კონსტანტინოპოლის 1054 წლის სინოდის გადაწყვეტილება

 

იმ სიგელის თარგმანი, რომელიც ივლისის თვეში რომის ლეგატებმა წმიდა საყდრისაკენ მიმართეს, უწმინდეს პატრიარქ მიქაელის წინააღმდეგ.

 

მიქაელის მმართველობისას, რომელიც გახლავთ ჩვენი უწმინდესი და მსოფლიო პატრიარქი– ყველა იმ ადამიანის, ვინც თავის ქვეყნებში მიიღო ჭეშმარიტი სწავლება, ვინც მასთან ერთად მონაწილეობდა სხდომებში, ღვთისმოყვარე მიტროპოლიტებს: თეოფანე კიზიკელს, ნიკიტა ქალკედონელს, ლავრენტი დირახიელს, ანთიმოზ პისიდიელს, ნიკოლოზ პისიდიელს, ლეონტი სიდელს, ლეონტი ტრაპიზონელს, იოანე სმირნელს, ევსევი არიანოპოლისელს, კონსტანტინე მიტილინელს, ნიკოლოზ ხონელს, და არქიეპისკოპოსებს: ლეონტი კარაბიზუნელს, გრიგოლ მესიმბრიზელს, და პატრიარქის მიერ მოწვეულებს:

ეშმაკი არასდროს კმაყოფილდება უკვე მოქმედებული ბოროტებით, ამიტომაც არ ცხრება ის კეთილსინდისიერთა თვალთვალით და მუდამ ცდილობს როგორმე იპოვოს ჭეშმარიტების საწინააღმდეგო რაიმე სიახლე. ამიტომაც უფლის ხორციელად შობამდე მან ათასი ხრიკით შეაცდინა ადამიანები, ამის შემდეგაც არასდროს უშვებდა შესაძლებლობას და არ ცხრებოდა რომ ყველა ის ადამიანი მოეტყუებინა და ყურადღება მისკენ გადაეტანინებინა, ვინც  მას უსმენდა.

მაგრამ  ღრმა სასოება ასაზრდოებდა კეთილმსახურებს, რომელთაც არ უნდოდათ სადმე და ოდესმე, რაიმე სიახალე გამოეგონებინათ, სადაც ეშმაკი ჭეშმარიტი სწავლებისადმი მტრობის ჩამოყალიბებას ცდილობდა. რა შედეგი მოიტანა ამ განზრახვამ? ახლა ბოროტი და ამაზრზენი ხალხი,- რომელი კეთილმსახური დაარქმევს მათ სხვა სახელს?– კაცები, წყვდიადიდან გამოსულები, (დასავლური იტალიური მიწებიდან) მოვიდნენ ღვთივსათნო და ღვთივდაცულ ქალაქში, იქ სადაც ზოგიერთ მაღალ და ზეციური ადგილთა მსგავსად, გამოდიან მართლმადიდებლობის მკვლევარები და რწყავენ ღვთივსათნო დოგმატებს, როგორც მდინარე არწყულებს მზის ქვეშ მყოფ ყველა სულდგმულს. ბოროტი და ამაზრზზენი ხალხი ელვის, ჭექაქუხილის, მიწისძვრის, სეტყვის, ან უფრო მართებული და ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ველური ხარის მსგავსად თავს დაგვესხნენ, რათა დოგმატების შეცვლით გაანადგურონ სწორი სწავლება, თავს მოგვახვიონ მათი საწინააღმდეგო აზრები ღვთის ეკლესიის- წმიდა საყდრის მიმართ, რომლითაც ჩვენ, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი, საღვთო ეკლესია და ყველა, ვინც გატაცებულნი არ ვართ მათი გაუკუღმართებით, გადაგვცენ ანათემას იმის გამო, რომ გვსურს ვიყოთ ღვთივსათნონი, ვიცავთ მართლმადიდებლობას და გაავრცელეს ჩვენ შესახებ აბსურდული ჭორები, ამას გარდა გვადანაშაულებენ იმაში, რომ მათ მსგავსად არ გვსურს წვერი გავიპარსოთ და შევცვალოთ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არაბუნებრივით; ასევე გვადანაშაულებენ იმაში, რომ გაუთვიცნობიერებლად ვიღებთ ზიარებას დაქორწინებული პრესვიტერებისაგან; ასევე იმაში, რომ არ გვინდა შევცვალოთ სარწმუნოების წმიდა სიმბოლო, რომელსაც მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, გააჩნია ურღვევი ძალა და ვამბობთ არა ისე, როგორც ისინი, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან (ო, საეშმაკო ხრიკები!) არამედ ვამბობთ, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან. მათ არ აქვთ სურვილი ყურადღება მიაქციონ წმიდა წერილს, რომელიც ამბობს: „ნუ გაიპარსავთ თქვენ წვერს“ (ლევ. 19,27), ისევე როგორც საერთოდ არ უნდათ აღიარონ, რომ ღმერთმა შესაქმისას, მხოლოდ ცოლებს განუკუთვნა ასეთი სახე; ასევე ღანგრის კრების IV კანონი საუბრობს იმათზე, ვისაც უმსგავსოებათ მიაჩნიათ ქორწინება და ღიად აფიქსირებენ სიძულვილს მის მიმართ. „თუ ვინმე შეურაცხყოფს დაქორწინებულ პრესვიტერს, თითქოსდა მის მიერ შეწირული სიწმიდის ზიარება არ არის ჯეროვანი, შეჩვენებულ იყოს“. ვინც უარყოფენ და სძულთ ეს, ამაზე ასევე საუბრობს VI კრების 13 კანონი, რომელიც ამბობს: „რამდენადაც ჩვენ გავიგეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი რომელსაც უნდა დიაკონად ან პრესვიტერად ხელდასხმა, ვალდებულია აღარ იცხოვრონ თავიანთ ცოლებთან, ამიტომ ჩვენ, ვხელმძღვანელობთ რა სამოციქულო ეკლესიის აკრიბიის უძველესი წესებით ეკლესიის კეთილმოწყობოისა და წესრიგის შესახებ, განვაჩინებთ: რომ, მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღვევლკად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული;

  მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლ–ქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელთდასხმის ღირსი – იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელთდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: “…აწ უკუე რომელნი–იგი ღმერთმან შეაუღლნდა, კაცნი ნუ განაშორებს” (მათ. 19,6); მოციქულიც გვასწავლის: “პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ…” (ებრ. 13,4); ასევე: “შე–თუ–ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ…”(I კორ. 7,27). ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ყველაფრის ჟამი, მით უფრო კრძალვისა და ლოცვის, რამეთუ საკურთხეველის წინ წარმდგართ მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისგან უბრალოებით ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში – განიკვეთოს.

   ამ ყველაფრის გარდა, მათ არ უნდათ არაფრის გააზრება და გაუაზრებლად განაჩინებენ, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისაგან კი არ გამოდის, არამედ ძისაგანაც და თითქოს მათ არ აქვთ მტკიცებულება მახარებლებისაგან ამის შესახებ და თითქოს მათ არ გააჩნიათ მსოფლიო კრების დოგმატი, რომელიც ეხება ამ ავმეტყველებას. უფალი ღმერთი ჩვენი ამბობს: „სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს“. მაგრამ ამ ახალი ბოროტების მშობლები საუბრობენ სულიწმიდაზე, რომელიც მამისაგან და ძისაგან გამოვალს. თუმცა ისინი ამაში ვერ ხედავენ, რომ თუკი სულიწმიდა გამოდის მამისაგან, მაშინ მამის თვისება შეიცნობა მსავსად იმისა, როგორც ის შობს ძეს „რომელშიც იშვება“ შეიცნობა ძის თვისება. თუკი მათი ლაყბობისამებრ, სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც, მაშინ სულიწმიდა თვისებების უფრო დიდი რაოდენობით უნდა განსხვავდებოდეს მამისაგან, ვიდრე ძე. მაგრამ ძეს და სულიწმიდას საერთო  მოძრაობა გააჩნიათ მამისაგან, ხოლო სულიწმიდის განსაკუთრებულობა არის გამომავლობა მამისაგან და არა მამისაგან და ძისაგან. მაგრამ თუკი სულიწმიდა თვისებების დიდი რაოდენობით განსხვავდებოდა, ვიდრე ძე, მაშინ ძე მამის არსთან უფრო ახლოს იქნებოდა ვიდრე სულიწმიდა. ასეთი თვალსაზრისით კვლავ გაილაშქრებდა სულიწმიდის წინააღმდეგ მაკედონიუსი, მათი კომედიის და თეატრის საფარველქვეშ. იმის გარდა რაც ითქვა, მათ ასევე სავსებით არ უნდათ გაიგონ, რომ ყველაფერი ის, რაც არ არის საერთო ყოვლისშემძლე და ერთარსება სამებისა, განეკუთვნება მხოლოდ ერთ პირს სამიდან. მაშ ასე, სულიწმიდის გამომავლობა არ გახლავთ საერთო თვისება სამისა, არამედ ის მხოლოდ სამიდან ერთის თვისებად ვლინდება.

    მაგრამ მათ იმ დონეზე არ შერცხვათ ჩვენი და  ღვთის მართლმადიდებელი ეკლესიის, რომ რომელიღაც  სხვა ქალაქიდან და არა ძველი რომიდან, მოვიდნენ ჩვენ კეთილმსახურ იმპერატორთან და სხვაგვარად აყენებენ ზიანს მართლმადიდებელ ეკლესიას, უფრო მეტად კი თავიანთი მოსვლით გამოიგონეს დასაწყისი და დაეყრდნენ იმას, რომ თითქოს ისინი ჩამოვიდნენ რომიდან, პაპის დავალებით; სინამდვილეში ისინი ჩამოვიდნენ არგირუსის ვერაგი განზრახვითით, რადგან მას მოლაპარაკების თანახმად უკავშირდებიან და არ არიან პაპისგან გამოგზავნილნი; ასევე სიგელი, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ, თითქოს პაპისგან არის გამოგზავნილი, მათ მიერაა გამოგონებული. ასევე მრავალი სხვა გარემოებიდან განისაზღვრა და ნათლად გამოჩნდა, რომ სიგელზე დარტყმული ბეჭედი გაყალბებულია. მაშ ასე, ეს სიგელი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა დაწერილი იტალიურად, მოამზადეს ბოროტმა ადამიანებმა და თავიდან განუკუთვნეს უფლის ეკლესიის უდიდეს საყდარს, შემდეგ კი იპოდიაკვნებმა მოისროლეს იგი, შემდეგ არც სხვებმა წამოიღეს  და საბოლოოდ ჩვენამდე მოსასვლელად მრავალი ,,ხელი გამოიარა.''  რის შემდეგაც გამოვიძახეთ ისინი, ვისაც იტალიურიდან მისი ბერძნულად თარგმნა შეეძლო, ესენი იყვნენ: პროტოსპაფარი კოზმა რომაელი, პირა და მონაზონი იოანე ესპანელი, რომელთაც ებრძანათ გადაეთარგმნათ ეს სიგელი. იმის შემდეგ, რაც ეს ყოველივე გადათაითარგმნა, მან მიიღო ასეთი სახე:

    “ყველას, ვინც ეწინააღმდეგება რომის და სამოციქულო საყდრის რწმენას და მსხვერპლს, დაე მათზე იყოს ანათემა და დაე ნუ იქნება იგი მართლმადიდებლად მიღებული, არამედ იწოდოს იგი პროზელიტად და ახალ ანტიქრისტედ. ღვთის წყალობით ჰუმბერტი,  წმიდა რომის ეკლესიის ეპისკოპოსი,  ამალფიის მთავარეპისკოსი პეტრე, კათოლიკური ეკლესიის ყველა ერთგული წევრის  დიაკონი და კანცელარი– ფრიდრიხი, რომის წმიდა, პირველი და სამოციქულო საყდარი, რომელსაც როგორც თავს, შეეფერება ყველა ეკლესიის მოვლა-პატრონობა, საეკლესიო მშვიდობისა და სარგებლობისთვის, დაგვაჯილდოვა ჩვენ და დაგვნიშნა ამ იმპერიულ ქალაქში თვის აპოკრისირებად, რათა როგორც ნათქვამია წმიდა წერილში, ჩვენ წავედით და ვნახეთ, შეესაბამება კი საქმეს ის ქაოსი, რომელიც აქაა და ამ ქალაქიდან შეუჩერებლად მიედინება, ან ეს ყველაფერი ისეა, როგორც მის შესახებ ამბობენ თუ არა. დაე იცოდნენ პირველ რიგში სახელოვანმა იმპერატორებმა, კლიროსმა, სინკლიტმა, კონსტანტინოპოლის მოსახლეობამ და მთელმა კათოლიკურმა ეკლესიამ, რომ ჩვენ აქ გავიგეთ სიკეთის შესახებ, რის გამოც მოხარულნი ვართ, მაგრამ, უფრო მეტად გავიგეთ ბოროტების შესახებ, რაზეც ძალზედ ვწუხვართ. რაც შეეხება  ძალაუფლების ბურჯებს (საიმპერატორო) და მისდამი ერთგულ და ბრძენ მოქალაქეებს– ეს სახელმწიფო ქრისტიანულია და მართლმადიდებლური. რაც შეეხება მიქაელს, პატრიარქად არასწორად მოხსენიებულს, და მათ, ვინც ხელს უწყობს მის უგუნურებას, მის გარშემო დაეთესა მრავალი ერესების ღვარძლი. როგორც სიმონიანელები, რომლებიც ყიდიან ღვთის მადლს; როგორც ველესიანელები, თავიანთ ახალბედა მიმდევრებს ევნუქებად აქცევენ და აკურთხებენ არა უბრალოდ კლიროსის წევრად, არამედ ეისკოპოსებად; როგორც არიანელები, კვლავ ნათლავენ წმიდა სამების სახელით უკვე მონათლულებს და განსაკუთრებით ლათინებს; როგორც დონატისტები ამტკიცებენ, რომ ბერძნული ეკლესიის გარდა ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა და ნათლისღება ყველგან გაქრა, როგორც ნიკოლაიტები, უშვებენ და მოითხოვენ ხორციელ ქორწინებას, წმიდა საკურთხევლის სამღვდელო მსახურთაგან;  როგორც სევერიანელები, წყევლიან მოსეს კანონს; როგორც სულიწმიდის მგმობელნი და ღვთისმბრძოლნი განუდგნენ სულიწმიდის ძისგან გამომავლობის სიმბოლოს; როგორც ნაზარეველები, იცავენ იუდეველთა ხორციელ სისუფთავეს იმ დონეზე, რომ დაბადებიდან მერვე დღემდე არ უშვებენ მომაკვდავი ჩვილების ნათლობას; დედაკაცებს, მათი განწმედის პერიოდში უკრძალავენ ზიარებას და თუ ისინი მონათლულნი არ არიან, მაშინ მათ ნათლავენ; როგორც ნაზარეველები, იზრდიან თმებს და წვერს, ხოლო ვინც იჭრის თმას და იპარსავს წვერს, რასაც ადგენს კიდეც რომის ეკლესია, მათ არ იღებენ საეკლესიო ერთობაში. ამ შეცდომებისა და მისი მრავალი სხვა საქმეების საფუძველზე, როდესაც ჩვენ, მის გამოგზავნილებს, გონივრულად გვინდოდა შეგვეჩერებინა ამდენი ბოროტების მიზეზები, მან (მიქაელმა) მოწვევაზე და საუბარზე უარი გვითხრა, მან არ ისმინა იმპერატორის და ბრძენი ადამიანების ჯანსაღი რჩევა, რომლებიც ევედრებოდნენ, რომ დაფიქრებულიყო, ისევე როგორც ადრე დაკეტა ლათინთა ეკლესია და აზიმიტებს უწოდებდა მათ, ყველგან ახორციელებდა თავის სიტყვას და საქმეს, იქამდეც კი მივიდა, რომ ანათემას გადასცა სამოციქულო საყდარი მისი შვილების სახით და მის საწინააღმდეგოდ, იწოდება მსოფლიო პატრიარქად. ამის გამო, ჩვენ ვერ ავიტანეთ, წმიდა და პირველი სამოციქულო საყდრის მიმართ  გაუგონარი უყურადღებობა და შეურაწყოფა და ვიცავთ რა კათოლიკურ რწმენას მრავალრიცხოვანი დამცირებებისაგან, წმიდა და განუყოფელი სამების და სამოციქულო საყდრის ძალაუფლებით, რომლის წარმომადგენლებიც ვართ და ყველა მართლმადიდებელისა და ყველა კრების მამა გახლავართ, მთელი სამოციქულო ეკლესიის სახელით ხელს ვაწერთ ანათემას, რომელიც გამოუცხადა ჩვენმა მეუფემ, პაპმა, მიქაელს და მის მიმდევრებს, თუკი არ შეინანებენ. ანათემას, რომელიც შემდეგი სახის გახლავთ:

    „მიქაელს, არასწორად სახელდებულ პატრიარქს, ნეოფიტეს, ადამიანური კეთილდღეობისათვის, სამონაზვნოდ შემოსილს და ყველგან შერცხვენილს მძიმე ბრალდებების გამო, მათთან ერთად ლეონს, რომელიც იხსენიება ოხრიდის ეპისკოპოსად და მიქაელ საკელარს, ნიკიფორეს, რომელმაც ამქვეყნიური ფეხებით ზიანი მიაყენა და გათელა ლათინები,  ყველა ზემოთხსენებულთ ანათემა მარანათა! სიმონიანელებთან, ბალეზიანებს, არიანელებს, მანიქეველებს, რომლებთან ერთადაც ისინი ასწავლიან ერეტიკულ დოგმატებს და მრავალ სხვა რამეს, რომლებთან ერთადაც ასწავლიან, რომ საფუარი მაცოცხლებელია და ყველა ერეტიკოსს, ყველაზე მეტად კი ეშმაკს და მის ანგელოზებს, თუკი არ მოინანიებენ. ამინ, ამინ, ამინ“

    ასეთია შინაარსი ამ უსჯულო და ღვთისმგმობელი წერილისა. ჩვენ ვერ მოვითმინეთ გამოძიების და დასჯის გარეშე დაგვეტოვა მათ მიერ აღსრულებული თავხედობა და უსირცხვილობა, ღვთაებრიობის წინააღმდეგ და გავესაუბრეთ ამის შესახებ ჩვენს ძლიერ და წმიდა ბასილს. მათ ეს ყოველივე რომ გაიგეს დატოვეს ქალაქი და წავიდნენ ერთი დღის სავალ გზაზე. ბასილმა თავისი ძალაუფლებით ხალხი დაადევნა მათ, რათა სწრაფად დაებრუნებინათ ისინი დიად ქალაქში, მაგრამ მათ არ ინებეს შერიგება და გამოცხადება წმიდა და დიდ კრებაზე  და პასუხის გაცემა იმის შესახებ, რასაც უსჯულოთ მოაწერეს ხელი, ისინი თავს დაესხნენ ჩვენს რწმენას, მათ სურდათ და ერჩივნათ უფრო მეტად გადასულიყვნენ ერესში და მომკვდარიყვნენ, ვიდრე ჩვენთან და კრებაზე მოსულიყვნენ. ამის გამო, ჩვენმა ძლიერმა და წმიდა ბასილმა პასუხი გაგვცა დიდებული და მლოცველი მაგისტრის, ღვთისმოყვარე ქარტოფილაქსის და მდივნის მეშვეობით, მან ჩვენ და კრებას შეგვატყობინა თავისი შეხედულება ამ ყველაფერზე. მას შემდეგ, რაც მათ არ მოინდომეს ჩვენთან და კრებასთან შეხვედრა, უძლეველმა და წმიდა ბასილმა არ ინება მათი დაძალება იმის გამო, რომ ისინი ასრულებდნენ ლეგატთა მოვალეობას. მათი თავხედობის კვალავ დაუსჯელად დატოვება უხამსობა და უღირსი საქციელი იქნებოდა, ამიტომ ბასილმა მიმართა ამ საქმის საუკეთესო, გამოსასწორებელ საშუალებას და გააგზავნა პატივსაცემი და კეთილშობილური წერილი რამდენიმე ადამიანის მეშვეობით ესენი იყვნენ: სტეფანე, რომელიც გახლდათ კეთილსინდისიერი მონოზონი და ეკონომოსი დიადი ეკლესიისა, იოანე– მაგისტრი და მლოცველი და კონსტანტინე ვესტარხი, რომელიც საუკეთესო ფილოსოფოსი გახლდათ. იგი შემდეგი შინაარსის შემცველია:„ უწმიდესო მეუფეო! იმაში, რაც მოხდა, ჩემი სამეფო უდიდებულესობა გაეცნო რა ამ ყველაფერს, აღმოაჩინა, რომ ბოროტების ფესვი აღმოცენდა მთარგმნელებისაგან და არგირას მონაწილეობისაგან და ჩვენ არ შეგვიძლია რამე გავუკეთოთ უცხოელებს, რამდენადაც ისინი სტუმრები არიან და მათ, ვინც მათ დაქვემდებარებაშია. დამნაშავეებს კი, რომელნიც სასჯელს იმსახურებენ, გადმოგცემთ თქვენს უწმიდესობას, რათა მათ მაგალითზე, სხვებმა ისწავლონ რომ მსგავსი სისულელები არ წამოროშონ. ხოლო ქარტია, მას შემდეგ, რაც ანათემირებულნი იქნებიან ისინი, ვინც იყვნენ მისი შედგენის მომხრენი, ვინც გადმოგვცეს ან დაწერს იგი, ან თუნდაც მცირედ მაინც ეთანხმებოდნენ მის შედგენას – ყველას თვალწინ უნდა დაიწვას. ჩემმა სამეფო უდიდებულესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვესტარხი, არგირას სიძე და ვესტი, მისი შვილი დაკავებულ იქნენ, რათა იცხოვრონ მათი ბოროტმოქმედების შესაბამისად, რისი ღირსნიც არიან ისინი. ივლისის თვე VII ინდიქტიონი“.

 ასეთია სამეფო და ღვთაებრივი წერილი. ამიტომ კეთილსინდისიერი იმპერატორის გადაწყვეტილებით, თავად უსჯულო და უჯერო წერილი და ასევე ისინი, ვინც ის გაახმოვანა  და ისინი, ვინც წვლილი შეიტანა მის შედგენაში, ან დახმარება გაუწია იმათ, ვინც ის შეადგინა, იმპერატორისაგან გამოგზავნილთა მონაწილეობით უდიდეს საიდუმლოში ნათემას გადაეცნენ. გადაწყვეტილება მიღებულია მეოთხე დღეს (ლათინების მიერ ანათემაზე ხელმოწერის დღიდან), ის არის პირველი მიმდინარე კვირაში და მეოცე აწმყოში ივლისის თვეში. ორიგინალი, მკრეხელური და უმნიშვნელო წერილისა არ დაიწვეს, არამედ მოთავსდეს ხარტოფილაქსის „წმიდა საიდუმლოში“ მუდმივი სირცხვილისათვის, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს და მუდმივად მათი განსჯისათვის. მაშ ასე, უნდა ვიცოდეთ, რომ მეოცე დღეს ანათემირებული იქნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დამამცირებელნი მთავარეპისკოპოსების თანდასწრებით, რომლებიც, დღეს ჩვენთან ერთად არიან ერთობლივ სხდომაზე, ასევე ყველა მიტროპოლიტს და მთავარეპისკოპოსს, ენდემუსა სინოდს, კონკრეტულად: ლეონ ათენელს, მიქაელს, ნიკოლოზს, დიმიტრს, პავლეს, ლეონს, ანტონს.

                                                                          

 თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

წყარო -