე, რომელიც თითოეულ ისტორიულ პერიოდში და კულტურულ მდგომარეობაში კაცობრიობას აინტერესებს.
ამ მიზნით, მართლმადიდებლობის განუწყვეტელ დიალოგში უნდა იყოს მსოფლიოსთან. მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგის არ ეშინია. საპირისპიროდ, თუკი მართლმადიდებლობა ჩაიკეტება თავის თავში და არ წარმართავს მის გარეთ დიალოგს, ეს იქნება თავისი მისიის ჩავარდნა და მომავალში ვეღარ იქნება ‘’კათოლიკე’’ და ‘’მსოფლიო’’ ეკლესია. ამის ნაცვლად, ის გახდება საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი და თვითშემოზღუდული ჯგუფი, ‘’გეტო’’ისტორიათა მიჯნაზე. ამის გამო იყო, რომ ეკლესიის დიდ მამებს არასოდეს ეშინოდათ თავისი ეპოქის სულიერ კულტურებთან დიალოგის- თვით წარმართ კერპთაყვანისმცემლებთან და ფილოსოფოსებთანაც კი- ამგვარად მოახდინეს მათი დროის ცივილიზაციათა ფორმირებაზე გავლენა და მოიტანეს ჩვენამდე ჭეშმარიტი, მსოფლიო ეკლესია.
დღეს, მართლმადიდებლობა მოწოდებულია, რომ გააგრძელოს გარესამყაროსთან ეს დიალოგი, რათა თავის რწმენას შემატოს მოწმობა და სიცოცხლისმომცემელი სუნთქვა. ეს დიალოგი მაინც ვერ მიიღწევა გარესამყაროსთან, თუ არ გადაივლის ყველა იმ ადამიანზე, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს. ამგვარად ჩვენ, როგორც ქრისტიანები პირველად საკუთარ თავში უნდა შევიცვალოთ, რათა გადავლახოთ ჩვენი განსხვავებულობანი, და მოწმობა გარესამყაროსადმი იყოს სანდო. ქრისტიანთა ერთობისაკენ მიმართული ჩვენი მონდომება, არის უფლის სურვილი და მოწოდება, რომელიც თავისი ვნების წინ საკუთარ მამას ევედრებოდა- ‘’რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე-შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.’’ (იოანე. 17.21) შეუძლებელია უფალი თავის მოციქულთა ერთიანობისთვის ვნებულიყო და ჩვენ კი ქრისტიანთა შორის ერთობაზე გულგრილი დავრჩენილიყავით. ეს იქნებოდა უფლის საღვთო მცნებისადმი დანაშაულებრივი ღალატი და ცოდვა.
ზუსტად ამ მიზეზების გამოა, რომ ადგილობრივ ეკლესიათა ორმხრივი შეთანხმებითა და მონაწილეობით, მსოფლიო საპატრიარქო მრავალი ათწლეულია ხელმძღვანელობს ოფიციალურ საერთომართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო დიალოგებს ქრისტიანულ მრავალ ეკლესიასთან და აღმსარებლობებთან. ამ დიალოგების მიზანია სიყვარულის სულით მსჯელობა ყველაფერ იმაზე, რაც ყოფს ქრისტიანებს, როგორც სარწმუნოებრივ, ასევე ორგანიზაციულ და საეკლესიო ცხოვრებაში.
სამწუხროდ დღეს, მართლმდიდებელი ეკლესიის სხვა ქრისტიანებთან მშვიდობიანი და ძმური ურთიერთობის დამყარებას, მართლმადიდებლური მორალის საწინააღმდეგო ფანატიზით უპირისპირდება ზოგიერთი ის დაჯგუფება, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავისთვის მართლმადიდებლობის დამცველისა და ზილოტის სახელი მოირგონ. თითქოს ყველა პატრიარქი და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდები, რომლებმაც ღიად გადაწყვიტეს ამ დიალოგების გაგრძელება და მხარდაჭერა, არ იყვნენ ქრისტიანები. ეს მოწინააღმდეგენი არ აფასებენ ქრისტიანთაშორის ერთობის აღდგენისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას, აყენებენ საკუთარ თავებს ეკლესიის საეპისკოპოსო კრებებზე მაღლა, და ქმნიან ეკლესიაში სქიზმის გამოწვევის საფრთხეს.
თავისი პოლემიკური არგუმენტაციით, ქრისტიანთა შორის ერთობის მიღწევის ეს კრიტიკოსები არ ყოყმანობენ, რომ შერყვნან რეალობა, რათა მოატყუონ და გამოიწვიონ მორწმუნენი. ამგვარად, ისინი დუმან იმ ფაქტის შესახებ, რომ საღვთისმეტყველო დიალოგები ხელმძღვანელობენ მართლმადიდებელ ეკლესიათა უამრავი გადაწყვეტილებებით, სანაცვლოდ კი მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს უტევენ. ისინი ავრცელეენ მცდარ ხმებს, რომ რომის კათოლიკეებსა და მართლმადიდებელ ეკლესიათა გაერთიანება მოახლოებულია, მაშინ როდესაც კარგად იციან, რომ ამ საღვთისმეტყველო დიალოგებში განხილული განსხვავებანი, გვიტოვებენ უამრავ და საჭირო ხანგრძლივობის დებატებს; მოეხსენებათ უფრო მეტიც, რომ გაერთიანებას საღვთისმეტყველო კომისიები კი არა საეკლესიო კრება წყვეტს. ისინი ამტკიცებენ, რომ პაპმა შესაძლოა დაიმორჩილოს მართლმადიდებლობა, რადგან მიმდინარეობს რომის კათოლიკეებთან დიალოგი! ისინი განცხადებულ ‘’ერეტიკოსობას’’ და მართლმადიდებლობის ‘’ღალატს’’ აბრალებენ ყველას, ვინც ამ დიალოგებს ხელმძღვანელობენ, მხოლოდ და უბრალოდ იმიტომ, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები საუბრობენ არამართლმადიდებლებთან, რომლებსაც უზიარებენ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის საუნჯესა და ჭეშმარიტებას. ისინი გულგრილად საუბრობენ განყოფილ ქრისტიანებს შორის გაერთიანების ყველა მცდელობაზე და უწოდებენ ‘’ეკუმენიზმის საყოველთაო ერესს’’, არანაერ ყურადღებას არ აქცევენ იმ რეალობას, რომ არამართლმადიდებლებთან მათი დამოკიდებულებით, მართლმადიდებელი ეკლესია ტოვებს ან უარყოფს მსოფლიო კრებათა და ეკლესიის მამათა მოძღვრებებს.
ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, მართლმადიდებლობას საკუთარი თავის დასაცავად არ ჭირდება არანაერი ფანატიზმი ან სიძულვილი. ვისაც სწამს, რომ მართლმადიდებლობას აქვს ჭეშმარიტება, არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგი ვერასდროს ჩააგდებს საფრთხეში. საპირისპიროდ, როდესაც დღეს, ყველა ადამიანი ლამობს, რომ საკუთარი განსხვავებულობანი დიალოგით გადალახოს, მართლმადიდებლობას არ შეუძლია გამოიწვიოს არატოლერანტობა და ექსტრემიზმი. უაღრესად უნდა ენდობოდეთ თქვენს დედაეკლესიას. დედაეკლესია საუკუნეები იცავდა და გადასცემდა ქრისტიანობას სხვა ერებს და დღეს იგი რთული მდგომარეობების ეპიცენტრში იბრძვის, რათა მართლმადიდებლობამ გააგრძელოს სიცოცხლე და ღირსეული ადგილი ეჭიროს მთელ მსოფლიოში.
მსოფლიო საპატრიარქოდან, მართლმადიდებლობის ამ წმინდა ცენტრიდან, ჩვენ სიყვარულით გიხუტებთ გულში თითოეულ თქვენგანს და ძმურად გაკურთხებთ, ვლოცულობთ, რომ იცხოვროთ ჯანმრთელად ამ სინანულისა და ასკეტიზმის წმინდა პერიოდში, რომელიც ცნობილია როგორც წმინდა და დიდი მარხვა, რადგან ჩვენი მხსნელი უფლის წმიდა ვნებისა და დიდებული აღდგომის დღესასწაულით შეგიძლიათ გახდეთ უფრო ღირსეულნი, მსოფლიოს ყველა მორწმუნე მართლმადიდებელთან ერთად.
მართლმადიდებლობის კვირა 2010
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
ღმერთთან ყველასათვის მლოცველი
†კონსტანტინე დერკონელი
†ევანგელოს პერგელი
†კალინიკოს ლისტრელი
†მიქაელ ავსტრალიელი
†ალექსი ატლანტელი
†იოსებ პროიკონისოელი
†დემეტრიოს სევასტიელი
†ირინეოს მირიოფიტონელი და პერისტასელი
†ქრიზოსტომოს მირონ-ლუკიელი
†ემანუელ გალელი
†მაკარი გორტინელი და არკადიელი
†ამფილოქე ახალზელანდიელი
წყარო: https://www.patriarchate.org
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა